განსხვავებული აქცენტები გაეროს ტრიბუნიდან და ტრამპთან კომუნიკაციის იმედი "ოცნებაში"

მიხეილ ყაველაშვილმა გაეროს ტრიბუნიდან მსოფლიო ლიდერებს 25 სექტემბერს ქართულად მიმართა.

ოკუპაციასა და ომზე ლაპარაკი, რუსეთის აგრესიის ხსენების გარეშე და საქართველოს პერსპექტივებზე ლაპარაკი, ევროკავშირში გაწევრიანების მიზნის ხსენების გარეშე - რა არ თქვა და რა თქვა განსხვავებული მიხეილ ყაველაშვილმა გაეროს ტრიბუნიდან?

უპირატესად “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მიერ დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგიის არჩეულმა პრეზიდენტმა გამოხატა მზაობა - „უკლებლივ ყველა ქვეყანასთან დიალოგისათვის“.

ყაველაშვილის აქცენტები განსხვავდებოდა როგორც სამეზობლოს ლიდერების გამოსვლებისგან, ასევე გაეროს ტრიბუნაზე საქართველოს სახელით წინა წლებში გამოსული პრემიერების რიტორიკისგანაც.

განსხვავებები, მსგავსებები

მიხეილ ყაველაშვილს საერთოდ არ უხსენებია, მაგალითად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი, რაც ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო - “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის შარშანდელ გამოსვლაში და შედარებით უფრო მკაფიო იყო 2023 წელს - ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დასმულ აქცენტებს შორის.

ყაველაშვილმა ევროკავშირი, ერთ ეპიზოდში, აშშ-ისა და ჩინეთის შემდეგ, "თუ სხვას" წინ ახსენა, როგორც ერთ-ერთი ძლიერი ეკონომიკა - რომელთანაც საქართველოს “კონსტრუქციული, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთსარგებლობაზე დაფუძნებული ურთიერთობები“ სურს და დასძინა - ყველასგან „პატივისცემას, სამართლიან და ღირსეულ დამოკიდებულებას“ ვითხოვთო.

  • შარშან სექტემბერში, გაეროს ტრიბუნიდან, პრემიერ-მინისტრმა, კობახიძემ იმედი გამოხატა, რომ: „საქართველოს სურვილი, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, 2030 წლისთვის ასრულდება“.
  • მალევე, უკვე ნოემბრის მიწურულს, ასევე კობახიძემ გამოაცხადა “ოცნების” ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ - 2028 წლის ბოლომდე მთლიანად აჩერებენ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას - რაც აუცილებელი ეტაპია ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ამ ეტაპზე ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია.


მანამდე, 2023 წელს, გაეროს გენასამბლეის სხდომაზე, აწ უკვე პოლიტიკიდან წასულმა ექსპრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროინტეგრაციის მიმართ საქართველოს მტკიცე ერთგულებას გაუსვა ხაზი და ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის სიკეთეც ახსენა, როგორც საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი.

2025 წელს კი, სავიზო ლიბერალიზაციის შენარჩუნება უკვე სათუო საკითხია, ბრიუსელთან დაძაბული ურთიერთობების ფონზე - “ქართული ოცნების” პოლიტიკისა და დემოკრატიული უკუსვლის გამო. ყაველაშვილს არც ამ გამოწვევაზე უსაუბრია და არც - საქართველოს დაძაბულ შიდა პოლიტიკაზე.

ღარიბაშვილი შარშანწინ აღნიშნავდა, რომ საქართველო ლიდერი იყო „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნებს შორის. ეს ფორმატი, რომელშიც უკრაინა, მოლდოვა და საქართველო შედიოდნენ - პრაქტიკულად აღარ არსებობს - საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე ამ ორ ქვეყანას მნიშვნელოვნად ჩამორჩა.

საქართველოზე, უკრაინაზე, რუსეთზე

“საქართველო დამოკიდებულია რუსეთზე!” - 24 სექტემბერს, გაეროს ტრიბუნიდან საქართველო ევროპისთვის დაკარგულ ქვეყნად მოიხსენია უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ; ხოლო მოლდოვის შესახებ - თქვა, რომ “თავს იცავს რუსეთის ჩარევისგან” და მას მეტი მხარდაჭერა სჭირდება.

ზელენსკი "ქართულ ოცნებაში" გააკრიტიკეს.

ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ომში მყოფ უკრაინაზე კომენტარის გაკეთება არ სურს, თუმცა მაინც თქვა, “მძიმე მდგომარეობაა უკრაინაში, არამარტო ომთან დაკავშირებით, ეკონომიკასთან დაკავშირებით, არამედ დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით” და რომ “თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე”, როცა ასეთ დროს უკრაინის პრეზიდენტი საქართველოზე სალაპარაკოდ იცლის.

ყაველაშვილს კი კობახიძემ მადლობა გადაუხადა “ძალიან ღირსეული გამოსვლისთვის” და “საკვანძო ეროვნულ ინტერესებზე” საუბრისთვის. გაეროს ტრიბუნაზე ნათქვამი სიტყვა "ქართული ოცნების" ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმაც შეაქეს.

„უკვე მეოთხე წელია, რაც უკრაინაში საშინელი სისხლისმღვრელი ომი მიმდინარეობს, რომელსაც კატასტროფული შედეგები და უზარმაზარი ადამიანური მსხვერპლი მოჰყვა“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა გაეროს ტრიბუნიდან, 25 სექტემბერს. მან პარალელები 2008 წლის აგვისტოს ომთანაც გაავლო, თუმცა გვერდი აუარა რუსეთის სასტიკ აგრესიაზე საუბარს - როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში.

2008 წლის ომის შემდეგ რუსეთის შეუსრულებელი ვალდებულებები მას საერთოდ არ უხსენებია, ისევე, როგორც ირაკლი კობახიძეს - 2024 წელს. მათგან განსხვავებით ირაკლი ღარიბაშვილმა, 2023 წელს, მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, „დაარწმუნოს რუსეთის ფედერაცია, ჩაერთოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და განახორციელოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“.

2023 წლის შემდეგ მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის შეცვლილი - ახლა “ქართული ოცნების” ხელისუფლება 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში ღიად ადანაშაულებს არა რუსეთს, არამედ ქართულ მხარეს. ამ მოსაზრების დამკვიდრებაზე სადავო პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამაც ["წულუკიანის კომისია"] იზრუნა.

ასევე ნახეთ მზაობა დიალოგისთვის „უკლებლივ ყველა ქვეყანასთან“ - ყაველაშვილის სიტყვა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე
ასევე ნახეთ „ღირსების დაბრუნება“, მიმართვა ოკუპირებულ ტერიტორიებს - კობახიძის აქცენტები გაეროს გენერალურ ასამბლეაზე


მიხეილ ყაველაშვილს, 25 სექტემბერს, არ უხსენებია ე.წ. გლობალური ომის პარტია/დიპ სტეიტი - რომელზეც ჯერ კიდევ “ხალხის ძალაში” ყოფნისას ლაპარაკობდა და ამის საფუძველზე აკრიტიკებდა დასავლეთს, როგორც რუსეთის წინააღმდეგ ომში საქართველოს ჩათრევის მოსურნეს. ამ ხაზს დღემდე ინარჩუნებს „ქართული ოცნებაც“, დეტალების დაკონკრეტებისა და გვარების დაასახელების გარეშე. ცხადია, ყაველაშვილს ტრიბუნიდან არც ის უთქვამს, რომ„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დონალდ ტრამპის ძალისხმევას, არცთუ იშვიათად, ეჭვით უყურებენ და ზოგჯერ, აშშ-ის პრეზიდენტს „დიპ სტეიტის“ ნაწილადაც განიხილავენ.

„საქართველოს ომში ჩათრევის“ მცდელობები და შეთქმულების თეორიები „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ - წინა წლებში, გაეროს ტრიბუნიდან, არც კობახიძეს ან ღარიბაშვილს უხსენებიათ.

მიხეილ ყაველაშვილმა აშშ-ის პრეზიდენტი ახსენა.

ის მიესალმა დონალდ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევას, როგორც სამხრეთ კავკასიაში, ასევე უკრაინაში - "რუსეთ-უკრაინის სისხლისმღვრელი ომის" მალე დასასრულებლად.

ყაველაშვილმა ტრამპის "საშვიდობო ინიციატივად" მოიხსენია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმება, რასაც ბაქო და ერევანი ისტორიულ მოვლენად მიიჩნევენ.


"საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა და აქტიურად იღვწოდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად, ისევე როგორც, მეზობლებს შორის ურთიერთნდობისა და თანამშრომლობის გასაღრმავებლად. საუკუნეების მანძილზე, ჩვენი ქვეყანა ცივილიზაციათა გზაჯვარედინსა და განსხვავებულ კულტურათა დიალოგის სივრცეს წარმოადგენდა. დღეს საქართველო იბრუნებს თავის ისტორიულ ფუნქციას“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ დიდი მადლიერებითა და მეტი მხარდაჭერის იმედით ილაპარაკეს, ნიუ-იორკში, როგორც უკრაინის, ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

24 სექტემბერს, ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპმაც მიიღო, ხოლო შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტისგან მსოფლიომ რუსეთის მიმართ საკმაოდ მკაცრი გზავნილებიც მოისმინა. პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას, პარტნიორების დახმარებით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შეუძლია.

  • გაეროს გენასამბლეის ტრიბუნიდან ილჰამ ალიევმა აშშ-ში აგვისტოს ვიზიტი გაიხსენა და მადლობა გადაუხადა დონალდ ტრამპს - ურთიერთობების სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლების ინიციატივისთვის.
  • ახლო წარსულში აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი გახდა სომხეთიც.
  • საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა კი აშშ-მა გასულ წელს შეაჩერა. პრეზიდენტ ტრამპს წინამორბედის გადაწყვეტილება არ შეუცვლია.


ასევე ნახეთ ყაველაშვილის თქმით, ტრამპი დაჰპირდა, რომ ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყების საკითხზე დაუკავშირდება

ნიუ-იორკში, გაეროს გენასამბლეაზე ვიზიტად მყოფმა მიხეილ ყაველაშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ის საერთო ვახშამზე პრეზიდენტ ტრამპს შეხვდა; უთხრა, რომ დროა, ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყონ და მიიღო დაპირებაც, რომ - ის ამ საკითხს “დაუბრუნდება”. საუბარია პრეზიდენტ ტრამპის და მელანია ტრამპის სახელით გამართულ მიღებაზე, 23 სექტემბერს, რომლის დროსაც, აშშ-ში საქართველოს ელჩის, თამარ ტალიაშვილის განმარტებით, მიხეილ ყაველაშვილმა დონალდ ტრამპთან “საზეიმო შეხვედრა, კომუნიკაცია გამართა”. მსგავს მიღებზე პრეზიდენტ ბაიდენის სახელით მიწვევა შარშან გაუუქმეს ირაკლი კობახიძეს.

აშშ-ის პრეზიდენტის მიღებაზე ფოტო და ვიდეო-გადაღება დაშვებული არ არის. მიწვეული სტუმრები მასპინძელთან ფორმალურ ფოტოს მიღების დაწყებამდე იღებენ. მსგავსი ფოტოები წელს არ გავრცელებულა.

ოპოზიციაში ირონიულად დაინტერესდნენ - რა ენაზე ესაუბრა დონალდ ტრამპს მიხეილ ყაველაშვილი, რომელმაც, გაეროს ტრიბუნიდან სიტყვა მშობლიურ ენაზე წარმოთქვა.

25 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 80-ე სესიაზე, მიხეილ ყაველაშვილი 10 წუთის განმავლობაში ქართულ ენაზე მიმართავდა მსოფლიო ლიდერებს. მშობლიურ ენას გაეროს გენასამბლეაზე სხვა ლიდერებიც ირჩევენ, თუმცა საქართველოდან წარგზავნილები, წინა წლებში, იმავე ტრიბუნიდან ძირითადად ინგლისურ ენაზე საუბრობდნენ.

ახლო წარსულში ყაველაშვილმა დონალდ ტრამპს წერილიც გაუგზავნა, რომელშიც ექსპერტებმა უხეში ტონი და მუქარაც დაინახეს.

25 სექტემბერს ჟურნალისტებისთვის მას არ უთქვამს - მოიკითხა თუ არა წერილის ბედი, აშშ-ის პრეზიდენტთან კომუნიკაციისას.

26 სექტემბერს ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ აშშ-ისთან ურთიერთობების გადატვირთვა და "სუფთა ფურცლით დაწყება" "ქართული ოცნების" მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტად რჩება და დონალდ ტრამპთან კომუნიკაციასაც მოთმინებით დაელოდებიან.