სააგენტო Reuters-ი ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ელბრიჯ კოლბის მიერ დამტკიცებულია სამხედრო დახმარების ორი ახალი პაკეტი. თითოეულის ღირებულება 500 მილიონი აშშ დოლარია. იარაღის ახალი პარტია უკრაინაში მალე უნდა გაიგზავნოს.
Reuters-ი წერს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა შეერთებული შტატები თავისი მარაგიდან უკრაინას გაუგზავნის ნატოს წევრი ევროპული ქვეყნების მიერ შეძენილ იარაღს.
სამხედრო დახმარების ახალი მექანიზმი PURL მას შემდეგ ამოქმედდა, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2025 წლის 14 ივლისს, ვაშინგტონში ნატოს გენერალურ მდივან მარკ რიუტესთან შეხვედრისას გამოაცხადა, რომ ნატოს წევრი ევროპული ქვეყნები უკრაინისთვის ამერიკულ იარაღს შეიძენენ.
პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის შემდეგ დონალდ ტრამპი მუდმივად აკრიტიკებდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას უკრაინის მასშტაბური სამხედრო დახმარების გამო, თავად ეს დახმარება შეაჩერა, აცხადებდა, რომ ომი მოლაპარაკებების გზით უნდა დასრულდეს და დადებითად მოიხსენიებდა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს.
შეერთებულმა შტატებმა მოლაპარაკებების შედეგად ამ დრომდე ვერ მიაღწია უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას. მოსკოვისგან განსხვავებით კიევმა თანხმობა ჯერ კიდევ 2025 წლის გაზაფხულზე განაცხადა.
ტრამპმა არაერთხელ თქვა, რომ პუტინით იმედგაცრუებულია. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა არაერთხელ გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.
ბოლო ხანს ტრამპმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულება იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ეგონა.
ფორუმი