რას უნდა ველოდოთ ტრამპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერების შეხვედრისგან

ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერები (მარცხნიდან): ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი, ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი, ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი, თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი, უზბეკეთის პრეზიდენტი შავქათ მირზოევი, 2022 წლის 21 ივლისი

აშშ დაინტერესებულია ცენტრალური აზიის ქვეყნებში აღმოჩენილი მინერალური რესურსებით.

ანალიტიკოსების პროგნოზით, იშვიათი ლითონები დღის წესრიგში ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება ვაშინგტონში 6 ნოემბერს დაგეგმილ სამიტზე, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ცენტრალური აზიის რეგიონის ლიდერები დაესწრებიან.

ისინი ხაზს უსვამენ, რომ C5+1-ფორმატში მომავალი შეხვედრა, რომელიც წელს მე-10 წლის იუბილეს აღნიშნავს, რეგიონის სახელმწიფოებს, რომლებიც რუსეთსა და ჩინეთს შორის არიან მოქცეულნი, საშუალებას მისცემს, გააწონასწორონ თავიანთი საგარეო პოლიტიკა და დაიცვან მრავალვექტორიანი მიდგომა, წერს აზატიკ.აზია

„ყირზახეთიდან“ მირზოევთან ტრამპის შეხვედრამდე

2013 წელს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ „გამოიგონა“ ახალი ქვეყანა - „ყირზახეთი“. საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში თავის პირველ საჯარო გამოსვლაში დიპლომატმა შეცდომა დაუშვა, „შეაერთა“ ყაზახეთი და ყირგიზეთი. ამ უხერხულ ენობრივ ლაფსუსს დიდი ხნის განმავლობაში იხსენებდა სხვადასხვა მედიასაშუალება.

მაგრამ სულ რაღაც ორი წლის შემდეგ, 2015 წელს, კერიმ ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანა მოინახულა, რითაც ვაშინგტონსა და რეგიონს შორის დიალოგის ახალი ფორმატი დააფუძნა. ასე გაჩნდა C5+1-პლატფორმა, რომელიც წელს მეათე წლისთავს აღნიშნავს.

ფორმატის არსებობის პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში ურთიერთობა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ხდებოდა: მათი შეხვედრები რეგულარული იყო და თანამშრომლობის განხილვის პლატფორმას წარმოადგენდა.

პირველი მაღალი დონის სამიტი, რომელსაც ცენტრალური აზიის სახელმწიფოების ლიდერები და აშშ-ის პრეზიდენტი ესწრებოდნენ, 2023 წელს ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.

„C5+1-ფორმატი“: როგორ დაიწყო და როგორ განვითარდა კავშირები აშშ-სა და ცენტრალურ აზიას შორის

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მაშინ ხაზი გაუსვა პოლიტიკურ სოლიდარობას და ხუთი პოსტსაბჭოთა ქვეყნის დამოუკიდებლობის მხარდაჭერას, განსაკუთრებით რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის კონტექსტში. აშშ-მა ხაზი გაუსვა სუვერენიტეტის მნიშვნელობას, რეგიონული ერთიანობის განმტკიცებას და საგარეო ეკონომიკური კავშირების დივერსიფიკაციას მოსკოვზე რეგიონის დამოკიდებულების შესამცირებლად.

დამკვირვებლები ვარაუდობენ, რომ ცენტრალური აზიისა და აშშ-ს მეორე სამიტი უფრო პრაქტიკული იქნება. ეს დიდწილად განპირობებულია დონალდ ტრამპის ფორმულით America first - „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“.

აშშ, ისევე როგორც სხვა ქვეყნებთან ურთიერთობებში, ეძებს შესაძლებლობებს, რომლებიც, პირველ რიგში, თავად შეერთებული შტატებისთვის იქნება ხეირის მომტანი...

„ბაიდენის დროს ერთ-ერთი მთავარი მიზანი ცენტრალური აზიის ერთიანობის მხარდაჭერა იყო. ვაშინგტონი ცდილობდა, რეგიონის ქვეყნებს კოორდინირებულად ემოქმედათ და გაეძლოთ რუსეთისა და ჩინეთის ზეწოლისთვის.

აშშ ხაზს უსვამდა რეგიონულ ერთიანობას, ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაძლიერებას და უმაღლეს პოლიტიკოსებს შორის რეგულარულ დიალოგს. ახლა, ტრამპის დროს, ფორმატი, სავარაუდოდ, განსხვავებული იქნება - უფრო პრაგმატული და მატერიალურ სარგებელზე ორიენტირებული“, - ამბობს ერიკა მარატი, ცენტრალური აზიის ექსპერტი და აშშ-ში დაფუძნებული ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის პროფესორი (მისი აზრი არ ასახავს აშშ-ის მთავრობის პოზიციას - რედ.). „აშშ, ისევე როგორც სხვა ქვეყნებთან ურთიერთობებში, ეძებს შესაძლებლობებს, რომლებიც, პირველ რიგში, თავად შეერთებული შტატებისთვის იქნება ხეირის მომტანი“.

C5+1-სამიტის შესახებ ოქტომბრის ბოლოს გახდა ცნობილი, როდესაც ტრამპმა ვაშინგტონში ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის მმართველებს გაუგზავნა მოწვევები, რომლებიც მათ მიიღეს. ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა, რეგიონში ერთადერთი ქვეყნის პრეზიდენტმა, რომლის მიმართაც აშშ-მ სავაჭრო ტარიფები გაზარდა (ტარიფის განაკვეთი ყაზახეთიდან იმპორტზე 27 პროცენტია, ხოლო დანარჩენი ოთხი ქვეყნიდან შემოტანილ საქონელზე 10 პროცენტი), ტრამპს წერილით უპასუხა, რომელშიც „გულწრფელი მადლიერება“ გამოხატა.

სექტემბერში ცენტრალური აზიის ხუთივე სახელმწიფოს პრეზიდენტი ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეას დაესწრო, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრა განხილვის თემა არ ყოფილა. შავკათ მირზოევმა, რეგიონის ერთადერთმა უმაღლესი დონის პირმა, რომელსაც ტრამპი პირადად შეხვდა და მოლაპარაკება გამართა, ამერიკელი ლიდერი სამარყანდში მიიწვია. მან პირობა დადო, რომ „ამაზე იფიქრებდა“ და ერთი თვის შემდეგ ხუთივე ქვეყნის ლიდერები აშშ-ის დედაქალაქში დაპატიჟა.

შავკათ მირზოევი და დონალდ ტრამპი. ფოტო უზბეკეთის პრეზიდენტის ვებსაიტიდან

„ცენტრალური აზია, როგორც სტრატეგიული რესურსების ალტერნატიული წყარო“

ვაშინგტონის ინტერესი რესურსებით მდიდარი ცენტრალური აზიის რეგიონის მიმართ გაიზარდა მას შემდეგ, რაც პეკინმა ოქტომბერში, აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომის ფონზე, მნიშვნელოვან - იშვიათ მიწის ლითონებზე ექსპორტის შეზღუდვები დააწესა. მაღალტექნოლოგიური პროდუქტების წარმოებაში ჩვიდმეტი ელემენტი გამოიყენება.

„ამ ვითარებაში, ვაშინგტონი ცენტრალურ აზიას სტრატეგიული რესურსების ალტერნატიულ წყაროდ მიიჩნევს. ამიტომ, იშვიათ ლითონებზე წვდომისა და რეგიონში ჩინეთის გავლენის შეზღუდვის საკითხები, სავარაუდოდ, დღის წესრიგში მაღალ ადგილს დაიკავებს“, - ამბობს ტაჯიკი პოლიტოლოგი მუჰამედ შამსუდინოვი.

ეს დასტურდება სამიტის წინ რეგიონში ამერიკელი ოფიციალური პირების ვიზიტებით. სამხრეთ და ცენტრალურ აზიაში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სერჯიო გორი და სახელმწიფო მდივნის მოადგილე კრისტოფერ ლანდაუ უზბეკეთსა და ყაზახეთს ეწვივნენ, ხოლო სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ვიზიტების მიზანი იყო „ამ საჭირო მინერალური რესურსებისა და ენერგიის სფეროში ვაჭრობისა და ინვესტიციების განხილვა, ასევე რეგიონული პარტნიორობა C5+1-ფორმატში“.

უზბეკეთის პრეზიდენტი შავკათ მირზოევი (მარცხნივ) და სამხრეთ და ცენტრალური აზიის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სერჯიო გორი. ფოტო: უზბეკეთის პრეზიდენტის პრესსამსახური

ეს ძალიან მნიშვნელოვანი წიაღისეული აპრილში სამარყანდში გამართული ცენტრალური აზია-ევროკავშირის სამიტის დღის წესრიგის მთავარი თემა იყო. სამიტის წინ ასტანამ გამოაცხადა ცენტრალურ ყაზახეთში იშვიათი მიწის ელემენტების დიდი - 20 მილიონი ტონის მარაგის მქონე საბადოს აღმოჩენის შესახებ. რიცხვი დაუდასტურებელია, მაგრამ თუ შეფასებები ზუსტია, ამან შეიძლება ქვეყანა მარაგების მხრივ მესამე ადგილზე გაიყვანოს ჩინეთისა და ბრაზილიის შემდეგ.

თუმცა, ცენტრალურ აზიაში იშვიათი მიწის ელემენტების წარმოების პერსპექტივები გაურკვეველი რჩება. ამერიკული ანალიტიკური ცენტრი Atlantic Council-ი აღნიშნავს, რომ მთავარი დაბრკოლებებია მაღალი სატრანზიტო ხარჯები, ექსპორტის ინფრასტრუქტურის ნაკლებობა და „მაღალი რისკის მქონე საინვესტიციო გარემო, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს კომერციულ სიცოცხლისუნარიანობას“.

ყაზახეთმა და აშშ-მა ხელი მოაწერეს შეთანხმებას რკინიგზის ლოკომოტივების შესახებ. ნიუ-იორკი, 2025 წლის 22 სექტემბერი

„აღარ გადაიქცევიან მოსკოვისა და პეკინის უშუალო სატელიტებად“

ის ფაქტი, რომ რეგიონის ქვეყნები გლობალურ ინტერესს წარმოადგენენ როგორც ჯგუფი, და არა ინდივიდუალურად, რეგიონისთვის დადებით სიგნალად უნდა აღიქვათ, ამბობს ალიშერ ილხამოვი, დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული კვლევითი ცენტრის Central Asia Due Diligence-ის დამფუძნებელი.

ამ პოლიტიკის ფასი, რა თქმა უნდა, იქნება მოსკოვის მხრიდან თავდასხმების ზრდა...

„თუ რეგიონის ქვეყნებს სურთ შეინარჩუნონ და გააუმჯობესონ თავიანთი საერთაშორისო სტატუსი, მათ უნდა განაგრძონ მუშაობა ცენტრალური აზიის ფარგლებში ინტეგრაციისთვის“, - აღნიშნავს ილხამოვი. - „დასავლეთთან კავშირების წყალობით, განსაკუთრებით ასეთი სამიტების მეშვეობით, რეგიონის ქვეყნებს შეუძლიათ მრავალვექტორიანი საგარეო პოლიტიკის გატარება და აღარ გადაიქცევიან მოსკოვისა და პეკინის უშუალო სატელიტებად. ამ პოლიტიკის ფასი, რა თქმა უნდა, იქნება მოსკოვის მხრიდან თავდასხმების ზრდა, რასაც ჩვენ უკვე ვხედავთ".

ვაშინგტონის სამიტის გამოცხადებისთანავე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დასავლეთი დაადანაშაულა „ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნების რუსეთისგან მოწყვეტის“ მცდელობაში და პირობა დადო, რომ მოსკოვი ამ მცდელობებს წინააღმდეგობას გაუწევდა.

ვაშინგტონის შეხვედრა დუშანბეში გაიმართება ცენტრალური აზია-რუსეთის სამიტიდან ერთი თვის შემდეგ, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხაზი გაუსვა კრემლისთვის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას და დაარწმუნა თავისი პარტნიორები, რომ მოსკოვი კვლავ რჩება მთავარ მოკავშირედ და უსაფრთხოების გარანტად. თუმცა, დუშანბეში რუსეთსა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს შორის მნიშვნელოვანი საინვესტიციო შეთანხმებები არ გაფორმებულა. მოსკოვს ეკონომიკური კრიზისის პირობებში ჩანს, არ სურს რეგიონში ინვესტირება მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთელ მეზობლებს თავისი გავლენის სფეროს ნაწილად მიიჩნევს.

ცენტრალური აზიის ქვეყნები თავად ცდილობენ ორიენტირებას რუსეთის, ჩინეთის (რომელიც აქტიურად აფართოებს თავის ეკონომიკურ ყოფნას რეგიონში) და დასავლეთის ინტერესებს შორის. ყაზახეთს, ალბათ, ყველაზე რთული პერიოდი უდგას: ვაშინგტონის შემდეგ, ტოყაევი სახელმწიფო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრება. პუტინთან მისი შეხვედრა 12 ნოემბერს არის დაგეგმილი.

ყაზახეთი და რუსეთი ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით, „განწირულნი“ არიან მარადიული ალიანსისთვის, სტრატეგიული პარტნიორობისთვის და, საბოლოო ჯამში, მეგობრობისთვის...

„დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ მოვლენას და ვემზადებით მისთვის. გვჯერა, რომ გარკვეული გაგებით, ეს იქნება მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობისა და ალიანსისთვის დამატებითი იმპულსის მიცემის მხრივ. [ყაზახეთსა და რუსეთს შორის] მსოფლიოში ყველაზე გრძელი სახელმწიფო საზღვარი გვაქვს - 7 591 კილომეტრიანი. და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული კავშირები მიუთითებს, რომ ყაზახეთი და რუსეთი ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით, „განწირულნი“ არიან მარადიული ალიანსისთვის, სტრატეგიული პარტნიორობისთვის და, საბოლოო ჯამში, მეგობრობისთვის“, - განაცხადა ტოყაევმა პუტინთან შეხვედრაზე დუშანბეში ოქტომბრის სამიტის ფარგლებში.

ამ დიალოგის შემდეგ, ტოყაევმა და პუტინმა ორჯერ ისაუბრეს ტელეფონით. ოფიციალური არხები იუწყებიან, რომ მხარეებმა განიხილეს მომავალი ვიზიტის „მომზადების გარკვეული ასპექტები“. წლის დასაწყისიდან ყაზახეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ტელეფონით სულ ცხრაჯერ ისაუბრეს.

ადამიანის უფლებები ცენტრალურ აზიაში

სამიტის წინ აშშ-ში დაფუძნებულმა ადამიანის უფლებათა დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ Human Rights Watch-მა განაცხადა, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებში რეპრესიები, მედიაზე და მთავრობის ოპონენტებზე ზეწოლა ძლიერდება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე დაყრდნობით, ჯგუფმა აღნიშნა, რომ რეგიონიდან მოდის სარწმუნო ცნობები სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების წამების, არასათანადო მოპყრობისა და თვითნებური დაკავების შესახებ; გამოხატვის თავისუფლება მკაცრად შეზღუდულია; ჟურნალისტები დევნიან თავიანთი საქმიანობის გამო; კორუფცია ფართოდ არის გავრცელებული.

HRW-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორმა, ჰიუ უილიამსონმა მოუწოდა მომავალ სამიტის მონაწილეებს, პრიორიტეტი მიენიჭებინათ ადამიანის უფლებებისთვის.

თუმცა, დამკვირვებლების აზრით, ეს მოწოდება ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმემ გაითვალისწინოს. „მე აღვნიშნავდი ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციის შესუსტებას ჩვენს რეგიონში ადამიანის უფლებების საკითხებთან დაკავშირებით“, - ამბობს ალიშერ ილხამოვი. - „პრიორიტეტების თვალსაზრისით, საკითხმა წინა პრეზიდენტის დროს უკვე გადაიწია მეორე პლანზე, მაგრამ ახლა ეს ტენდენცია გაძლიერდა. ამის ატანა შესაძლებელი იქნებოდა, თუ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის ფართომასშტაბიან დახმარებას განაახლებდა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ ომის შედეგს უდიდესი გავლენა ექნება როგორც გლობალურად, ასევე ცენტრალური აზიის პოლიტიკურ კლიმატზე, მათ შორის ადამიანის უფლებების საკითხებზე“.

ერიკა მარატი მიიჩნევს, რომ დღის წესრიგიდან არა მხოლოდ ადამიანის უფლებების საკითხები გამოირიცხება, არამედ დემოკრატიისა და კლიმატის ცვლილების საკითხებიც, რომლებიც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს წამოიჭრა.

„ბაიდენის დროს განიხილებოდა ცენტრალური აზიის ენერგეტიკული უსაფრთხოება და ენერგიის ალტერნატიული წყაროები, მაგრამ ყურადღება ახლა, სავარაუდოდ, უფრო კონკრეტულ ეკონომიკურ და რესურსების მიმართ ინტერესებზე გადაინაცვლებს“, - აღნიშნავს მარატი. - „რაც შეეხება უკრაინაში ომს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დეტალური განხილვას მოხდეს. თუმცა, ტრამპმა შეიძლება წამოჭრას რუსეთის მიერ ცენტრალური აზიის ქვეყნების მეშვეობით სანქციებისგან თავის არიდების საკითხი და ამ მიმართულებით ზეწოლა მოახდინოს - განსაკუთრებით ენერგეტიკასთან, სამხედრო და სტრატეგიულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ სფეროებში“.

რეგიონის ლიდერების ვაშინგტონში მოწვევის მიღებამდე ცოტა ხნით ადრე აშშ-ის კონგრესის წევრებმა ტრამპს მოუწოდეს, ჩაეტარებინა წელს C5+1-სამიტი. რესპუბლიკელმა პატრიკ ჰეიზენგმა და დემოკრატმა სიდნი კაი კამლაგერ-დაუვმა პრეზიდენტს წერილი მისწერეს, რომელშიც აღნიშნეს, რომ C5+1-პლატფორმის 10 წლის იუბილე შეერთებულ შტატებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, გააღრმაოს თანამშრომლობა ცენტრალურ აზიასთან და „წინ წაწიოს აშშ-ის სტრატეგიული მიზნები რეგიონში, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა, ეკონომიკური კავშირები, რბილი ძალა და ეფექტური მმართველობა“.

ამ ომის [რუსეთ-უკრინის] შედეგს უდიდესი გავლენა ექნება როგორც გლობალურად, ასევე ცენტრალური აზიის პოლიტიკურ კლიმატზე, მათ შორის ადამიანის უფლებების საკითხებზე...

კონგრესმენები პირდაპირ არ შეხებიან ადამიანის უფლებების საკითხს. თუმცა მათ იმედი გამოთქვეს, რომ „მოგვარდება აშშ-ს მიერ დაფინანსებით მოქმედი საინფორმაციო მაუწყებლების ჟურნალისტების აკრედიტაციის პრობლემა“.

რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახურის, „აზატიკის“ და რადიო თავისუფლების ტაჯიკური სამსახურის, „ოზოდის“ ჟურნალისტებს აკრედიტაციის მიღებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. ყაზახეთში აკრედიტაციასთან დაკავშირებული დავა სასამართლო დარბაზშიც გადავიდა, სადაც მოპასუხე მხარემ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რადიო თავისუფლების ოფისი დარღვევებში დაადანაშაულა, რასაც ჟურნალისტების დამცველმა გუნდმა უსაფუძვლოდ უწოდა. საერთაშორისო ორგანიზაციებმა არაერთხელ მიმართეს ასტანას და დუშანბეს, რათა „აზატიკის“ თანამშრომლებს ქვეყანაში შეუფერხებლად მუშაობის საშუალება მიეცეთ.

ასევე ნახეთ

გამოხმაურება მედვედევის პოსტზე: ყაზახეთში „პირდაპირი საფრთხე“ დაინახეს. მოსკოვის „შესუსტებული გავლენა“კატებთან თამაშით „ალაბუგაში“ - როგორ იტყუებენ მოზარდებს დრონების ასაწყობად ცენტრალური აზიიდან რუსეთშიყაზახეთში სასამართლომ კანონიერად ცნო საგარეო საქმეთა სამინისტროს უარი რთე/რთ-ის ჟურნალისტების აკრედიტაციაზესომხეთისა და აზერბაიჯანის შემდეგ ყაზახეთი? როგორ მუშაობს რუსეთის აგენტურა ცენტრალურ აზიაშიცენტრალური აზიის ბანკები სულ უფრო ხშირად ამბობენ უარს რუსული კომპანიების მომსახურებაზე ანომალიური ხმები და პუტინი თურქმენბაშის გზაზე