როგორც რადიო თავისუფლებას განუცხადა მისმა ადვოკატმა, ჯანო ჭკადუამ, ზურაბ მენთეშაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა.
პროკურატურა აცხადებს, რომ სასამართლოს მიმართავს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით.
- ზურაბ მენთეშაშვილი 31 ოქტომბერს, საღამოს საათებში რუსთაველის გამზირზე, ცისფერ გალერეასთან „გზის გადაკეტვის“ საფუძვლით დააკავეს პოლიციელებმა.
 - მენთეშაშვილი ანალოგიური მიზეზით, თუმცა ადმინისტრაციული წესით უკვე იყო დაკავებული 24 ოქტომბერს, რის შემდეგაც ხუთი დღე გაატარა ადმინისტრაციულ პატიმრობაში.
 - მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ 16 ოქტომბერს გაამკაცრა, ერთი წლის განმავლობაში გზის განმეორებით გადაკეტვა სისხლის სამართლის წესით ისჯება - ერთ წლამდე ვადით პატიმრობით.
 
პროკურატურა აცხადებს: „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დადგენილებით, გზის ხელოვნურად გადაკეტვის გამო ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირი, 31 ოქტომბერს, იმყოფებოდა თბილისში, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე. რა დროსაც მას სახე ჰქონდა დაფარული და ხელოვნურად კეტავდა საავტომობილო გზას მაშინ, როდესაც ხალხის მცირე რაოდენობის გამო არ არსებობდა აღნიშნულის აუცილებლობა“.
წინა ხუთი დღის განმავლობაში - 27-დან 31 ოქტომბრის ჩათვლით - რუსთაველზე საპროტესტო დემონსტრაციების 29 მონაწილე დააკავეს. 28 მათგანი - ადმინისტრაციული წესით.
მათ შსს ედავება რუსთაველის გამზირის „უკანონოდ გადაკეტვას“ - რაც ორ კვირაზე მეტია, გამკაცრებულად ისჯება, პირდაპირ ადმინისტრაციული პატიმრობით, ჯარიმის გარეშე.
ასევე ნახეთ ერთი წლით პატიმრობა ემუქრება „გზის გადაკეტვის“ გამო გუშინ დაკავებულ დემონსტრანტს, ზურაბ მენთეშაშვილსშსს წერს, რომ „აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების მიერ მათ მიმართ გაკეთებულ არაერთ მოწოდებას“ და „მცირე რაოდენობის მიუხედავად, დემონსტრანტებმა კვლავ გადაკეტეს რუსთაველის გამზირი და ხელოვნურად შეაფერხეს ტრანსპორტის მოძრაობა“.
31 ოქტომბერს საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Amnesty International-მა „ღრმა შეშფოთებას“ გამოხატა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან „რეპრესიების სერიოზული გაღრმავების“ გამო.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის მიერ 31 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ვრცელ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში მიმდინარეობს პროტესტის „პოსტსაარჩევნო ჩახშობა“ - 4 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ.
Amensty ასევე საუბრობს 16 ოქტომბერს მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც კრძალავს სახის დაფარვას, კარვების დადგმასა და გზების ბლოკირებას, რაც შეიძლება დასაჯოს 15 დღემდე პატიმრობით, განმეორების შემთხვევაში - ორ წლამდე პატიმრობით.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ ეს ცვლილებები მიზნად ისახავს პროტესტის ჩახშობას და არღვევს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმებს.
„მშვიდობიანი საპროტესტო აქტები (მათ შორის, როდესაც ეს გულისხმობს გზების გადაკეტვას, ნიღბების ტარებას ან დროებითი სტრუქტურების მოწყობას) არ უნდა დაისაჯოს სახლებში რეიდებით ან თავისუფლების აღკვეთით“, - წერს Amnesty.
ასევე ნახეთ მშვიდობიანი პროტესტი, მათ შორის გზის გადაკეტვა და ნიღბები, არ უნდა დაისაჯოს რეიდებით ან პატიმრობით - Amnesty „პოსტსაარჩევნო ჩახშობაზე“