პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ბრალდების მხარეს „აქვს გვაქვს მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ „ნანუკას ფონდი“ მატერიალურ მხარდაჭერას უწევდა ამ ძალადობრივ აქციებს“.
- საუბარია 2024 წლის 28 ნოემბრიდან დაწყებულ აქციებზე, რომლის დროსაც ასობით დემონსტრანტი დააკავეს, მათ შორის არაერთი სისხლის სამართლის წესით;
- დემონსტრაციების დარბევისას შსს-ის თანამშრომლებმა არაერთხელ იძალადეს დემონსტრანტებზე, თუმცა დასჯილი მათგან არავინ არის.
პროკურორმა თქვა, რომ 2024 წლის პირველი ოქტომბრიდან 2025 წლის მარტის ჩათვლით „ნანუკას ფონდს“ „ჯარიმებში და პატიმრებისთვის, ასევე მათი ოჯახის წევრებისთვის დახარჯული აქვს 150 000 ლარზე მეტი“.
„დაიხარჯა პიროტექნიკისთვის“?
მისი მტკიცებითვე, ფონდმა „პიროტექნიკის, ჩაფხუტებისა და აირწინაღების შეძენაში, დაახლოებით, 600 000 ლარზე მეტი“ დახარჯა.
„როდესაც ფონდის გაცხადებული მიზანი არის საქველმოქმედო, რომელ საქველმოქმედო მიზანს ემსახურებოდა 600 ათასი ლარის დახარჯვა პიროტექნიკაში, ჩაფხუტებში და სხვა ნივთებში, რომელიც პირდაპირ აქციაზე მიიტანეს?“ - ჰკითხა პროკურორმა ჟურნალისტებს.
მის ამ განცხადებაზე პასუხად ნანუკა ჟორჟოლიანმა ფეისბუკზე დაწერა, რომ „პროკურორმა [გამოკითხვისას] მხოლოდ ერთხელ გაბედა პიროტექნიკის ხსენება“.
„როცა მოვთხოვე მტკიცებულება, თემა მაშინვე შეცვალა. მიუხედავად ამისა გამოდის კომენტარზე და ჩამონათვალში პიროტექნიკას მაინც ახსენებს“, - წერს ჟორჟოლიანი.
„მაგ სიმართლით იხაროს შენი ოჯახის ყველა წევრმა და იმ სიმართლით რომ პიროტექნიკაში გადახდილი ერთი თეთრიც არ არსებობს, იხაროს ჩემმა ოჯახის წევრებმა. განსაკუთრებით შვილებმა“, - დაწერა მან.
ნიკა გილაურსა და გიორგი ბაჩიაშვილზე
ნანუკა ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს უამბო ისიც, რომ მას დაუსვეს „შაბლონური კითხვები“, თუმცა რამდენიმე საინტერესო კითხვაც, მათ შორის ახსენეს გიორგი ბაჩიაშვილი და ნიკა გილაური.
„მე ვიყავი მისული [„ნანუკას ფონდის“] წესდებით, რომ პროკურატურისთვის კიდევ ერთხელ შემეხსენებინა: ყველა გადარიცხვა ითვალისწინებს იმ ნორმას, რასაც უშვებდა წესდება და რის უფლებასაც მაძლევდა“, - თქვა მან.
ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ ფონდში, - რომელიც 17 მარტიდან დაყადაღებულია, - ემიგრანტები, ბიზნესმენები, საბანკო სექტორის წარმომადგენლები და სხვები რიცხავდნენ სხვადასხვა ოდენობის თანხას, „დაწყებული ერთი ლარიდან, დამთავრებული ათიათასობით ლარით“.
„ძალიან ბევრი ჩამრიცხავი მყავდა, მაგრამ პროკურატურამ ამ ყველასგან გამოარჩია მხოლოდ ორი გვარი, ეს იყო [გიორგი] ბაჩიაშვილი და [ნიკა] გილაური“, - თქვა ტელეწამყვანმა გამოკითხვის შემდეგ.
- ბიძინა ივანიშვილის ყოფილი „პირადი ფინანსისტი“ გიორგი ბაჩიაშვილი პატიმრობაშია ივანიშვილის ინიციირებული „კრიპტოვალუტების დავის“ წაგების, ქვეყნიდან გაქცევისა და ბოლოს ძალის გამოყენებით დაბრუნების შემდეგ; მის ოჯახს ქონება დაუყადაღეს.
- ნიკა გილაური, - ყოფილი პრემიერ-მინისტრი, - ამჟამად არის ბიზნესმენი; ის არის „საქართველოს კაპიტალის“ აღმასრულებელი დირექტორის, ირაკლი გილაურის ძმა.
„პროკურატურას აინტერესებდა, ბაჩიაშვილისა და გილაურის თანხა რისთვის იყო“, - თქვა მან, თუმცა აღნიშნა, რომ გადარიცხვისას მიზნობრიობა მითითებული იყო.
„ამაზე პასუხი გავეცი და ვუთხარი კიდეც, რომ გილაურთან დაკავშირებით დღეს, ჩემი გადმოსახედიდან, „ქართულ ოცნებას“ უფრო შეუძლია მომაწოდოს ინფორმაცია, ვიდრე მე მივაწოდო მას, ამიტომ ჩავთვალე, რომ ეს შეკითხვა ჩემთვის არ იყო და უნდა დაესვათ გილაურისთვის“.
„ეს იყო ძალიან საინტერესო დეტალი, რომ არის რაღაც თემები, რასაც ვერ ინელებენ და მათ შორის, ერთ-ერთი არის ეს“, - თქვა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
„ნანუკას ფონდის“ დამფუძნებელმა მოგვიანებით ფეისბუკზე დაწერა, რომ გამოკითხვაზე „არ იყო მარტივი გარემო“: „ვისაუბრეთ ქურდებზე, ფარცხალაძეზე, ბოტასებზე, მოპარულ მილიარდებზე. პროკურორი თან ბეჭდავდა, თან თვალს აპარებდა“.
ასევე ნახეთ ანტიკორუფციული ბიურო უკვე 30 ორგანიზაციას სთხოვს ინფორმაციას - NGO-ები რეპრესიებად მიიჩნევენ ბიუროს მოთხოვნებს„საბოტაჟის საქმე“ და დაყადაღებული ორგანიზაციები
ამავე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშებს 27 აგვისტოს დაადეს ყადაღა. რამდენიმე მათგანის წარმომადგენლები უკვე გამოჰკითხეს.
მანამდე, 17 მარტს კი პროკურატურამ შემდეგი 5 ორგანიზაციის ანგარიშები დააყადაღა:
- საქველმოქმედო ფონდი „ნანუკას ფონდი“;
- საქველმოქმედო ფონდი „ფროსფერითი“;
- საქველმოქმედო ფონდი „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“;
- არასამთავრობო ორგანიზაცია „სირცხვილია“;
- არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“.
მაშინ პროკურატურა ამბობდა, რომ ამ ორგანიზაციებიდან გადარიცხული თანხების დანიშნულებაში მითითებული იყო „აქციის საჭირო აღჭურვილობისთვის“, „რაც საჭიროა ბრძოლისთვის“, „აქციებისთვის ინვენტარის შეძენა“, „პიროტექნიკის შესაძენად“, „აირწინაღის შეძენა წინახაზის ბავშვებისთვის“ და სხვა.
პროკურატურა კვლავ ამტკიცებს, რომ სამოქალაქო ორგანიზაციები „კოორდინირებულად“ აფინანსებდნენ საპროტესტო დემონსტრაციების მონაწილეებს 2024 წელს „სამართალდამცავთა წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებებისათვის“.
საერთაშორისო ორგანიზაციები, დიპლომატიური წარმომადგენლობები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გააუქმოს დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების ყადაღის გადაწყვეტილება, ვინაიდან მას აფასებენ, როგორც "თავდასხმას ფუნდამენტურ უფლებებზე" და "პოლიტიკური დევნის აქტს".
ასევე ნახეთ კობახიძეს ვკითხეთ, რამდენად შესაძლებელია პირბადეებით, აირწინაღებითა და 7 ან 10 ათასი ლარით „გადატრიალების მოწყობა“