Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახშირებული ვიზიტები, რეგიონში შეცვლილი ვითარება - აზერბაიჯანელი მინისტრი თბილისში


ჯეიჰუნ ბაირამოვმა 22 ივლისს პირველი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართა.
ჯეიჰუნ ბაირამოვმა 22 ივლისს პირველი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართა.

„ჩვენი ურთიერთობები კარგა ხანია გასცდა ორმხრივი ურთიერთობების ჩარჩოებს, მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონული მნიშვნელობა და ძალიან დიდი გლობალური მნიშვნელობაც“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა 22 ივლისს, როცა თბილისში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა.   

საგარეო უწყების ხელმძღვანელის გარდა, აზერბაიჯანელი მინისტრი ასევე შეხვდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სხვა ლიდერებს - პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და მიხეილ ყაველაშვილს, უპირატესად “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მიერ დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგიის მიერ არაპირდაპირი გზით არჩეულ პრეზიდენტს.

განხილვის მთავარ თემებს შორის, ტრადიციულად, დასახელდა: ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტები, შუა დერეფნის პერსპექტივები, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები - ზრდის დადებითი ტენდენციით, მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობა რეგიონში.

ბაქოსა და თბილისს შორის ურთიერთობა გახშირებული მაღალი დონის ვიზიტებით გამოირჩევა, განსაკუთრებით მას შემდეგ - რაც პრაქტიკულად შეწყვეტილია ასეთი კომუნიკაცია თბილისსა და ბრიუსელს, თბილისსა და ვაშინგტონს შორის.

აზერბაიჯანი ქვეყნების იმ შეზღუდულ წრეს მიეკუთვნება, რომლებმაც არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს „ქართულ ოცნების“ კანდიდატებს როგორც საპარლამენტო, ასევე - საპრეზიდენტო არჩევნებში. ბაქოდან ეს მილოცვები რამდენჯერმე განმეორდა.

ჯეიჰუნ ბაირამოვმა 22 ივლისს, თბილისშიც განაცხადა, რომ - „გასულ წელს საქართველოში ძალიან დიდი წარმატებით დასრულდა საპარლამენტო არჩევნები, რის შემდეგაც, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი სწორედ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში განხორციელდაო”.

ვითარება რეგიონში - როგორც შესაძლებლობა

ერთგვარად შესაძლებლობად შეიძლება განვიხილოთ ის გეოპოლიტიკური მოცემულობა, რომელიც დღეს არის, იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის ინტერესების დაცვით, საქართველოსა და აზერბაიჯანის ინტერესების გათვალისწინებით, განვავითაროთ ფართო თანამშრომლობა რეგიონის სხვა ქვეყნებთან და რა თქმა უნდა, უფრო მეტად გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს გააჩნიათ ამ მოცემულობაში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა ერთობლივ ბრიფინგზე, სადაც ჟურნალისტებს შეკითხვის დასმის საშუალება არ ჰქონდათ.

მანამდე, მან აზერბაიჯანთან თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობის კონტექსტში აღნიშნა - ცენტრალური აზიის ქვეყნებთან საქართველოს დაახლოებაც.

ხაზი გაესვა ასევე სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატს - საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის - „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი და ამ კონტექსტშიც საქართველო ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობის გაძლიერებას“.

ბოჭორიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ყურადღებით ადევნებს თვალ-ყურს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესებს და კვლავაც მზად არის - წვლილის შესატანად სამი ქვეყნის ურთიერთობებში.

საქართველოსთან დაკავშირებით კი, მან აღნიშნა, რომ „მთავარ უსაფრთხოების გამოწვევად რჩება“ ორი რეგიონის ოკუპაცია, თუმცა არ უხსენებია, ვის მიერ არის ოკუპირებული საქართველოს ორი რეგიონი.

ფართო რეგიონში არსებულ ვითარების შეფასებისას, ბოლო დროს ექსპერტები ხაზს უსვამენ - ურთიერთობების დაძაბვას რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის, ბაქოს მიერ უკრაინის მკაფიო მხარდაჭერას და მეტ კავშირს - დასავლეთთან, როგორც ბაქოს, ასევე ერევნის შემთხვევაში, რაც საქართველოს დღევანდელი მდგომარეობისგან განსხვავებულია.

იანვარში, ბაქოში შეხვედრისას, ბოჭორიშვილმა და ბაირამოვმა ილაპარაკეს - აზერბაიჯანისა და საქართველოს წინააღმდეგ „საგარეო ჩარევის“ და მის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებაც.

22 ივლისს, თბილისში, მსგავსი აქცენტები აღარ დასმულა.

  • 2025 წლის 25 აპრილს, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის აზერბაიჯანში ვიზიტის დროს, ბაქო და ბრიუსელი შეთანხმდნენ განაგრძონ მოლაპარაკებები პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ ახალი დოკუმენტის გარშემო;
  • კაია კალასი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმაც მიიღო - შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობის გაფართოებაზე, მათ შორის - ენერგეტიკული და სატრანსპორტო მიმართულებებით.


პარალელურად დაძაბულია ურთიერთობები თბილისსა და ბრიუსელს შორის, შეწყვეტილია მაღალი დონის ვიზიტები, დახმარების პროგრამები, სასწორზე დევს უვიზო რეჟიმი.

22 ივლისს, პროსახელისუფლებო “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში მაკა ბოჭორიშვილმა განმარტა, რომ ევროკავშირი სავიზო ლიბერალიზაციის თემას იყენებს “ინსტრუმენტად - ქართულ საზოგადოებაზე ზეწოლისთვის”, ისევე, როგორც ეს კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში გააკეთა და ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან იყო საქართველოს არჩევნებში “უპრეცედენტო ჩარევის მცდელობები”.

რუსეთის გაწევა - ამერიკის აქტიურობა

11 ივლისს, სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა ექსპერტებისთვის იყო ნათელი სიგნალი იმისა, რომ - სამხრეთ კავკასიის ორმა ქვეყანამ რუსეთს საბოლოო უარი უთხრა მანიპულაციებით აღსავსე შუამავლობაზე.

პარალელურად, დაიწყო ლაპარაკი იმის შესახებაც, რომ-აზერბაიჯანის ექსკლავთან დამაკავშირებელი სომხეთის სახმელეთო გზა შესაძლოა ამერიკულმა კომპანიამ გააკონტროლოს.

16 ივლისს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ განიხილება აშშ-ის შეთავაზება - სახმელეთო გზა მართვაში გადაეცეს ამერიკული კომპანიას და რომ ამ საკითხზე სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებებზეც იმსჯელეს.

კონკრეტულად, ლაპარაკია სომხეთისთვის საკვანძო სიუნიქის რეგიონზე გამავალი გზაზე, რომელსაც აზერბაიჯანი „ზანგეზურის დერეფანს“ უწოდებს. 43 კილომეტრიანი ეს გზა წარმოადგენს სახმელეთო კავშირის ერთადერთ შესაძლებლობას აზერბაიჯანისთვის - დაუკავშირდეს თავის ექსკლავს - ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას, რომელსაც, სომხეთის გარდა, ესაზღვრება თურქეთი და ირანი.

ამერიკულ კომპანიასთან დაკავშირებით ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ბევრი ამ საკითხს სკეპტიკურად უყურებს - თუმცა არც გადაულახავი წინაღობა გამოჩენილა.

თავად ფაშინიანის განცხადებები ადასტურებს - რომ მზად არის ნება დართოს უცხოურ კომპანიას - აკონტროლოს ადამიანებისა და ტვირთის გადაადგილება სომხეთის კუთვნილი სახმელეთო მარშრუტზე. სომხეთის მოქალაქეების სკეფსისს - საგარეო საქმეთა სამინისტროდან უპასუხეს, რომ ყველა გადაწყვეტილება „სომხეთის სუვერენიტეტის, იურისდიქციისა და ტერიტორიული მთლიანობის“ პირობით იქნება მიღებული.

ექსპერტები არ არიან დარწმუნებული, რომ - აზერბაიჯანი დაეთანხმება გზის გარე მართვაში გადაცემას - მისი თავდაპირველი მოთხოვნა „ზანგეზურის დერეფნის“ გახსნა იყო, შესაბამისი კონტროლის უფლებით. თუმცა ამერიკელების გააქტიურება მათთვის რუსეთის დასუსტების მკაფიო ნიშანია. პრეზიდენტი ალიევი თავიდანვე გამოხატავდა იმედს, რომ შეძლებდა მჭიდრო ურთიერთობების განვითარებას პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან.

ჯეიჰუნ ბაირამოვმა, 22 ივლისს, იმედი გამოხატა, რომ მალე მოხერხდება მარტში შეთანხმებული სამშვიდობო დოკუმენტის ხელმოწერა ბაქოსა და ერევანს შორის - თუმცა, მისი თქმით, ამისათვის სომხეთს ცნობილი პირობების შესრულება მოუწევს. ერთ-ერთი პირობა სწორედ „ზანგეზურის დერეფნის“ გახსნას უკავშირდება.

ამ პერსპექტივით შეშფოთებულია ირანი.

გერმანიის საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის მკვლევარი, ჰამიდრეზა აზიზი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ეს გეგმა „ირანს დააკარგვინებს ბუნებრივ სახმელეთო კავშირს სამხრეთ კავკასიასთან, სომხეთის გავლით“, რაც „გეოპოლიტიკური დახრჩობის“ ტოლფასია.

„ირანი თითქმის სრულად იქნება დამოკიდებული აზერბაიჯანზე, ვაჭრობის კუთხით - არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიასთან, არამედ რუსეთთან და ევროპასთანაც“, - აზიზის შეფასებით, ასეთ შემთხვევაში, დაკნინდება ასევე ირანის, როგორც პარტნიორის წონა ჩინეთის ინიციატივის - „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ჭრილშიც.

რუსეთში მწვავე გაღიზიანება გამოიწვია ილჰამ ალიევის ღია მხარდაჭერამ უკრაინის მისამართით, მოსკოვთან ისედაც დაძაბული ურთიერთობების ფონზე.

„დიდი მადლობა თქვენ. მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებთ. ასევე გააგრძელეთ“, - უთხრა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა უკრაინის დელეგაციას, საჩუქრად უკრაინელ სამხედროთა „შევრონების“ მიღების შემდეგ - 19 ივლისს, აზერბაიჯანში გამართულ "შუშის გლობალური მედიის მესამე ფორუმზე".

ალიევმა ასევე ურჩია უკრაინელებს - „არასოდეს შეეგუონ ოკუპაციას“.

“ალიევის განცხადებები მიუთითებს რუსეთის დასუსტებაზე სამხრეთ კავკასიასა და მთლიანად - პოსტსაბჭოთა სივრცეში. ეს ნიშანია, რომ რუსეთის აღარ ეშინიათ. ცხადია, აზერბაიჯანის პრეზიდენტს საკუთარ ძალებში რწმენასა და თავდაჯერებულობას მატებს გამარჯვება სომხეთთან ომში. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთი აღარ წარმოადგენს დომინანტ ძალას რეგიონში და ამაზე მეტყველებს უკრაინასთან რუსეთის ომიც“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პოლიტოლოგი ვლადიმირ ფესენკო და დასძენს, რომ - „მთელი თავისი სამხედრო სიმძლავრით, რუსეთმა ვერ მიაღწია პოლიტიკურ მიზნებს და ამიტომ სიტუაცია იცვლება“; საბოლოო სურათი კი გამოჩნდება აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთისთვის მიცემული ვადის [50 დღე] ამოწურვის შემდეგ.

14 ივლისს პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთს 50 დღე მისცა უკრაინაში ომის დასასრულებლად; წინააღმდეგ შემთხვევაში, სანქციებითა და ტარიფებით დაემუქრა.


გახშირებული ვიზიტები

ბოლო პერიოდში თვალში საცემად გახშირებულია მაღალი დონის ვიზიტები ბაქოსა და თბილისს შორის. მაკა ბოჭორიშვილმა 22 ივლისს აღნიშნა, რომ ეს მტკიცე პარტნიორობისა და ინტენსიური პოლიტიკური დიალოგის მაჩვენებელია, რაც კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს.

ჯეიჰუნ ბაირამოვი მაკა ბოჭორიშვილმა თბილისში 2025 წლის იანვარში მოიწვია, როდესაც თავად იმყოფებოდა ბაქოში; 22 ივლისს კი - აზერბაიჯანელმა მინისტრმა ის ისევ მიიპატიჟა ბაქოში, მას შემდეგ, რაც თავის გამოსვლაში - ბოჭორიშვილმა წელს ისევ შეხვედრის იმედი გამოხატა.

ჯეიჰუნ ბაირამოვი მანამდე თბილისს 2024 წლის ივნისში სტუმრობდა.

“ქართული ოცნების” მთავრობის წარმომადგენლებისთვის - პირველი უცხოური ვიზიტით ძირითადად აზერბაიჯანში ჩადიან.

ასე მოიქცა ირაკლი კობახიძეც 2024 წლის ნოემბერში, სადავო პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრად ხელახლა დამტკიცების შემდეგ. მანამდე, 2024 წლის მარტში იყო ჩასული ბაქოში - მალევე, ირაკლი ღარიბაშვილის შემდეგ, პრემიერად პირველად დამტკიცების კვალდაკვალ. 2025 წლის იანვარში, როცა კობახიძე კვლავ ჩავიდა აზერბაიჯანში, თავად ილჰამ ალიევმა დათვალა, რომ ეს მისი მესამე ვიზიტი იყო ბოლო 10 თვეში.

2025 წლის აპრილში, კობახიძე ალიევს ანტალიაშიც შეხვდა.

ასევე 2025 წლის აპრილში ბაქოში ჩასული იყო მიხეილ ყაველაშვილი - უპირატესად “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მიერ დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგიის მიერ არაპირდაპირი გზით არჩეულ პრეზიდენტი. ეს მისი პირველი ვიზიტი იყო საზღვარგარეთ.

უკვე 2025 წლის ივლისში, ბაქოში, პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ირაკლი კობახიძის მოკითხვა მარიამ ქვრივიშვილმა ჩაუტანა - „ქართული ოცნების“ ეკონომიკის ახალმა მინისტრმა, რომელიც პოსტზე 24 ივნისს დაინიშნა.

2023 წლის დეკემბერში, ბაქოში, ილჰამ ალიევს "ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი შეხვდა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG