Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ მივიდა ნეპალი რევოლუციამდე?


ნეპალის რევოლუცია
ნეპალის რევოლუცია

მოკლედ

  • ნეპალში მასობრივი პროტესტის შედეგად სულ მცირე 70 ადამიანი დაიღუპა და ათასზე მეტი დაშავდა.
  • პროტესტი დაიწყო სოციალური ქსელების აკრძალვის გამო, მაგრამ მალევე კორუფციის წინააღმდეგ მიმართულ მოძრაობად გადაიქცა.
  • დროებით პრემიერ-მინისტრად, ნეპალის ისტორიაში პირველად, აირჩიეს ქალი, სუშილა კარკი.

ნეპალი, რომელიც ათობით წელი ითმენდა სიღარიბეს, ერთ დღეში დენთის კასრივით აფეთქდა და გარშემო ყველაფერი გადაწვა, როგორც გადატანითი, ისე პირდაპირი მნიშვნელობით. რევოლუციის მერე ქვეყანა ახალი არჩევნებისთვის ემზადება.

ნეპალში დაღუპულებს გლოვობენ. მასობრივ პროტესტსა და არეულობას 70 ადამიანი ემსხვერპლა, ათასამდე კაცი დაშავებულია.

ნეპალის დროებითი პრემიერ-მინისტრი
ნეპალის დროებითი პრემიერ-მინისტრი

რევოლუციის, მთავრობის გადადგომისა და პარლამენტის დათხოვნის შემდეგ ნეპალში დროებით პრემიერ-მინისტრად უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე სუშილა კარკი აირჩიეს. ის 73 წლისაა და პირველი ქალი პრემიერია ნეპალის ისტორიაში. ამ კანდიდატურაზე ნეპალის პრეზიდენტი და პროტესტის მონაწილეები რამდენიმე დღე თანხმდებოდნენ. გადაწყვეტილია, რომ არჩევნები 2026 წლის 5 მარტს ჩატარდება.

ფეისბუკიდან რევოლუციამდე

ნეპალში მასობრივი პროტესტი სექტემბერთან ერთად დაიწყო. 4 სექტემბერს ნეპალის ხელისუფლებამ ქვეყანაში WhatsApp, Facebook, Instagram და კიდევ 23 სოციალური ქსელი აკრძალა, რომლებიც ნეპალის კავშირებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტროში არ იყვნენ დარეგისტრირებულები. მანამდე სასამართლომ სახელმწიფო დაავალდებულა, ონლაინ-პლატფორმები ოფიციალურად დაერეგისტრირებინა. მიზანი არასასურველი კონტენტის მონიტორინგი იყო. არავინ დარეგისტრირებულა.

ნეპალელები გლოვობენ დაღუპულებს
ნეპალელები გლოვობენ დაღუპულებს

მართალია, ხალხი ქუჩაში დაბლოკილი სოციალური ქსელების გამო გამოვიდა, მაგრამ ეს უბრალოდ ბოლო წვეთი იყო. დემონსტრანტები მალე ალაპარაკდნენ კორუფციაზე. პროტესტის მონაწილეები ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ - ე.წ. „ჯენზი“.

„აქ ვარ, კორუფცია რომ გავაპროტესტო. ქვეყანა ისეთ მდგომარეობამდე მივიდა, რომ ჩვენთვის, ახალგაზრდებისთვის აქ დარჩენა აზრს კარგავს. მშვიდობიან მიტინგზე გამოვედით, რომ ქვეყანაში ვითარების გაუმჯობესება მოგვეთხოვა, მაგრამ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ძალა გამოეყენებინა“, - ეუბნება ჟურნალისტს პროტესტის მონაწილე ბიშნუ ტაპა ჩეტრი.

ნეპალის რევოლუცია
ნეპალის რევოლუცია

დაიწყო კამპანია „ნეპო კიდს“. ხალხი ნეპალელი მაღალჩინოსნებისა და ბიზნესმენების შვილებს ამ ჰეშთეგით თაგავდნენ -#nepokids - იმის საილუსტრაციოდ თუ როგორი განცხრომით ცხოვრობენ კორუმპირებული მამების შვილები. „ნეპო კიდს და ისინი, ვისაც რამის მისაღწევად ათასი დაბრკოლების გადალახვა მოუხდა“ - ასეთი წარწერები აქვს ვიდეოებს და მათზე ნეპალის ორი რეალობაა მოცემული, ზღვარგადასული ფუფუნება და სიღატაკე.

„ნეპალში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი და შემიძლია დიდხანს ვისაუბრო ამ ხალხის განსხვავებულ კულტურასა და ტრადიციებზე, რასაც ვსწავლობდი კიდეც ერთ დროს, მაგრამ შემიძლია მოკლედ ვთქვა ის, რაც ყველაზე თვალში საცემია ნეპალში და ეს არის სიღარიბე და სოციალური უსამართლობა.

ნეპალელები არიან ძალიან მომთმენი, კანონმორჩილი და არააგრესიული ხალხი, მაგრამ იმდენად კონტრასტულია ამ ქვეყანაში უმრავლესობის ყოფა და უმცირესობის სიმდიდრე, რომ პირადად, სულ არ გამკვირვებია ის, რაც მოხდა“, - ჰყვება მწერალი დათო ტურაშვილი, - „რევოლუციების უმრავლესობას საბაბიც სჭირდება და მიზეზიც და ამ ხალხს ბევრი მიზეზი ჰქონდა ასაჯანყებლად და როგორც ჩანს, საბაბი ხელისუფლებამ მისცა ამ სულელური გადაწყვეტილებით.

ხალხს, რომელსაც ძალიან უჭირს და ერთადერთ, ვირტუალურ და ილუზიურ სამყაროსაც ართმევ ინტერნეტის სახით, აუცილებლად მოგიწყობს რევოლუციას, მიუხედავად იმისა, რომ მე არ მეგულება ნეპალელებზე არააგრესიული, მომთმენი და მორწმუნე ხალხი.

ადამიანს კი, ჩემის ღრმა რწმენით, როცა ჩაგრავს მდიდრების ხელისუფლება, არათუ აქვს აჯანყების უფლება, არამედ ევალება კიდეც ეს არამხოლოდ საკუთარი შვილების, არამედ კაცობრიობის უკეთესი მომავლისთვის...“

ცეცხლში და წყალში

კატმანდუს ქუჩაში გამოსული ხალხი შეეცადა პარლამენტში შეჭრილიყო, თუმცა პოლიციამ ისინი დაშალა. ხალხი პოლიციელებს სხვადასხვა საგანს ესროდა, ისინი კი რეზინის ტყვიებს უშენდნენ, არც წყლის ჭავლი და ხელკეტები დაუკლიათ.

ნეპალის რევოლუცია
please wait
ნეპალის რევოლუცია

No media source currently available

0:00 0:02:04 0:00

საპროტესტო გამოსვლები რამდენიმე დღე გრძელდებოდა, მსხვერპლიც დღითიდღე იზრდებოდა.

„თავზარდაცემულები ვართ დაღუპული და დაშავებული პროტესტის მონაწილეების გამო. მოვუწოდებთ გამჭვირვალე გამოძიებისკენ. ხელისუფლება პატივს უნდა სცემდეს შეკრებისა და გამოხატვის უფლებას“, - ასე გამოეხმაურა მომხდარს გაეროს ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელი რამინა შამდასანი.

დემონსტრანტებმა დაწვეს პარლამენტის შენობა, ცეცხლი წაუკიდეს ჩინოვნიკებისა და კორუფციაში ეჭვმიტანილების სახლებს. ადგილობრივი ჟურნალისტები წერდნენ, რომ სამთავრობო კვარტლიდან ათზე მეტი ვერტმფრენი აფრინდა, რომ მთავრობის წევრები კატმანდუს საერთაშორისო აეროპორტში გადაეყვანა.

თუმცა გაქცევა ყველამ ვერ მოასწრო და სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ვიდეოები, სადაც ჩანს, როგორ ესხმიან თავს მინისტრებსა და მათი ოჯახის წევრებს. The Tribune წერს, რომ ყოფილი პრემიერის ჯალანათ ხანალის სახლის დაწვისას, დაშავდა მისი მეუღლე რაჯიალქსმი ჩიტრაკარი, რომელიც შინ იმყოფებოდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ვერ გადაარჩინეს. ნეპალის ფინანსთა მინისტრი ბიშნუ ფრაზად ფაუდელი კი საცვლების ამარა ჩააგდეს მდინარეში, ურტყამდნენ და ნაპირზე ამოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ.

ცეცხლწაკიდებული პარლამენტი ნეპალში
please wait
ცეცხლწაკიდებული პარლამენტი ნეპალში

No media source currently available

0:00 0:02:49 0:00

მოკლედ ნეპალზე

„ნამასტე“ - ამ სიტყვით ეგებებიან მოსულს ნეპალელები. სტუმრებს გულღიად ხვდებიან. თუ საქართველოში ამბობენ, რომ სტუმარი ღვთისაა, ნეპალში ოდნავ სხვა გამოთქმა აქვთ - „სტუმარი ღმერთია“.

ნეპალი ინდოეთსა და ჩინეთს შორის არის მოქცეული, ჰიმალაის მთების ძირში. სიტყვა „ნეპალი“ სწორედ ამას ნიშნავს - მთის ძირში მდებარეს. მთები ნეპალის ტერიტორიის დაახლოებით 75 პროცენტს მოიცავს. ევერესტიც აქაა, ნეპალისა და ტიბეტის საზღვარზე. საკმაოდ მაღალზეა დედაქალაქი კატმანდუც - ზღვის დონიდან 1 324 მეტრზე. ნეპალის ფართობი 147 516 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს, მოსახლეობა კი 30 მილიონ ადამიანზე მეტია. ლაპარაკობენ ძირითადად ნეპალურად - ეს ენა ინდოარიულ ჯგუფს მიეკუთვნება.

ნეპალს დაახლოებით 50 წელი მეფე მართავდა. მან 1960 წელს პარლამენტი გააუქმა, მოგვიანებით კი პოლიტიკური პარტიებიც აკრძალა. კონსტიტუციის რამდენჯერმე გადაკეთების შემდეგ მონარქი ფაქტობრივად ავტოკრატიული მმართველი გახდა.

1990 წელს მთელ ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. მეფე ბირენდრა იძულებული გახდა მრავალპარტიული საპარლამენტო სისტემა ჩამოეყალიბებინა.

ნეპალის რევოლუცია
ნეპალის რევოლუცია

2008 წელს მონარქია გაუქმდა და ნეპალი დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოცხადდა.

ნეპალში პრეზიდენტის ინსტიტუტი ძლიერი არ არის. ამჟამინდელი პრეზიდენტი რამ ჩანდრა პაოდელი ამ თანამდებობაზე 2023 წელს აირჩიეს. რევოლუციის დღეებში გავრცელდა ინფორმაცია მისი გადადგომის შესახებ, რაც საბოლოოდ არ დადასტურდა. თუმცა, ფაქტობრივად, ის ერთადერთი ადამიანია, ვინც მთავრობაში ჯერ კიდევ შემორჩა. ახალ მინისტრთა კაბინეტს დროებითი პრემიერი სუშილა კარკი რამდენიმე დღეში დაამტკიცებს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG