ტრამპმა მედვედევს შეუთვალა, თავის სიტყვებს დააკვირდეს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დმიტრი მედვედევი გააფრთხილა, რომ „ძალიან სახიფათო ტერიტორიაზე შედის“.

პრეზიდენტმა ტრამპმა, რომელმაც 30 ივლისს გამოაცხადა ინდოეთისთვის 25%-იანი ტარიფის დაწესების გადაწყვეტილება, თავად ამ ქვეყნის მაღალი ტარიფებისა და რუსეთისგან სამხედრო ტექნიკის და ენერგორესურსების შეძენის გამო, 31 ივლისს პოსტი გამოაქვეყნა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-შიც.

აშშ-ის პრეზიდენტის თანახმად, მისთვის სულერთია, რას აკეთებს ინდოეთი რუსეთთან, მათ შეუძლიათ თავიანთი მკვდარი ეკონომიკები გააერთიანონ, აშშ-ს კი ინდოეთსა და რუსეთთან თითქმის არანაირი საქმიანი ურთიერთობა არ აქვს და ასე დარჩება. ამ განცხადებას დონალდ ტრამპმა დაამატა კომენტარი, რომელიც კონკრეტულად დმიტრი მედვედევს ეხება: „უთხარით მედვედევს, რუსეთის ყოფილ წარუმატებელ პრეზიდენტს, რომელიც ფიქრობს, რომ ისევ პრეზიდენტია, თავის სიტყვებს დააკვირდეს. ის ძალიან სახიფათო ტერიტორიაზე შედის“.

განახლება: მედვედევმა ტრამპის „მუქარას” უპასუხა თავის ტელეგრამ-არხზე 31 ივლისს, დილით გამოქვეყნებული პოსტით, რომლის მიხედვით, თუ რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის „რაღაც სიტყვები" აშშ-ის „მრისხანე პრეზიდენტის ასეთ ნერვიულ რეაქციას იწვევს, ესე იგი რუსეთი ყველაფერში მართალია და თავისი გზით სვლას გააგრძელებს“.

ასევე ნახეთ ტრამპმა უკრაინასთან შეთანხმების დასადებად რუსეთს 10 დღე მისცა
ასევე ნახეთ ზელენსკი მიესალმა ტრამპის გადაწყვეტილებას, შეამციროს რუსეთისთვის მიცემული 50-დღიანი ვადა

28 ივლისს, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად რუსეთისთვის მიცემულ 50-დღიან ვადას ამცირებს, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დმიტრი მედვედევმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ტრამპს, რომელიც რუსეთს „ულტიმატუმით ეთამაშება“, ორი რამ უნდა ახსოვდეს - რუსეთი არ არის ისრაელი და არც ირანი და ყოველი ახალი ულტიმატუმი არის საფრთხე და ნაბიჯი ომისკენ არა რუსეთსა და უკრაინას შორის, არამედ საკუთარ ქვეყანასთან. მედვედევმა ტრამპს ურჩია, ნუ ივლის „მძინარე ჯოს“(ბაიდენი) გზით.

მედვედევის პასუხად ამერიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა რუსეთში მიმართა მათ, ვინც მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი ტრამპი არასერიოზულად უდგება უკრაინაში სისხლისღვრის შეწყვეტას. გრემის განცხადებით, ეს ხალხი სერიოზულად ცდება, რასაც მალე ნახავენ და უმჯობესია, მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ.

სენატორ გრემს მედვედევმა სოციალური ქსელებით უპასუხა, რომ ის და ტრამპი რუსეთს ვერ უკარნახებენ, როდის უნდა დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და ურჩია, ამერიკას მიხედონ.

  • აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 14 ივლისს ნატოს გენერალურ მდივან მარკ რიუტესთან თეთრ სახლში შეხვედრისას განაცხადა, რომ თუ 50 დღის განმავლობაში უკრაინაში ომის დასასრულებლად შეთანხმება არ იქნება, რუსეთის სავაჭრო პარტნიორებს მკაცრ ტარიფებს დაუწესებენ. ტრამპმა ისიც თქვა, რომ უკრაინა ნატოს გავლით მიიღებს ამერიკულ იარაღს, მათ შორის სარაკეტო-საზენიტო სისტემებს Patriot.
  • 28 ივლისს დონალდ ტრამპმა შოტლანდიაში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ რუსეთისთვის მიცემულ 50-დღიან ვადას ამცირებს 10-12 დღემდე.
  • 29 ივლისს პრეზიდენტმა ტრამპმა მედიას უთხრა, რომ 10-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო.
ასევე ნახეთ პესკოვი: ტრამპის განცხადებები ცნობად მივიღეთ