ინფორმაცია, რაც მისმა მეუღლე, ანი ნადარეიშვილმა გაავრცელა, რადიო თავისუფლებას შსს-ის პრესცენტრშიც დაუდასტურეს.
ნადარეიშვილის ცნობით, მის ტელეფონზე დაურეკეს შსს-ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტიდან და ბაჩო ახალაია დაიბარეს ხვალ, პარასკევს, 10 ოქტომბერს, 13:00 საათზე.
შსს-ის პრესცენტრი არ აზუსტებს, რა საქმის ფარგლებში და რა სტატუსითაა ახალაია დაბარებული. ჯერ მხოლოდ ის გვითხრეს, რომ ის „ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმის“ ფარგლებშია დაბარებული.
„4 ოქტომბრის გამოძიება“
შაბათს, 4 ოქტომბერს, - პაატა ბურჭულაძისა და აქციის სხვა ორგანიზატორების დაკავებამდე, როცა პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის მცდელობა უკვე აღკვეთილი იყო, - ტელეკომპანია „იმედმა“ გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, არხის ცნობით, ბურჭულაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია საუბრობენ.
ჩანაწერის მიხედვით, თითქოსდა ახალაია და ბურჭულაძე განიხილავენ 4 ოქტომბრის აქციის განვითარების სცენარს, საუბრობდნენ „თავ-პირის მტვრევის“, ასევე „სისხლის“ აუცილებლობასა და წარუმატებლობის საფასურზე.
აუდიოჩანაწერის ავთენტიკურობას და ნამდვილობას არც „იმედი“ არ ამტკიცებს, ახალაიას მეუღლე კი უარყოფს და აცხადებს, რომ სრულად ფალსიფიცირებულია; „მითების დეტექტორის“ ცნობით, AI-ის მიერაა გენერირებული.
ბაჩო ახალაიას მეუღლე ანა ნადარეიშვილი აცხადებს, რომ ჩანაწერი სრულიად ფალსიფიცირებულია და ეს ბაჩო ახალაიას ხმა არ არის.
ასევე ნახეთ „ახალაიასა და ბურჭულაძის საუბარი“ - რა ვიცით „იმედის“ გავრცელებულ ჩანაწერზე- ოთხი ოქტომბრის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს 36 ადამიანი ჰყავს დაკავებული;
- მათ შორის არიან 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორები - პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე და ლაშა ბერიძე;
- 6 ოქტომბერს კი დააკავეს 13 ადამიანი: ბექა მაჭავარიანი, ალექსანდრე გოგოლაძე, ევა შაშიაშვილი, გიორგი რურუა, ვახტანგ ფიცხელაური, დავით სტურუა, მანუჩარ მიქელაძე, ალექსანდრე ხაბეიშვილი, კახაბერ მჟავანაძე, თორნიკე მჭედლიშვილი, აბო ნავერიანი, სერგო მეგრელიშვილი, დავით ჟღენტი - ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს;
- 7 ოქტომბერს პოლიციამ დააკავა აქციის ოთხი მონაწილე;
- 8 ოქტომბერს დააკავეს 12 დემონსტრანტი.
„ჰექსოგენის საქმე“
- კიდევ ერთი პროსახელისუფლებო არხი, „რუსთავი 2“, 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზების ნაწილში ბაჩო ახალაიას სახელსა და გვარს რამდენიმე დღით ადრე ახსენებდა;
- 29 სექტემბერს ტელეარხი ამტკიცებდა, რომ „ახალიას ბინაში შეკრება 4 ოქტომბრის აქციის დაგეგმვას უკავშირდებოდა“;
- კიდევ უფრო ადრე, პროსახელისუფლებო არხებმა განაცხადეს, რომ ახალაია ფიგურირებს „ტროტილის“ შემადგენელი ნივთიერების, „ჰექსოგენის“ საქართველოში შემოტანის საქმეშიც.
- ახალაიამ რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამას „გამაოგნებელი ტყუილი“ და „აბსოლუტური სიგიჟე“ უწოდა.
ბაჩო ახალაია „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობაში მაღალ თანამდებობებს იკავებდა.
- 2003-2004 წლებში ის „თავისუფლების ინსტიტუტის“ პროექტის კოორდინატორი იყო;
- 2004-2005 წლებში - სახალხო დამცველის მოადგილე;
- 2005-2008 წლებში - იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი.
- 2008-2009 წლებში თავდაცვის მინისტრის მოადგილე, 2009-2012 წლებში კი თავდაცვის მინისტრი იყო.
ბოლოს, 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში იყო შინაგან საქმეთა მინისტრი.
2012 წლის 6 ნოემბერს ის დააპატიმრეს.
მან საპატიმრო თითქმის ცხრა-ნახევარი წლის შემდეგ, 2022 წლის პირველ მარტს დატოვა.
„პოლიტიკოსობას არ ვაპირებ ნამდვილად. აგერ გვერდში მიდგას ჩემი მიზანი [ცოლი] და ჩემი შვილები“, - განაცხადა მან საპატიმროს დატოვებისას.
ბაჩო ახალაიამ ციხე 2022 წელს დატოვა