ახლახან, - 2025 წლის 21 მაისს, თბილისის დროით 18:45 საათზე, - აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის, წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე გამოდიოდა, როდესაც მას საქართველოსთან დაკავშირებით ჰკითხეს. მარკო რუბიოს კითხვა „მეგობარი აქტის“ თანაავტორმა, კონგრესმენმა ჯო უილსონმა დაუსვა.
კონგრესმენმა უილსონმა ჯერ ისაუბრა „არჩევნების გაყალბებაზე“, ასევე ჩინეთის ინტერესების სანაცვლოდ ამერიკულ მხარესთან ორგანიზაციების ასოცირების „კრიმინალიზაციაზე“, მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციებზე და რუბიოს ჰკითხა:
„200 დღეა, თავისუფლებისმოყვარე ქართველები ყოველდღე გმირულად გამოდიან ქუჩაში, უჭირავთ ამერიკის დროშები, თან ატარებენ პრეზიდენტის [ტრამპის] ფოტოებს. თქვენი ხელმძღვანელობით რა იქნება გაკეთებული, რათა სახელმწიფო დეპარტამენტმა ნამდვილი ფასი გადაახდევინოს ანტიამერიკულ „ქართულ ოცნებას“ ქართველი ხალხის სახელით?“
ასევე ნახეთ კობახიძე ტრამპს და ვენსს ღია წერილით მიმართავსსახელმწიფო მდივან რუბიოს პასუხი ასეთი იყო:
„დავუბრუნდები იმას, რაც ადრე ვთქვი, - [უპირველესია] აშშ-ის მიზნები, ჩვენი ეროვნული ინტერესები. ასე რომ, ჩვენ ასე განვიხილავთ ამ საკითხს: „არის ჩვენი ინტერესი, რომ არსებობდეს ანტიამერიკული მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაშია მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილში? და თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს.
ეს საკითხი ამჟამად განხილვის პროცესშია და ჩვენ განვიხილავთ ვარიანტებს და დამატებით ვარიანტებს. დღეს კონკრეტულად რას ვგეგმავთ, ჯერჯერობით ვერ გამოვაცხადებ. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც განიხილება.
კიდევ ერთხელ, ეს შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ რატომ ვაპირებთ, მივმართოთ ჩვენს რეგიონულ ბიუროებსა და ადგილობრივ ოფისებს ადგილზე, რათა მათ მოგვცენ რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ ყველაზე მეტად რა ზომებზე ექნება მთავრობას - ანტიამერიკულ მთავრობას - რეაგირება“.
კობახიძის წერილი კვლავ უპასუხოდ რჩება
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ 13 მაისს ღია წერილით მიმართა აშშ-ის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ჯეი დი ვენსს.
კობახიძის თანახმად, ტრამპის ადმინისტრაციას არ უპასუხია ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით მის მიერ რამდენიმე კვირით ადრე მიწერილ წერილზე, რომელშიც „გამოხატული იყო მზაობა ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყებაზე“.
საჯარო წერილიც უპასუხოდ დარჩა.
კობახიძემ დღეს დილას, 21 მაისს, თქვა, რომ წერილზე „არ უპასუხიათ, თუმცა დუმილიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პასუხია“.
მან კიდევ ერთხელ უწოდა „მტრული აქტი“ წარმომადგენელთა პალატის მიერ „მეგობარი აქტის“ მიღებას.
ასევე ნახეთ აქ „დიპ სტეიტმა“ სძლია ტრამპის ადმინისტრაციას, ბრძოლა გრძელდება - კობახიძე „მეგობარი აქტის“ მიღებაზეკობახიძემ 7 მაისს განაცხადა, რომ პალატის მიერ „მეგობარი აქტის“ მიღება „ამ კონკრეტულ შემთხვევაში“ იყო „დიპ სტეიტის“ გამარჯვება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაზე, თუმცა „ბრძოლა გრძელდება“.
„მეგობარი აქტი“
6 მაისს აშშ-ის კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა და ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო „მეგობარი აქტი“ (MEGOBARI Act).
კანონის მისაღებად 218 ხმა იყო საკმარისი, თუმცა დოკუმენტს მხარი 349-მა კონგრესმენმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 42. ეს 80%-იანი მხარდაჭერაა.
ასევე ნახეთ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტი“ მიიღო 349 ხმით 42-ის წინააღმდეგწარმომადგენელთა პალატის შემდეგ, ჯერი კონგრესის ზედა პალატაზე, სენატზეა - სანამ კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ დონალდ ტრამპამდე მიაღწევს, სენატმაც უნდა დაამტკიცოს.
სანქციების დაწესების საფუძვლად „მეგობარი აქტში“ მითითებულია:
- კავშირი კორუფციის მნიშვნელოვან შემთხვევებთან;
- ძალადობასთან ან დაშინებასთან - ევროატლანტიკური ინტეგრაციის ბლოკირების მიზნით;
- პირდაპირი თუ ირიბი მონაწილეობა მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძირის გამოთხრაში.
„აშშ-მა ნათლად დააფიქსირა ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია, რათა აჩვენოს, რომ სერიოზულად არის განწყობილი აშშ-თან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის“, - ასეთი იყო ამ დრომდე სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით.
ასევე ნახეთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პირველი კომენტარი საქართველოზე ტრამპის პრეზიდენტობის პირობებშიშტატებისგან დაწესებული სანქციები
შეერთებულ შტატებმა წინა ადმინისტრაციის პირობებში სანქციები დაუწესა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ პირებსა და, ბოლოს - მილიარდერ ექსპრემიერს, პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
შეერთებულ შტატებს სანქცირებული ჰყავს:
- 2023 წლის აპრილიდან - „სასამართლო კლანის“ წევრებად მიჩნეული მოსამართლეები მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე. მათ სავიზო სანქციები შეეხოთ;
- 2023 წლის სექტემბრიდან - ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე საქართველოში „რუსეთის მანკიერი ზეგავლენის“ გამო, FSB-სთან კავშირების მითითებით;
- 2024 წლის ივნისიდან, „აგენტების კანონის“ მიღებიდან ორ კვირაში - აშშ-მა სავიზო აკრძალვები დაუწესა „20-დან 30-მდე პირს“ - მათი ვინაობა უცნობია.
- 2024 წლის 16 სექტემბრიდან - 60-ზე მეტი პირი, მათ შორის „ქართული ოცნების“ ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლები. სანქცირებულთა ვინაობა ამ შემთხვევაშიც უცნობია.
- 16 სექტემბრიდანვე - „მაგნიტსკის სიაში“ შეიყვანეს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი (ხარება), მისი ერთ-ერთი მოადგილე მილერი ლაგაზაური, ასევე „ალტ-ინფოს“ ლიდერები კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე;
- 12 დეკემბრიდან - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვების მორიგი პაკეტი დაუწესა საქართველოს 20-მდე მოქალაქეს, მათ შორის „ოცნების“ მაღალჩინოსნებს. ეს ეხება „მინისტრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავ უწყებებს, უსაფრთხოების სამსახურის თანამდებობის პირებსა და კერძო მოქალაქეებს“. ვინაობა ამ შემთხვევაშიც უცნობია.
- 19 დეკემბრიდან - აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, მირზა კეზევაძეს, „გლობალური მაგნიტსკის სანქციები“ შეეხოთ.
- 27 დეკემბრიდან - ბიძინა ივანიშვილს. სანქციები ეხება Credit Suisse-თან მის დავასაც. „ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, „ქართულმა ოცნებამ“ წინ წასწია კრემლის ინტერესები და საქართველო ევროატლანტიკური ტრაექტორიის რელსებიდან გადაიყვანა“, - წერდა სახელმწიფო დეპარტამენტი.
ინფორმაცია განახლდა 19:20 საათზე, რუბიოს ციტატის დაზუსტებით.