გამარჯვების დღე წითელ მოედანზე: 5 რამ, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ

რუსული T-90M ტანკები მოსკოვის ცენტრში 9 მაისის გამარჯვების დღის აღლუმის რეპეტიციის დროს

ეს არის წლის მთავარი დღესასწაული რუსეთში - კრემლის ფლაგმანი ღონისძიება, რომელიც თითქოს მიზნად ისახავს საბჭოთა კავშირის როლის ხაზგასმას ნაცისტური გერმანიის დამარცხებაში, მაგრამ ამავე დროს ემსახურება პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის განდიდებას.

„დიდ სამამულო ომში გამარჯვება ვლადიმირ პუტინის პოლიტიკური მითოლოგიის ქვაკუთხედია - მსოფლიო ისტორიის მისეული ვერსიის საფუძველი“, - თქვა მიხაილ ზიგარმა, დევნილმა რუსმა ჟურნალისტმა და წიგნის ავტორმა, თავის ესეში. „კრემლი ამ მომენტისთვის თვეების განმავლობაში ემზადებოდა; ეს რეჟიმის პროპაგანდის კალენდარში ცენტრალურ ნაწილს იკავებს“.

აი, რამდენიმე რამ, რასაც 9 მაისს უნდა მიაქციოთ ყურადღება.


ზუსტად რომელ ომზეა ლაპარაკი?

27 მილიონზე მეტი ადამიანი - სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე - დაიღუპა საბჭოთა კავშირში იმ ომში, რომელსაც რუსები დიდ სამამულო ომს უწოდებენ. ეს იყო უპრეცედენტო განადგურება. ნაცისტების დამარცხებას დიდი ხანია აღნიშნავენ ამ ომში დაზარალებული რუსების, უკრაინელების, ბელარუსებისა და სხვა ეროვნების ადამიანების მსხვერპლის პატივსაცემად.

2000 წელს, პრეზიდენტად დანიშვნის შემდეგ, პუტინმა ეს დღე ვეტერანებს შორის თავისი პოზიციის გასაძლიერებლად გამოიყენა. მან ასევე სცადა ნაცისტების დამარცხებაში მოკავშირეთა როლის დაკნინება და დასავლეთის, განსაკუთრებით კი ამერიკის შეერთებული შტატების, კრიტიკა.

ასევე ნახეთ გამარჯვების დღე: 8 მაისი თუ 9 მაისი? როდის უნდა აღვნიშნოთ

2007 წელს გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ გამოსვლაში პუტინმა შეერთებული შტატები გააკრიტიკა და ირიბად შეადარა აშშ-ის პოლიტიკა ნაცისტური მესამე რაიხის პოლიტიკას.

2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, “ნეონაცისტები“ პუტინის გამოსვლების თვალსაჩინო ნაწილი გახდა. ის იმეორებს ხოლმე კრემლის უსაფუძვლო ბრალდებას, თითქოს უკრაინაში შეჭრის მიზეზი ის იყო, რომ მას „ნაცისტური“ ხუნტა მართავდა.


ვინ სად იჯდება?

კრემლის ცნობით, მსოფლიოს ოცზე მეტი ლიდერი დათანხმდა მოსკოვის ღონისძიებებზე დასწრების მიწვევას, თუმცა ბოლო წუთამდე არ არის ცნობილი, კონკრეტულად ვინ ჩავა და ვინ - არა.

ელიან, რომ დამსწრეებს შორის იქნებიან რამდენიმე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის, ასევე ბოლივიის, კუბის, ვენესუელის, ლაოსის, ბრაზილიისა და სხვა ქვეყნების ლიდერები.

ევროკავშირის ქვეყნებიდან ღონისძიებებს დაესწრება მხოლოდ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო, რომელსაც წარსულში კრიტიკული კომენტარები გაუკეთებია უკრაინის შესახებ.

ყურადღების ცენტრში კი იქნება ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში მოსკოვის მთავარ მოკავშირედ იქცა.

პეკინი აგრძელებს რუსული ნავთობისა და გაზის შეძენას, რითაც ხელს უწყობს მოსკოვის საომარი მოქმედებების დაფინანსებას და რუსეთის ეკონომიკის შენარჩუნებას. პეკინს საჯაროდ არ გაუკრიტიკებია რუსეთის შეჭრა უკრაინაში.

„სი ძინპინის მოსკოვში ჩასვლა ხაზს უსვამს ჩინეთის საგარეო პოლიტიკის ცენტრში არსებულ მზარდ დაძაბულობას, - განაცხადა პატრიცია კიმმა, ვაშინგტონში მდებარე ბრუკინგსის ინსტიტუტის მკვლევარმა, - მისი სტრატეგიული პარტნიორობა რუსეთთან სულ უფრო მეტად მოდის წინააღმდეგობაში მის უფრო ფართო ამბიციებთან, რომ განიხილებოდეს, როგორც პასუხისმგებლობიანი გლობალური ლიდერი, როგორც სტაბილური ალტერნატივა იმისა, რასაც ის ამერიკის არასტაბილურობად და დასავლეთის დაცემად წარმოაჩენს“.

ვნახოთ, მიიღებენ თუ არა ჩინელი ჯარისკაცები მონაწილეობას წითელ მოედანზე მსვლელობაში. ეს კრემლის მხარდაჭერის სიმბოლური დემონსტრირება იქნებოდა.

ასევე ნახეთ "მათი საშიში სამყარო" - როგორ ამზადებს კრემლი მოსახლეობას ნატოსთან ომისთვის

სამხედრო ტექნიკის გამოფენა

ცივი ომის დროს გამარჯვების დღეს პარადები იშვიათად ტარდებოდა. ყველაზე დიდი ყოველწლიური ღონისძიება ნოემბერში იმართებოდა, 1917 წლის ბოლშევიკური რევოლუციის აღსანიშნავად. საბჭოთა სამხედრო ტექნოლოგიებს ამ დროს გამოფენდნენ ხოლმე ამაყად.

მაშინ დასავლელი ანალიტიკოსები გულდასმით აკვირდებოდნენ ხოლმე თითოეულ რაკეტასა და სატვირთო მანქანას და ცდილობდნენ დაედგინათ, ფლობდა თუ არა მოსკოვი უპირატესობას შეიარაღების რბოლაში.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ტექნიკის დემონსტრირება ნორმად იქცა, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც კრემლმა ფული ჩადო სამხედრო ძალების მოდერნიზაციასა და გადაიარაღებაში.

2015 წლის პარადზე წითელ მოედანზე გამოიყვანეს ახალი საბრძოლო ტანკი, Armata T-14. მიუხედავად ამისა, ეს ტანკი უკრაინაში არ გამოჩენილა.

რუსული თვითმფრინავები წითელ მოედანზე დაფრინავენ და კვამლის კვალს ტოვებენ 9 მაისის გამარჯვების დღის აღლუმის რეპეტიციების დროს.

ერთი წლის შემდეგ, ოფიციალურმა პირებმა წითელ მოედანზე ახალი, შორ მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა, RS-24 Yars, აჩვენეს.

2022 წლის შემდეგ ახალი შეიარაღება წითელ მოედანზე იშვიათად ჩნდება ხოლმე. ამას უკავშირებენ რუსეთის მიერ განცდილ მნიშვნელოვან დანაკარგებს - ტექნიკის დანაკარგებს.

ვნახოთ, რა ტექნიკას გამოიყვანს ამჯერად კრემლი წითელ მოედანზე. ასევე საკითხავია, გამოფენენ თუ არა რუსები ბრძოლის დროს ხელში ჩაგდებულ დასავლურ სამხედრო ტექნიკას - მაგალითად, "ბრედლის" საბრძოლო მანქანებს, დასავლეთისადმი ზიზღის გამოხატვის მიზნით.


ვის ეშინია უკრაინული დრონების?

9 მაისის წინა პერიოდში უკრაინამ რუსეთის სამიზნეებზე დრონებით მასშტაბური შეტევა განახორციელა. ყველაზე მასშტაბური 6 მაისის თავდასხმა იყო.

გასულ თვეში პუტინი გამარჯვების დღის აღსანიშნავად ცეცხლის სამი დღით შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საპასუხოდ ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტის წინადადება წამოაყენა, რაც შეესაბამება აშშ-ის ინიციატივას, რომელიც კიევმა დაამტკიცა, მაგრამ მარტში მოსკოვმა ფაქტობრივად უარყო.

ასევე ნახეთ ევროპული ტრიბუნალი უკრაინაში აგრესიის დანაშაულზე პასუხისმგებელთა წინააღმდეგ - რას გამოიძიებს?

გაურკვეველია, რეალურად შეაჩერებენ თუ არა რუსი სამხედროები რაიმე სახის ბრძოლას. კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პუტინის ბრძანება ძალაში რჩება, მაგრამ ასევე თქვა, რომ რუსეთი უპასუხებს, თუ უკრაინული ძალები ცეცხლს გახსნიან.

ამასობაში, ზელენსკიმ და სხვა უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მოსკოვში სტუმრად მყოფი მაღალი თანამდებობის პირების უსაფრთხოების გარანტირება კიევის პასუხისმგებლობა არ არის. უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსმა აღლუმზე დამსწრე სტუმრებს ურჩია, თან „ხმაურისგან დამცავი ყურის საცობები“ მიეტანათ.

„ჩვენ არ შეგვიძლია პასუხისმგებლობის აღება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენებზე. ისინი უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას და შესაბამისად, ჩვენ არანაირ გარანტიას არ გავცემთ“, - განაცხადა ზელენსკიმ 3 მაისს.

რუსმა ოფიციალურმა პირებმა მოსკოვის რეგიონის მცხოვრებლები გააფრთხილეს, რომ ამ კვირაში ფეიერვერკის გაშვებისგან თავი შეიკავონ. ტელეკომუნიკაციების პროვაიდერებმა კი განაცხადეს, რომ ინტერნეტ სერვისები შენელდება, სავარაუდოდ, დრონებისათვის ან დისტანციური მართვის ასაფეთქებლებისათვის ხელის შესაშლელად.

„წითელ მოედანზე დარტყმას აზრი არ აქვს“, - თქვა პრაღაში მოღვაწე პოლიტიკურმა კომენტატორმა ივან პრეობრაჟენსკიმ.

უკრაინულმა დრონებმა შეიძლება მოსკოვამდეც კი მიაღწიონ, განუცხადა მან Current Time-ს, „მაგრამ პრობლემა ის არის, რომ რუსული პროპაგანდა ამას აღლუმზე დამსწრე უცხოელი ლიდერების მკვლელობის მცდელობად წარმოაჩენს - რაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამჟამინდელ ვითარებაში უკრაინისთვის სასარგებლო იყოს“.

ასევე ნახეთ ყალბი რუსული Pravda, რომელიც სოციალური ქსელებისა და ხელოვნური ინტელექტის მოწამვლას ცდილობს

ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა

მოსკოვმა, რომელმაც ვერ შეძლო გადამწყვეტი გამარჯვების მიღწევა, ომის გასაგრძელებლად ადამიანური და მატერიალური რესურსით დახმარებისათვის ჩრდილოეთ კორეას მიაკითხა.

გასული წლის ივნისში პუტინი ფხენიანში გაემგზავრა ახალი ურთიერთდაცვის ხელშეკრულების ხელმოსაწერად. აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, ერთი თვით ადრე ჩრდილოეთმა კორეამ ასობით ათასი საარტილერიო ჭურვი და ბალისტიკური რაკეტა გაგზავნა რუსეთში.

2024 წლის ბოლოს, დაახლოებით 11 000 ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი განლაგდა რუსეთის ჯარებთან ერთად საბრძოლველად, ძირითადად კურსკის სასაზღვრო რეგიონში. არსებობს თანამშრომლობის გაღრმავების სხვა ნიშნებიც. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი რუსი ჯარისკაცები ჩრდილოეთ კორეაში გაგზავნეს სამკურნალოდ. ათასობით ჩრდილოეთ კორეელი მუშა კი რუსეთში, ძირითადად შორეულ აღმოსავლეთში ჩავიდა მშენებლობებზე და მძიმე მრეწველობაში სამუშაოდ, რადგან იქ ომის გამო მუშახელის დეფიციტია.

საჯარო ცერემონიებზე რუსეთში ჩრდილოეთ კორეელი სამოქალაქო პირებიც გამოჩნდნენ.

რამდენიმე დღის წინ ვლადივოსტოკში სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ჩრდილოკორეელი ბავშვების დელეგაცია ასობით რუს ბავშვს შეუერთდა სამხედრო აღლუმში მონაწილეობის მისაღებად.

ასევე ნახეთ “ნელი სიკვდილის სცენარი” უკრაინისთვის, “5 წუთი შუაღამემდე” საქართველოსთვის” - ინტერვიუ პიტერ დიკინსონთან