დააკავეს კიდევ ერთი არქიეპისკოპოსი - სომხეთის საპატრიარქოში სპეცოპერაცია შეწყდა, დაძაბულობა გრძელდება

სომხეთის სუსმა და პოლიციამ საპატრიარქოს ტერიტორიაზე სპეცოპერაცია 27 ივნისს, დილით დაიწყო.

სულ უფრო მწვავდება დაპირისპირება სომხეთის ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის. არაერთ სასულიერო პირს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ედება ბრალი.

27 ივნისს, სუსი და პოლიცია სპეცოპერაციას ქალაქ ეჯმიაწინში, საპატრიარქოს ტერიტორიაზე ატარებდა. გაირკვა, რომ იქ თავს აფარებდა არქიეპისკოპოსი მიქაელ აჯაპაჰიანი, რომლის წინააღმდეგაც ასევე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული - ძალაუფლების ხელში ჩაგდებისკენ საჯარო მოწოდებების მუხლით. მანამდე, მისი - შირაკის ეპარქია [გიუმრიში] გაჩხრიკეს.

დღესვე, გვიან საღამოს გაირკვა, რომ არქიეპისკოპოსი დააკავეს.

მანამდე, ის რამდენიმე საათის განმავლობაში - საგამოძიებო უწყებაში იმყოფებოდა. ბოლო ინფორმაციით, არქიეპისკოპოსი იქ თავად მივიდა; მას შემდეგ, რაც საპატრიარქოს ტერიტორიაზე, ხალხის წინააღმდეგობის გამო, ის ვერ დააკავეს.

არქიეპისკოპოსი მიქაელ აჯაპაჰიანი

„მე არ ვიმალები. ისინი ჩემთან მოვიდნენ და მე გავყვები. უფრო ხმამაღლა ვიტყვი, რომ რაც ხდება, უკანონოა. მე არ ვქმნი საფრთხეს ამ ქვეყნისთვის. მთავარი საფრთხე - ხელისუფლებაა", - ბრალდებული სასულიერო პირის, მიქაელ აჯაპაჰიანის სიტყვებს News.am ციტირებს.

სპეცოპერაციისას მრევლი სამართალდამცველებს ფიზიკურად დაუპირისპირდა.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახური იტყობინება, რომ დილიდან საკათედრო ტაძრის ზარები უწყვეტად რეკავდა. ერთ-ერთმა სასულიერო პირმა ჟურნალისტს უთხრა, რომ - ამით შველას ითხოვენ.

საპატრიარქო აცხადებს, რომ ფაშინიანის ხელისუფლებამ “ეკლესიის დანგრევა” განიზრახა და რომ სამწყსომ უნდა დაიცვას სიწმინდეები.

მრევლს დასახმარებლად სასულიერო პირებმა უხმეს - 27 ივნისი, ეჯმიაწინი.

ოფიციალური განმარტებებით - სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია იმის გამო შეწყვიტეს, რომ იგეგმებოდა პროვოკაციები.

სომხეთში დაკავებულია ოცამდე ადამიანი, მათ შორის - სასულიერო პირები.

სომხეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანაში ტერორიზმისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მასშტაბური მცდელობა აღკვეთა.

“გამოაშკარავდა, თუ ვინ იწვევს შეტაკებებს საპატრიარქოში. როდესაც დაინახეს, რომ სამართალდამცველები არ რეაგირებდნენ პროვოკაციებზე, ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. შეტაკება არ იქნება. სომხეთის წმინდა სამოციქულო ეკლესიის მორწმუნე მრევლი ქრისტიანულად გაათავისუფლებს თავის წმინდა საკურთხეველს, საპატრიარქოს”, - დაწერა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ფეისბუკზე 27 ივნისს, მას შემდეგ რაც სპეცოპერაცია შეწყდა.

პარალელურად, 27 ივნისს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე - სამართალდამცველებისთვის ხელის შეშლის გამო. შსს-ს ცნობით, დაკავებულია „ადამიანების ჯგუფი“.

საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირება უკვე ერთი თვეა გრძელდება - ამ პერიოდში ნიკოლ ფაშინიანის ფეისბუკპოსტების დიდი ნაწილი [ათობით პოსტი] სწორედ საპატრიარქოსა და სასულიერო პირების წინააღმდეგ არის მიმართული. ის პატრიარქსა და მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს სიბილწესა და უქორწინობის აღთქმის დარღვევაში სდებს ბრალს.


რა ჰბრალდებათ სასულიერო და საერო პირებს?

საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ტერორისტული აქტების მომზადებისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობის საქმეზე [26 ივნისის მდგომარეობით] - ბრალი წაუყენეს 16 ადამიანს, აქედან დაკავებულია - 14. ამ სტატისტიკაში არ შედის არქიეპისკოპოსი აჯაპაჰიანი.

  • 25 ივნისს სომხეთში დააკავეს არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი და მისი პოლიტიკური მოკავშირეები - 14 ადამიანი.
  • საგამოძიებო კომიტეტის მასალების თანახმად, ეს ჯგუფი გეგმავდა „სამოქალაქო პირების“ მკვლელობას და ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის პარალიზებას.


2024 წელს, გალსტანიანი სომხეთში მასშტაბურ პროტესტს ედგა სათავეში, რომელსაც ოპოზიციური პარტიებიც უერთდებოდნენ. თუმცა ეს პროცესი უშედეგოდ დასრულდა.

ფაშინიანსა და ეკლესიას შორის დაპირისპირების პარალელურად, არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი საჯარო გამოსვლებისას ამბობდა, რომ ხელისუფლებას განზრახული აქვს გადააგვაროს სომხეთი, დანერგოს ოჯახის ახალი მოდელი და გაამრავლოს ლგბტ ადამიანები. ამბობდა, ინფორმაციას ამის შესახებ “გეოპოლიტიკური ძალაუფლების ცენტრები” მაწვდიანო.

ივნისის დასაწყისში, სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი რუბენ რუბინიანი უკვე მიანიშნებდა, რომ არქიეპისკოპოსის რიტორიკაში - ხედავდნენ მისი, როგორც გარე ძალის “გავლენის აგენტის” მიზანს - დაამხოს ხელისუფლება.

ასევე ნახეთ ფაშინიანმა გუნდის წევრებს უთხრა, რომ ეკლესია რუსეთისგან იღებს ბრძანებებს - სომხური მედია

„ბოროტო, ყურადღებით მომისმინე, შენ დაგრჩა ძალიან ცოტა დრო. დაიცადე კიდევ ცოტა და ჩვენ მოვალთ“, - რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, ასე დაემუქრა გალსტანიანი ფაშინიანს, დაკავების დროს.

მანამდე, სასულიერო პირის სახლში ჩატარდა ჩხრეკაც. ადვოკატმა, სერგეი არუტიუნიანმა განაცხადა, რომ პოლიციამ ვერ აღმოაჩინა იარაღი ან სხვა მტკიცებულებები.

პოლიცია საპირისპიროს ამტკიცებს.

ოფიციალური ცნობით, 90 მისამართზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია „საგნები და დოკუმენტები“, რომლებიც გადატრიალების გეგმას ადასტურებს. გამოქვეყნდა იარაღისა და საბრძოლო მასალების ფოტოები. გალსტანიანის გარემოცვის წევრებმა კი თქვეს, რომ იარაღს კანონიერად ფლობენ.

  • მანამდე, 18 ივნისს, სომხეთში დააკავეს მილიარდერი ბიზნესმენი სამველ კარაპეტიანი, ეკლესიასთან დაახლოებული პირი, მოსკოვთან კავშირებით - რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა.
  • კარაპეტიანს ხელისუფლების დამხობის მოწოდებად ჩაუთვალეს მედიაში გაკეთებული კომენტარი - „ყოველთვის სომხური ეკლესიისა და სომეხი ხალხის გვერდით ვიყავი. თუ პოლიტიკოსები ამ შეტევას ვერ აღკვეთენ, ჩვენ ჩვენებურად ჩავერევით“.


როგორ გაღვივდა კონფლიქტი?

სომხეთის ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის კონფლიქტი ერთი შეხედვით უწყინარი მიზეზით დაიწყო. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ ეკლესიები საკუჭნაოდ არის ქცეული და სადაც მივიდა, ეკლესიები უსარგებლო ნივთებით, ნაგვით იყო სავსე, რასაც საპასუხო კრიტიკის ტალღა მოჰყვა.

ამის შემდეგ, ფაშინიანი ყოველდღე აქვეყნებდა ფეისბუკპოსტებს - რომლებშიც სასულიერო პირებს სიბილწესა და უქორწინობის აღთქმის დარღვევაში სდებდა ბრალს. რიტორიკული შეკითხვებითა და მინიშნებებით, ის დაჟინებით ითხოვდა პასუხს შეკითხვაზე - ჰყავს თუ არა პატრიარქ გარეგინ II-ს შვილი.

დაპირისპირება ბოლოს იქამდე მივიდა, რომ - ფაშინიანმა გარეგინ II და მისი სპიკერი საჯარო განცხადებით მიიწვია იმის დასამტკიცებლად, რომ წინდაცვეთა არა აქვს გაკეთებული. მანვე განაცხადა, რომ ასეთი ეჭვი გარეგინ II-ის სპიკერმა გამოთქვა.

ეკლესიასთან დაპირისპირების პროცესში ჩართული იყო ფაშინიანის მეუღლე, სომხეთის პირველი ლედი - ანნა ჰაკობიანიც. მან სასულიერო პირებს პედოფილები და "მაფიოზები" ეძახა.

ბოლო კვირებში განვითარებულ პროცესებს სომხეთში მომავალ წელს დაგეგმილ არჩევნებს უკავშირებენ.

სომხეთის ეკლესიას გულშემატკივრობენ მოსკოვიდან. რუსეთში აცხადებენ, რომ ფაშინიანისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ავტორიტეტული ეკლესიის დამორჩილება.

ასევე ნახეთ უბიწობის აღთქმა და ხელისუფლების დამხობა - მთავრობისა და ეკლესიის მტრობის ამბავი სომხეთში

​ნიკოლ ფაშინიანი არ მალავს, რომ პატრიარქის გადაყენება სურს. რამდენიმე დღის წინ მან საზოგადოებას შესთავაზა საკოორდინაციო საბჭოს შექმნა - რათა მომზადდეს პატრიარქის ახალი არჩევნები.

ბოლო პერიოდში კათოლიკოს-პატრიარქს ფაშინიანი საერო სახელით მოიხსენებს და გარეგინ II-ს მაგივრად კტრიჩ ნერსისიანს ამბობს.

"რა უფლება აქვს ჯგუფს, რომელმაც დაარღვია უქორწინობის აღთქმა და უღალატა იესო ქრისტეს, ილაპარაკოს სამართლიანობასა და სანდოობაზე? ამ ჯგუფს არა აქვს უფლება ილაპარაკოს დედაეკლესიის სახელით. კტრიჩმა, დედაეკლესიის შეურაცხყოფის გამო ტახტი უნდა დატოვოს. თუ ის თავისი ნებით არ წავა, მას ქრისტიანული წესით გაუშვებს სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის მორწმუნე სამწყსო", - დაწერა ფაშინიანმა ფეისბუკზე, 26 ივნისს.