Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა უკრაინაზე რუსეთის დღევანდელ მასირებულ შეტევასაც


უკრაინაზე რუსეთის ჯარების მასირებული შეტევის შედეგები ჟიტომირის ოლქში. 2025 წლის 10 სექტემბერი
უკრაინაზე რუსეთის ჯარების მასირებული შეტევის შედეგები ჟიტომირის ოლქში. 2025 წლის 10 სექტემბერი

მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა უკრაინაზე რუსეთის მორიგ მასირებულ, კომბინირებულ შეტევას. რუსეთის ჯარებმა გასული ღამის განმავლობაში და გამთენიისას უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით შეუტიეს.

ადგილობრივი ხელისუფლების მიერ 10 სექტემბერს, დილით გავრცელებული ცნობებით, ჟიტომირის ოლქში ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა, დაზიანებულია კერძო სახლები და რამდენიმე საწარმო. სამი ადამიანი დაშავდა ხმელნიცკის ოლქში, სადაც დაინგრა სამკერვალო ფაბრიკა. დაზიანებულია სახლები. ვინიცის ოლქში ერთი ადამიანი დაშავდა, დაზიანდა 30-მდე სახლი და სამოქალაქო-სამრეწველო ობიექტები. სახლები და ელექტროგადამცემი ხაზებია დაზიანებული ჩერკასის ოლქშიც. ვოლინის ოლქში ხანძარი გაჩნდა ერთ-ერთ სამრეწველო ობიექტზე. ქალაქ ლვოვში დაზიანებულია სამოქალაქო დანიშნულების საწყობები.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 415 უპილოტო საფრენი აპარატით და 42 ფრთოსანი და 1 ბალისტიკური რაკეტით, რომელთაგან ჩამოაგდეს ან გააუვნებლეს 386 დრონი და 27 ფრთოსანი რაკეტა. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა ადასტურებს, რომ 17 ადგილზე პირდაპირი დარტყმა იყო 16 რუსული რაკეტითა და 21 დრონით.

სარდლობის თანახმად, სულ მცირე 8 რუსული უპილოტო საფრენი აპარატი უკრაინის საზღვრებიდან გავიდა პოლონეთის მიმართულებით.

გასულ ღამით, უკრაინაზე რუსეთის მორიგი მასირებული შეტევის დაწყების შემდეგ უკრაინის საჰაერო ძალების ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ რუსეთის უპილოტო საფრენმა აპარატებმა პოლონეთის ტერიტორიაზეც შეაღწიეს. გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, ცოტა ხნის შემდეგ ეს ინფორმაცია წაიშალა.

გამთენიისას პოლონეთის არმიის სარდლობამ დაადასტურა ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონების შეჭრა, დილით კი მათი ნაწილის ჩამოგდების შესახებ განაცხადა:

„უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის დღევანდელი შეტევის შედეგად მოხდა პოლონეთის საჰაერო სივრცის უპრეცედენტო მასშტაბის დარღვევა დრონის ტიპის ობიექტებით. ეს არის აგრესიის აქტი, რომელმაც რეალური საფრთხე შეუქმნა ჩვენს მოქალაქეებს“.

სარდლობის თანახმად, პოლონეთის და ნატოელი მოკავშირეების ძალები და საშუალებები შემდგომი მოქმედებებისთვის სრულ მზადყოფნაში რჩებიან.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრ ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო სივრცე ათზე მეტმა ობიექტმა დაარღვია. მინისტრის თანახმად, შეიარაღებული ძალების სარდლის გადაწყვეტილებით ჩამოაგდეს დრონები, რომლებიც უშუალო საფრთხეს წარმოადგენდნენ.

პოლონეთი ნატოს წევრი ქვეყანაა. ნატოს წესდებით, რომელიმე ერთ სახელმწიფოზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმას ნიშნავს და კოლექტიურ თავდაცვასაც ითვალისწინებს.

პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ნატოს გენერალურ მდივან მარკ რიუტეს მიაწოდა ინფორმაცია შექმნილ ვითარებასა და ზომებზე, რომლებსაც პოლონეთის საჰაერო სივრცის დამრღვევი ობიექტების წინააღმდეგ მიმართეს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG