ტრამპი და ზელენსკი ერთმანეთს 23 სექტემბერს შეხვდნენ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში.
შეხვედრის იმ ნაწილში, რომელიც მედიისთვის ღია იყო, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკა ინგრევა, უკრაინა კი კარგად ართმევს თავს დიდი არმიის შეჩერებას.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ საჭიროა რუსეთზე მეტი ზეწოლა და მეტი სანქციები.
ზელენსკისთან საუბრის შემდეგ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ უკრაინა-რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური სიტუაციის გაცნობის, სრულად გაგებისა და რუსეთისთვის შექმნილი ეკონომიკური პრობლემების დანახვის შემდეგ ფიქრობს, რომ უკრაინას ევროკავშირის მხარდაჭერით შეუძლია იომოს და დაიბრუნოს მთელი უკრაინა თავდაპირველი ფორმით და „ვინ იცის იქნებ უფრო შორსაც წავიდეს" რუსეთისთვის შექმნილი იმ ეკონომიკური პრობლემების გამოც, რომლებსაც თავად რუსეთის მოსახლეობა დაინახავს.
ტრამპის თანახმად, დროის არსებობის, მოთმინებისა და ევროპის, კერძოდ, ნატოს ფინანსური მხარდაჭერით სრულიად შესაძლებელია შენარჩუნება თავდაპირველი საზღვრების, საიდანაც ეს ომი დაიწყო.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი სამ წელზე მეტია უაზროდ და წარუმატებლად ომობს მაშინ, როცა სამხედრო თვალსაზრისით რეალურად ძლიერი სახელმწიფო ერთ კვირაში გაიმარჯვებდა, ამიტომ „ქაღალდის ვეფხვად“ გამოიყურება.
ტრამპის თანახმად, პუტინს და რუსეთს დიდი ეკონომიკური პრობლემები აქვთ და დროა, უკრაინამ იმოქმედოს. აშშ-ის პრეზიდენტმა პოსტი იმით დაასრულა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ორივე ქვეყანას ყველაფერს საუკეთესოს უსურვებს, აშშ კი გააგრძელებს ნატოსთვის იარაღის მიწოდებას, რათა მან ეს იარაღი გამოიყენოს ისე, როგორც სურს.
ასევე ნახეთ ვაშინგტონმა დაამტკიცა მოკავშირეების მიერ უკრაინისთვის შეძენილი იარაღის პირველი პაკეტები - Reutersუკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელმაც 23 სექტემბერს ინტერვიუ მისცა ამერიკულ ტელეკომპანია Fox News-ს, ჰკითხეს, გაუკვირდა თუ არა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოსტი.
ზელენსკიმ უპასუხა, რომ ცოტა გაუკვირდა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მას სჯერა თავისი ხალხისა და არმიის და შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერის, მაგრამ პრეზიდენტი უფრო პოზიტიური იყო და აჩვენა, რომ ბოლომდე სურს უკრაინის მხარდაჭერა.
პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის შემდეგ დონალდ ტრამპი მუდმივად აკრიტიკებდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას უკრაინის მასშტაბური სამხედრო დახმარების გამო, თავად ეს დახმარება შეაჩერა, აცხადებდა, რომ ომი მოლაპარაკებების გზით უნდა დასრულდეს და დადებითად მოიხსენიებდა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს.
შეერთებულმა შტატებმა მოლაპარაკებების შედეგად ამ დრომდე ვერ მიაღწია უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას. მოსკოვისგან განსხვავებით კიევმა თანხმობა ჯერ კიდევ 2025 წლის გაზაფხულზე განაცხადა.
2025 წლის 14 ივლისს, ვაშინგტონში ნატოს გენერალურ მდივან მარკ რიუტესთან შეხვედრისას პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ნატოს წევრი ევროპული ქვეყნები უკრაინისთვის ამერიკულ იარაღს შეიძენენ.
ბოლო ხანს ტრამპმა არაერთხელ თქვა, რომ პუტინით იმედგაცრუებულია უკრაინაში ომის დასრულება იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ეგონა.
ასევე ნახეთ ზელენსკი: ჩინეთის გარეშე პუტინის რუსეთი არაფერია