პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს რუსეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი

პოლონეთის დასახლებული პუნქტი ვირიკი, სადაც ადგილობრივი მედიის ცნობით, 10 სექტემბერს ჩამოვარდნილმა დრონმა დააზიანა სახლის სახურავი და ავტომანქანა

პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების შეჭრის გამო საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული(ელჩის მოვალეობის შემსრულებელი) ანდრეი ორდაში.

სამინისტროში მისვლამდე მან რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „რია ნოვოსტის” განუცხადა, რომ პოლონეთის ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ და პოლონურ მხარეს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, რომ დრონები რუსული წარმომავლობისაა.

ორდაშის თქმით, რუსეთი აბსოლუტურად არ არის დაინტერესებული პოლონეთთან ესკალაციით, თუმცა იმედი არ აქვთ, რომ პოლონეთის ხელისუფლება ამას გაიგებს.

ეს არის პოლონეთის საჰაერო სივრცეში დრონების შეჭრის შესახებ რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლის პირველი კომენტარი.

ასევე ნახეთ ტუსკი: პოლონეთის საჰაერო სივრცეში 19 შეჭრა დაფიქსირდა, ვარშავა ნატოს ხელშეკრულების მე-4 მუხლის ამოქმედებას ითხოვს

10 სექტემბერს უკრაინაზე რუსეთის მასირებული შეტევისას პოლონეთის საჰაერო სივრცეში დრონების შეჭრისა და მათი ჩამოგდების შემდეგ, პოლონეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს იყო „აგრესიის აქტი" და მოითხოვა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-4 მუხლის ამოქმედება.

ეს მუხლი ითვალისწინებს ნატოს წევრი სახელმწიფოების ერთმანეთთან კონსულტაციებს, თუ რომელიმე მათგანი მიიჩნევს, რომ საფრთხე ემუქრება ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ან უსაფრთხოებას.

ამავე დოკუმენტის მე-5 მუხლით, ნატოს რომელიმე ერთ სახელმწიფოზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმას ნიშნავს და კოლექტიურ თავდაცვასაც ითვალისწინებს.

სააგენტო Reuters-ი ნატოში თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ წინასწარი შეფასებით, რუსული დრონები პოლონეთის საჰაერო სივრცეში მიზანმიმართულად შეიჭრნენ, თუმცა, ნატო ამას პირდაპირ თავდასხმად არ განიხილავს.

ასევე ნახეთ ზელენსკი იაროვაზე თავდასხმაზე: რუსებმა ზუსტად იცოდნენ, რას უმიზნებდნენ და კარგად ხედავდნენ, რომ ესროდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს

უკრაინაზე რუსეთის ჯარების მასირებული შეტევების გამო პოლონეთს ხშირად უწევს თავისი საჰაერო სივრცის გასაკონტროლებლად პოლონეთის არმიისა და ნატოელი მოკავშირეების თვითმფრინავების გაგზავნა, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქვეყნის ტერიტორიაზე დრონების მოგერიება დასჭირდათ.

გასულ ღამით ოპერაციაში მონაწილეობდნენ პოლონეთის არმიის გამანადგურებლები F-16, ნიდერლანდის F-35 და იტალიის რადიოლოკაციური დაზვერვის თვითმფრინავები AWACS. დრონები რადარებზე დააფიქსირეს რეგიონში განთავსებულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა Patriot, მაგრამ უშუალოდ ამ სისტემის ამოქმედების აუცილებლობა არ ყოფილა.