ხელოვნურ ინტელექტს, ამ შემთხვევაში ChatGPT-ის, მას შემდეგ მივმართეთ, რაც განაჩენების ტექსტზე მუშაობისას ორი მოსამართლის მიერ დაწერილ გამამტყუნებელ დასაბუთებაში მინიმუმ შვიდი ერთმანეთის იდენტური აბზაცი ვიპოვეთ.
იდენტური აბზაცების ნაწილი ე.წ. შაბლონის შემადგენელია, რომელსაც ზოგადად მოსამართლეები ხშირად იყენებენ და სხვადასხვა გადაწყვეტილებაში იმეორებენ ხოლმე, მაგალითად, ასეთია ჩანაწერები:
- მტკიცების სტანდარტზე;
- ყოველგვარი ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის სტანდარტზე;
- მტკიცებულებების შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტზე.
ხელოვნურმა ინტელექტმა იპოვა კიდევ 7, სულ 14 იდენტური აბზაცი. მაგალითად, ორივე მოსამართლემ სიტყვა-სიტყვით გაიმეორა ერთმანეთის მსჯელობა, რატომ ენდობიან შსს-ს ექსპერტების მიერ ვიდეოკადრებში „პირის ამოცნობას“, ანუ ჰაბიტოსკოპიურ ექსპერტიზებს.
იდენტური წინადადებები ყვითლადაა გახაზული. ამ ფოტოებში ჩანს, რომ გალუსტაშვილი და მჭედლიშვილი ერთნაირი სიტყვებით ასაბუთებენ, რატომ ენდობიან შსს-ს ექსპერტებს და რატომაა მათი დასკვნები კატეგორიული.
გარდა ამისა, ხელოვნური ინტელექტის ანალიზის მიხედვით, ორი მოსამართლის განაჩენში:
- სიტყვასიტყვითი მსგავსება, დაახლოებით, 60-ია;
- სტრუქტურული და შინაარსობრივი მსგავსება - 15–20%.
სიტყვასიტყვით მსგავსებაში ვგულისხმობთ, რომ ტექსტის მონაკვეთები (მაგალითად, აბზაცები ან წინადადებები) ერთნაირად, სიტყვის უცვლელად მეორდება ორ დოკუმენტში. ანუ არა უბრალოდ მსგავსი შინაარსი ან სტრუქტურა, არამედ ზუსტად ერთი და იგივე სიტყვები, რიგითობა, პუნქტუაციაც კი.
8 დემონსტრანტის საქმის მოსამართლის, თამარ მჭედლიშვილის დაწერილი განაჩენი 193-გვერდიანია, 11 დემონსტრანტის საქმის მოსამართლის - ნინო გალუსტაშვილისა კი - 94-იანი. ეს ტექსტები საჯაროდ ხელმისაწვდომი არაა. თუმცა მათი, როგორც საჯარო ინფორმაციის სახით გამოთხოვა, შესაძლებელია.
საქმეზე დართულ ვიდეოკადრებზე ასახული ქმედებები ბრალდების მთავარი მტკიცებულებაა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ორივე მოსამართლე ამ ვიდეოებს „სარწმუნო მტკიცებულებად“ მიიჩნევს და სიტყვა-სიტყვით იდენტური მსჯელობით მიიჩნევს:
„შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები (იმ კადრებში, სადაც ასახულია ბრალდებულების ქმედება და არ აღენიშნება წყვეტა, სხვა კადრთან გაერთიანებამდე) წარმოადგენს სარწმუნო მტკიცებულებებს და არ არსებობს ვიდეოჩანაწერების გამამყარებელი მტკიცებულებების არსებობის აუცილებლობა, რამეთუ მისი, როგორც მტკიცებულების ძალა, საკმაოდ წონადია, რის გამოც სანდოობის განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება“.
იდენტური მონაკვეთები გახაზულია ყვითლად. ამ ფოტოილუსტრაციაში ჩანს და იკითხება, რომ მოსამართლეებმა ერთნაირად დაასაბუთეს, რატომ ენდობიან შსს-ს ოპერატორების მიერ გადაღებულ კადრებს.
კიდევ რა დაწერეს ერთნაირად მოსამართლეებმა?
ორივე მოსამართლემ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და და 226 მუხლების შინაარსი და განსხვავებები ერთი და იმავე სიტყვებით და იდენტური წინადადებებით აღწერა. დემონსტრანტები 225-ე მუხლით დააკავეს, 226-თი კი გაასამართლეს.
ჯგუფური ძალადობის პირველ საქმეზე 8 დემონსტრანტი დააკავეს, მეორეზე - 11. მათგან სამს ორგანიზებაში დასდეს ბრალი, დანარჩენებს მონაწილეობაში.
საბოლოოდ, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა დაადგინა, რომ ვეფხია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი და ზვიად ცეცხლაძე ჯგუფური ძალადობის კი არა ჯგუფური მოქმედების ორგანიზატორები იყვნენ და ისინი ორი წლითა და 6 თვით ჩასვა ციხეში.
დანარჩენები ჯამში, 16 დემონსტრანტი, მათ შორის ნინო გალუსტაშვილის თავმჯდომარეობით მიმდინარე საქმის 11 ბრალდებული, ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობაში ცნეს დამნაშავედ. მათგან, განურჩევლად ყველა, ორი წლით დააპატიმრეს.
სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობას გულისხმობს.
სისხლის სამართლის კოდექსის 226 მუხლი კი - ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა და მონაწილეობას.
ამ ორ მუხლს შორის განსხვავება მოსამართლეებმა დასაბუთებაში იდენტურად აღწერეს.
ამ განსხვავებების აღწერის ვალდებულება მათ მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ბრალდება უფრო მსუბუქ ორგანიზებული ჯგუფური მოქმედების მუხლზე გადააკვალიფიცირეს და ამ მუხლით ცნეს დამნაშავედ ბრალდებულები. კვალიფიკაციის შეცვლის მიუხედავად, უცვლელი დარჩა კომპონენტები - ორგანიზებულობა და ჯგუფურობა.
ადვოკატი რევაზ აჭარაძე, რომელიც ჯგუფური ძალადობის ორივე საქმეში მონაწილეობს და იცავს ვასილ კაძელაშვილისა და ირაკლი ქერაშვილის უფლებებს ამბობს, რომ არცერთი მოსამართლე არ ხსნის, რაში გამოიხატა ორგანიზებულობა და ჯგუფურობა, შესაბამისად მისთვის მჭედლიშვილის და გალუსტაშვილის მსჯელობები ჰიპოთეზურია და მათი ლოგიკის გათვალისწინებითაც კი ჩიხში შედის.
ადვოკატისთვის განაჩენების ტექსტებს შორის მსგავსება მოსალოდნელი იყო, თუმცა უბრალოდ დამთხვევა არა, რადგან ამ მსგავსებებმა აჩვენა, რა მიზანი ამოძრავებდათ - „მთავარია, ეს ხალხი არ გათავისუფლდეს“.
რევაზ აჭარაძე, ადვოკატი
„როცა მუხლებზე მსჯელობაზე მივდივართ ერთი და იგივე ტექსტია წარმოდგენილი, შეიძლება ვიღაცამ იკითხოს, სხვანაირი ტექსტი როგორ უნდა იყოს? მაგრამ არცერთი მოსამართლე არ ჩავიდა იმ დეტალებში, რომლებიც ამ მუხლს სჭირდება, მაგალითად, რას ნიშნავს წინასწარ შეთანხმება, ორგანიზებულობა. სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლზე, ფაქტობრივად, არ სცემენ კითხვას პასუხს - სად იყო ამ მუხლის შემთხვევაში ორგანიზებულობა?
გარეშე პირი რომ ამ გადაწყვეტილებას წაიკითხავს, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა ექნება, რომ კითხვებზე პასუხი ვერ მიიღო“, - უთხრა რევაზ აჭარაძემ რადიო თავისუფლებას, მას შემდეგ, რაც ორივე მოსამართლის დაწერილ მრავალგვერდიან დასაბუთებებს გაეცნო.
როგორ განმარტეს ორ მუხლს შორის განსხვავება მოსამართლეებმა?
იდენტურია აბზაცები, სადაც მოსამართლეები სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 226-ე მუხლებს განმარტავენ
მუხლების განმარტების გაგრძელება - ამ ილუსტრაციაში იდენტური ნაწილები ყვითლად არ გაგვიხაზია, რადგან ფოტოზე გამოსახული ტექსტები თავიდან ბოლომდე ერთნაირია.
ნინო გალუსტაშვილი და თამარ მჭედლიშვილი განაჩენის დასაბუთებაში წერენ, რომ ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა (225-ე მუხლი), გამოიხატება „არეულობის დროს ჯგუფისთვის მითითების მიცემაში, თუ კონკრეტულად რა ქმედება ჩაიდინონ მოწოდებაში, ან შეწყვიტონ ძალადობა და ა.შ.
აღნიშნული დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა ამ ხელმძღვანელობას თან ახლავს სხვადასხვა ქმედებები: ძალადობა, რბევა და სხვა. ამის მიუხედავად, დანაშაული არის ფორმალური შემადგენლობის, ვინაიდან არაა აუცილებელი, ამ ძალადობით ქმედებებს მოჰყვეს მავნე შედეგი“.
„მაგალითად, ძალადობას შესაძლოა, არ მოჰყვეს ფიზიკური ტკივილიც კი. ასევე სხვისი ნივთის დაზიანებას შესაძლოა, არ მოჰყვეს მნიშვნელოვანი ზიანი და ა.შ. ძალადობა, რომელიც თან ახლავს ამ დანაშაულს, შეიძლება გამოიხატოს ცემაში, დაცული ობიექტის კარების შემტვრევასა და იქ ძალდატანებით შეღწევაში, სხვისთვის ჯანმრთელობის მსუბუქ ან ნაკლებად მძიმე დაზიანებაში. რბევის დროს ორგანიზებული ძალადობის მონაწილეებმა შეიძლება შენობა-ნაგებობებში ან ქუჩებში განლაგებული ნივთები სტიქიურად მიყარ-მოყარონ ან დააზიანონ”, - წერენ იდენტურად მოსამართლეები.
განაჩენის თანახმად, ჯგუფურ ძალადობას შეიძლება თან ახლდეს„იარაღის გამოყენება ხელისუფლების წარმომადგენლისადმი, რომელიც ასრულებს თავის სამსახურებრივ მოვალეობას“.
ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში კი, მათი თქმით, იგულისხმება„მასობრივ არეულობაში რიგითი მონაწილეობა, მიუხედავად თითოეული მონაწილის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედების მართლწინააღმდეგობის ხარისხისა - საზოგადოებრივი საშიშროებისა, რამდენადაც მოცემული დანაშაული არის ჯგუფური დანაშაული და მასში მონაწილე თითოეული პირის ქმედება ერთობლიობაში ხელყოფს ამ მუხლით დაცულ სამართლებრივ სიკეთეს - საზოგადოებრივ წესრიგს და უშიშროებას, ასევე, საკუთრებითი ურთიერთობას და ადამიანის ჯანმრთელობას”.
(ისევ იდენტური ამონაწერები განაჩენებიდან - გახაზული)
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლის თანახმად, ჯგუფური მოქმედების ორგანიზება უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან ან რამაც ტრანსპორტის, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება გამოიწვია, აგრეთვე ასეთ მოქმედებაში აქტიური მონაწილეობა.
მოსამართლეების თქმით „ამ დანაშაულისგან სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტი არის საზოგადოებრივი წესრიგი. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება როგორც მოქმედებაში, ისე უმოქმედობაში. იმისთვის, რომ დაკავებული ამ მუხლით დამნაშავედ ცნონ საჭიროა, რომ ის ორგანიზებას უწევდეს ან ხელმძღვანელობდეს ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს და ხსენებული ქმედება
ა) უხეშად არღვევდეს საზოგადოებრივ წესრიგს;
ბ) დაკავშირებული იყოს ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან
გ) რამაც ტრანსპორტის, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება გამოიწვია.
ორი მოსამართლის მიერ იდენტურად განმარტებული სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლი.
ამას გარდა:
- „ჯგუფური მოქმედების ორგანიზება სახეზეა, როცა პირი შეკრებს ხალხს, მოუწოდებს პირებს ქმედების ჩადენისკენ, აძლევს მითითებებს და ა.შ. ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას შედეგად უნდა მოჰყვეს საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა. საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა შეიძლება გამოიხატოს ქუჩაში მოძრაობის შეფერხებაში, რაც შეიძლება გამოიხატოს ტრანსპორტის საწარმოს ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხებაში და ა.შ“
- „ჯგუფური მოქმედება შეიძლება გამოიხატოს არა მარტო საზოგადოებრივი წარმომადგენლის წესრიგის უხეშ დარღვევაში, არამედ ხელისუფლების კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობაში. ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობის დროს კი არაა აუცილებელი ადგილი ჰქონდეს საზოგადოებრივი წესრიგის უხეშ დარღვევას“.
- „ჯგუფურ მოქმედებაში აქტიურ მონაწილეობაში იგულისხმება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში რიგითი მონაწილეობა, მიუხედავად თითოეული მონაწილის მიერ განხორციელებული ქმედების მართლწინააღმდეგობის ხარისხისა – რამდენადაც მოცემული დანაშაულში მონაწილე თითოეული პირის ქმედება ერთობლიობაში ხელყოფს ამ მუხლით დაცულ სამართლებრივ სიკეთეს – საზოგადოებრივ წესრიგს“
- „სუბიექტური მხრივ დანაშაულის მოტივსა და მიზანს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს. პირი შესაძლოა განაწყენებული იყოს ხელისუფლების რომელიმე ორგანოსა თუ კონკრეტული ორგანიზაციის თანამდებობის პირის საქმიანობაზე და სხვა. მიზანი შეიძლება იყოს ის, რომ აიძულონ ხელისუფლება ან კონკრეტული სახელმწიფო მოხელე, მიიღოს მათთვის სასურველი გადაწყვეტილება და ა.შ.“
- „ბრალის ფორმის მიხედვით დანაშაული გამოიხატება განზრახვაში. პირს გაცნობიერებული აქვს, რომ ისეთ ჯგუფურ მოქმედებას უკეთებს ორგანიზებას, რომელიც უხეშად დაარღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ასევე გაცნობიერებული აქვს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერ მოთხოვნას აშკარად არ ემორჩილება, აფერხებს ტრანსპორტის, საწარმო დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობას ან გაცნობიერებული აქვს, რომ აქტიურად მონაწილეობს ამ ქმედებაში და სურს ეს“.
გალუსტაშვილის განაჩენიდან ეს ტექსტი მჭედლიშვილის განაჩენში ყვითლად მონიშნული ნაწილის იდენტურია
ამ რთული სამართლებრივი განმარტებების შემდეგ მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი იწყებს დასაბუთებას - რატომ გადააკვალიფიცირა საქმე და რატომ ცნო ბრალდებულები დამნაშავეებად არა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში, არამედ მონაწილეობაში.
თუ ორივე ამ მუხლის შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭიროა არსებობდეს, ჯგუფი, წინასწარი შეკავშირება, კონტაქტი, ნაცნობობა, ორგანიზატორი და დაორგანიზებული ქმედება და თუ ეს კომპონენტები სახეზე იყო, მაშინ რატომ არ გაამტყუნა ბრალდებულები უფრო მძიმე, 225-ე მუხლით, რომელიც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა - მონაწილეებისთვის, ორგანიზატორებისთვის კი 6-დან 9 წლამდე?
დასაბუთების ამ ნაწილში თამარ მჭედლიშვილის და ნინო გალუსტაშვილის ტექსტები არ მეორდება.
მოსამართლე მჭედლიშვილის მტკიცებით, ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია, თუ ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა. ძალადობრივი ქმედება კი რეალურად ან პოტენციურად უნდა ქმნიდეს საფრთხეს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან საკუთრებას.
თამარ მჭედლიშვილი, მოსამართლე
ხოლო 226-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის საკმარისია ჯგუფური მოქმედების ორგანიზებით ან მასში მონაწილეობით:
- უხეშად დაირღვეს საზოგადოებრივი წესრიგი ან სახეზე იყოს ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობა;
- ან გამოიწვიოს ტრანსპორტის, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება.
„სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულების მიერ ჯგუფური დანაშაულის ჩადენა გამოკვეთილია და აღნიშნავს, რომ დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი თუ ორი ან მეტი ამსრულებელი სრულად ან ნაწილობრივ ახორციელებს დანაშაულის ობიექტურ შემადგენლობას და ამ დანაშაულის თანაამსრულებელია.
ორგანიზებული ჯგუფური დანაშაულის დროს აუცილებელი არ არის წინასწარ შეკავშირება, არამედ შესაძლებელია, მისი ჩადენისათვის წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდეს ორი ან მეტი ამსრულებელი ანუ კანონმდებელი მიუთითებს, თუ ვინ არიან დანაშაულის ჩადენაში მონაწილე პირები, ესენი არიან ამსრულებელი. სასამართლოს მიაჩნია, რომ ქმედების ჯგუფურად ჩადენილად კვალიფიკაციისათვის, ქმედების ობიექტური შემადგენლობის ნაწილს მაინც სულ მცირე, ორი ამსრულებელი უნდა აღასრულებდეს, თუმცა სავალდებულო არ არის მათ შორის წინასწარი შეთანხმების არსებობა“ [სტილი დაცულია].
ადვოკატ რევაზ აჭარაძისთვის სადავოა ჩანაწერი, რომ ორგანიზებული ჯგუფური დანაშაულისთვის „წინასწარი შეკავშირება საჭირო არ არის”, მას მიაჩნია, რომ ეს განმარტება ეწინააღმდეგება ამ ტიპის დანაშაულების არსს.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი გადაკვალიფიცირების გასამართლებლად მხოლოდ რამდენიმე წინადადებას წერს, რომელიც ზოგადი შინაარსისაა და არ მიმოიხილავს უშუალოდ საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, არც ინდივიდუალურად ბრალდებულების ქმედებებს.
„სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულების უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება [ბრალდებულებს ჩამოთვლის] მიერ ჩადენილია ჯგუფურ მოქმედებაში აქტიური მონაწილეობა, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს“, - ასეთია მისი დასაბუთება.
ნინო გალუსტაშვილი, მოსამართლე
გალუსტაშვილისგან განსხვავებით, მჭედლიშვილი ყველა ბრალდებულის შემთხვევაში ინდივიდუალურად ცდილობს დაასაბუთოს თავისი განაჩენის სისწორე და პირველ რიგში, ბრალდების მხარის მტკიცებულებების სანდოობას აფასებს:
- თამარ მჭედლიშვილის აზრით, მოწმე პოლიციელების სასამართლოში მიცემული ჩვენებები სარწმუნოა და თანხვედრაშია ვიდეოებთან, რომელიც სასამართლოში გამოიკვლიეს;
- ვიდეოჩანაწერები სარგებლობს მაღალი მტკიცებულებითი ძალით, ვინაიდან ვიდეოჩანაწერი სრული სიზუსტით ასახავს შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებს.
ამის მიუხედავად, თამარ მჭედლიშვილის შეფასებით, ორგანიზატორობაში ბრალდებულების შემთხვევაში:
- ვერ დადასტურდა, რომ კაძელაშვილი, კასრაძე და ცეცხლაძე ჯგუფურ ძალადობას აორგანიზებდნენ, მაგრამ ჯგუფურ მოქმედებას კი - აორგანიზებდნენ;
- ვერ დადასტურდა, რომ მათი მიზანი და განზრახვა საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზება იყო;
- ვერ დადასტურდა ზვიად ცეცხლაძის მხრიდან ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის ფაქტი;
- ვერ დადასტურდა, რომ ცეცხლაძე ჯგუფური ძალადობის მონაწილე პირებს უშუალოდ საპროტესტო აქციაზე ან იმ ადგილზე, სადაც მიმდინარეობდა აქციის მონაწილეების მოქმედებები, აძლევდა მითითებებს ან მოუწოდებდა მათ კონკრეტული ქმედების ჩადენისკენ;
თუმცა დადასტურდა, რომ:„ცეცხლაძის, კაძელაშვილის და კასრაძის საუბრის ამსახველი ვიდეოჩანაწერების და აღნიშნულ ჩანაწერებზე ასახული საუბრის შინაარსიდან, ასევე ზვიად ცეცხლაძის სახლიდან ამოღებული ნივთების გათვალისწინებით, ცალსახაა, რომ ისინი აორგანიზებენ ისეთ ჯგუფურ მოქმედებას, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან”.
მოსამართლის მტკიცებით, ზვიად ცეცხლაძის განზრახვაზე ორგანიზება გაეწია ჯგუფური მოქმედებისთვის, რაც „დაკავშირებულია საზოგადოებრივი წესრიგის უხეშად დარღვევასთან და ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან, მეტყველებს მისი სიტყვები და მოწოდებები აქციის მონაწილეების მიმართ ბრძოლისკენ, სახელმწიფო დაუმორჩილებლობისკენ, ბოიკოტისკენ და წინააღმდეგობისკენ. ხოლო კაძელაშვილისა და კასრაძის შემთხვევაში აღნიშნულზე მეტყველებს მათი სიტყვები შპრიცით ბენზინის მისხმა, შემდეგ ბიჩოკის მიგდება და ცეცხლის წაკიდება, ჯგუფურად დივერსიული ქმედების მოწყობა, ასევე მათი საუბრის ზოგადი კონტექსტი”.
ზვიად ცეცხლაძე სასამართლო სხდომაზე სხვა ბრალდებულებთან ერთად.
რევაზ აჭარაძის შეფასებით, ეს მსჯელობა კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს, რადგან ცალსახაა, „ორივე მუხლს ერთნაირი ორგანიზებულობის დასაბუთება სჭირდება, მაგრამ მსჯელობა იმგვარადაა წარმოდგენილი, რომ 225-ე მუხლი აშკარად არ არის, რადგან ძალადობა არ ჰქონდათ მიზნად და თუ ვინმეს მიადგა ზიანი, ეს არის „ამსრულებლის ექსცესიო”, სამართლებრივი ტერმინია, ანუ ვინც ეს გააკეთა, ამ ჯგუფის ნება-სურვილის გარეთ იმოქმედა და ამ ჯგუფის მიზანი არ იყოო…
ცალსახად თქვეს, რომ ეს ადამიანები მიზნად ძალადობას არ ისახავდნენ და თუ ვინმე ძალადობდა, ამ ჯგუფში არ მონაწილეობდა და სხვა პირები იყვნენ“.
ცალსახად თქვეს[მოსამართლეებმა], რომ ეს ადამიანები მიზნად ძალადობას არ ისახავდნენ და თუ ვინმე ძალადობდა, ამ ჯგუფში არ მონაწილეობდა და სხვა პირები იყვნენ.რევაზ აჭარაძე, ადვოკატი
ბრალდებულების ნიკოლოზ ჯავახიშვილის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის, გიორგი გორგაძის შემთხვევაში თამარ მჭედლიშვილმა მიიჩნია, რომ აგრესიულად განწყობილი აქციის მონაწილეები, მათ შორის ბრალდებულები ჯგუფურად მოქმედებდნენ, ამის მიუხედავად:
- „ვერ დადასტურდა, რომ ბრალდებულების მხრიდან ნასროლი პიროტექნიკა და სხვადასხვა საგნები ნასროლი იყო თუ არა ადამიანების მიმართულებით და შეუქმნა თუ არა საფრთხე რომელიმე ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას“ (სტილი დაცული - რ.თ.);
- ვერ დადასტურდა ის ფაქტი, რომ ბრალდებულების მიერ პიროტექნიკა და სხვადასხვა საგანი ნასროლი იყო კერძო თუ მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ქონების განზრახ დაზიანების მიზნით.
- ვერ დადასტურდა, მათი ამ მოქმედებების შედეგად მიადგა თუ არა ვინმეს საკუთრებას ზიანი.
- არ დასტურდება უტყუარად ის ფაქტი, რომ დაზარალებული პოლიციელების დაზიანება გამოწვეული იყო ერთი მხრივ, ზვიად ცეცხლაძის, კასრაძის, კაძელაშვილის ჯგუფური მოქმედებების ორგანიზებით და მეორე მხრივ სხვების ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობით.
- არ არსებობს მტკიცებულება, რომ მათ შეცნობილი ჰქონდათ ზიანი, რომელიც თუნდაც არსებობდა სხვა ამსრულებლის ან თანამონაწილეების მხარეს.
სასამართლო განმარტავს, რომ „პიროტექნიკის სადღესასწაულო დღეებში ან თუნდაც კონკრეტული საზეიმო ვითარების აღნიშვნის დროს უსაფრთხოდ სროლა ასევე დაუსახლებელ ტერიტორიაზე ქვის და სხვადასხვა საგნის სროლა არ წარმოადგენს სისხლის სამართლებრივად დასჯად ქმედებას, მაგრამ საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, იმ დროს, როდესაც საპროტესტო აქციის მონაწილეების მხრიდან ადგილი აქვს გარკვეული სახის აგრესიულ ქმედებებს, იმ დროს როცა შეკრებილია ხალხი საპროტესტო აქციის მონაწილეები ჯგუფურად და ორგანიზებულად ისვრიან სხვადასხვა საგნებს, მათ შორის პიროტექნიკას, სამართალდამცველების მხრიდან არსებობს მოწოდებები წესრიგის დაცვისკენ და დაშლისკენ, ასეთ ვითარებაში სხვადასხვა საგნების ჯიუტად სროლა მათ შორის პიროტექნიკის ჰაერში სროლაც არის საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა და ხელისუფლების კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობა და სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება“, - წერს თამარ მჭედლიშვილი.
ჯგუფურ მოქმედებაში დამნაშავეებად ცნობილი დემონსტრანტების ერთი ჯგუფი სასამართლო პროცესზე.
მისივე აზრით, საპროტესტო აქციის სხვა მონაწილეების მხრიდან ჩადენილი ისეთი ქმედებისთვის, როგორიცაა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრებათ დაკავებულ ბრალდებულებს, ვინაიდან არ მოიპოვება მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა მსგავსი ქმედების ჩადენის განზრახვაზე.
„აქედან გამომდინარე, მოცემულ საქმეზე ბრალდებულებს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ მხოლოდ თავიანთი ბრალისთვის ერთიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, დანაშაულის ჩადენაში თითოეულის მონაწილეობის ხასიათისა და ხარისხის გათვალისწინებით“.
სასამართლო მართალია სრულად იზიარებს დაზარალებულთა ჩვენებებს, მაგრამ მიუთითებს, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის პერიოდში რუსთაველის გამზირზე და მიმდებარედ მხოლოდ მათ მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება საფუძვლად ვერ დაედება ჯგუფურ ძალადობას.
თამარ მჭედლიშვილის თქმით, მართალია ვიდეოგრამებზე ბრალდებულები არიან აღბეჭდილები და მათი ქმედებები მონტაჟის ნიშნებს არ შეიცავს, თუმცა ამ ვიდეოებში კადრები გადაბმულია, რაც ხელს უშლის სასამართლოს სრულად აღიქვას ამ პერიოდში განვითარებული მოვლენები.
„შესაბამისად, ერთიანი სურათის აღდგენის და იმის დასადგენად, ბრალდებულების მიერ ნასროლი საგნები და მათ მიერ განხორციელებული და დაორგანიზებული მოქმედებები, იყო თუ არა მიმართული უშუალოდ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა წინააღმდეგ ან მათთვის ხელის შეშლის, ზიანის მიყენების მიზნით, სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა“,- აცხადებს მთავარ მჭედლიშვილი.
197-გვერდიან დასაბუთებაში მოსამართლე ასკვნის, რომ ბრალდებამ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ კაძელაშვილმა კასრაძემ და ცეცხლაძემ ჩაიდინეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, დანარჩენებმა კი მონაწილეობა მიიღეს ჯგუფურ ძალადობაში.
ორივე განაჩენში პოლიციელების ჩვენებების ზოგადი აღწერის აბზაცი თითქმის იდენტურია, მინიმალური განსხვავებებით.
თუმცა არც დაცვის მხარეს ეთანხმება, რომ ბრალდებულები უნდა გამართლდნენ და გათავისუფლდნენ, რადგან მიაჩნია, რომ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით დასტურდება ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მონაწილეობა.
ადვოკატსაც უჭირს არგუმენტების მოძიება, რადგან „ლოგიკურ მსჯელობას ვერ პოულობს“. ორივე მუხლის დასახელებაშია სიტყვა ორგანიზება, მისთვის კი ამ მომენტამდე გაუგებარია, რა დააორგანიზეს ვასილ კაძელაშვილმა, ვეფხია კასრაძემ და ზვიად ცეცხლაძემ.
„თუ ჩვენ გავყვებით ლოგიკას, რომ მათ ერთნაირად მოიფიქრე, მოდი, გავწიოთ წინააღმდეგობა და ტრანსპორტი შევზღუდოთო, მაშინ ვასილმა და ვეფხიამ რა წვლილი შეიტანეს ამაში? მაგრამ თუ ესენიც რაღაცას აორგანიზებდნენ, მაშინ სულ რამდენი ჯგუფია ამ საქმეში?“, - სვამს კითხვებს რევაზ აჭარაძე.
თუ რევაზ აჭარაძის თქმით, თამარ მჭედლიშვილი ამდენი კითხვის ნიშნის მიუხედავად თავის განაჩენში ინდივიდუალობის შეტანას ცდილობს, ნინო გალუსტაშვილის 94 გვერდში ამის დანახვაც რთულია. მისთვის მოსამართლის მსჯელობა, „ჰიპოთეზური, ზოგადი და ზედაპირულია“.
აი, რას წერს გალუსტაშვილი:
„სასამართლო სხდომაზე მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოკვლეული ვიდეოჩანაწერებით და დაზარალებულების ჩვენებით დადგენილია, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან - 3 დეკემბრამდე დროის შუალედში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დაწყებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ აქციის მონაწილეების ნაწილი აშკარად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, იგინებოდნენ, ისროდნენ სხვადასხვა საგნებს და აწყობდნენ ბარიკადებს, ასევე აზიანებდნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ინფრასტრუქტურას.
ამასთან, აგრესიულად განწყობილი აქციის მონაწილეების მხრიდან ადგილი არ ჰქონია სპონტანურ ქმედებებს, გამოკვლეული მტკიცებულებებით აშკარაა, რომ აქციის მონაწილეების ნაწილი, მათ შორის ბრალდებულები რუსთაველის გამზირზე და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე თითქმის ერთდროულად, მიზანმიმართულად იწყებდა ლანძღვა-გინებას, ორგანიზებულად აგროვებდნენ სხვადასხვა ნივთებს, ერთდროულად იწყებდნენ სროლას და ეხმარებოდნენ ერთმანეთს ბარიკადების მოწყობაში.
სასამართლოს წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად დადგენილად მიაჩნია, რომ აგრესიულად განწყობილი აქციის მონაწილეები, მათ შორის ბრალდებულები იღებდნენ აქტიურ მონაწილეობას ჯგუფურ მოქმედებებში, რომელიც მიმართული იყო საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისკენ“.(სტილი დაცულია - რ.თ.)
საბოლოოდ, ადვოკატს ორივე დასაბუთებამ გაუმყარა ის, რაზეც დაცვის მხარე სასამართლო განხილვების დაწყების პირველივე დღიდან ამტკიცებდა, რომ სასამართლოს მთავარი მიზანი სამართლიანობის აღდგენა კი არა ამ ხალხის ციხეში გაშვება იყო - სხვა დასკვნას ამ განაჩენების წაკითხვის შემდეგ ვერ აკეთებს:
„თურმე მიზანი არ ჰქონდათ არც ძალადობა, არც სხვისი ნივთის დაზიანება და მათი მიზანი მხოლოდ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა იყო და ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდეს და თუ მართლა ეს გამოიწვია ამ ქმედებამ, რატომ უნდა იყოს სასჯელი თავისუფლების აღკვეთა და მითუმეტეს ორი წელი?“- აცხადებს ადვოკატი.
განაჩენში ადვოკატის დასმულ კითხვაზე პასუხი ვიპოვეთ. ეს აბზაცი ტექსტის იმ კატეგორიაშია მოხვდა, რომელიც მოსამართლეებს სიტყვასიტყვით აქვთ გამეორებული.
„ჩადენილი ქმედებების სიმძიმის, ბრალდებულების პიროვნების, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოების გათვალისწინებით თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას და იქნება სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება“.
ამონარიდი განაჩენიდან
სასამართლოს უფლება აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლით მსჯავრდებულის წინააღმდეგ სასჯელად გამოიყენოს ჯარიმა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. ორივე მოსამართლემ დემონსტრანტებს, რომლებიც ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის მუხლით გაამტყუნა, განურჩევლად ორი წელი შეუფარდა, მოქმედების ორგანიზატორობაში დამნაშავედ ცნობილებს კი 2 წელი და 6 თვე.
დაცვის მხარე ორივე განაჩენს ერთი თვის ვადაში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. საქმე მეორე ინსტანციაში პროკურატურასაც მიაქვს. პროკურორები ვაჟა თოდუა და ვახტანგ ცალუღელაშვილი არ ეთანხმებიან მუხლის გადაკვალიფიცირებას და ამტკიცებენ, რომ დემონსტრანტები არა ჯგუფური მოქმედების, არამედ ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორები და მონაწილეები არიან.
ასევე ნახეთ განაჩენის გამოცხადებამდე: ის, რაც 11 დემონსტრანტის საქმეზე უნდა იცოდეთ ასევე ნახეთ განაჩენის გამოცხადებამდე: რა უნდა იცოდეთ 8 დემონსტრანტის საქმეზე