საბა ბუაძემ „ლელო“ დატოვა

საბა ბუაძე

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, საბა ბუაძემ პარტია დატოვა. მიზეზი მომდევნო, 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაა.

„დღეს უკვე მამუკა [ხაზარაძე] და ბადრი [ჯაფარიძე] თავისუფლები არიან, შესაბამისად მინდა გითხრათ, რომ სრულად დავტოვე „ლელო“...

ხედვებს შორის სხვაობის მიუხედავად, „ლელოში“ ვტოვებ ბევრ მეგობარს, რომლებთან ერთადაც პოლიტიკური ბრძოლა ჩემთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“, - დაწერა საბა ბუაძემ „ფეისბუკში“.

ასევე ნახეთ გახარიას და ხაზარაძის პარტიებმა თბილისის მერობის კანდიდატად ირაკლი კუპრაძე დაასახელეს

2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. ამ არჩევნებში დიდი ოპოზიციური პარტიებიდან მონაწილეობას აპირებენ „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“. მათ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გააფორმეს, რომლის მიხედვითაც საერთო კანდიდატებზე უნდა შეჯერდნენ - ასეთი [თბილისის მერობის] კანდიდატია ირაკლი კუპრაძე.

ასევე ნახეთ 25 ქალაქში "ოცნების" მერობის კანდიდატებს კონკურენტი არ ჰყავთ - როგორ იხსნება ეს

ამ არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „ფედერალისტები“ და ა.შ.

ასევე ნახეთ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „კოალიციამ ცვლილებისთვის“ საარჩევნო ნომრები დაკარგეს

მეხუთე პრეზიდენტი, წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი სალომე ზურაბიშვილი, არჩევნების თემას „შემოგდებულს“ უწოდებს - რამაც „გახლიჩა ოპოზიცია და დაასუსტა პროტესტი“.