ჯორჯ ორეულის ახალმეტყველების ტრადიციების შესაბამისად, სადაც მონობა თავისუფლებაა, ხოლო ომი - მშვიდობა, საბჭოთა კავშირშიც მთავარ პროპაგანდისტულ გაზეთს, არც მეტი და არც ნაკლები, სიმართლე - „Правда“ („პრავდა“) ერქვა.
„პრავდა“ იყო საბჭოთა კავშირში ყველაზე გავლენიანი პერიოდული გამოცემა, რომელშიც დაბეჭდილ ერთ სტრიქონს შეეძლო გადაეწყვიტა ნებისმიერი საბჭოთა ადამიანის ან მთელი ინსტიტუციის ბედი - დაეხვრიტათ, გადაესახლებინათ ადამიანები და ხალხები; აეკრძალათ წიგნი, ფილმი, სპექტაკლი და ა.შ. „პრავდისთვის“ ფაქტები არასოდეს ყოფილა მნიშვნელოვანი. მთავარი იყო იდეოლოგია და პარტიის გენერალური ხაზი, რომელსაც სკკპ ცენტრალური კომიტეტი ან უმეტეს შემთხვევაში ქვეყნისა და პარტიის პირველი პირი განსაზღვრავდა. ის კი არ იყო სიმართლე („პრავდა“), რაც ფაქტებით დასტურდებოდა, არამედ, ის - რაც „პრავდაში“ დაიბეჭდებოდა.
1935 წელს უცნაური ამბავი მოხდა. დონბასელმა მაღაროელმა ანდრეი სტახანოვმა (1906-1977) ნახშირის წარმოების ნორმა ცვლაში 14-ჯერ გადააჭარბა: ერთ სამუშაო დღეში მოანგრია 102 ტონა ქვანახშირი, ნაცვლად ნორმით გათვალისწინებული 7 ტონისა. სტახანოვმა დღიური ნორმა 40 წუთში შეასრულა. ამ მაჩვენებლების მიღწევაში მას ორი მუშა ეხმარებოდა, რომლებიც მაღაროში სამაგრ სამუშაოებს ასრულებდნენ.
ცხადია ასეთი ამბავი „პრავდას“ შეუმჩნეველი არ დარჩებოდა. თუმცა გაზეთის კორესპონდენტმა შეცდომა დაუშვა და ანდრეის ნაცვლად დაწერა ალექსეი. საქმე ისაა, რომ რედაქციაში გაგზავნილ ინფორმაციაში სახელის ნაცვლად ინიციალი ეწერა – „ა. სტახანოვი“. გაზეთის თანამშრომელმა ჩათვალა, რომ „ა“ „ალექსეი“ იყო და ასეც დაწერა. შეცდომა მალე გამომჟღავნდა. მომხდარის შესახებ სტალინმაც შეიტყო, რომელმაც თქვა, შეუძლებელია „პრავდაში“ არ იყოს სიმართლეო და, არასწორი ინფორმაციის გამოსწორების ნაცვლად, სტახანოვს სასწრაფოდ შეუცვალეს პასპორტი და სახელად ალექსეი ჩაუწერეს.
ფაქტებისა და სიმართლისადმი ამგვარი დამოკიდებულების გამო, საბჭოთა პერიოდშივე ვრცელდებოდა უამრავი ანეკდოტი „პრავდის“ შესახებ:
"- რა განსხვავებაა „პრავდასა“ (რუს. სიმართლე) და „იზვესტიას“ (რუს. ცნობები) შორის?
- „პრავდაში“ არ არის ცნობები და „იზვესტიაში“ არ არის სიმართლე."
"გაზეთების გამყიდველი ამბობს: „სიმართლე (გაზეთი „Правда“) აღარ არის! „საბჭოთა რუსეთი“ (გაზეთი „Советская Россия“) გაყიდულია! დარჩა მხოლოდ „შრომა“ (გაზეთი „Труд“) სამ კაპიკად!“
ან კიდევ ანეკდოტი იმის შესახებ, თუ როგორ კითხულობს წითელ მოედანზე სამხედრო აღლუმზე მყოფი ნაპოლეონი “პრავდას“ და მარშალ მიურატის ოცნების („ასეთი ტანკები და რაკეტები რომ გვყოლოდა, ვატერლოოს ბრძოლას ხომ არ წავაგებდით“) პასუხად როგორ ამბობს, მონ შერ, ერთი ასეთი გაზეთი რომ გვქონოდა, თავის ცხოვრებაში ვერავინ გაიგებდა, ვატერლოოს ბრძოლა რომ წავაგეთო.
„პრავდა“ მიჰყვებოდა პარტიის გენერალურ (იდეოლოგიურ) ხაზს, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, მტრად აცხადებდა გუშინდელ მოკავშირეს და პირიქით, გუშინდელ მტერს დითირამბებს უძღვნიდა. 1939 წელს მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის დადების შემდეგ, „პრავდამ“ არა მხოლოდ შეწყვიტა გერმანიის მთავრობის კრიტიკა, არამედ სიტყვა „ფაშიზმი“ საერთოდ გააქრო თავისი გვერდებიდან, ხოლო „ომის მთავარ წამქეზებლებად“ ინგლისი, საფრანგეთი და აშშ გამოაცხადა.
„ჟურნალისტი პოლიტიკური მოღვაწეა. იგი მოვლენების უბრალო ამსახველი კი არ არის, არამედ ქმნის საზოგადოებრივ აზრს მათ შესახებ, ქმნის ამინდს“, - წერდა გაზეთი კომუნისტი“ 1962 წლის 5 მაისის ნომერში, რომელიც „პრავდის“ პირველი ნომრის გამოცემის 50 წლისთავს ეძღვნებოდა, - „გაზეთის მოედანი, საიდანაც წარმოებს ბრძოლა, მეტად მცირეა. გაშლილი გაზეთის ოდენა მიწაზე ხელის ტყვიამფრქვევიც არ მოთავსდებოდა, მაგრამ ამ მცირე მოედნიდან ნატყორცნი ყუმბარები ყველგან და ყველას სწვდება, გაზეთიდან - ამ პატარა სარკმლიდან მოჩანს მთელი ქვეყანა. და ადამიანები, რომლებიც ამ ამ ნამცეცა მოედანზე მოქმედებენ, ფლობენ ზუსტი ბრძოლის საოცარ ოსტატობას. ჟურნალისტური სიტყვის ჭოგრიტებით ისინი ხედავენ ყველაფერს, სწვდებიან ყველაფერს. მათი სიტყვა მეხია მტრისათვის, მზის სხივი - მოყვრისათვის: შანთია ჩამორჩენილისა და დახავსებულის ამოსაწვავად. ჟურნალისტური სიტყვა მეხივით შეკუმშული და ელვასავით გამჭოლია. გაზეთს არა მარტო შეაქვს ხალხში პარტიის იდეები. იგი მასების დამრაზმავია ამ იდეების განხორციელებისათვის“.
„პრავდაში“ დაბეჭდილი სტატიები და ფელეტონები მთავრობის დადგენილების ან სასამართლოს განაჩენის ტოლფასი იყო. საკითხს, თუ რა უნდა დაბეჭდილიყო „პრავდაში“ და რა - არა, ხშირად პოლიტბიურო წყვეტდა. მრავალი იდეოლოგიური კამპანია — სტახანოვის მოძრაობა, მწერლების ზოშჩენკოსა და ახმატოვას კრიტიკა, „უსამშობლო კოსმოპოლიტიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლა, ყამირის გატეხის ეპოპეა და ა.შ. „პრავდაში“ გამოქვეყნებული პუბლიკაციებით იყო შთაგონებული.
„პრავდა“აქვეყნებდა ნეკროლოგებსაც - გაზეთის მკითხველები ლენინის, სტალინის, ბრეჟნევის და სხვათა გარდაცვალების შესახებ პირველი გვერდიდან იგებდნენ. ამასთან დაკავშირებითაც იყო გავრცელებული ასეთი პოლიტიკური ანეკდოტი:
გაზეთების ჯიხურთან ყოველ დილით მოდის კაცი, რომელიც ყიდულობს გაზეთ „პრავდის“ ახალ ეგზემპლარს, ათვალიერებს პირველ გვერდს, შემდეგ კი გაღიზიანებული აგდებს იქვე და მიდის. ერთხელაც გამყიდველმა ქალმა ვერ დაძლია ცნობის მოყვარეობა და იკითხა:
- რას ეძებთ პირველ გვერდზე?
- ნეკროლოგს!
- კი მაგრამ ნეკროლოგები ბოლო გვერდზე იბეჭდება.
- ვისაც მე ვეძებ, იმისა პირველზე იქნება!!!
თუმცა „პრავდა“ ნეკროლოგებშიც არ ამბობდა სიმართლეს ანუ პრავდას.
„საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ცენტრალური კომიტეტი ღრმა მწუხარებით აუწყებს პარტიას, მსოფლიო მუშათა კლასსა და საბჭოთა კავშირის ყველა მშრომელს, რომ გუშინ, 18 თებერვალს 17 საათსა და 30 წუთზე, მოულოდნელად გარდაიცვალა პარტიის უდიდესი მოღვაწე, მხურვალე და უშიშარი ბოლშევიკ-ლენინელი, ჩვენი ქვეყნის სამეურნეო აღმშენებლობის უდიდესი მოღვაწე - პარტიის პოლიტბიუროს წევრი, მძიმე მრეწველობის სახალხო კომისარი, ამხანაგი გრიგოლ (სერგო) კონსტანტინეს ძე ორჯონიკიძე“, - ამ ცნობით, რომელსაც დართული ჰქონდა სერგო ორჯონიკის შავ ჩარჩოში ჩასმული პორტრეტი, იხსნებოდა 1937 წლის 19 თებერვალს გამოსული „პრავდა“, თუმცა მასში არაფერი იყო ნათქვამი სახალხო კომისრისა და ერთგული ლენინელის გარდაცვალების მიზეზზე, მხოლოდ მომდევნო დღეს, დიდი ტირაჟით დაბეჭდილი და იოსებ სტალინის მიერ ხელმოწერილი ხსოვნის ფურცლიდან შეიტყვეს საბჭოთა მოქალაქეებმა, რომ სერგო ორჯონიკიძის სწრაფი და მოულოდნელი სიკვდილი გამოიწვია გულის დამბლამ, რაც, რბილად რომ ითქვას, ასევე არ იყო სიმართლე, რადგან ცნობილია, რომ „რკინის კომისარმა“ პისტოლეტით მოიკლა თავი.
„პრავდა“ ლენინიდან სტალინამდე და შემდეგ...
ყველაფერი კი ასე დაიწყო: 1912 წელს, რსდმპ(ბ)-ს პრაღის კონფერენციამ, ვლადიმერ ლენინის ინიციატივით, მიიღო გადაწყვეტილება ბოლშევიკური ყოველდღიური გაზეთის გამოცემის თაობაზე. „პრავდის“ პირველი ნომრის გამოსვლა დაამთხვიეს კარლ მარქსის დაბადების დღეს.
1917 წელს ვლადიმერ ლენინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის საფუძველზეც დროებით, სამოქალაქო ომის დასრულებამდე, იზღუდებოდა სიტყვის, გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლება. ბრძანების თანახმად, აღნიშნული შეზღუდვა სამოქალაქო ომის დასრულებისთანავე უნდა გაუქმებულიყო, თუმცა ეს ასე არ მოხდა, ვინაიდან ლენინი მიიჩნევდა, რომ „მონარქისტებისა“ და „ანარქისტებისთვის“ აბსოლუტური სიტყვის თავისუფლების მინიჭება ბოლშევიკებს ძალაუფლებას დააკარგვინებდა. ამის გამო, საბჭოთა კავშირის არსებობის 70 წლის განმავლობაში, თითოეულ საბჭოთა რესპუბლიკაში მოქმედებდა ცენზურა, ხოლო პრესა, რომლის ფლაგმანი და მიმართულების განმსაზღვრელი „პრავდა“ იყო, მხოლოდ და მხოლოდ ერთი პარტიის - საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ინტერესებს უნდა მომსახურებოდა. შესაბამისად, „პრავდის“ რედაქტორებიც, როგორც წესი, მაღალი რანგის პარტიული ფუნქციონერები იყვნენ, რომლებიც თავის კარიერას ან ცენტრალურ კომიტეტში ან სხვა მაღალ თანამდებობაზე აგრძელებდნენ, თუ რა თქმა უნდა, რამე არ შეეშლებოდათ...
„ჟურნალისტები იყვნენ მეცნიერული კომუნიზმის ფუძემდებლები მარქსი და ენგელსი. გაზეთი არა მარტო სარკეა სახელმწიფოსი, იგი ცხოვრების ლოკომოტივიც არის. ჩვენი პარტია და ჩვენი პრესა განუყოფელია. კომუნისტურმა პარტიამ შექმნა კომუნისტური პრესა და თვით პრესა ქმნიდა კომუნისტურ პარტიას. საუკეთესო იდეები კომუნიზმისა იბადებოდა და იბადება პრესის ფურცლებზე. ამ იდეების განხორციელებისათვის ბრძოლაში, პრესა №1 იარაღია. და რა შეიძლება ჩვენთვის - ჟურნალისტებისათვის უფრო საამაყო იყოს, ვიდრე ის, რომ ჟურნალისტს უწოდებდა თავის თავს ლენინი“, - გივი ვარდოსანიძე, საბჭოთა ჟურნალისტი, „პრავდა 50 - სიმართლის სახელით“
„პრავდის“ პირველი რედაქტორი იყო მესამე სახელმწიფო დუმის ბოლშევიკი დეპუტატი ნიკოლაი პოლეტაევი. გაზეთის მთავარი ავტორი იყო ლენინი, რომელმაც 1912-1914 წლებში „პრავდაში“ 285 სტატია და ჩანაწერი გამოაქვეყნა. მიუხედავად იმისა, რომ იოსებ სტალინი ფორმალურად არ იყო „პრავდის“ მთავარი რედაქტორი, მან მონაწილეობა მიიღო გაზეთის პირველივე ნომრის მომზადებაში, თუმცა 5 მაისისთვის უკვე გადასახლებაში იყო. სტალინმა გაზეთის გამოცემის ხელმძღვანელობა თებერვლის რევოლუციის შემდეგაც განაგრძო. როგორც ისტორიკოსები ამბობენ, „პრავდა“ იყო მისი მთავარი რუპორი.
1917 წლის ოქტომბრის გადატრიალებისთანავე „პრავდის“ მთავარ რედაქტორად დაინიშნა ნიკოლაი ბუხარინი, რომელსაც „საბჭოთა რუსეთის პირველ ჟურნალისტს“ უწოდებდნენ; მისი ხელმძღვანელობით გახდა „პრავდა“ ბოლშევიკების მთავარი იდეოლოგიური ტრიბუნა. ბუხარინი გამოცემის ხელმძღვანელის თანამდებობას 12 წლის განმავლობაში იკავებდა, სანამ იმავე „პრავდაში“ გამოქვეყნებული კრიტიკული სტატიის „ეკონომისტის შენიშვნების“ გამო არ გაუფუჭდა ურთიერთობა სტალინთან და არ გაათავისუფლეს (1929 წ) პოლიტბიუროდან.
1930 წლიდან „პრავდას“ ლევ მეხლისი ხელმძღვანელობდა, რომელიც არსებითად სტალინის პირადი თანაშემწე იყო.
1929 წლის 21 დეკემბერს სტალინს შეუსრულდა 50 წელი. მანამდე მიღებული არ იყო, საჯაროდ აღენიშნათ პარტიისა და მთავრობის ხელმძღვანელთა იუბილეები. ლენინის იუბილე ერთადერთი გამონაკლისი იყო, მაგრამ 1929 წელს გაზეთმა „პრავდამ“ სტალინს მიუძღვნა სტატიები, მისალმებები, წერილები, დეპეშები, მლიქვნელური მასალების ნაკადი. ინიციატივა აიტაცეს სხვა გაზეთებმა, დაწყებული საკავშიროდან და დამთავრებული რაიონული და საქარხნო გაზეთებით.
1934 წლის 24 სექტემბრის გაზეთ „პრავდაში“ დაიბეჭდა ყინულმჭრელ „ლიტკეს“ ექსპედიციის ხელმძღვანელის, დმიტრი დუპლიცკისა და გემის კაპიტნის, ნიკოლაევის ხელმოწერილი განცხადება სათაურით „ყინულმჭრელ „ფიოდორ ლიტკეს“ ბრწყინვალე გამარჯვება“, რომელშიც სტალინი ნახსენები იყო როგორც „ლენინური პარტიის დიადი მესაჭე“. სავარაუდოდ, არქტიკის დამპყრობელმა საბჭოთა მეზღვაურებმა არაფერი იცოდნენ იოანე ოქროპირის იმ შეგონების შესახებ, რომლის მიხედვითაც, „ქრისტეს წმინდა ეკლესია იგივეა, რაც ხომალდი ზღვაში, უფალი ამ სულიერი ხომალდისა მამა ღმერთია, მესაჭე კი - მხოლოდშობილი ძე მისი“.
მესაჭე - სტალინის ეს ახალი ტიტული სწრაფად აიტაცა საბჭოთა პროპაგანდამ. 1937 წლის 1 იანვრის გაზეთ „პრავდის“ მეწინავე სტატიაში, რომლის სათაურია „ჩვენ მიგვიძღვება დიადი მესაჭე“, ვკითხულობთ:
„საბჭოთა ხომალდი კარგად აღჭურვილი და შეიარაღებულია. მას არ აშინებს შტორმები. ის მიჰყვება აღებულ კურსს. მისი კორპუსი აგებულია გენიალური მშენებლის მიერ მტრულ სტიქიასთან გასამკლავებლად ომებისა და პროლეტარული რევოლუციების ეპოქაში. მას მართავს გენიალური მესაჭე სტალინი“.
1939 წელს კი 60 წლის სტალინს უკვე მოუთოკავად უწოდებდნენ დიადს, ბრძენს, ოქტომბრის გენიალურ ორგანიზატორს, წითელი არმიის შემქმნელს, გამოჩენილ სარდალს, ლენინური „გენერალური ხაზის“ დამცველს, მსოფლიო პროლეტარიატის ბელადს, ხუთწლედის დიდ სტრატეგს, საბჭოთა ბავშვების საუკეთესო მეგობარს. სტალინის მოხსენიება რომელიმე ეპითეტის გარეშე ფაქტობრივად აკრძალული იყო. ყველას გადააჭარბა ყაზახმა სახალხო პოეტმა ჯამბულმა, რომელიც იმავე „პრავდაში“ ამბობდა: „სტალინი – ოკეანეზე ღრმაა, ჰიმალაებზე მაღალია, მზეზე კაშკაშაა. ის სამყაროს მასწავლებელია“.
მეორე მსოფლიო ომის დროს გაზეთ „პრავდას“ მთავარი რედაქტორი იყო პიოტრ პოსპელოვი, რომელიც ამ თანამდებობას 1940 წლიდან 1949 წლამდე იკავებდა. მიუხედავად იმ ფანატიზმისა, რომელსაც პოსპელოვი სტალინის მიმართ იჩენდა, ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც პოლიტიკურ ბრძოლაში ხრუშჩოვს დაუჭირა მხარი. მოგვიანებით პოსპელოვი შევიდა მასობრივი რეპრესიების გამომძიებელ კომისიაში და მონაწილეობა მიიღო სტალინის პიროვნების კულტის შესახებ ცნობილი ანგარიშის მომზადებაში.
1952 წლის ნოემბრიდან 1956 წლამდე „სსრკ-ს მთავარი გაზეთის“ რედაქტორობდა პარტიის ფუნქციონერი დმიტრი შეპილოვი, რომელიც 1956 წელს სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა, თუმცა ერთ წელზე ნაკლები ხნის შემდეგ თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
1975 წლისათვის გაზეთის ტირაჟმა 10,6 მილიონ ეგზემპლარს მიაღწია. დიდწილად, ეს აიხსნებოდა იმით, რომ კომუნისტური პარტიის წევრებისთვის პარტიული პერიოდიკის გამოწევა სავალდებულო იყო. „პრავდაში“ გამოქვეყნებული სტატიები, ნარკვევები და ფელეტონები პრაქტიკულად სავალდებულო დირექტივებს წარმოადგენდნენ ყველა პარტიული ორგანიზაციისათვის მთელი სსრკ-ის მასშტაბით.
1976 წლის მარტიდან გაზეთ „პრავდას“ უძღვებოდა ვიქტორ აფანასიევი, რომელმაც თანამდებობა 1989 წლის შემოდგომაზე დატოვა, მას შემდეგ, რაც გაზეთმა გადაბეჭდა ბორის ელცინის შეერთებულ შტატებში მოგზაურობის შესახებ უცხოურ მედიაში გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც ბორის ელცინი აღწერილი იყო, როგორც „მთვრალი, უზრდელი რუსული დათვი, რომელიც პირველად აღმოჩნდა ცივილიზებულ სამყაროში“.
1991 წელს საბჭოთა პრესის დღე გაუქმდა. გაზეთ „პრავდის“, როგორც სკკპ ცენტრალური კომიტეტის ბეჭდური ორგანოს, ბოლო ნომერი 1991 წლის 22 აგვისტოს გამოქვეყნდა. გამოცემა ბორის ელცინმა დახურა, თუმცა, უკვე იმავე წლის შემოდგომაზე, “პრავდა” გამოიცა განახლებული სახით და ის დღესაც გამოდის.
ნიშანდობლივია, რომ 5 მაისი - პრესის დღე („პრავდის“ პირველი ნომრის გამოსვლის დღე) ბელარუსში ახლაც აღინიშნება. როგორც ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ანგარიშშია ნათქვამი, ბელარუსი პრესის თავისუფლების რეიტინგში 180 ქვეყანას შორის 166-ე ადგილზეა (რუსეთი - 171-ე, საქართველო - 114-ე).
თავისუფლების ასეთი დაბალი რეიტინგი იმის მანიშნებელია, რომ „პრავდისა“ და სხვა პარტიულ-პროპაგანდისტული მედიისთვის ამ ქვეყნებში ხელსაყრელი გარემოა შექმნილი. საბჭოთა კავშირშიც ყველა ჟურნალისტს არ უმუშავია „პრავდის“ რედაქციაში, მაგრამ ყველა საბჭოთა ჟურნალისტი (იშვიათი გამონაკლისების გარეშე) არსებითად „პრავდისტი“ იყო.
„ვინ არიან პრავდისტები? ნუთუ მხოლოდ ისინი, რომლებიც „პრავდაში“ მუშაობენ ან მუშაობდნენ, რომლებიც „პრავდაში“ თანამშრომლობდნენ ან თანამშრომლობენ?“ - კითხულობდა 60 წლის წინ გაზეთი „კომუნისტი“, - „არა! პრავდისტულია მთელი საბჭოთა პრესა. ჩვენ ყველანი პრავდისტები ვართ. საბჭოთა ბეჭდვითი სიტყვის არმიაში მწყობრად მიაბიჯებენ ქართული სიტყვის ჯარისკაცებიც. საუკუნეები სიცოცხლე ამ არმიების მებრძოლ მთავარსარდალს, ჩვენს „პრავდას“ - ჩვენს სინდისსა და სიამაყეს, ჩვენს სიმართლეს“.
ფორუმი