"პირნათლად ვასრულებთ ვალდებულებებს" - "ოცნებას" მზად აქვს პასუხი ევროკომისიის წერილზე, ვერ ხედავს საფრთხეს უვიზო რეჟიმისთვის

31 აგვისტოს იწურება ვადა, როცა ბრიუსელში თბილისიდან უნდა მიიღონ პასუხი სავიზო ლიბერალიზაციის მომავლის გადასაწყვეტად მნიშვნელოვან საკითხებზე.

მოკლედ

  • "ქართული ოცნების" მთავრობამ 31 აგვისტომდე უნდა წარუდგინოს ევროკომისიას ანგარიში 8 რეკომენდაციის შესრულებაზე, რაც ევროპაში უვიზოდ მოგზაურობის მომავალს განსაზღვრავს.
  • 27 აგვისტოს სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნით შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები დააყადაღა, რასაც მესამე სექტორი ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე ზეწოლის მცდელობად აფასებს.
  • ევროკავშირი საქართველოსგან ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფას და სადავო კანონების გაუქმებას მოითხოვს, რასაც "ქართული ოცნება" ქვეყნის სუვერენულ გადაწყვეტილებებში ჩარევად მიიჩნევს.
ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ანგარიში, რომელიც თბილისიდან ბრიუსელში ევროკომისიას სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერების რისკებთან დაკავშირებული წერილის საპასუხოდ უნდა გაეგზავნოს, მზად არის.

31 აგვისტო ბოლო ვადაა, როდესაც "ოცნების" ხელისუფლებამ უნდა წარადგინოს განახლებული ინფორმაცია ევროკომისიის 8 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით, რამაც ევროკავშირთან დაახლოების გზაზე ერთ-ერთი მთავარი მონაპოვრის - უვიზო მიმოსვლის - მომავალი უნდა განსაზღვროს.

წერილი ევროკომისიამ თბილისში ივლისის შუა რიცხვებში გამოგზავნა. მას შემდეგ არ გავრცელებულა ინფორმაცია წერილში მოყვანილი რეკომენდაციების შესრულების შესახებ.

  • ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შემზღუდავი კანონების გაწვევისა და გაუქმების რეკომენდაციებს "ოცნება" საინფორმაციო კამპანიით უპირისპირდება და აცხადებს, რომ ევროკავშირი სასწორზე ოჯახის სიწმინდისა და ტრადიციების დაცვას დებს.
  • უფლებადამცველების შეფასებით, ეს მანიპულაციური არჩევანია - რადგან ევროკავშირი ადამიანის საყოველთაო უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემას ითხოვს მისი წევრებისგან, წევრობის მსურველებისგან და მათგანაც, ვისაც მის ტერიტორიაზე უვიზოდ შესვლის უფლებას აძლევს.


უფლებების დარღვევის გარდა, ევროკომისია ხშირად აკრიტიკებს "ქართულ ოცნებას" არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის შევიწროების გამო.

სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და მედიის განვითარებაში ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს დასავლელი პარტნიორების მრავალმილიონიანი დახმარება დაიხარჯა.

27 აგვისტოს სასამართლომ, პროკურატურის მოთხოვნით, 7 არასამთავრობო ორგანიზაციის, - როგორც "ოცნება" უწოდებს ,"მდიდარი ენჯეოების" - საბანკო ანგარიშები დააყადაღა, საბოტაჟის მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.

„ივანიშვილის მთავრობა, კიდევ ერთხელ უდასტურებს ევროკავშირს, რომ მათ ინტერესებში არ შედის საქართველოს შეუნარჩუნდეს უვიზო მიმოსვლა“ მაშინ როდესაც „ივანიშვილის მთავრობას მიცემული აქვს კონკრეტული ვადა, აცნობონ ევროკავშირს, უნდათ თუ არა უვიზო მიმოსვლის შენარჩუნება ქართველი ხალხისთვის“, - განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა.

რას აცნობებს თბილისი ბრიუსელს - რა წერია ანგარიშში?

თუკი საქართველოდან გაგზავნილ ანგარიშს ბრიუსელში ობიექტურად შეისწავლიან, მიხვდებიან, რომ “საქართველო პირნათლად ასრულებს თავის ვალდებულებებს“ და არ არსებობს „არანაირი წინაპირობა იმისა, რომ რაღაცნაირად საფრთხე შეექმნას უვიზო მიმოსვლას“, - უთხრა სადავო პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა, 26 აგვისტოს პროსახელისუფლებო “იმედს”. მან თქვა, რომ საგარეო უწყების მიერ “შეკრული" ანგარიში მოიცავს პარლამენტიდან მიწოდებულ მასალებსაც და ბრიუსელში “ერთ-ორ დღეში” გაიგზავნება.

მახაშვილმა, სატელეფონო კომუნიკაციის დროს, რადიო თავისუფლების შეკითხვებს არ უპასუხა.

გვაინტერესებდა, როგორ განუმარტავს “ქართული ოცნება” ევროკომისიას პროგრესის არარსებობას რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით.

“იმედს” მახაშვილმა უთხრა, რომ მომზადდა რიგით მე-8 ანგარიში და ისევე, როგორც წინა წლებში, ზოგიერთი ვალდებულება ვერც ახლა სრულდება და ამას თავის მიზეზები აქვს.

„არის ცალკეული საკითხები, რაზეც ჩვენ არ ვართ, როგორც სახელმწიფო, მზად, რომ გადავდგათ ეს ნაბიჯები, მაგრამ სხვა მხრივ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ, რაც შეეხება თვითონ ფუნდამენტურ პრინციპებს ვიზალიბერალიზაციის მოქმედების, რომ ეს იყოს დაცული და ევროკავშირს არ ჰქონდეს არანაირი საფრთხე ან მის მოქალაქეებს რაიმე საფრთხე საქართველოდან ან მისი მოქალაქეებიდან გამომდინარე“, - თქვა მახაშვილმა.

ასევე ნახეთ ევროკავშირი საქართველოსგან მოითხოვს სადავო კანონების გაუქმებას და მოქალაქეთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფას – წერილი

შეკითხვაზე - რა დოკუმენტს ამზადებენ - მორიგ ანგარიშს თუ საგანგებო ანგარიშს, ევროკომისიის ივლისის წერილის საპასუხოდ, საგარეო საქმეთა უწყებაში რადიო თავისუფლებას უპასუხეს, რომ ანგარიში „ევროკომისიის წერილის შესაბამისად მზადდება“. დოკუმენტი საჯარო არ არის.

ევროკომისიის მე-7 ანგარიშში ასახული რეკომენდაციები, რომლებიც შემდეგ თბილისისთვის გაგზავნილ წერილში მოხვდა, მხოლოდ 2024 წლის პრობლემებს მოიცავს. წყარო, რომელიც კარგად იცნობს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების დინამიკას და ევროკომისიის პროცედურებს, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ვიზის შეჩერების მექანიზმის მე-8 ანგარიშში, რომელსაც ბრიუსელი წლის ბოლოს გამოაქვეყნებს, კიდევ უფრო მწვავე პრობლემები აისახება.

ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში, ჯერ კიდევ 18 ივლისს, ევროკომისიის წერილის გამოგზავნიდან 4 დღეში განმარტა, რომ:

  • უვიზო მიმოსვლა ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემაზეა დამოკიდებული.
  • საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო ევროკომისია სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს 2024 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ [მე-7] ანგარიშშიც;
  • ევროკავშირის რეკომენდაციები ფუნდამენტური უფლებების დაცვას, თავისუფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმებასა და ანტიკორუფციული ძალისხმევის გაძლიერებას შეეხება;
  • თუკი საქართველოს განახლებული ინფორმაცია [რასაც ევროკავშირი აგვისტოს ბოლომდე ელოდება] პრობლემების გადაჭრას არ აჩვენებს, შესაძლოა ამას უვიზო რეჟიმის სრული შეჩერება მოჰყვეს.


ამჟამად ევროკავშირის/შენგენის ზონის ტერიტორიაზე უვიზოდ შესვლა აკრძალული აქვთ მხოლოდ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს.

ასევე ნახეთ ევროპასთან უვიზო მიმოსვლა - რა მოხდება 31 აგვისტოს შემდეგ? - ევროკავშირის საელჩოს განმარტება

„ცეცხლზე ნავთი“

ევროკომისიის რეკომენდაციებს შორის არის პუნქტები, რომლებიც შეეხება, მაგალითად: თავშესაფრის მაძიებელთა დაუსაბუთებელი განცხადებებისა და არალეგალური დარჩენის შემთხვევების წინააღმდეგ ქმედებების გაძლიერებას, საზღვარზე კონტროლის გამკაცრებას თუ აქტივების დაბრუნებისა და მენეჯმენტის ოფისების შექმნას - აქ შესაძლოა თბილისს გარკვეული ნაბიჯები ეჩვენებინა.

მაგრამ წერილში ხაზგასმული უფლებებისა და თავისუფლების შემზღუდავი კანონების შეცვლის ან გაუქმების მოთხოვნის შესრულებას "ქართული ოცნება" არ ჩქარობს.

ივლისში, წერილის გამოქვეყნებისას, ლევან მახაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკომისიის მიერ მოთხოვნილი კანონების გაუქმება, ნებაც რომ არსებობდეს, შეუძლებელი იქნებოდა საპარლამენტო არდადეგების გამო.

ნების შემთხვევაში, შესაძლებელია რიგგარეშე სესიის მოწვევა. მაგალითად, 2024 წლის ივლისში, პარლამენტმა რიგგარეშე სესიის სხდომებზე გენერალური პროკურორი აირჩია, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო და დაამტკიცა ცვლილებები „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“.

გარდა ამისა, ევროკომისიის 8 რეკომენდაცია “ქართული ოცნების” ხელისუფლებისთვის 2024 წლის დეკემბრიდან არის ცნობილი. ეს რეკომენდაციები ჩამოწერილია ვიზის შეჩერების მექანიზმის მე-7 ანგარიშში, რომელიც 6 დეკემბრით არის დათარიღებული.

ასევე ნახეთ საკუთარი წესებით - მიჰყავს "ოცნებას" საქართველო ევროკავშირში?

“ქართული ოცნება” ღიად აცხადებს, რომ არ არსებობს პოლიტიკური ნება - შეასრულონ, მაგალითად, "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის გაუქმების რეკომენდაცია.

“თანახმა ხართ, ოპოზიციას მივმართავ... რომ გავაუქმოთ ეს კანონი და სქესის გადაკეთება დავუშვათ საქართველოში?! თანახმა ხართ, რომ მივცეთ საშუალება, რომ ჩვენს სკოლებში და ბაღებში ლგბტ პროპაგანდა იყოს?!” – “ქართული ოცნების” დეპუტატ ირაკლი ზარქუას მსგავსი კომენტარები ამ თემაზე "ოცნების" მრავალმა წარმომადგენელმა გააკეთა.

პარალელურად, “ქართული ოცნების” ლიდერები კვლავ აცხადებენ, რომ სავიზო ლიბერალიზაციის თემას "ბრიუსელის ბიუროკრატია" - იგივე ე.წ. დიპ სტეიტის მსახურები - იყენებენ შანტაჟისთვის - საქართველოს ომში "ჩასათრევად".

“ბოლოდროინდელი ცრუ ინფორმაციის მატარებელი განცხადებები, რომ ევროკავშირი ცდილობს საქართველოს დესტაბილიზაციას, ომში ჩათრევას ან ე. წ. „არატრადიციული ღირებულებების“ თავზე მოხვევას, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის განზრახ მცდელობას წარმოადგენს. რუსეთის სტილში შეთხზული შეთქმულების თეორიებითა და განხეთქილების გამომწვევი ნარატივებით ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დაზიანება მხოლოდ მათთვის არის ხელსაყრელი, ვინც საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზას ეწინააღმდეგება”, - აღნიშნულია ევროკავშირის პრესსპიკერის მიერ ივლისის ბოლოს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ასევე ნახეთ უვიზო მიმოსვლის დაკარგვაზე სრული პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება - ჰერჩინსკი

"ქართული ოცნების" წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ არ ესმით კავშირი კანონების გაუქმების მოთხოვნებსა და უვიზო რეჟიმს შორის. ექსპერტები კი ამ კავშირის ლოგიკასა და პრაგმატულ მნიშვნელობას ასე განმარტავენ: ადამიანის უფლებების შემზღუდველი კანონები აუარესებენ მოქალაქეების ცხოვრებას, რაც მათ ხშირად მიგრაციისკენ უბიძგებთ. მიგრაციული ნაკადები რეალური პრობლემაა ევროკავშირისთვის.

ლევან მახაშვილი ამბობს, რომ ადამიანის უფლებების საკითხს ევროკავშირი ზემოქმედების ინსტრუმენტად იყენებს.

„...საზოგადოება ხედავს, რეალურად, მართლა აინტერესებს თუ არა ევროპას ადამიანის უფლებები, მართლა აინტერესებს თუ არა კანონის უზენაესობა და დემოკრატია. არა, რა თქმა უნდა.

მთავარი მათთვის არის ამ პოლიტიკური ომის თამაშებში საქართველოს შეთრევა და ამისთვის, სამწუხაროდ, ძალიან კარგ მიზეზებს აძლევს ჩვენი რადიკალური ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი“, - ეუბნება მახაშვილი “იმედს”.

ევროკომისიის რეკომენდაციების პირველი პუნქტი სწორედ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას შეეხება; მათ შორის არის შეკრების, გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლება, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვის აუცილებლობა - სწორედ ამ უფლებების შეზღუდვას იწვევს კანონები "უცხოეთის აგენტებზე" თუ "ოჯახური ტრადიციების" საკანონმდებლო პაკეტი.

ევროკავშირმა სხვადასხვა დროს არაერთხელ დაგმო ბოლო დროს დამტკიცებული "რეპრესიული კანონები" - რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას სუნთქვის საშუალებას აღარ უტოვებს.

ასევე ნახეთ არასამთავრობოები ყადაღის დადებაზე: ხალხის მტრებს სურთ, რომ აღარ შეგვეძლოს დახმარება

ევროკომისიის მიერ რეკომენდაციების შესრულების მიზნით “ქართული ოცნებისთვის” მიცემული ბოლო ვადის ამოწურვამდე სამი დღით ადრე, 27 აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ შვიდი ქართული სამოქალაქო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები დააყადაღა, თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემდეგ.

“ფორსირებულ რეჟიმში მოხდა, სპეციალურად რაღაცისთვის - ჩვენ შეიძლება პირდაპირ დავუკავშიროთ ევროკავშირის გადაწყვეტილებას, რომელიც უახლოეს პერიოდში შეიძლება იყოს მიღებული უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით. ეს არის მცდელობა, რომ სხვა გზა არ დაუტოვონ ევროკავშირს“, - ამბობს „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი ლევან ნატროშვილი.

კიდევ ერთი დაყადაღებული არასამთავრობო ორგანიზაციის - „დემოკრატიის მცველების“ - წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე მიიჩნევს, რომ “ივანიშვილმა ცეცხლს დამატებით ნავთი დაასხა”, მაშინ, როდესაც “ევროკავშირს 31 აგვისტომდე ივანიშვილის ოცნებისგან პასუხი უნდა მიეღო იმაზე, რაც ჯერ კიდევ შარშან დააშავა და რის გამოც საქართველოს უვიზო მიმოსვლის შეჩერების რეალური საფრთხე უდგას”.

მშვენიერაძის თქმით, “ივანიშვილის ოცნებას სურს მალე დასრულდეს უვიზო მიმოსვლის საკითხის გადაწყვეტაც და ჩაიკეტოს საზღვრები”.

არასამთავრობო ორგანიზაციებს პროკურატურა ე.წ. საბოტაჟის საქმის ფარგლებში 2024 წლის ბოლოს საპროტესტო აქციების „დაფინანსებას“ ედავება. ამავე საქმის ფარგლებში მარტში დააყადაღეს საქველმოქმედო ორგანიზაციები, მათ შორის „ნანუკას ფონდი“.

ევროკავშირის შიდა დოკუმენტის თანახმად, რომელსაც რადიო თავისუფლება ივლისში გაეცნო, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას, დეზინფორმაციასთან ბრძოლის გაძლიერებასთან ერთად, ევროკავშირის წევრი ქვეყნები განიხილავენ აუცილებელ პირობებად საქართველოს დემოკრატიული, სტაბილური და ევროპული მომავლისთვის. "ქართული ოცნების" მიერ მიღებული კანონები კი თითქმის შეუძლებელს ხდის ამ დახმარებას.

ასევე ნახეთ ევროკავშირის შემოდგომის გამოწვევები: რუსული აქტივები, უკრაინა, მოლდოვა და საქართველო