Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკუთარი წესებით - მიჰყავს "ოცნებას" საქართველო ევროკავშირში?


"ქართული ოცნების" მთავრობა აცხადებს, რომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად ემზადება. ევროკავშირისთვის ფაქტები საწინააღმდეგოზე მეტყველებს.
"ქართული ოცნების" მთავრობა აცხადებს, რომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად ემზადება. ევროკავშირისთვის ფაქტები საწინააღმდეგოზე მეტყველებს.

ევროკავშირთან დაპირისპირებული “ქართული ოცნება” პერიოდულად უბრუნდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების თემას - ცალმხრივად დადგენილი საკუთარი კალენდრითა და წესებით. აცხადებს, რომ ასრულებს ასოცირების შეთანხმებას. ეს დოკუმენტი გაწევრიანების ინსტრუმენტად არ არის ჩაფიქრებული.

2014 წელს, როდესაც ასოცირების შეთანხმებას მოეწერა ხელი, ევროკავშირი საქართველოს გაწევრიანებაზე არც კი მიანიშნებდა.

ევროკავშირს ზუსტად აქვს გაწერილი, რა გზა და როგორ უნდა გაიაროს მომავალმა წევრმა. თავად ევროკავშირისთვისაც და მეთვალყურეებისთვისაც ნათელია, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება ამ გზაზე არ დგას.

“ქართული ოცნების” ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველო 2028 წლისთვის სრულად იქნება მზად და 2030 წლისთვის უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირში.

ასოცირების შეთანხმება - ევროკავშირის წევრობისთვის?

"ძალიან ბევრი მიმართულებით ვიმუშავეთ იმისთვის, რომ საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს...ვიმსჯელეთ სამომავლო ნაბიჯებზე...რომ საქართველომ 2028 წლისთვის კიდევ უფრო მეტ პროგრესს მიაღწიოს ასოცირების შეთანხმების შესრულების კუთხით. ეს, რა თქმა უნდა, მოითხოვს ყოველწლიურად დაგეგმილ მოქმედებას”, - განაცხადა “ქართული ოცნების” საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მაკა ბოჭორიშვილმა 12 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც, ოფიციალური ცნობებით, “ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 72-ე სხდომაზე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიში” წარადგინა.

სხდომას, მთავრობის ადმინისტრაციაში, “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თავმჯდომარეობდა.

„საქართველოს მთავრობას აქვს ამბიციური მიზანი, რომ ქვეყანა 2028 წლისთვის მზად იყოს ევროკავშირის წევრობისთვის”, - იტყობინება “ქართული ოცნების” მთავრობა, კომისიის მუშაობის შეფასებისას.

მანამდე გაკეთებული განცხადებებიც ცხადყოფს, რომ 2014 წელს ხელმოწერილ ასოცირების შეთანხმებას (AA) “ქართული ოცნება” ასახელებს მთავარ სახელმძღვანელო დოკუმენტად - როდესაც ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადებაზე ლაპარაკობს.

ირაკლი კობახიძემ ბევრჯერ თქვა, რომ საქართველოს მიზანია, 2028 წლისთვის ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი ჰქონდეს შესრულებული, განავითაროს ეკონომიკა და ამგვარად, მზად იყოს გასაწევრიანებლად - 2030 წელს.

ასოცირების შეთანხმება, რომლის შემადგენელ ნაწილსაც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება [DCFTA] წარმოადგენს, ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრირებას ისახავს მიზნად. მოცულობითი დოკუმენტი აერთიანებს წესებსა და მექანიზმებს ევროკავშირის საკანონმდებლო ბაზასთან დასაახლოებლად, რეფორმების გასატარებლად და ვაჭრობის გასაძლიერებლად. მაგალითად, ეს დოკუმენტი აწესრიგებს სურსათის უვნებლობის სტანდარტებს. თუმცა ის არ მიიჩნევა გაწევრიანების პროცედურების სახელმძღვანელოდ.

გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა, ივნისში რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ხაზი გაუსვა იმას, რომ „ასოცირების შეთანხმება და წევრობა ორი განსხვავებული რამ არის“ და ეს შეთანხმება „წევრობას არ შეეხება“.

„ჩვენ გვაქვს ასოცირების შეთანხმება მსოფლიოს ბევრ ქვეყანასთან, რომლებიც ვერასდროს გახდებიან ევროკავშირის წევრები, რადგან ამის სურვილი არ გამოუთქვამთ ან გეოგრაფიულად თუ ცივილიზაციურად არ არიან შესაფერისნი… თუ საქართველოს სურს მხოლოდ ასოცირების შეთანხმება, წევრობის გარეშე, გთხოვთ გვითხრათ, რომ წევრობაზე ფიქრში ბევრი სამუშაო საათი აღარ დავკარგოთ”, - თქვა ელჩმა ფიშერმა.

  • ევროკავშირს ასოცირების შეთანხმება გაფორმებული აქვს, მაგალითად, ჩილესთან, ალჟირთან, ეგვიპტესთან, იორდანიასთან, ტუნისთან, ლიბანთან.
  • 2014 წელს, როდესაც ასოცირების შეთანხმება გაფორმდა, ევროკავშირი არც კი მიანიშნებდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ეს ფანჯარა 2022 წლიდან გაიხსნა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, როდესაც გაფართოებამ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერების ახლებური შინაარსი შეიძინა.


და რა გზაა გასავლელი ევროკავშირში გასაწევრიანებლად?

2024 წლის თებერვალში ბრიუსელში ასოცირების საბჭოს მე-8, და ამ დრომდე - ბოლო, სხდომა შედგა. მაშინ საქართველოს უკვე მიღებული ჰქონდა კანდიდატის სტატუსი. საბჭოს შეხვედრაზე, ბრიუსელში, ჩასული იყო ირაკლი კობახიძეც.

სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ ასოცირების შეთანხმების შესრულება უნდა გაგრძელდეს, რაც ბევრი სიკეთის მომტანია - თუმცა ევროკავშირისკენ სვლა დამოკიდებულია “გაწევრიანების კრიტერიუმების” შესრულებაზე.

აღნიშნულია, რომ ევროინტეგრაციის გზის გასაგრძელებლად საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკომისიის რეკომენდაციები [დათქმები], რომლებიც ცხრა პუნქტად ჩამოყალიბდა კანდიდატის სტატუსის მიღების დროს.

ევროკომისიის რეკომენდაციების 9-პუნქტიან სიაში მოხვდა საკითხები მანამდე გაწერილი 12 პუნქტიდან, რომლებიც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეესრულებინა, მაგრამ მხოლოდ მცირე ნაწილი შეასრულა. კანდიდატის სტატუსი საქართველომ, უკრაინისა და მოლდოვის შემდეგ, წელიწად-ნახევარში, 2023 წლის დეკემბერში მიიღო. უკრაინა და მოლდოვა ინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე - გაწევრიანების მოლაპარაკებების ეტაპზე - გადავიდნენ.

რას ნიშნავს "გაწევრიანების კრიტერიუმები"?

ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებს სხვაგვარად “კოპენჰაგენის კრიტერიუმებს” უწოდებენ, რადგან ევროპულმა საბჭომ 1993 წელს კოპენჰაგენში გამართულ სხდომაზე დაამტკიცა.

ეს კრიტერიუმებია:

  • სტაბილური ინსტიტუტები, როგორც დემოკრატიის გარანტი;
  • კანონის უზენაესობა;
  • ადამიანის უფლებები;
  • უმცირესობების პატივისცემა და დაცვა;
  • ფუნქციური საბაზრო ეკონომიკა და ევროკავშირში კონკურენციასთან გამკლავების შესაძლებლობა;
  • გაწევრიანების ვალდებულებების აღებისა და ეფექტიანად შესრულების შესაძლებლობა, პოლიტიკური, ეკონომიკური და მონეტარული კავშირის მიზნების ჩათვლით.


ამ კრიტერიუმების აღიარება და შესრულება აუცილებელია ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ყველა ქვეყნისთვის.

ასევე, ევროკავშირის შეთანხმების 49-ე და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული პრინციპების აღიარება სავალდებულოა ყველა ქვეყნისთვის, რომლებიც წევრობაზე განაცხადს შეიტანენ.

  • 49-ე მუხლი განსაზღვრავს გაწევრიანების საფუძვლებს, აპლიკანტის [ევროპული სახელმწიფო] მიერ ევროკავშირის ფასეულობების აღიარების ვალდებულებას და წევრი ქვეყნების მიერ კონსენსუსით მისაღებ გადაწყვეტილებებს.
  • მე-2 მუხლში გაწერილ ფასეულობებს შორის კი დასახელებულია ადამიანის ღირსება, თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებებისა და მათ შორის - უმცირესობათა უფლებების პატივისცემა.


ევროკავშირის პრინციპების აღიარების ვალდებულება საქართველოს ვალდებულებაც გახდა, 2022 წლის მარტიდან, როდესაც საქართველომ გაწევრიანების განაცხადი შეიტანა.

ამ ვალდებულებებს ემყარება ევროკომისიის ყველა რეკომენდაცია.

“ქართული ოცნების” ხელისუფლება ევროკომისიის 9-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებაზე უკვე აღარც ლაპარაკობს.

პასუხისმგებლობა თბილისმა შარშან შემოდგომაზე მოიხსნა.

2024 წლის 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა გადაწყვეტილება გაწევრების მოლაპარაკებების გახსნის საკითხის 2028 წლის ბოლომდე გადავადების შესახებ და ამავე ვადით ითქვა უარი “ევროკავშირის ყველა საბიუჯეტო გრანტზე”.

გაწევრიანების მოლაპარაკებები კანდიდატის სტატუსის შემდგომი ეტაპია.

ეტაპი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" 4 წლით შეაჩერა, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გასავლელი აუცილებლობაა - არცთუ ხანმოკლე და შრომატევადი.

მაგალითად, ჩეხეთისა და პოლონეთისთვის ამ პროცესს დაახლოებით 5 წელი დასჭირდა; ხოლო სერბეთმა მოლაპარაკებების პროცესი 2014 წელს დაიწყო და ჯერაც არ დაუსრულებია.

“ტექნიკური თვალსაზრისით, [გაწევრიანების] მოლაპარაკებების გახსნიდან ევროკავშირში გაწევრიანებამდე მხოლოდ წელიწად-ნახევარი-ორი წელი არის საჭირო. 2030 წლამდე კი, ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოება არავის აქვს დაგეგმილი”, “2030 წლისთვის საქართველო ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად”, - თქვა კობახიძემ გასული წლის 28 ნოემბერს.

სპეციალისტები, რომლებსაც რადიო თავისუფლება ელაპარაკა, ვერ იხსენებენ ვერცერთ შემთხვევას, როდესაც რომელიმე წევრ ქვეყანას ევროკავშირთან მოლაპარაკებების ეტაპი წელიწად-ნახევარში ან ორ წელიწადში გაევლო.

მოლაპარაკებების ეტაპი არაერთ პროცედურას მოიცავს, რაც მუშაობასთან ერთად დროსაც მოითხოვს - ქვეყნის შესაძლებლობებისა და თავსებადობის "სკრინინგის" ჩათვლით.

ევროკავშირის კანონმდებლობის - უფლებებისა და ვალდებულებების კრებულის [Acquis] - მიხედვით, გასავლელია 35 თავი [თემატურად დაჯგუფებული 6 ბლოკში]. თავები შესაძლოა ერთდროულად ან გარკვეული თანმიმდევრობით გაიხსნას და შესრულების შემდეგ უნდა დაიხუროს. მათ შორის არის, მაგალითად: მართლმსაჯულება და ფუნდამენტური უფლებები; თავისუფალი გადაადგილება; სამართალი, თავისუფლება და უსაფრთხოება; მეცნიერება და კვლევები, ტრანს-ევროპული ქსელები, საფინანსო კონტროლი, საჯარო შესყიდვები და სხვა.

"ოცნება" სხვა გზით მიდის

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია გვეუბნება, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ უარი თქვა ევროკავშირის მიერ გაწევრიანებისთვის განსაზღვრული გზით სიარულზე და გარდა ამისა, “უკვე იმდენად დიდი ზიანი მიადგა ევროკავშირთან ურთიერთობებს, რომ, დღეს რომ საუკეთესო ხელისუფლება გამოუჩნდეს საქართველოს, წლები შესაძლოა ჯერ მარტო ამ ზიანის აღმოფხვრას დასჭირდეს”.

“მათი [“ქართული ოცნების” ხელისუფლების - რ.თ.] მოქმედებები და გზები იმდენად აცდენილია მოთხოვნებთან, რასაც ევროკავშირი უყენებს კანდიდატ ქვეყნებს, რომ შანსი არ არის წინსვლის…

ისეთი მდგომარეობაა, რომ გაუმჯობესებაზე კი არა, ახლა იმაზე მიდის ლაპარაკი, რომ რაც გვაქვს, ისიც შეიძლება დავკარგოთ, მაგალითად, სავიზო ლიბერალიზაცია”, - კორნელი კაკაჩია ფიქრობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების თემას “ქართული ოცნება” პერიოდულად საჯაროდ იმიტომ უბრუნდება, რომ იცის მხარდამჭერების ნაწილის პროევროპული განწყობის შესახებ და მათ დაკარგვას ერიდება.

"ღირსებით ევროპისკენ" - "ქართული ოცნების" დევიზი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ძველებურად აქტუალური აღარ არის 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის. მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიაში გაძლიერებულია კონფრონტაციული ტონი და ბრალდებები ბრიუსელისკენ.

კიდევ რას (და)კარგავს საქართველო?

"ქართული ოცნების" პოლიტიკის საპასუხო დამატებით ზომებზე ევროკავშირში უკვე არაერთი თვეა ფიქრობენ, მას შემდეგ, რაც 2025 წლის იანვარში დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს [“ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლები] უვიზო მიმოსვლით სარგებლობა შეეზღუდათ.

ასევე, ცალკეულმა ქვეყნებმა, მათ შორის ბალტიის ქვეყნებმა და გერმანიამ, “ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლებს ინდივიდუალური სავიზო შეზღუდვებიც დაუწესეს.

სასწორზე დევს სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერებაც. კონკრეტული რეკომენდაციების შესასრულებლად ევროკავშირმა თბილისს აგვისტოს ბოლომდე მისცა დრო. “ქართული ოცნება” ამ რეკომენდაციების შესრულებას არ გეგმავს და ევროპელებს შანტაჟში ადანაშაულებს.

ევროკავშირში მსჯელობენ ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ს ნაწილობრივ შეჩერებაზე, ასოცირების შეთანხმების მეორე მუხლის [ზოგადი პრინციპები] დარღვევის საფუძველზე.

ასოცირების შეთანხმების მეორე მუხლი შეეხება კანონის უზენაესობას, კარგ მმართველობას, საერთაშორისო ვალდებულებებს [გაერო, ევროსაბჭო, ეუთო], კორუფციასთან ბრძოლას.

საქართველოსთვის ხელმისაწვდომი არ არის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში გაჩენილი შესაძლებლობა - "Roam like at home" სივრცესთან მიერთება, რაც მოგზაურებს როუმინგის დამატებითი ხარჯისგან ათავისუფლებს. ამ შესაძლებლობით ისარგებლებენ უკრაინა და მოლდოვა, 2026 წლის 1 იანვრიდან.

ასევე, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის [EEAS] მიერ წევრი ქვეყნებისთვის გაგზავნილი წერილის [შიდა დოკუმენტი, რომელიც რადიო თავისუფლებამ მოიპოვა] თანახმად:

  • აღარ იმართება ასოცირების საბჭოს სხდომები [ბოლო შედგა 2024 წლის თებერვალში];
  • შეჩერდა - უმაღლესი დონის ორმხრივი ვიზიტები;
  • საქართველო მხოლოდ ელჩების დონეზე იყო მიწვეული მინისტერიალზე და აღმოსავლეთ პარტნიორობის ღონისძიებებზე;
  • საქართველოში არ ჩატარებულა ევროკავშირთან დაკავშირებული რაიმე სახის მნიშვნელოვანი რეგიონული ღონისძიება; ხოლო საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის ღონისძიებებში გადაიდო ან [დონით] დაქვეითდა;
  • შეჩერდა ყველანაირი მუშაობა საქართველოს ხელისუფლებასთან - შეთანხმებებსა და არასავალდებულო ინსტრუმენტებზე, როგორიც არის ევროკავშირის პროგრამებთან ასოცირება თუ ურთიერთგაგების მემორანდუმები.


შეჩერებულია 120 მილიონ ევროზე მეტი დაფინანსების გამოყოფა და პროგრამირება საქართველოს ხელისუფლების სარგებლობისთვის და ასევე - შეწყვეტილია ყველანაირი საბიუჯეტო დახმარება;

2024 წელს შეჩერდა ევროპის სამშვიდობო ფონდის [EPF] დაფინანსება 30 მილიონი ევროს ოდენობით, ხოლო 2025 წელს - აღარ გამოიყო. დახმარება უკავშირდებოდა მედიცინას, ლოგისტიკას, ინჟინერიასა და კიბერთავდაცვას.

გრძელდება ევროკავშირის პოლიტიკა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. ლაპარაკი არ ყოფილა ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის [EUMM] საქართველოდან შესაძლო გაყვანის შესახებ.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო სწრაფად მიექანება ავტორიტარიზმისკენ; ხელისუფლება მიმართავს რეპრესიებს, ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვას; სულ უფრო ვიწროვდება სივრცე აქტივისტების, სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციისა და კრიტიკული მედიისთვის. ხოლო ეს ყველაფერი, “ოპოზიციონერი ლიდერების პოლიტიკური მოტივით გასამართლებასთან” და “მართლმსაჯულების სისტემის ბოროტად გამოყენებასთან” ერთად, “შეუსაბამოა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნისთვის და უნდა შეწყდეს”.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG