მოკლედ
- რა საფრთხეებს ხედავენ იურისტები?
- რა დაპირებას იძლევა ტრეფიკინგის მუხლით მიმდინარე გამოძიების ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი, არმენ მელიქიანი?
- ვის ადანაშაულებს არმენ მელიქიანი?
- ეძებს თუ არა გამოძიება ტრეფიკინგის საქმის კიდევ ერთ მთავარ ფიგურანტს - უკრაინის მოქალაქეს?
- რა დგას მდიდარი ბიზნესის უკან?
48 წლის სომეხმა ბიზნესმენმა, არმენ მელიქიანმა, რეპროდუქციული მედიცინის ახალი სააგენტო - Super Kinder საჯარო რეესტრში ოფიციალურად 4 სექტემბერს დაარეგისტრირა. ახალი ოფისის პრეზენტაცია ოქტომბრის დასაწყისში იგეგმება.
რეპროდუქციული მედიცინის ახალი სააგენტოს, Super Kinder-ის ოფისი
გამოძიებამ რომელიც უკვე ექვსი თვეა გრძელდება, კომპანია Kinderly-ს მიერ დაზარალებული ათობით სუროგატი ქალი გამოკითხა.
დახურულ ჰოსტელში იძულებით შესახლებული სუროგატი დედების საქმეზე, რომლებიც თვეების განმავლობაში უშედეგოდ ელოდნენ კუთვნილ ჰონორარებს, შსს-მ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ შესახებ რადიო თავისუფლებამ გაზაფხულზე ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.
საქართველოში დასაქმებული უცხოელი სუროგატი ქალების საქმეზე გამოძიება სსკ-ის 143-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ადამიანით ვაჭრობას წინასწარი შეცნობით, წარმოადგენს ექსპლუატაციას და ისჯება ხუთ წლამდე პატიმრობით.
არმენ მელიქიანს, კომპანია Kinderly-ს გენერალურ დირექტორს, ამ ეტაპზე, მოწმის სტატუსი აქვს. ტრეფიკინგის საქმეზე ის, ჯერჯერობით, მხოლოდ ამ სტატუსით იკითხება.
ექვსი თვის თავზე, გამოძიება ჯერ კიდევ სწავლობს კომპანია Kinderly-ს საფინანსო დოკუმენტაციას, თანამშრომლების პირად ტელეფონებსა თუ სხვა ელექტრონულ მოწყობილობებში შენახულ მიმოწერებს, ისმენს დაზარალებულების ჩვენებებს, თუმცა, ამ დრომდე გენერალურმა პროკურატურამ ტრეფიკინგის მუხლით დაწყებულ საქმეში ბრალდებულის ან ბრალდებულების გამოვლენა, ვერ მოახერხა.
„არსებობს საფრთხე, რომ კვლავ იმავე სქემით იმოქმედებენ“
მართალია კანონმდებლობით, არმენ მელიქიანს, რომელიც ტრეფიკინგის საქმეში ახლა მხოლოდ მოწმის სტატუსით ფიგურირებს, ახალი კომპანიების დაფუძნების უფლება აქვს, დაზარალებული სუროგატი ქალების ადვოკატი, ორგანიზაცია "საფარის" იურისტი, ნინო ანდრიაშვილი, ამაში პრობლემას ხედავს:
ნინო ანდრიაშვილი, ადვოკატი
„არსებობს საფრთხე, რომ ის ადამიანები, რომლებმაც დააზარალეს ათობით ქალი, დატოვეს ისინი ანაზღაურების გარეშე, რთულ საცხოვრებელ პირობებში, კვლავ იმავე სქემით იმოქმედებენ და ბიოლოგიური მშობლებისგან აღებული თანხები სუროგატ ქალებამდე ვერ მივა.
არსებობს ეჭვები, რომ ეს ადამიანები ისევ გააგრძელებენ ახალი მსხვერპლების, ერთი მხრივ, ბიოლოგიური ოჯახების, მეორე მხრივ, სუროგატი ქალების მახეში გაბმას“, - ეუბნება ნინო ანდრიაშვილი რადიო თავისუფლებას, რომლის თქმითაც, გამოძიებას უკვე აქვს საკმარისი მტკიცებულებების იმისათვის, რომ პროკურატურას ბრალდებულები გამოევლინა და მათთვის ბრალი ოფიციალურად წაეყენებინა:
„როგორც ჩანს, პროკურატურას უჭირს, ამ ეტაპზე, გადაწყვეტილების მიღება და არ ვიცი, ამის მიზეზი რა არის. ჩემი, არა როგორც ადვოკატის, არამედ როგორც იურისტის გადმოსახედიდან, სრულიად საკმარისი მტკიცებულებები არსებობს იმისათვის, რომ კონკრეტულ პირებს წარედგინოთ ბრალი და შეეფარდოთ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა.
გამოძიება ელოდება პროკურორის გადაწყვეტილებას, რაც ამ ეტაპზე, მიღებული არ არის. არსებობს ვარაუდი, რომ ამ ადამიანებს ჰყავთ ვინმე ისეთი, ვინც მათ მფარველობს, რომ ისინი პასუხისგებაში არ მისცენ. რეალური სურათის გათვალისწინებით, იკვეთება დანაშაულებრივი ქმედებები კომპანია Kinderly-ს დამფუძნებლების მხრიდან თავად გამოძიების მიმდინარეობის პროცესშიც კი.
მოწმეებზე განხორციელდა ზეწოლა, რომ მათ დაეტოვებინათ საქართველო და დაბრუნებულიყვნენ სახლებში. იმისათვის, რომ არ მოხდეს მოწმეებზე ზეწოლა, პროკურატურა, როგორც წესი, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს ხოლმე სასამართლოს, ამ შემთხვევაში კი ეს გადაწყვეტილება უკვე თვეებია ვერ მიიღო პროკურატურამ“, - ამბობს ნინო ანდრიაშვილი.
შპს Kinderly Georgia საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა. მფლობელები უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეები, რუსლან ტიმოშენკო და არმენ მელიქიანი, არიან.
კომპანია ამავე სახელწოდებით, „Kinderly“, ფუნქციონირებდა უკრაინასა და ეგვიპტეში და ქალებს სთავაზობდა როგორც სუროგატ დედობას, ისე კვერცხუჯრედების დონორობას. უშვილო წყვილებს კი - სუროგატი დედებისა და დონორების მომსახურებას. დღეს კომპანია Kinderly ყველა ქვეყანაში დახურულია.
იმის შესახებ, რომ კომპანია Kinderly სუროგატ ქალებს, მათ შორის, ძირითადად უცხოელებს, თვეების განმავლობაში აღარ უხდიდა კუთვნილ ხელფასებსა და საბოლოო ჰონორარს და ქალები გართულებული ჯანმრთელობით, მცირეწლოვან შვილებთან ერთად ცდილობდნენ თავის გატანას, რადიო თავისუფლება 2025 წლის თებერვლის დასაწყისიდან წერდა.
ასევე ნახეთ „მეც მეშინია“ - ტაილანდელების მსგავსად ყაზახი სუროგატი დედებიც ჰყვებიან, რომ ისინი საქართველოში მოატყუესმთელი ამ ხნის განმავლობაში, რადიო თავისუფლება ცდილობდა დაკავშირებას კომპანიის დამფუძნებლებთან, როგორც რუსლან ტიმოშენკოსთან, ისე არმენ მელიქიანთან.
რუსლან ტიმოშენკომ 2025 წლის თებერვლის ბოლოს რადიო თავისუფლებას წერილობით უპასუხა და დაადასტურა, რომ კომპანიას ჰქონდა ფინანსური პრობლემები. ის ამბობდა, რომ პარტნიორთან [არმენ მელიქიანთან] ერთგვარი უთანხმოება არსებობდა „ფინანსური რეზერვებისა და ფინანსების არაკვალიფიციურად გადანაწილების გამო“.
ასევე ნახეთ „თავის მართლებას აზრი არ აქვს“ - Kinderly აჩერებს სუროგატი დედების საქართველოში ჩამოყვანასრადიო თავისუფლება თებერვალშიც და მას შემდეგაც, არაერთხელ შეეცადა Kinderly Georgia-ს გენერალურ დირექტორთან, არმენ მელიქიანთან დაკავშირებას, თუმცა უშედეგოდ.
მასთან დალაპარაკება რადიო თავისუფლებამ გამოძიების დაწყებიდან თითქმის ექვსი თვის თავზე, მას შემდეგ მოახერხა, რაც შევიტყვეთ, რომ არმენ მელიქიანმა ახალი რეპროდუქციული სააგენტო დააფუძნა და სუროგაცია-დონაციის ახალი პროგრამა წამოიწყო.
მას 24 სექტემბერს, ახალი სააგენტოს Super Kinder-ის ოფისში შევხვდით.
სააგენტო ოფიციალურად ჯერ არ გახსნილა, ოფისის შესასვლელსა და ოთახებშიც რაიმე ნიშანი იმისა, რომ იქ მალე სუროგაციის ცენტრი უნდა ამუშავდეს, არ ყოფილა.
არმენ მელიქიანმა უარი თქვა აუდიო-ვიდეო ჩაწერაზე და მხოლოდ ამ პირობით დასთანხმდა ჩვენთან საუბარს.
„მე სუფთა ვარ, იმედია, განტევების ვაცად არ მაქცევენ, მჯერა გამოძიების“...
Kinderly-ს აღმასრულებელი დირექტორი, არმენ მელიქიანი ირწმუნება, რომ ფინანსური პრობლემები, რომელიც კომპანია Kinderly-ს შეექმნა და რომლის გამოც ათობით სუროგატი ქალი საბოლოო ჰონორარის გარეშე დარჩა, მის სახელს არ უკავშირდება.
ის ამბობს, რომ კომპანიის ფინანსური მართვა უკრაინელი პარტნიორის, რუსლან ტიმოშენკოს ხელში იყო, ბიოლოგიური მშობლების ჩარიცხული თანხები კი უკრაინის ოფისის ანგარიშზე მიემართებოდა და ამ თანხის განკარგვასა თუ ხარჯვაზე პასუხისმგებელი სწორედ რუსლან ტიმოშენკო იყო:
„ამ კომპანიის ძირითად პაკეტს, 66%-ს, სწორედ მე ვფლობდი. 47 სამუშაო ადგილი შევქმენი. თბილისში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გადასახადის გადამხდელი ვიყავი. ვმუშაობდით ევექსთან, ჟორდანიასთან, ყველა იმ კლინიკასთან, რომლებიც ინ ვიტროს მიმართულებით საქმიანობენ.
2023 წელს ჩვენი სააგენტოს მეშვეობით 420-ზე მეტი ბავშვი დაიბადა. 2024 წელს - 700-ზე მეტი.
2023 წლიდან, მას შემდეგ, რაც რუსლან ტიმოშენკო ცოლთან ერთად გადმოვიდა თბილისში, კომპანიის მართვა ძირითადად რუსლანმა და მისმა მეუღლემ გადაიბარეს. განსაკუთრებით ფინანსური ნაწილი.
რუსლან ტიმოშენკომ თქვენ რამდენიმე თვის წინ გითხრათ, რომ ფინანსური პრობლემები თანხის არაკვალიფიციურმა გადანაწილებამ და პარტნიორთან უთანხმოებამ წარმოქმნა. მე მაქვს კითხვა, ვინ განაგებდა კომპანიაში შემოსულ ფინანსებს? - რუსლან ტიმოშენკო თავის მეუღლესთან ერთად. რა უთანხმოება შეიძლებოდა მას ჰქონოდა ჩემთან, თუკი ისინი განაგებდნენ ფინანსებს?
... და ეს ფინანსები სწორედ კინდერლის უკრაინის ოფისში მიემართებოდა. მე მხოლოდ იმ ფინანსებზე შემიძლია ავიღო პასუხისმგებლობა, რაც კონკრეტულად კინდერლი საქართველოს ოფისში შემოდიოდა. მე ამ თანხით ვიხდიდი გადასახადებს, კლინიკების გადასახადებს და ა.შ.
არიან ბიოლოგიური ოჯახები, რომლებიც ამბობენ, რომ აი, ჩვენ ვაგზავნიდით თანხას კინდერლის ანგარიშზე. სად აგზავნიდნენ? ისინი ამ თანხებს აგზავნიდნენ უკრაინის ოფისის ანგარიშზე. მათთან, მხოლოდ და მხოლოდ, უკრაინის ოფისში მყოფი მენეჯერები ურთიერთობდნენ“, - ამბობს არმენ მელიქიანი და ირწმუნება, რომ მდგომარეობა განსაკუთრებით მას შემდეგ გართულდა, რაც მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და რამდენიმე თვით საქართველოს დატოვებამ მოუწია:
„სწორედ მაშინ დაიწყო ეს სიგიჟე. კომპანიის სრული ფინანსური და არა მხოლოდ ფინანსური მართვა გადაიბარეს რუსლან ტიმოშენკომ და მისმა მეუღლემ. ამ ინფორმაციას ყველა ჩვენი თანამშრომელი დაგიდასტურებთ.
ერთი წერილი, ერთი მიმოწერა მაინც მაჩვენეთ, სადაც ჩემი სახელია ნახსენები, რომ თანხებზე წვდომა მე მქონდა და ამ თანხებს მე განვკარგავდი.
მე ამ კომპანიის გეოპოლიტიკაზე ვზრუნავდი, ვფიქრობდი ახალი ფილიალების გახსნაზე, მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი კლინიკებთან, ფასების პოლიტიკას ვამუშავებდი.
ძალიან ადვილია ახლა ჩემზე ხელების შეწმენდა. რატომ? იმიტომ, რომ მე ხომ ამ კომპანიის გენერალური დირექტორი ვიყავი, ... [ეს ადამიანი] ფიქრობს, რომ ყველაფერი შეიძლება გადააბრალოს გენერალურ დირექტორს“, - ეუბნება არმენ მელიქიანი რადიო თავისუფლებას.
მისი თქმით, ის თანამშრომლობს გამოძიებასთან და იმედი აქვს, რომ გამოძიება მას „განტევების ვაცად არ აქცევს“:
„პროკურატურაში სულელები ხომ არ სხედან. ხომ ხედავენ, ხომ სწავლობენ ფინანსურ დოკუმენტაციას. მე აქ ვარ, არსად წასვლას არ ვაპირებ.
ყველაზე ძლიერი გამომძიებლები აწარმოებენ ჩემს გამოკითხვებს, მე არაფერი მაქვს დასამალი, მე ვარ სუფთა, მე ვარ სამუშაო ადგილების შემქმნელი, მე ვარ გადასახადების კეთილსინდისიერი გადამხდელი“.
არმენ მელიქიანი ამბობს, რომ ახალი სააგენტოს დახმარებით, ის კომპანია Kinderly-ს ფინანსური დავალიანებების (მათ შორის, სუროგატი დედების ჰონორარების) დაფარვას გეგმავს. მისი თქმით, ამ ეტაპისთვის, ეს ვალი დაახლოებით 300-350 ათას ლარს შეადგენს. დავალიანების ნაწილი კი, რომელიც როგორც ის ამბობს, თავდაპირველად, დაახლოებით მილიონი ლარი იყო, უკვე დაფარა:
„ძალიან დიდი თანხა იყო და ვერ ვასწრებ ამ ყველაფრის ერთბაშად დაფარვას. თუმცა, ნაწილი უკვე გადახდილია. მე საკუთარი ჯიბიდან ვიხდი ახლა ამ თანხებს. Kinderly Georgia-ს გახსნამდე, მე სომხეთში ოფიციალური მილიონერი ვიყავი. ბევრი წელია ბიზნეს-საქმიანობით ვარ დაკავებული. საქართველოში შემოვიტანე 670 000 დოლარის ინვესტიცია. ამის ოფიციალური დოკუმენტები არსებობს“, - ამბობს არმენ მელიქიანი.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ 2025 წლის მაისში, სახელმწიფომ მუდმივმოქმედი მექანიზმის საშუალებით გამოავლინა სუროგატი დედების ექსპლუატაციის ფაქტი და სუროგატ ქალებს ტრეფიკინგის მსხვერპლის სტატუსი მიენიჭა, ამას არმენ მელიქიანი არ ეთანხმება:
„თქვენ იცით, რას ნიშნავს ტრეფიკინგის მსხვერპლი? მათ აქ ვინმე იძულებით ამყოფებდა? იძულებით ჩართო ამ საქმიანობაში? ორი დღე არ გვქონდა გაზი, სარეცხის მანქანა და ამიტომ ტრეფიკინგის მსხვერპლი ვარო? ეს სისულელეა. მე მზარეული დავიქირავე მათთვის, როდესაც ისინი ჰოსტელში გადავიყვანეთ. ყველაფერს ჩემი თანხით ვაკეთებდი. ვყიდულობდი მათთვის საკვებს. ბავშვები შიმშილობენო, ასეთი არაფერი მომხდარა.
არმენ მელიქიანს, კომპანია Kinderly Georgia-ს გენერალურ დირექტორს, არასდროს ჩაუდენია ანტისახელმწიფოებრივი, უკანონო, არაკონსტიტუციური ქმედებები საქართველოში. ყველაფერი, რასაც მე ვახორციელებდი, იყო კანონის სრული დაცვით.
მე მხოლოდ ღმერთის მეშინია და იმიტომ, რომ ერთი თუ ორი დღე ვიღაცას ელექტროენერგიის გარეშე ან სარეცხის მანქანის გარეშე მოუწია ცხოვრება და ამის გამო ტრეფიკინგის ბრალდებით დამაპატიმრებენ, ძალიან სამწუხარო იქნება“, - ამბობს არმენ მელიქიანი.
მისი თქმით, სუროგატი ქალები, რომლებიც Kinderly Georgia-სთან თანამშრომლობდნენ და დაზარალებულებად ითვლებიან, ახალ სააგენტოსთან, Super Kinder-თან თანამშრომლობას გეგმავენ.
ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ერთ-ერთმა სუროგატმა ქალმაც დაუდასტურა. მან ბავშვი ჩინელი წყვილისთვის მიმდინარე წლის იანვარში გააჩინა, თუმცა, ჰონორარი დღესაც არ აუღია.
33 წლის ქალი გეგმავს და იმედი აქვს, რომ თუკი არმენ მელიქიანის მიერ დაფუძნებულ ახალ სააგენტოსთან ითანამშრომლებს, ის დავალიანებასაც მიიღებს და ახალ ანაზღაურებასაც.
ის, რომ უცხოელი სუროგატი ქალები ზამთრის პერიოდში, გარკვეული ხანი, კომუნალური გადასახადების გადაუხდელობის გამო ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიისა და ინტერნეტის გარეშე დარჩნენ, ამის შესახებ რადიო თავისუფლებამ არაერთხელ დაწერა.
რადიო თავისუფლებამ მოამზადა ვრცელი რეპორტაჟი იმის შესახებაც, რომ სუროგატი ქალები საკუთარ მცირეწლოვან შვილებთან ერთად, ავტოსადგურის ტერიტორიაზე მდებარე დაკეტილ ჰოსტელში შეასახლეს. ქალები რადიო თავისუფლებასთან საუბრობდნენ, რომ მათი საკვები ძირითადად მაკარონიანი წვნიანი, ბრინჯი და წიწიბურა იყო. ისინი წუხდნენ, რომ მშობიარობის შემდეგ მათ ჰქონდათ ჯანმრთელობის პრობლემები, თუმცა, კომპანიის წარმომადგენლები მათ მიმართ ყურადღებას აღარ იჩენდნენ.
რადიო თავისუფლება წერდა იმაზეც, რომ ერთ-ერთმა სუროგატმა ქალმა მშობიარობის შემდგომი გართულებების გამო საშვილოსნო დაკარგა.
ასევე ნახეთ "ბავშვებში იმდენი ფულია გადახდილი" - ჰოსტელში იძულებით შესახლებული სუროგატები დახმარებას ითხოვენმიუხედავად იმისა, რომ არმენ მელიქიანი უარყოფს ამ საქმეში ტრეფიკინგის კვალს, იურისტები თვლიან, რომ Kinderly Georgia-ს საქმეში, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო სტანდარტებით იკვეთება ტრეფიკინგის სამი მთავარი ელემენტი:
- ქმედება - დაზარალებულთა ჩამოყვანა საქართველოში სუროგაციის მიზნით;
- საშუალება - მოტყუება, დაპირების დარღვევა და ქალები მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამოყენება;
- მიზანი - რეპროდუქციული შრომის ექსპლუატაცია, რისთვისაც მათ არ მიუღიათ ანაზღაურება.
პალერმოს ოქმი და ევროკავშირის 2011/36/EU დირექტივა აღიარებენ სუროგატ ქალთა მოტყუებასა და იძულებას როგორც ტრეფიკინგის ფორმას, თუნდაც ეს ხდებოდეს თანხმობის გზით. საერთაშორისო დონეზე ადამიანით ვაჭრობა განისაზღვრება გაეროს კონვენციის დამატებითი ოქმით - ე.წ. პალერმოს ოქმით („ადამიანებით, განსაკუთრებით ქალებითა და ბავშვებით ვაჭრობის პრევენციის, აღკვეთისა და დასჯის შესახებ“), რომელიც საქართველოსთვის სავალდებულო დოკუმენტია.
სად არის რუსლან ტიმოშენკო?
ეძებს თუ არა გამოძიება კომპანია Kinderly Georgia-ს კიდევ ერთ დამფუძნებელს, რუსლან ტიმოშენკოზს, ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებისათვის ცნობილი არ არის. გამოძიება ამის შესახებ არაფერს გვეუბნება.
ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ ის საქართველოში არ იმყოფება. მას საქართველოში შემოსვლაზე უარი ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 21 თებერვალს უთხრეს, ანუ მაშინ როდესაც გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით დაწყებულიც კი არ იყო. დოკუმენტის თანახმად, რომელიც რადიო თავისუფლებამ მაშინ მოიპოვა, საქართველოში შემოსვლაზე უარი მას მიზეზის დაკონკრეტების გარეშე უთხრეს.
შსს-ს ბრძანება
წყაროს ინფორმაციით, ტიმოშენკოს უარი საქართველოში შემოსვლაზე, სავარაუდოდ, მას შემდეგ უთხრეს, რაც ჰქონდა მცდელობა, რომ სუროგატი ქალები აფხაზეთიდან შემოეყვანა. დაარღვია თუ არა რუსლან ტიმოშენკომ საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, ეს ჩვენთვის უცნობია.
არმენ მელიქიანთან საუბრის შემდეგ, რადიო თავისუფლება კიდევ ერთხელ შეეცადა რუსლან ტიმოშენკოსთან დაკავშირებას. მას კვლავ იმ ელექტრონულ ფოსტაზე მივწერეთ, საიდანაც რამდენიმე თვის წინ, გვიპასუხა, თუმცა, ტიმოშენკოს პასუხი არ დაუბრუნებია. იმ შემთხვევაში, თუკი მისგან წერილს მივიღებთ, მისი შინაარსი ამავე მასალაში აისახება.
შემოსავლიანი ბიზნესი და ქალებისა და ბავშვების უფლებები
საქართველოში სუროგატი ქალების უფლებების შესახებ რადიო თავისუფლებამ ბოლო 8 თვის განმავლობაში არაერთი სტატია მოამზადა.
ამ მასალებზე მუშაობისას გამოიკვეთა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც საქართველოში სუროგაციით დაბადებული ბავშვების უფლებებს უკავშირდება.
ამ პერიოდში, რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიწყო გამოძიება [გამოძიება დღესაც გრძელდება] სუროგაციით დაბადებული ბავშვის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაზე. ბავშვი, ამ დრომდე, მინდობით აღზრდაში რჩება.
ასევე ნახეთ "ეს არ იყო მამა-შვილური ურთიერთობა" - პოლიცია იძიებს სუროგაციით დაბადებული ბავშვის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებასსოციალური ზრუნვის სააგენტოდან ოფიციალურად მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2025 წლის მაისის მდგომარეობით, საქართველოში სუროგაციით დაბადებული 8 ბავშვია განთავსებული სოციალური ზრუნვის სისტემაში. თუ რა მიზეზით აღმოჩნდნენ ჩვილები სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში, ამ კითხვაზე პასუხი ზრუნვის სააგენტოდან ვერ მივიღეთ.
სუროგაციით დაბადებული ბავშვების სტატისტიკა ბოლო 6 წელში - 2019-2024 წლები - ასე გამოიყურება. ეს მონაცემები სუროგაციისა და სუროგატ დედებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე მკვლევრებმა მოგვაწოდეს.
- 2019 - 601
- 2020 - 817
- 2021 - 310
- 2022 - 833
- 2023 - 1172
- 2024 (პირველი ხუთი თვე) - 941
სტატისტიკა არ მოიცავს მკვდრადშობილ ბავშვებს.
რაც შეეხება ბიოლოგიურ მშობლებს, ამავე სტატისტიკის თანახმად, ბოლო ექვს წელში ყველაზე მეტი წყვილი სუროგაციის მომსახურების მისაღებად საქართველოში ჩამოვიდა ჩინეთიდან, ისრაელიდან და აშშ-დან.
საერთაშორისო პორტალ Health-Tourism-ის 2024 წლის მონაცემებით, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით წამყვანი საინფორმაციო წყაროა სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით, საქართველოში სამედიცინო ტურისტებს შორის ყველაზე პოპულარული პროცედურებია სტომატოლოგია, პლასტიკური ქირურგია და რეპროდუქციული პროცედურები - ინვიტრო განაყოფიერება, დონაცია, სუროგაცია.
დარგის სპეციალისტები რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობენ, რომ სუროგაცია-დონაციასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი კანონმდებლობით უნდა იყოს დარეგულირებული, რაც დღეს საქართველოს არ აქვს. ეს აჩენს ხვრელებს და ნიადაგს არაკეთილსინდისიერი საქმიანობისთვის და ამით ჩრდილს აყენებს დარგს, რომელიც დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებზე მუშაობს და დღეს ქართულ მედიცინაში ერთ-ერთი წარმატებულ სფეროა.
ჩარჩო-კანონმდებლობაზე მუშაობა, რომელსაც ევროპული სტანდარტების შესაბამისობაში უნდა მოეყვანა დღეს არსებული რეგულაციები, ევროკავშირის ექსპერტებთან, დარგის სპეციალისტებთან და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან თანამშრომლობით ჯერ კიდევ 2019 წლის მიწურულს დაიწყო, თუმცა, მალევე, კოვიდპანდემიის გამო, პროცესი შეწყდა და აღარ განახლებულა.
ჩარჩო-კანონმდებლობაში დეტალურად უნდა იყოს გაწერილი, ვინ შეიძლება იყოს სუროგატი ქალი, ვის შეუძლია მიიღოს სუროგატი ქალის მომსახურება, რა სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს სუროგატმა ქალმა, რა ტიპის ხელშეკრულებები უნდა გაფორმდეს გაწერილი უნდა იყოს კლინიკებისა და ექიმების კვალიფიკაციის საკითხი.
უკვე დიდი ხანია, სუროგატ ქალებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ხარვეზებზე მუშაობს იურისტი ნინო მგალობლიშვილი. ამ მოკლე პერიოდში, მას არაერთი უცხოელი სუროგატი ქალის უფლებების დაცვა მოუხდა იმის გამო, რომ ხელშეკრულებებში არსებული ხარვეზების გამო ვერ ახერხებდნენ კუთვნილი ჰონორარის მიღებას:
ნინო მგალობლიშვილი, იურისტი
„სამწუხაროდ, ამ ქალებს იმდენად რთული სოციალური და ეკონომიკური პრობლემები აქვთ, რომ ასეთ დეტალებზე ყურადღებას ვეღარ ამახვილებენ. ხშირად აქვთ ენის ბარიერი. არიან ძალიან დაუცველები. უნდა არსებობდეს ხელშეკრულების ისეთი ფორმები, რომ სუროგატი დედების უფლებებიც დაცული იყოს და ბიოლოგიური მშობლების უფლებებიც. რადგან იყო შემთხვევები, როდესაც ბიოლოგიურმა ოჯახმა თანხა გადარიცხა სააგენტოში, თუმცა, ეს თანხა ვერ მივიდა სუროგატ დედამდე და ოჯახს ხელმეორედ მოუწია თანხის გადახდა იმისათვის, რომ შვილი წაეყვანათ“.
დღეს საქართველო სუროგაციის მიმართ ე.წ. მეგობრულად განწყობილ ქვეყნებში შედის. საქართველოში სუროგაციის პროგრამით სარგებლობენ წყვილები ევროპიდან, ჩინეთიდან, ისრაელიდან, თურქეთიდან, აშშ-დან. ბოლო დროს სულ უფრო მეტი წყვილი ჩამოდის ავსტრალიიდან და კანადიდან. საქართველო კიდევ უფრო მოთხოვნადი ქვეყანა გახდა სუროგაციისთვის ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში, რომელსაც ბევრი უშვილო წყვილი მიმართავდა.