Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეცედენტული გადაწყვეტილება - სუროგატ ქალებს ტრეფიკინგის მსხვერპლის სტატუსი მიენიჭათ


10 მაისს საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან არსებულმა მუდმივმოქმედმა კომისიამ სუროგატ დედას ტრეფიკინგის მსხვერპლის სტატუსი მიანიჭა.
10 მაისს საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან არსებულმა მუდმივმოქმედმა კომისიამ სუროგატ დედას ტრეფიკინგის მსხვერპლის სტატუსი მიანიჭა.

„დედა ტირის... დედა ტირის“, - 2 წლის სოფია პირზე აფარებს ხელს დედას, კალთაში უძვრება და თან შეწუხებული იმეორებს - „დედა ტირის, ნუ ტირის დედა“.

ანნა, სოფიას დედა, ბავშვის დამშვიდებას ცდილობს, თუმცა ცრემლებს ვერც თვითონ იკავებს:

„იცით, ჩემი უფროსი შვილი დღეს სკოლას ამთავრებს. მე ახლა მის გვერდით, გამოსაშვებ საღამოზე უნდა ვიყო, მაგრამ აქ ვარ და თქვენ გელაპარაკებით, იმედგადაწურული, შერყეული ჯანმრთელობით, მცირეწლოვანი შვილით ხელში“, - მეუბნება 38 წლის ანნა ოსინცევა, სუროგატი დედა, რომელმაც ჩინელი წყვილისთვის ტყუპი გოგო-ბიჭი იანვარში გააჩინა, თუმცა რეპროდუქციული მედიცინის სააგენტო Kinderly-ს, რომელმაც ის, როგორც სუროგატი ქალი დაიქირავა, მისთვის დღემდე არაფერი გადაუხდია.

ტყუპების გაჩენის შემდეგ, კონტრაქტის თანახმად, კომპანია Kinderly-ს მისთვის 18 000 დოლარი უნდა მიეცა. ხუთი თვის უშედეგო ლოდინის შემდეგ ანნამ შინ, სვერდლოვსკის ოლქში დაბრუნება გადაწყვიტა.

მას სახლში გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე შევხვდით. დასაბრუნებელი ბილეთი დედამ უყიდა.

ანნა ოსინცევას ბრძოლას კუთვნილი ჰონორარის მისაღებად, რადიო თავისუფლება ორ თვეზე მეტია ადევნებს თვალს.

თუკი ადრე ის ვინაობას არ ამხელდა, დღეს ამბობს, რომ დასაკარგი აღარაფერი აქვს და არც სახელისა და გვარის და არც სახის დამალვას არ ცდილობს:

ანნა ოსინცევა, სუროგატი დედა, თბილისი, მაისი, 2025 წელი
ანნა ოსინცევა, სუროგატი დედა, თბილისი, მაისი, 2025 წელი

„სუროგატი ქალები თვეების განმავლობაში ველოდით, რომ ჩვენს კუთვნილ ჰონორარებს მოგვცემდნენ. ამის ნაცვლად კი შეგვყარეს მიტოვებულ ჰოსტელში, მცირეწლოვან შვილებთან ერთად, ნახევრად მშივრები... წყალწყალა წვნიანსა და მაკარონს გვაჭმევდნენ. ორშაბათს გვეუბნებოდნენ, პარასკევს მოგცემთ ფულსო, პარასკევს გვეუბნებოდნენ, ორშაბათსო. აპრილის ბოლოს აღარც იმ ჰოსტელის ქირა გადაიხადეს და პატრონმა გადაგვიკეტა წყალი... ამ დაპირებებში გავიდა ხუთი თვე.

დღეს მე იძულებული ვარ, ცარიელი ხელებით დავტოვო საქართველო და სახლში, ჩემს ოთხ შვილთან, ცარიელი ხელებით ჩავიდე“, - ამბობს ანნა.

გვიყვება, რომ რუსეთიდან საქართველოში ჩამოსვლა და სუროგაციის პროგრამაში ჩართვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სოფიას მამამ მასზე ჯერ ფიზიკური ძალადობა დაიწყო, შემდეგ კი მის წინააღმდეგ სასამართლო დავა წამოიწყო ქალისთვის დედობის უფლების ჩამორთმევის მიზნით.

ანნა ამბობს, რომ ადვოკატის დასაქირავებლად, მას სოლიდური თანხა სჭირდებოდა, ჯერ ავტომობილი გაყიდა, თუმცა, როცა მიხვდა, რომ ეს თანხა სასამართლო დავას არ ეყოფოდა, სუროგატი დედობა გადაწყვიტა.

დადგინდა სუროგატი დედების ექსპლუატაციის ფაქტი

10 მაისს საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან არსებულმა მუდმივმოქმედმა კომისიამ ანნა ოსინცევას ტრეფიკინგის მსხვერპლის სტატუსი მიანიჭა. ამის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი ანნამ იუსტიციის სამინისტროსგან 15 მაისს მიიღო.

იუსტიციის სამინისტროს წერილი ანნა ოსინცევას, 15 მაისი, 2025 წელი
იუსტიციის სამინისტროს წერილი ანნა ოსინცევას, 15 მაისი, 2025 წელი

ეს კომისია მთავრობის მიერ შექმნილი ადმინისტრაციული მექანიზმია და დაკომპლექტებულია საერთაშორისო (IOM და ICMPD) და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ.

დოკუმენტში წერია, რომ მსჯელობის შედეგად, მუდმივმოქმედმა ჯგუფმა გამოკვეთა დანაშაულის ყველა (ქმედება, საშუალება, მიზანი) ელემენტი და ჯგუფმა ერთსულოვნად მიიღო გადაწყვეტილება ქალისთვის ტრეფიკინგის მსხვერპლის მინიჭების შესახებ.

ეს არის პრეცედენტული გადაწყვეტილება, როდესაც სახელმწიფომ მუდმივმოქმედი მექანიზმის საშუალებით გამოავლინა სუროგატი დედების ექსპლუატაციის ფაქტი და სუროგატ ქალებს ტრეფიკინგის მსხვერპლის სტატუსი მიენიჭა.

ანნასთან ერთად ტრეფიკინგის მსხვერპლის სტატუსი მიიღო 30 წლის მარიამაც (მისი თხოვნით, სახელი შეცვლილია).

ის საქართველოში 2024 წლის მარტში, 5 წლის შვილთან ერთად ჩამოვიდა, ტყუპი გოგო საკეისრო კვეთით 2025 წლის თებერვალში გააჩინა და ანნასა და 20-მდე სხვა სუროგატი დედის მსგავსად, კუთვნილი ჰონორარი არც მას მიუღია.

მანანა ფურცხვანიძე, „ძალადობისგან დაცვის ეროვნული“ ქსელის იურისტი, ერთ-ერთია, რომელმაც მუდმივმოქმედი კომისიის ფარგლებში სუროგატი ქალებისთვის ტრეფიკინგის მსხვერპლის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო:

„ქალების მოსმენის შედეგად გამოიკვეთა, რომ ჩვენ სახეზე გვაქვს ტრეფიკინგის შეფარული ფორმა. აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ მათ მაგალითად, პასპორტები ჩამოართვეს ან ვინმე გარეთ გასვლას უკრძალავდა, აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ეს ქალები, მშობიარობის შემდეგ აღმოჩნდნენ ძალიან მძიმე პირობებში თავიანთ მცირეწლოვან შვილებთან ერთად, შემოსავლის გარეშე, გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობით.

ვფიქრობ, კომისიის გადაწყვეტილება უნდა აისახოს გამოძიებაზე, მიეცეს მას სწორი კვალიფიკაცია, რათა არ გაჩნდეს ამ სფეროში დაუსჯელობის სინდრომი და შემდგომში აღარ ისარგებლონ კომპანიებმა სუროგატი ქალების უსუსური მდგომარეობით“, - ეუბნება მანანა ფურცხვანიძე რადიო თავისუფლებას.

„გარდა იმისა, რომ ჰონორარი ვერ მივიღე, ახლა მაქვს სხვა ძალიან ბევრი კითხვაც“

30 წლის მარიამ საქართველო 26 მაისს დატოვა. ყაზახეთში, სახლში დასაბრუნებელი ბილეთი ოჯახის წევრის დახმარებით შეიძინა. რომ არა გადაუდებელი აუცილებლობა, საქართველოდან წასვლას არ აპირებდა.

მარიას სახლში დაბრუნებამდე ორი დღით ადრე შევხვდით:

„აქ ვართ და არ გვიხდიან ჩვენს ჰონორარს, სახლში რომ დავბრუნდებით, მერე ვინღა გადაგვიხდის. იმედიც გადამეწურა და ოჯახური მდგომარეობაც აღარ მაძლევს საშუალებას, რომ აქ დავრჩე“, - გვითხრა მარიამ.

მის უფროს შვილს ცერებრალური დამბლა აქვს. სუროგაციის პროგრამაში ჩართვის მთავარი მიზეზი ეს გახდა:

"როდესაც სუროგატობა გადავწყვიტე, დარწმუნებული ვიყავი, რომ კარგ საქმეს ვაკეთებდი - ერთი მხრივ, იმ უშვილო წყვილისთვის, რომლისთვისაც შვილს გავაჩენდი, მეორე მხრივ კი საკუთარი თავისა და შვილების კეთილდღეობისთვის. ჩემს შვილს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, მისი მკურნალობა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. მე კი ამ თანხის მოგროვებას ვერ ვახერხებდი".

მარია, სუროგატი დედა, თბილისი, მაისი, 2025 წელი
მარია, სუროგატი დედა, თბილისი, მაისი, 2025 წელი

ბიჭი სპეციალიზებულ სკოლაში სწავლობს და ცხოვრობს. 27 მაისიდან ბავშვებს საზაფხულო არდადეგებზე ითხოვენ. მარიამ შვილს უნდა ჩააკითხოს და სახლში წაიყვანოს.

"ახლა მიწევს, რომ ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დავიწყო. სახლში რომ დავბრუნდები, პირველ რიგში, სამსახური უნდა მოვძებნო. ძალიან გამიჭირდა ამ ყველაფერთან გამკლავება. ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ სუროგატი დედობა ასეთ ტკივილსა და ტრავმას მომაყენებდა, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად“.

მარიამ ტყუპი გოგო ჩინელი წყვილისთვის გააჩინა. რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ამ წყვილმა კომპანია Kinderly-ში ე.წ. ორმაგი პროგრამით ისარგებლა და მარიასთან ერთად კიდევ ერთი სუროგატი ქალი დაიქირავა, რომელმაც მარიამდე სამი თვით ადრე, გასული წლის ნოემბერში იმშობიარა და ტყუპი ბიჭი გააჩინა:

„ჩემი ინფორმაციით, მათ ამ პროგრამაში 200 ათასი დოლარი გადაიხადეს. ახლა ამასთან დაკავშირებითაც მაქვს კითხვები - ოთხი ჩვილი ერთად რად უნდათ? რამდენად იქნება ამ ბავშვების უფლებები დაცული? ვიცი, რომ ბავშვები უკვე წაყვანილი ჰყავთ. მეგონა, კარგ საქმეს ვაკეთებდი, მაგრამ ახლა უკვე შიში გამიჩნდა, არ ვიცი, რა ბედი ელით შემდეგში ამ ბავშვებს.

მარტის ბოლოს, ბევრი წვალების შემდეგ, დავუკავშირდი ტყუპების ბიოლოგიურ მამას. ვუთხარი, რა სიტუაციაშიც ვიყავი. თუმცა მან მიპასუხა, მე ვეღარაფრით დაგეხმარები, კომპანიას სრულად გადავუხადე თანხა, მათ მიმართეო", - ჰყვება მარია და აგრძელებს:

"რადიო თავისუფლების მიერ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ გამოძიება რომ დაიწყო და გამომძიებლებმა ქალების გამოკითხვა დაიწყეს, თითქოს იმედი გაგვიჩნდა, რომ კონკრეტულ შედეგამდე მივიდოდით, თუმცა, უკვე ორი თვე გავიდა და დუმილია..."

რატომ არ იწყება გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით?

დახურულ ჰოსტელში იძულებით შესახლებული სუროგატი დედების საქმეზე შსს-მ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ შესახებ რადიო თავისუფლებამ 3 აპრილს ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.

მანამდე, კომპანია Kinderly-ს მიერ დაქირავებული სუროგატი ქალები პოლიციასა და პროკურატურაში თითქმის ყოველ კვირა წერდნენ საჩივრებს, თუმცა სამართალდამცავები მხოლოდ მათი გამოკითხვით შემოიფარგლებოდნენ და ინტერესი სუროგატი დედების მიმართ ამით სრულდებოდა.

გამოძიების ფარგლებში პოლიციამ უკვე მოისმინა 20-მდე სუროგატი ქალის ისტორია, რომლებიც რეპროდუქციული მედიცინის სააგენტო Kinderly-ს უჩივიან. ქალები ამბობენ, რომ კომპანიამ მათ დაპირებული ჰონორარი, რომელიც ჯამში ათიათასობით დოლარს შეადგენს, არ გადაუხადა. ხოლო ბავშვების გაჩენის შემდეგ, ისინი მცირეწლოვან შვილებთან ერთად, გაუსაძლის პირობებში, ყველანაირი შემოსავლის გარეშე დატოვა.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, პოლიციამ გამოჰკითხა კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელიც.

მიმდინარე გამოძიებას ამ ეტაპზე მხოლოდ ქონებრივი დაზიანების კვალიფიკაცია (სსკ-ის 185-მუხლი) აქვს. თუმცა, იურისტები თვლიან, რომ გამოძიება გაცილებით მძიმე სამართლებრივ ჩარჩოში უნდა მოექცეს და მას ადამიანით ვაჭრობის, ტრეფიკინგის კვალიფიკაცია უნდა მიენიჭოს.

ორგანიზაცია „საფარის“ იურისტმა, ნინო ანდრიაშვილმა, რომელიც სუროგატი ქალების უფლებებს იცავს, გასულ კვირაში კიდევ ერთხელ მიმართა პროკურატურას მუხლის გადაკვალიფიცირების, სუროგატი ქალებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებისა და კომპანიის პასუხისმგებელი პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნით, თუმცა პროკურატურისგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღია:

ნინო ანდრიაშვილი, იურისტი
ნინო ანდრიაშვილი, იურისტი

„არსებული მტკიცებულებებისა და დაზარალებულთა განცხადებების მიუხედავად, სამწუხაროდ, პროკურატურა არ იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტული პირების დევნის დაწყებაზე, არ იღებს გადაწყვეტილებას ქალების დაზარალებულად ცნობის თაობაზე და არ ხდება გამოძიების გადაკვალიფიცირება ტრეფიკინგის მუხლით.

მუდმივმოქმედმა კომისიამ ამ ეტაპზე, ორ სუროგატ დედას მიანიჭა ტრეფიკინგის მსხვერპლის სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ აიღო ეს ვალდებულება მუდმივმოქმედი კომისიის ფარგლებში და ქალებს ეს სტატუსი მიანიჭა.

შესაბამისად, თუკი სახელმწიფო თვლის, რომ ეს ადამიანები არიან ტრეფიკინგის მსხვერპლები, მაშინ რას აკეთებს გამოძიება, რას აკეთებს პროკურატურა, რომელიც რეალურად აჭიანურებს გადაწყვეტილების მიღებას?“

ნინო ანდრიაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ კომპანია Kinderly-ს დამფუძნებელი, ზეწოლას ახდენს სუროგატ დედებზე და მათ საქართველოს დატოვებას აიძულებს. მან პროკურატურას, აცნობა, რომ Kinderly-ს ხელმძღვანელი ქალებს აიძულებს, ხელი მოაწერონ მორიგების ახალ აქტს, რომლის მიხედვითაც, მაგალითად, მათ 1000 დოლარს გადაუხდის და ქალები თავიანთ ქვეყნებში უნდა დაბრუნდნენ. დარჩენილ თანხას კი ნაწილ-ნაწილ გადაუხდის. ამ იძულების ფონზე, რამდენიმე ქალმა უკვე დატოვა ქვეყანა.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც საქმე წავა სასამართლოში, ეს ქალები იყვნენ საქართველოში - მსხვერპლები სასამართლოში უნდა გამოიკითხონ. ერთ-ერთი არსებითი მტკიცებულება სწორედ მათი ჩვენებებია და თუ მათ სასამართლოში არ დაადასტურეს აღნიშნული ჩვენებები, საფრთხე ექმნება გამამტყუნებელი განაჩენის დადგომას.

ზოგადად, სისხლის სამართლის ყველა საქმეზე, თუკი საფრთხე არსებობს, რომ პირი მოწმეებზე იქონიებს ზეწოლას, მის მიერ მოხდება მტკიცებულებების განადგურება, ასეთ შემთხვევაში, აუცილებლად ეფარდება მათ პატიმრობა. ამ კონკრეტულ საქმეში, რეალურად, საფრთხეები სახეზეა, თუმცა პროკურატურა დუმს“, - ამბობს ნინო ანდრიაშვილი.

ე.წ. მორიგების აქტის ერთ-ერთი ვერსია, რომლის ხელმოწერასაც კომპანია Kinderly-ს დამფუძნებელი სუროგატ დედებს სთხოვს, ცოტა ხნის წინ მიაწოდა რადიო თავისუფლებას სუროგატმა დედამ.

კომპანია Kinderly-ს დამფუძნებლის ხელწერილი
კომპანია Kinderly-ს დამფუძნებლის ხელწერილი

ამ ხელწერილში წერია, რომ კომპანიის დამფუძნებელმა „ვალი აიღო“ (16 000 დოლარი) სუროგატი დედისგან და ახლა ის, თავის მხრივ, იღებს ვალდებულებას, რომ 2025 წლის დეკემბრის ბოლომდე გაისტუმრებს ამ ვალს.

„მეც შემომთავაზა ასეთ დოკუმენტზე ხელის მოწერა Kinderly-ს დამფუძნებელმა, მითხრა, 1000 დოლარს გადაგიხდი, ბილეთს გიყიდი, წადი შენს ქვეყანაში და მერე გაგისტუმრებ ვალსო, მაგრამ ამ ხელწერილზე ხელი არ მოვაწერე“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მარია.

მიუხედავად იმისა, რომ ანნამ და მარიამ, საქმის მთავარმა მოწმეებმა, საქართველო უკვე დატოვეს, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მათი საქმე სასამართლოში გადაინაცვლებს, ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან საქართველოში და ჩვენებებს სასამართლოში მისცემენ:

„ამ ადამიანებმა, რომლებმაც გამოიყენეს ჩვენი სხეულები, ჩვენი ორგანოები და შემდეგ დაგვტოვეს ანაზღაურების გარეშე, გაუსაძლის პირობებში ჩვენს მცირეწლოვან შვილებთან ერთად, პასუხი აუცილებლად უნდა აგონ. გოგოებმა დაკარგეს საშვილოსნოები. რამდენიმე ხნის წინ, ერთ-ერთ გოგოს ინსულტი დაემართა მშობიარობამდე ცოტა ხნით ადრე. ჩვენი სიცოცხლე დგება საფრთხის ქვეშ და ამას ემატება ისიც, რომ საბოლოოდ ვერ ვიღებთ კუთვნილ ანაზღაურებას, ეს კი თურმე დანაშაული არ არის და დამნაშავე თავისუფალი უნდა იყოს“, - გვეუბნება ანნა.

საშვილოსნოს ამოკვეთის და ინსულტის სამი შემთხვევა რადიო თავისუფლებამ დამოუკიდებლად გადაამოწმა და დაადასტურა.

კომპანია Kinderly, რომელმაც თბილისში ოფისები მარტის ბოლოს დახურა, სუროგატი ქალების ნაწილი კი, 15 ქალი - შვილებთან ერთად დახურულ ჰოსტელში შეასახლა, უკვე თვეებია, ჰონორარს არ უხდის სუროგატ დედებს. ქალების უმეტესობამ რამდენიმე თვის წინ იმშობიარა, თუმცა კონტრაქტით გათვალისწინებული 16 000-22 000 დოლარი მათ ამ დრომდე არ მიუღიათ.

ყირგიზეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, უკრაინა, რუსეთი - სუროგატი დედები ძირითადად ამ ქვეყნებიდან არიან. მათ შორის არიან ქართველი სუროგატი ქალებიც.

Kinderly-ს, რამდენიმე ათეული სუროგატი ქალი ჰყავს საქართველოში ჩამოყვანილი, რომლებიც კომპანიის ნაქირავებ ბინებში, თბილისში, სხვადასხვა მისამართზე ცხოვრობენ.

შპს Kinderly Georgia საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა. მფლობელები უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეები, რუსლან ტიმოშენკო და არმენ მელიქიანი არიან.

კომპანია ამავე სახელწოდებით, „Kinderly“, ფუნქციონირებს უკრაინაშიც, კიევში და ქალებს სთავაზობს როგორც სუროგატ დედობას, ისე კვერცხუჯრედების დონორობას. უშვილო წყვილებს კი სუროგატი დედებისა და დონორების მომსახურებას.

ის, რომ კომპანია Kinderly სუროგატ ქალებს თვეების განმავლობაში აღარ უხდიდა კუთვნილ ხელფასებსა და საბოლოო ჰონორარს და ქალები გართულებული ჯანმრთელობით, მცირეწლოვან შვილებთან ერთად ცდილობდნენ თავის გატანას, ამის შესახებ რადიო თავისუფლება ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისიდან წერს.

Kinderly-ში მაშინ რადიო თავისუფლებას ეუბნებოდნენ, რომ ფინანსური პრობლემები ჰქონდათ და მუშაობას აჩერებდნენ.

მას შემდეგ, რადიო თავისუფლება, არაერთი მცდელობის მიუხედავად, კომპანიის წარმომადგენლებთან და მათ დამფუძნებლებთან დაკავშირებას ვეღარ ახერხებს. ისინი არც სატელეფონო ზარებს, არც ტექსტურ შეტყობინებებსა და არც ელექტრონულ წერილებს არ პასუხობენ.

სუროგატი დედების ხელშეკრულებებს თვეებია სწავლობს „ენტერპრაიზ ლეგალ სტუდიოს“ იურისტი, ნინო მგალობლიშვილი. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ხელშეკრულებებში, რომლებსაც სუროგატი დედები და კომპანიის წარმომადგენლები აწერენ ხელს, როგორც წესი, არაფერი წერია იმის შესახებ, რა ხდება მაშინ, როდესაც სუროგატი დედის უფლება ირღვევა:

ნინო მგალობლიშვილი, იურისტი
ნინო მგალობლიშვილი, იურისტი

„აუცილებელია, რომ ამ ხელშეკრულებებში არსებობდეს სუროგატი დედების უფლებების დაცვისათვის გათვალისწინებული კონკრეტული მექანიზმები. რა თქმა უნდა, როდესაც კომპანია დებს ხელშეკრულებას, ის ასე ვთქვათ, სათავისოდ ფიქრობს, მაგრამ თუკი გვინდა, რომ სუროგაცია, როგორც დამხმარე რეპროდუქციული საშუალება საქართველოში მომავალშიც არსებობდეს, სუროგატი დედების უფლებების საკითხი საკანონმდებლო დონეზე უნდა იყოს დარეგულირებული. აუცილებლად უნდა დაიხვეწოს საკანონმდებლო ბაზა, რომ ამ ქალების უფლებები იყოს დაცული“, - ეუბნება ნინო მგალობლიშვილი რადიო თავისუფლებას.

კანონმდებლობა, რომელიც საქართველოში სუროგაციასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს

სუროგაციას საქართველოში 1997 წლიდან აწესრიგებს კანონმდებლობა და ის რამდენიმე ნორმატიული აქტისა და ბრძანების საშუალებით რეგულირდება. მათ შორისაა, მაგალითად:

  • კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“,
  • კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“,
  • კანონი „სამოქალაქო აქტების შესახებ“,
  • ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“,
  • კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“.


სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის ქვეყნიდან გაყვანის პროცედურის წესებს არეგულირებს საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის ერთობლივი ბრძანება.

დღეს საქართველო სუროგაციის მიმართ ე.წ. მეგობრულად განწყობილ ქვეყნებში შედის. საქართველოში სუროგაციის პროგრამით სარგებლობენ წყვილები ევროპიდან, ჩინეთიდან, ისრაელიდან, თურქეთიდან, აშშ-დან. ბოლო დროს სულ უფრო მეტი წყვილი ჩამოდის ავსტრალიიდან და კანადიდან. საქართველო კიდევ უფრო მოთხოვნადი ქვეყანა გახდა სუროგაციისთვის ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში, რომელსაც ბევრი უშვილო წყვილი მიმართავდა.

მიუხედავად 2023 წელს დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებისა, რომელსაც 2024 წლიდან უნდა აეკრძალა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერება, მათ შორის, სუროგაციისა და დონაციის სერვისი, ამ წესების გამკაცრების შესახებ კანონპროექტი პარლამენტში საკომიტეტო მოსმენებიდანვე მოიხსნა. მაშინ დარგის სპეციალისტები აკრიტიკებდნენ ხელისუფლების მიერ ინიციირებულ კანონპროექტს და ამბობდნენ, რომ ეს ინიციატივა საფრთხის შემცველი იყო როგორც თავად დარგის - მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის არსებობისთვის, ისე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.

სუროგაცია დაშვებულია სულ რამდენიმე ქვეყანაში:

ავსტრალია, საქართველო, კანადა, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, ლაოსი, კოლუმბია, აშშ-ის რამდენიმე შტატი და ინდოეთი.

სხვა ქვეყნებში სუროგაციის აკრძალვის ძირითადი მიზეზი ქალებისა და ბავშვების უფლებებია. სუროგაციის მოწინააღმდეგე ჯგუფში შემავალი ქვეყნები თვლიან, რომ:

სუროგაცია არღვევს ბავშვისა და სუროგატი დედის ღირსებას და მათ რიგითი კონტრაქტების ობიექტებად აქცევს; სუროგაცია ეწინააღმდეგება ბავშვთა უფლებებს; არ შეიძლება კერძო შეთანხმების საგანი გახდეს არც ადამიანის სხეული და არც პირთა სამოქალაქო სტატუსი.

ევროპის და აზიის ქვეყნების უმრავლესობაში სუროგაციის პროცესში მონაწილეობა სისხლისსამართლებრივი წესით ისჯება.

სუროგატი დედების უმრავლესობა სოციალურად დაუცველი, უკიდურეს სიღარიბეში მყოფი ქალები არიან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG