Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უბიწობის აღთქმა და ხელისუფლების დამხობა - მთავრობისა და ეკლესიის მტრობის ამბავი სომხეთში


სომხეთის პატრიარქის, გარეგინ II-ის შეცვლა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს თავიდანვე სურდა. ფოტოზე: შეხვედრა 2018 წლის ნოემბერში, როცა ფაშინიანი ხელისუფლებაში მოვიდა.
სომხეთის პატრიარქის, გარეგინ II-ის შეცვლა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს თავიდანვე სურდა. ფოტოზე: შეხვედრა 2018 წლის ნოემბერში, როცა ფაშინიანი ხელისუფლებაში მოვიდა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დაჟინებით ითხოვს პასუხს, არღვევენ თუ არა უქორწინებლობისა და უბიწობის აღთქმას სასულიერო პირები და მათ შორის - სომხეთის პატრიარქი? ჰყავს თუ არა შვილი გარეგინ II-ს? თქვენი საქმე არ არისო - პასუხობს პრემიერს საეკლესიო კრება და იქით ედავება.  

თანამდებობისთვის შეუფერებელი ლექსიკის გამო პრემიერის წინააღმდეგ განცხადება ანტიკორუფციულ კომისიაშიც შევიდა.

დაპირისპირება 29 მაისს დაიწყო, როცა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ეკლესიები უსარგებლო ნივთების საკუჭნაოს შეადარა - ტაძრებში სანთლის დანთება მინდოდა და იქ ნაგავი დამხვდაო, არადა, ეკლესიები სახელმწიფოს საკუთრებააო. ფაშინიანმა მალევე მიიღო საპასუხო კრიტიკის ტალღა.

მას შემდეგ დღე არ გავა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სასულიერო პირებს სოციალურ ქსელებში პოსტი არ მიუძღვნას. თანდათან ქიშპობაც მწვავდება და მასში ჩართულთა წრეც. ამ ტალღაზე სიძულვილისა და შეურაცხყოფის კამპანია დაიწყო ფაშინიანის მეუღლის, ანნა ჰაკობიანის წინააღმდეგ, სომხეთის პირველმა ლედიმ კი სასულიერო პირებს პედოფილები და "მაფიოზები" ეძახა.

სომხეთის ხელისუფლებას დაპირისპირება აქვს არქიეპისკოპოსებთანაც, რომელთაგან ერთი პოლიტიკაშია ჩართული და 2024 წლის ხმაურიანი საპროტესტო აქციების ორგანიზატორიც იყო; ახლა რუსული ყაიდის შეთქმულების თეორიებს ავრცელებს.

ფაშინიანისა და გარეგინ II-ის დაპირისპირება ახალი ამბავი არ არის. პატრიარქი პირდაპირ ითხოვდა პრემიერის გადადგომას 2020 წელს, ყარაბაღის ომში მარცხის შემდეგ, ვიდრე სომხეთში ვადამდელი არჩევნები ჩატარდებოდა და ფაშინიანსაც ხელმეორედ აირჩევდნენ პრემიერ-მინისტრად.

უნდა დატოვოთ ჩვენი სულის სახლი

„...სომხეთის სამოციქულო ეკლესია ჩვენი სულის სახლია და თქვენ ბილწავთ ამ სახლს, უქორწინებლობის აღთქმის დარღვევით და არა მხოლოდ ამით. სასულიერო პირები, რომლებიც არღვევენ უქორწინებლობის აღთქმას, ვეღარ შეძლებენ მღვდელმსახურების გაგრძელებას. მათ უნდა დატოვონ ჩვენი სულის სახლი“, - ესაა ციტატა ნიკოლ ფაშინიანის 4 ივნისის ფეისბუკპოსტიდან, რომელშიც ის საკუთარი რწმენის სიმტკიცესა და ეკლესიის მიმართ პატივისცემასაც უსვამს ხაზს.

ამ პოსტში პრემიერი ციტირებს არქიეპისკოპოს მიქაელ აჯაპახიანსაც, რომ უქორწინებლობის აღთქმის საკითხი მთავრობის საქმე არ არის და თავადვე პასუხობს:

“ეს [სასულიერო პირის განცხადება - რ.თ.] აშკარას ხდის, რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირების ნაწილს არ ესმის, რომ სომხეთის სამოციქულო ეკლესია ხალხის ეკლესიაა, თითოეული ჩვენგანის ეკლესიაა, ხალხის სიწმინდეა, თითოეული ჩვენგანის სიწმინდეა“.

არქიეპისკოპოსი მიქაელ აჯაპახიანი სომხეთის ევროინტეგრაციის ხისტი მოწინააღმდეგეა, ინტერვიუებში აღნიშნავს, რომ თანამედროვე ევროპამ დაკარგა ტრადიციული ფასეულობები, კულტურული იდენტობა. ევროკავშირი გაწევრიანების სანაცვლოდ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას ითხოვს და რომ საქართველო, თითქოს, სწორედ ამ პირობის შეუსრულებლობის გამო არ მიიღეს ევროკავშირში. ასეთი მოთხოვნა წამოყენებული არ ყოფილა.

ბოლო ერთი კვირის მანძილზე, ნიკოლ ფაშინიანმა ამ თემას 20-მდე პოსტი მიუძღვნა. მათ შორის არის ნაწყვეტები ფსალმუნებიდან, ანეკდოტი, სარკასტული გამონათქვამები.

5 ივნისს, დილიდან, ამ თემაზე პრემიერმა უკვე ორი პოსტის გამოქვეყნება მოასწრო - ერთი ისევ ფრაგმენტია ფსალმუნიდან, ხოლო მეორეში ის მიუთითებს პატრიარქის მიერ მხოლოდ სიმართლის თქმის აუცილებლობაზე და წერს, რომ ისევ ელოდება პასუხს შეკითხვაზე, ჰყავს თუ არა გარეგინ II-ს შვილი.

"ჩვენ გვაქვს უფლება, მოვისმინოთ მისგან სიმართლე", - წერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ფეისბუკპოსტში.

მინიშნებები ვარაუდზე, რომ პატრიარქს შვილი უნდა ჰყავდეს, არაერთ პოსტში გვხვდება და არის სხვა აქცენტებიც:

  • "თუ აღმოჩნდება, რომ გარეგინ II-მ მართლაც დაარღვია უქორწინებლობის აღთქმა და შვილი ჰყავს, ის ვერ იქნება ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი… შეუძლებელია პატრიარქ-კათოლიკოსს ჰქონდეს ასეთი პირადი ცხოვრება”.
  • „ყველა მღვდელმსახურმა, რომლებიც არღვევენ უბიწოების აღთქმას, უნდა დატოვოს ღვთისმსახურება. სხვა ვარიანტი არ არსებობს“.
  • „ვიღაცის პირადი ცხოვრება არავის ეხება. მაგრამ ხალხს აქვს უფლება საეკლესიო-ზნეობრივ ფასეულობებზე“.
  • "სომხეთის რესპუბლიკას გადამწყვეტი ხმა უნდა ჰქონდეს ყოველთა სომეხთა კათალიკოსის არჩევნებში… უნდა შემოწმდეს კანდიდატების წარსული დამსახურება".


თავად ფაშინიანის გარდა, ოპონენტების სამიზნე გახდა მისი მეუღლე ანნა ჰაკობიანი. წერდნენ, რომ ეკლესიაში უხერხული, მოშიშვლებული სამოსით შედის და ბილწავს იქაურობას.

ასევე წყვილს გაახსენეს, რომ ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებიან. ფაშინიანმა ეს პრეტენზია სასულიერო პირებს შეუბრუნა და გაიკვირვა, თქვენი ამბავი რატომ არ გაშფოთებთო.

პირველი ლედი დაუპირისპირდა ჟურნალისტსაც, რომელიც მის პოსტებს მწვავედ აკრიტიკებდა. მან ფეისბუკზე დაწერა, რომ ეს ჟურნალისტი სექსუალურ მომსახურებას სთავაზობდა სომხეთის ყოფილ უმაღლეს თანამდებობის პირსა და სასულიერო პირებს.

ხელისუფლებამ პირადი ცხოვრების დეტალები იცის? - უფლებადამცველების შიშები

"თუკი ვიღაცას ვიღაცასთან სძინავს, მართალიც რომ იყოს, ამ ამბავში რა ესაქმება სახელმწიფოს, რა ესაქმება ფაშინიანს? რატომ გამოიტანა ეს თემა წინა პლანზე?" - ეუბნება არასამთავრობო ორგანიზაცია "ინფორმირებული მოქალაქეების კავშირის" თავმჯდომარე დანიელ იოანისიანი რადიო თავისუფლებას.

მას ასევე ცუდ მოლოდინს უჩენს მმართველი პარტიის ფრაქციის მდივნის, არტურ ოვანისიანის მუქარა, რომ ყველა მკრეხელს პიროვნულად ამხელენ. უფლებადამცველი ხედავს საგანგაშო სიგნალებს, რომ შესაძლოა, გროვდება და ინახება ფაქტები ადამიანების პირადი ცხოვრებიდან, რაც სომხეთში სისხლის სამართლის კოდექსით იკრძალება.

რაც შეეხება კათოლიკოს-პატრიარქის არჩევაში სახელმწიფოს მონაწილეობას, სომეხი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს შეუძლებელია.

სახელმწიფო და ეკლესია სომხეთში გამიჯნულები არიან კონსტიტუციით. რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის თანახმად, ამის შესახებ თავად ნიკოლ ფაშინიანსაც აქვს ნათქვამი. როდესაც 2018 წელს მას ჰკითხეს ინიციატივაზე "ახალი სომხეთი, ახალი პატრიარქი", უპასუხა, რომ ეს მისი არაოფიციალური პოზიციაა, რადგან ეკლესია და სახელმწიფო გაყოფილები არიან და ასეც უნდა დარჩეს.

„ამინ! ღმერთო დალოცე ჩვენი ერი და მთავრობა, მიეცი სიბრძნე და ფხიზელი გონება, რათა მათ შეძლონ შიდა და გარე მტრების დამარცხება“, „მადლობა ღმერთს, რომ შენ ჩვენი ქვეყნის ლიდერი ხარ!“ - ბევრია ასეთი რეპლიკა ფაშინიანის პოსტებზე დატოვებულ ათასობით კომენტარს შორის. თუმცა ზოგიერთები თვლიან, რომ პრემიერ-მინისტრი ომში მარცხის, დაკარგული ტერიტორიების საკითხის გადაფარვასა და ეკონომიკური პრობლემებისგან ხალხის ყურადღების გადატანას ცდილობს.

ფაშინიანს უჩივლეს

„ის [ფაშინიანი] ცდილობს მთავარი საკითხებიდან ჩვენი ყურადღება გადაიტანოს, დაასუსტოს იმ სტრუქტურის [ეკლესია] მდგომარეობა და ავტორიტეტი საზოგადოებაში, რომელსაც შეუძლია მას შეუშალოს ხელი“, - აღნიშნავს ადვოკატთა აკადემიის რექტორი, ადვოკატი არა ზოგრაბიანი, რომელმაც, რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ინფორმაციით, საჩივარი შეიტანა ანტიკორუფციულ კომისიაში და განაცხადს ფაშინიანის 11 ფეისბუკპოსტიც დაურთო.

ადვოკატი თვლის, რომ ქვეყნის პირველმა პირმა თავისი საქციელითა და ლექსიკით დაარღვია კანონი „სახელმწიფო სამსახურის შესახებ“ და ასევე დაარღვია ქცევის კოდექსის მოთხოვნები; მათ შორის ვალდებულება, ილაპარაკოს „ლიტერატურული სომხურით და არა სლენგით და არანორმატიული ლექსიკით“.

კომისიის დასკვნა, როგორიც უნდა იყოს ის, ფაშინიანის უფლებამოსილებებს პრობლემებს ვერ შეუქმნის.

ეკლესიის პასუხი და სხვა ბრალდებები

2 ივნისს ეჯმიაწინში, მთავარ საკათედრო ტაძარში, დიდი სასულიერო კრება შეიკრიბა, რომლის განსახილველ საკითხებს შორის იყო ურთიერთობები ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის და პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებული ბოლო პროცესები. ფაშინიანის განცხადებებს “სამარცხვინო” უწოდეს.

„სომხეთის პრემიერ-მინისტრმა დაიწყო მორიგი კამპანია სომხეთის სამოციქულო წმინდა ეკლესიის წინააღმდეგ; გამოიყენა სახელმწიფო მოღვაწისთვის შეუფერებელი ლექსიკა - გაჯერებული შეურაცხყოფითა და ბრალდებებით; საკუთარი პერსონა კანონზე მაღლა დააყენა“, - წერია ეკლესიის ოფიციალურ განცხადებაში და იქვე მითითებულია, რომ ფაშინიანის განცხადებები „უხეშად არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, შეურაცხყოფს მორწმუნეთა რელიგიურ გრძნობებს“.

ტექსტში წერია:

  • ეკლესიის მიმართ „მტრული პოზიცია ნაკარნახებია პოლიტიკური მიზნებით“ და „ავტორიტეტის შერყევას“ ემსახურება;
  • [ფაშინიანის] პოლიტიკური მიზანია, „შესუსტდეს ეკლესიის გავლენა საზოგადოებრივ ცხოვრებაზე“;
  • ეკლესია და სასულიერო პირები „დამსახურებულად სარგებლობენ ხალხისა და საერთაშორისო თანამეგობრობის პატივისცემით“;
  • ეროვნულ ფასეულობებთან და ეკლესიასთან დაპირისპირება გამოიწვევს „დამანგრეველ შედეგებს“ და „წარმოადგენს საფრთხეს სომხეთის სახელმწიფოებრიობისთვის, ჩვენი ხალხის ერთობისა და მთლიანობისთვის - სამშობლოში და დიასპორაში“;


განცხადებაში ნათქვამია, რომ ფაშინიანის კამპანია „ემსახურება არმენოფობიაზე დაფუძნებული გარე ძალების მისწრაფებებს და აშკარად ემთხვევა ცილისწამებასა და ცრუ ბრალდებებს, რომლებსაც სომეხი ხალხისა და ეკლესიის წინააღმდეგ აზერბაიჯანის პროპაგანდისტული მანქანა ავრცელებს“.

განცხადებაში არ არის კონკრეტული პასუხი ან უარყოფა ფაშინიანის მიერ ჩამოყალიბებულ ბრალდებებზე. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი ჩაძიებას განაგრძობს.

"წმინდა ეჯმიაწინის მთავარმა საკათედრო ტაძარმა მკაფიოდ უნდა უპასუხოს შეკითხვას - დაარღვია თუ არა გარეგინ II-მ უქორწინებლობის აღთქმა და ჰყავს თუ არა მას შვილი? ეს საკითხი უნდა განიმარტოს დაუყოვნებლივ", - გაიმეორა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა 3 ივნისს სოციალურ ქსელში, სასულიერო კრების განცხადების გამოქვეყნების შემდეგ.

სასულიერო პირებმა კი კვლავ მოუწოდეს სახელმწიფო ორგანოებს, შეწყვეტილ იქნას ფაშინიანის „უკანონო და არაშორსმჭვრეტელური პოლიტიკა“. მითითებულია მხოლოდ, რომ ეკლესიასთან დაკავშირებული საკითხები ეკლესიის წესებით განიხილება და „არ შედის სახელმწიფო თუ პოლიტიკურ მოღვაწეთა კომპეტენციაში“.

ეკლესია თავადაც ერევა სახელმწიფოს საქმეებში?

  • მაგალითად, 2020 წელს გარეგინ II პირდაპირ მოუწოდებდა პრემიერ-მინისტრს, გადამდგარიყო - მთიან ყარაბაღში მარცხის გამო, როდესაც რეგიონზე კონტროლი აზერბაიჯანმა დაამყარა.
  • პარალელურად, სომხეთის პატრიარქი გულითად მადლობებს უხდიდა ვლადიმირ პუტინს - ყარაბაღში სამხედროების ჩაყენებისა და სომხური ეკლესიების გადარჩენის გამო.


“ჩვენს ხალხს არასოდეს დაავიწყდება რუსეთის მნიშვნელოვანი როლი სისხლისღვრის შეწყვეტაში და არცახის [მთიანი ყარაბაღის სომხური სახელწოდება] მიწაზე და აღავლენს ლოცვას სომხურ-რუსული მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის ურყეობისთვის”, - ეწერა ეჯმიაწინიდან კრემლში გაგზავნილ წერილში.

2017 წელს, მოსკოვში ვიზიტისას, პატრიარქი მოუწოდებდა რუსეთში მცხოვრებ სომხებს, გაეკეთებინათ ყველაფერი რუსეთისა და სომხეთის ურთიერთობების განსამტკიცებლად და ამ მიზნით შეხვდა ასევე სომხეთის ელჩს რუსეთში, ვარდან ტოგანიანს.

ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან 2021 წლის 25 აპრილს გადადგა; 2021 წლის 20 ივნისს - ვადამდელ არჩევნებში - ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო შეთანხმებამ“ დამაჯერებლად გაიმარჯვა [თითქმის 54%] და საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა. 2021 წლის აგვისტოში, ახალი მოწვევის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად კვლავ ნიკოლ ფაშინიანი აირჩია.

სომხეთის ხელისუფლების სასულიერო პირებთან დაპირისპირებას თვალს ადევნებს რუსეთის სახელისუფლებო მედია. კრემლისტური მედია აღნიშნავს, რომ ფაშინიანისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ეკლესიის დამორჩილება 2026 წლის არჩევნების წინ, რადგან ეკლესია სომხეთში ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტია. „ვედომოსტი“ წერს, რომ „2024 და 2025 წლის გამოკითხვებით, სომხეთის სამოციქულო ეკლესიის რეიტინგი 80% იყო, ხოლო მთავრობისა - 30%“.

2024 წლის პროტესტი, რომელსაც სათავეში მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ედგა

მღელვარება მაშინ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სასაზღვრო შეთანხმებას მოჰყვა [აზერბაიჯანმა დაიბრუნა სომხეთის ტავუშის რაიონთან მოსაზღვრე ოთხი სოფელი].

იმ პერიოდში, პროტესტის ლიდერი არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი [მოძრაობა “სამშობლოს სახელით”] იყო. ოპოზიციის ნაწილმა ის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატადაც დაასახელა. სასულიერო პირმა ხალხმრავალი აქციების ორგანიზებაც შეძლო, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. იმ პერიოდში, ანალიტიკოსების ნაწილი აქციების ორგანიზატორთა პრორუსულ კავშირებზე ლაპარაკობდა.

ამ ბოლო დაპირისპირების ფონზე, გალსტანიანი კრემლისთვის დამახასიათებელი მესიჯებით გააქტიურდა. როგორც იტყობინებიან, გავრცელებული შეთქმულების თეორიების წყაროდ - ის “გეოპოლიტიკური ძალაუფლების ცენტრებს” ასახელებს.

“მათ [სომხეთის ხელისუფლებას] სურთ თქვენი ქვეყნის გადაქცევა ტერიტორიად, სადაც კილომეტრებს არ ექნება მნიშვნელობა, სადაც გაამრავლებენ ლგბტ-ს, დაინერგება ოჯახის ახალი მოდელი, სადაც საზღვრები მნიშვნელობას დაკარგავს, ეროვნული ფასეულობი და ასე შემდეგ... ამის შესახებ საერთოდ დაივიწყეთ. იქნება ტრანზიტული დერეფანი, ნარკოტიკების მისაღები ადგილი ანდა ფულის გათეთრების ადგილი...თუკი არ შეცვლით [ხელისუფლებას] თქვენს ქვეყანაში“, - გალსტანიანის სიტყვები პარლამენტის ვიცე-სპიკერს, რუბენ რუბინიანს, მოჰყავს ფეისბუკპოსტში; დასძენს, რომ არ იცის, ეკლესიასთან დაკავშირებული რა საკითხები "არ არის ხელისუფლების საქმე" - მაგრამ ეროვნული უსაფრთხოება სწორედ ხელისუფლების საქმეა.

რუბენ რუბინიანი ამ თემას ორ პოსტს უძღვნის და ავითარებს შემდეგ ლოგიკას: თუკი გარე ძალები სასულიერო პირს ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებენ, ხოლო ეს სასულიერო პირი პოლიტიკაშია ჩართული, მაშინ ის გამოდის გარე ძალის “გავლენის აგენტი”, კონკრეტული პოლიტიკური გეგმით - დაამხოს ხელისუფლება.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ასევე იხსენებს არქიეპისკოპოს მიქაელ აჯაპახიანის ადრინდელ განცხადებას „სამხედრო რევოლუციის“ აუცილებლობაზე. რუბინიანი წერს, ადრე ამას არასერიოზულად ვუყურებდი, მაგრამ ახლა, გალსტანიანის აღიარების შემდეგ, ყველაფერი უნდა გაირკვეს - ხომ არ მიიღო აჯაპახიანმაც მსგავსი დავალება „გარე ძალებისგან". ვიცე-სპიკერს ისიც აინტერესებს, თუ როგორ ახსნის ამას სომხეთის პატრიარქი.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG