როგორ ეხმაურება მზია ამაღლობელის განაჩენს საერთაშორისო საზოგადოება

"თავისუფლება მზია ამაღლობელს", ბათუმი, 6 აგვისტო, 2025.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელისთვის ორი წლით თავისუფლების აღკვეთის მისჯას 20-ზე მეტი ქვეყნის, საერთაშორისო უფლებადამცველების, პოლიტიკოსების, დიპლომატების კრიტიკული განცხადებები მოჰყვა.

ერთობლივ განცხადებას ავრცელებს 24 დიპლომატიური წარმომადგენლობა.

24 ქვეყნის საელჩო

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მზია ამაღლობელის საქმე და “ბათუმელებსა” და “ნეტგაზეთზე” განხორციელებული ზეწოლა, საქართველოში ჟურნალისტების მზარდი დაშინების, დაუსჯელი ძალადობისა და სამართლებრივი დევნის მაგალითია:

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ 2024 წლის 20 დეკემბერს მედიის თავისუფლების კოალიციის მიერ გავრცელებული განცხადების გზავნილს, ვგმობთ ჟურნალისტებსა და მედიის წარმომადგენლებზე ყველანაირ ძალადობასა და მათ დაშინებას.

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მზია ამაღლობელს და მოვუწოდებთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“, - წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ავსტრიის, ბელგიის, კანადის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ევროკავშირის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდის, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, ესპანეთის, შვედეთის, უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები.

სახაროვის პრემიის ნომინანტი

რადიო თავისუფლების ევროპის რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, მზია ამაღლობელი ერთ-ერთი ფავორიტი იქნება სახაროვის სახელობის წლევანდელი პრემიის ნომინანტებს შორის.

სახაროვის სახელობის პრემია არის ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო ადამიანის უფლებების სფეროში და დაჯილდოების ცერემონია ყოველი წლის ოქტომბერში სტრასბურგში იმართება ხოლმე.

პრემია დაფუძნდა ევროპარლამენტის მიერ, 1988 წელს, რუსი მეცნიერისა და დისიდენტის, ანდრეი სახაროვის პატივსაცემად.

ნომინანტების მოკლე სიას ყოველწლიურად ადგენენ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა და განვითარების კომიტეტები.

ამ პრემიის პირველი მფლობელი იყო ნელსონ მანდელა - სამხრეთ აფრიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი, აპარტეიდთან მებრძოლი სიმბოლო და უფლებადამცველი.

სახაროვის პრემია 36 წლის განმავლობაში მიღებული აქვთ დისიდენტებს, პოლიტიკურ ლიდერებს, ჟურნალისტებს, იურისტებს, სამოქალაქო აქტივისტებს, მწერლებს, დედებს, ცოლებს, უმცირესობის ლიდერებს, მშვიდობის აქტივისტებს, რეჟისორებს და სხვა.

მზია ამაღლობელის პატიმრობის შესახებ განცხადებას ავრცელებს საერთაშორისო ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშენალის“ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე, დენის კრივოშეევი და ამბობს:

„მზია ამაღლობელი პოლიციის მხრიდან მრავალგზის გახდა ძალადობის მსხვერპლი. ის სიტყვიერად შეურაცხყვეს, დასცინეს, ფიზიკურად დააზიანეს და შემდეგ უარი უთხრეს სამედიცინო დახმარებაზე. ეს ფაქტები თავად პოლიციის წარმომადგენლებმა აღიარეს სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, თუმცა კვლავ დაუსჯელობა სუფევს.

საქმის განხილვისას დაფიქსირდა პროცედურული დარღვევებისა და მიკერძოებულობის მრავალი შემთხვევა. სასამართლომ უარი თქვა, დაეკმაყოფილებინა დაცვის მხარის არაერთი შუამდგომლობა და არ გამოიძია სამართალდამცავების მხრიდან წამების სარწმუნო მტკიცებულებები.

მზია ამაღლობელს უნდა მიეცეს სამართლიანი სასამართლოს უფლება, ხოლო მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტები უნდა იყოს დამოუკიდებლად გამოძიებული და სათანადოდ შეფასებული, რათა უზრუნველყოფილი იქნას სამართლიანობა“, - წერია „ამნესტი ინტერნეშენალის“ განცხადებაში.

ევროპარლამენტარი ლაგოდინსკი

მზია ამაღლობელისთვის თავისუფლების 2 წლით აღკვეთას პლატფორმა X-ზე ეხმაურება გერმანელი ევროპარლამენტარი სერგეი ლაგოდინსკი და წერს:

"დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი, მამაცი ჟურნალისტი, რომელმაც 200 დღეზე მეტი გაატარა პატიმრობაში ერთი სილის გაწვნისთვის.

მისი სასამართლო პროცესის დროს, საქართველოს ხელისუფლება აორმაგებს ძალისხმევას და საგადასახადო პრეტენზიების საფუძველზე აყადაღებს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ აქტივებს.

პროტესტი დანაშაული არ არის! ჟურნალისტიკა საფრთხე არ არის! საქართველოს მმართველმა პარტიამ უნდა შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნის გზა და პატივი სცეს პრესის თავისუფლებას" ,- წერს გერმანელი ევროპარლამენტარი.

ასევე ნახეთ „ეს მუხლი ისეთივე აბსურდია, როგორც „პოლიციელზე თავდასხმის“ მუხლი“ - მაია მწარიაშვილი

ლიეტუვის საგარეო უწყება

„ჟურნალისტობა არ არის დანაშაული“, - ასე ეხმაურება ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამაღლობელისთვის პატიმრობის მისჯას.

„მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებასა და პასუხისმგებლობის დაკისრებას იმ პირებზე, რომლებიც საქართველოში სიტყვის თავისუფლებაზე ამ მიუღებელი თავდასხმის უკან დგანან“, - წერს საგარეო უწყება პლატფორმა X-ზე და 24 საელჩოს საერთო განცხადებას აზიარებს.

2-წლიანი პატიმრობა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, ჟურნალისტ მზია ამაღლობელს, 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ეს გადაწყვეტილება მან 6 აგვისტოს მიიღო.

მოსამართლემ გადააკვალიფიცირა ბრალდების მუხლი და საპატიმრო სასჯელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის ნაცვლად, 353-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გამოიტანა.

მზია ამაღლობელს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას და ითვალისწინებს თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთას.

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ეს მუხლი გადააკვალიფიცირა შედარებით მსუბუქი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს "წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ" და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

ამ გადაწყვეტილებას მზია ამაღლობელის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ასევე ნახეთ მზია ამაღლობელს 2 წლით პატიმრობა მიესაჯა