რატომ არის კალამი და ფურცელი ციხეში საშიში?

ილუსტრაცია მომზადებულია ხელოვნური ინტელექტის მიერ

საქართველოს ციხეებისა და წინასწარი დაკავების საკნებზე, დახურულ პენიტენციურ სისტემაზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში იმაზე მეტი დაიწერა და ითქვა, ვიდრე ოდესმე.

პოლიტიკოსების, დემონსტრანტების, მწერლების, აქტივისტების დაკავების შემდეგ საპატიმროდან გამოგზავნილ წერილებში აღწერილია არამარტო დახურული სისტემის ფიზიკური სურათი, არამედ მისი არსი და ღირებულებები. მას შემდეგ, რაც ციხეებში პოლიტპატიმრად მიჩნეული მოქალაქეების რიცხვმა ასს გადააჭარბა, გაჩნდა ცნობები იმის შესახებ, რომ სისტემა კრძალავს პატიმრებისთვის საკანში კალმებისა და ქაღალდების შეგზავნას.

“როცა ციხეში ვიჯექი სამი თვით, როგორც პოლიტიკური პატიმარი, ჩვენ არ გვქონდა უფლება, გვქონოდა კალამი და ფურცელი. სექსმუშაკებს, ნარკომოვაჭრეებს, მკვლელებს ყველაფერი ჰქონდათ: ტელევიზორი, ქაღალდი, კალმები, ჩვენ კი, პოლიტიკურ პატიმრებს, რადგან მათ არ უნდოდათ ჩვენ რამე დაგვეწერა, არაფერი. ყოველ დღე, როცა ბადრაგი შესამოწმებლად შემოდიოდა, მეუბნებოდა, ფრთხილად იყავი, თუ კალამს ან ფურცლებს გიპოვით, ეს უფრო დიდი უბედურება იქნება, ვიდრე ის, იარაღს რომ მალავდე საკანში.

გადავწყვიტე, რომ პროსტიტუციაში ჩართული ქალისთვის, რომელიც ციხის ადმინისტრაციას საჭმლის მოტანაში ეხმარებოდა და რომელთანაც კარგი ურთიერთობა მქონდა, მეთხოვა ქაღალდი და კალამი მოეცა ჩემთვის, რადგან აუცილებლად უნდა მეწერა.

რამდენიმე დღეში მან მომიტანა ტუალეტის ქაღალდის შეკვრა და თავისი წარბის ფანქარი - მას მერე, ყოველ ღამე, სამი თვის განმავლობაში, როცა ბადრაგი იძინებდა, ვწერდი მემუარებს ქალთა ციხიდან ტუალეტის ქაღალდზე წარბის პაწაწინა ფანქრით და ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ შემეძლო ჩემი თავის გამოხატვა, ვცეკვავდი, ვხუმრობდი და სულაც აღარ ვგრძნობდი თავს ციხეში. წერა და შემოქმედება შიშს აქრობს”, - ეს არის ფრაგმენტი ეგვიპტელი მწერლის და დისიდენტის, ნავალ ელ საადავის 2011 წლის ლექციიდან, სადაც ის შემოქმედებაზე, დისიდენტობასა და ქალებზე ლაპარაკობს.

ნავალი, ეგვიპტის ციხეში პრეზიდენტ ანვარ ალ-სადათის მმართველობისას მოხვდა, როგორც შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში იტყვის იმის გამო, რომ “სადათს დაუჯერა”.

“მან თქვა რომ არსებობს დემოკრატია, გვაქვს მრავალპარტიული სისტემა და შეგვიძლია ხელისუფლების კრიტიკა. მეც დავიჯერე, დავიწყე პრეზიდენტის პოლიტიკის კრიტიკა და ციხეში აღმოვჩნდი”, - ამბობდა ქალი, რომელმაც პირველი ხანმოკლე პატიმრობისას, 1982 წელს ციხეში დააარსა პირველი დამოუკიდებელი ფემინისტური ჯგუფი ეგვიპტეში, არაბ ქალთა სოლიდარობის ასოციაცია და დაწერა მემუარები, რომელიც შემდეგ, როცა პრეზიდენტ ალ-სადათის მკვლელობიდან ერთი თვის თავზე, ციხიდან გაათავისუფლეს, წიგნადაც გამოსცა - საწერი კალმის და ქაღალდების აკრძალვის ეპიზოდი ამ წიგნის ნაწილიცაა.

რატომ ვიხსენებთ ეგვიპტელი დისიდენტის წინა საუკუნის გამოცდილებას?

საქართველოში პატიმრები, რომლებიც თვლიან, რომ პოლიტიკური პოზიციის გამო აღმოჩნდნენ ციხეში, უფრო და უფრო ხშირად ახსენებენ იმ შეზღუდვებს, რომელსაც პენიტენციური სისტემა უწესებს. პირველი, ვინც საჯაროდ თქვა სასამართლოში, რომ მის ახლობლებს საკანში კალმების შეგზავნა აუკრძალეს, პოეტი და მთარგმნელი, ზვიად რატიანი იყო.

“მესამე კვირაა ციხეში არც კუთვნილ ხანმოკლე პაემანს მინიშნავენ, არც ბლოკნოტი და კალამი შემოდის, ვერც ციხის მაღაზიაში ვყიდულობ.

უკვე ერთი თვეა, ყველა წერილი, რაც შემოდის, გახსნილი, ნათითურებიანი და დასკოჩილია" - თქვა პოეტმა ზვიად რატიანმა 2 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე.

მეორე დღეს მასთან შვილებს შეუშვებენ ციხეში პაემანზე, 7 დღეში კი სასამართლო 2-წლიან პატიმრობას მიუსჯის, კალმების და წიგნაკების შეგზავნის უფლებას კი მას არ დაუბრუნებენ. ის ციხეში 23 ივნისის შემდეგ ზის პოლიციელზე თავდასხმის გამო, რომელსაც მწერალი რეჟიმისთვის “სილის გაწვნად” მიიჩნევს და არა სისხლის სამართლის დანაშაულად.

“სიგიჟეა: არასდროს მქონია წერასთან იმდენად შეუთავსებელი პირობები, როგორც აქ. და არასდროს მიმუშავია ისეთი ინტენსივობით, როგორც ახლა. შეიძლება ისტერიული რეაქციაა, მაგრამ მაწყობს. რა თქმა უნდა, ნაწერების ხარისხს არ ვგულისხმობ და არც განსაკუთრებული მოლოდინი მაქვს, მაგრამ ციხის დამღლელობასთან გამკლავების საუკეთესო იარაღი მუშაობაა, თუნდაც მხოლოდ საქმის კეთების ილუზია - ეგეც რამეა”, - წერდა ის რადიო თავისუფლებას გლდანის ციხიდან სექტემბერში.

ასევე ნახეთ „პატიმრობა, ჩემივე პროექტი იყო“: ზვიად რატიანის ინტერვიუ საკნიდან

კალმების გარდა რატიანი ითხოვდა სამარტოო საკანში გადაყვანასაც - ასე უკეთ შევძლებ ციხეში მუშაობასო.

“მინიმალური სამუშაო პირობებისთვის გაბრძოლება არანაირ უხერხულობას არ მიქმნის, მით უმეტეს, რომ ციხეში სამარტოო რეჟიმი სასჯელის ფორმად უფრო გამოიყენება, ვიდრე წახალისებად.

რაც არ უნდა ზომიერი წარმოდგენისა ვიყო საკუთარ სამწერლო უნარებზე, ობიექტურად ვთვლი, რომ ქართული ლიტერატურისთვის ვმუშაობ და ეს უკვე აღარ არის მხოლოდ ჩემი პირადი საქმე. თუმცა პირველი მცდელობა იმდენად ფუჭი გამოდგა, აღარც ვიცი, რამდენად აქვს აზრი გამეორებას: ციხის მაშინდელ დირექტორს* ვერაფრით ავუხსენი, რა კავშირშია სიმარტოვე ლიტერატურულ სამუშაოსთან...” - ესეც ზვიად რატიანთან რადიო თავისუფლების მიერ ციხეში “ჩაწერილი” ინტერვიუს ფრაგმენტია.

ზვიად რატიანი ერთადერთი არ არის, ვისი ოჯახის წევრებსა და მეგობრებსაც ციხეში კალმებისა და ბლოკნოტების გაგზავნაზე უარი უთხრეს.

გასულ კვირას, ერთ-ერთ პატიმართან კალმების და წიგნების გადასაცემად მისულ მეგობარს ციხის ადმინისტრაციამ პირველად უთხრა უარი კალმების დატოვებაზე - ეს პატიმარი წელიწადზე მეტია ციხეშია და მის მეგობარს, მანამდე კალმები არაერთხელ მიუტანია მისთვის ციხეში.

რადიო თავისუფლებას ამ შემთხვევის შემდეგ პენიტენციურმა სამსახურმა განუმარტა, რომ “[ციხეებში] ამანათის სახით საწერი და სახატავი საშუალებების შეგზავნას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, თითოეულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია დაწესებულების ტერიტორიაზე მაღაზიაში შეიძინოს საწერი და სახატავი საშუალებები, რომელიც შემდგომ შეეძლება შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად.”

იმ პატიმრების ახლობლები, რომლებიც ამ წესის მიხედვით ან სოციალურ სამსახურს სთხოვენ საწერ კალამს, ან მაღაზიაში ყიდულობენ, რადიო თავისუფლებას უყვებიან, რომ არცთუ ისე იშვიათად, ციხის მაღაზიაში ნივთებისა და პროდუქტის შეძენა არც ისე იოლია, როგორც ეს ოფიციალურ განცხადებებში ჩანს. ხან მარაგი არ არის, ხანაც ისეთი უხარისხოა ნივთები, ვერც კი მოიხმარ. მაგალითად, კალმები არ წერს.

“ერთხელ მოვითხოვეთ პასტა და ფურცელი. ვიღაც გაბედულმა ზედამხედველმა მოგვცა 3 თაბახი და პასტა, დილით მეორემ გამოძიება დაიწყო, ვინ გაბედა და მოგვცა პასტა და ფურცლები!” - ეს ჟურნალისტის და საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრის, ლიკა ბასილაია-შავგულიძის გამოცდილებაა ავჭალის იზოლატორიდან, სადაც მან 5 დღე გაატარა მას შემდეგ, რაც პოლიციამ 23 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ დააკავა, როგორც ხულიგანი, რომელიც პოლიციას არ დაემორჩილა.

ასევე ნახეთ რა „ღირს“ პატიმრობა საქართველოში


შეუძლიათ პატიმრებს წერის უფლების შეზღუდვის გამო სახელმწიფოს უჩივლონ?

საქართველოს ასეთი სამართლებრივი დავის გამოცდილება არ აქვს.

საერთაშორისო სამართალში იძებნება ცალკეული შემთხვევები, როცა პატიმარმა წერის უფლების შეზღუდვის გამო სახელმწიფოს უჩივლეს და მოუგეს კიდეც ამ დავაში.

მაგალითად, 1966 წელს ინდოეთში, სადაც არ არსებობს ერთიანი კანონი, რომელიც ციხეებში ვითარებას არეგულირებს და ყველა ოლქი ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით მართავს პენიტენციურ სისტემას, მაჰარაშტრას შტატში განიხილავდნენ პატიმრის სარჩელს. მას ციხის ადმინისტრაცია ცოლისთვის საკანში დაწერილი წიგნის ტექსტის გაგზავნას უკრძალავდა. ეს შეზღუდვა სასამართლომ გაუმართლებლად მიიჩნია.

1987 წელს კი მუმბაის სასამართლომ პატიმრის სარჩელის საფუძველზე გააუქმა ნორმა, რომელიც პატიმრებს ერთმანეთისთვის წერილების მიწერას უზღუდავდა - ამ დავის პროცესში ეს შეზღუდვა არაკონსტიტუციურად და არალოგიკურად ცნეს.

ზოგადად, პენიტენციურ სისტემას, სხვადასხვა მოტივით, შეუძლია დაადგინოს წერილების მიღების და გაგზავნის სიხშირე პატიმრებისთვის, გახსნას და აკონტროლოს წერილების შინაარსი.

ციხეებში წერა და იქიდან წერილების გამოგზავნა სარისკო საქმე იყო საბჭოთა კავშირშიც - ცენზურა, რომელიც წერილების შინაარსს და ადრესატებს აკონტროლებდა, პრობლემებს უქმნიდა არამარტო პატიმრის, არამედ მის ახლობლებსაც.

ციხეში წერა დღესაც საშიშია ჩინეთში, რომლის საპატიმროებშიც არაერთი რეჟიმის მოწინააღმდეგე მწერალი და პოეტი მოხვედრილა. მაგალითად, ლიაო ივუ, რომელიც 2019 წელს გარდიანისთვის წერდა, რომ ქაღალდი ციხეში, ისეთი სიფრიფანა იყო, სანამ წერას დაიწყებდა წებოს უსვამდა. და ამის შემდეგ ისე წვრილად წერდა, რომ მის გარდა არავის შესძლებოდა მისი ნაწერის წაკითხვა.

ციხეში ის პირველად 1989 წელს ტიანანმენის მოედანზე მომხდარი ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლებზე დაწერილი ორი ლექსის გამო მოხვდა, საპატიმროს დატოვების შემდეგ კი ამბობდა - დარწმუნებული ვარ, საკანში დაწერილი ტექსტების უდიდესი ნაწილი უშიშროების სამსახურის საარქივო კარადებშია შენახულიო. მან თავისი ნაწერების ციხიდან „სამშვიდობოზე“ გატანა გამოცდილი პატიმრებისა და დისიდენტების დახმარებით შეძლო.

“ციხეში წერა უმეტესად დავიწყების შიშით არის მოტივირებული”, - აღნიშნავს ის გარდიანისთვის დაწერილ ვრცელ წერილში 2024 წელს.

წერის და წერილების გაგზავნა-მიღების უფლებები სამართალში განიხილება, როგორც სიცოცხლის უფლების ნაწილად. თანამედროვე სამყაროში, პატიმრების წერილები ავტორიტარულ სისტემებში ერთ-ერთი პოპულარული საკვლევი თემაა.

საქართველოში სწორედ პოლიტიკურ პატიმრებად მიჩნეულების წერილებში აღიწერება პენიტენციური და სასამართლო სისტემის სურათი და არსი. ეს წერილები პოლიტიკოსებისთვის პოლიტიკური გზავნილების გავრცელების პლატფორმაა, აქტივისტები ჰყვებიან იმ პრობლემებზე, რომლებსაც თავისუფლება წართმეული ადამიანები აწყდებიან. პატიმრები ხატავენ საკნებს, აღწერენ პირობებს, ჰყვებიან, როგორ იქცევიან და რას ლაპარაკობენ ბადრაგები თუ სასამართლოს მანდატურები, რა ხდება იმ დღეს, როცა ციხიდან პროცესზე მიდიან.

ასევე ნახეთ „ვიხრჩობით ამ კოლოფებში“ - ზაფხული ციხის საკანში

ამავე ტექსტებში აღწერილია ანტისანიტარიის შემთხვევები ქალთა კოლონიაში, ჩანს, რა სამედიცინო დახმარებას იღებენ პატიმრები, ირღვევა თუ არა განაწესი, რამდენი დრო აქვთ სუფთა ჰაერზე გასატარებლად, რა ჩანს მათი საკნების სარკმლებიდან, რა დევს მათი წიგნების თაროზე და რის წაკითხვას ისურვებდნენ მომავალში.

მაგალითად, ამ წერილებიდან წლევანდელ ცხელ ზაფხულში გაირკვა, რომ საკნები გაუსაძლისად ჩაიხუთა, ციხის მაღაზიაში კი ვენტილატორებს ვერ ყიდულობდნენ, მარაგი აღარ იყო.

მათთვის, ვისაც სასამართლომ უკვე მიუსაჯა პატიმრობაა, სწორედ წერა რჩება გარე სამყაროსთან, ჟურნალისტებთან, უფლებადამცველებთან, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან ლაპარაკის მთავარ საშუალებად.

საქართველოში პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვით არადისციპლინირებული პატიმრების დასჯის ერთ-ერთი ხერხია. ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ მას თითქმის არასდროს იყენებს ციხის ადმინისტრაცია. დასჯის ხერხები სხვანაირია - საყვედური, გაფრთხილება, სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვისა და სამარტოო საკანში გადაყვანა. თუმცა მხოლოდ ბოლო ერთ თვეში, წერილების გაგზავნა და მიღება შეუზღუდეს არაერთ პოლიტიკოსს. მათ შორის ლევან ხაბეიშვილს, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას - ყველა მათგანს „4 ოქტომბრის საქმესთან“ დაკავშირებით აქვს ბრალი წაყენებული.

ასევე ნახეთ პაატა ბურჭულაძეს და "4 ოქტომბრის" ორგანიზატორებს აეკრძალათ პაემნები, წერილები და ციხიდან ზარები

* ციხის მაშინდელი დირექტორი, რომელსაც ზვიადი ახსენებს, დავით გოგობერიშვილია, გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილი ხელმძღვანელი, რომელმაც სამსახური 2025 წლის აგვისტოს ბოლოს დატოვა. ის 8 ოქტომბერს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან, ავტოფარეხში იპოვეს გარდაცვლილი.