Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმის საბჭოთა ისტორიას მკვლევრები შეისწავლიან


ბათუმის ქუჩები, შენობები, მათზე გამოკრული აბრები, იქ მცხოვრები ადამიანები და ისტორიები, რომლებიც ამ ყველაფრის მიღმა იმალება და საბჭოთა კავშირის ეპოქას უკავშირდება. სწორედ ამ პერიოდის შესწავლას იწყებს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია ბათუმში, შესწავლას იმისა, თუ რა კვალი დატოვა ძველ ქალაქში ბოლშევიკების შემოსვლამ, შემდეგ სტალინურმა ეპოქამ და საბჭოთა სოციალიზმმა.

იმ დროის ბათუმის ისტორია, უმთავრესად, გადმოცემების სახით არსებობს, თუმცა, როგორც საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი დავით ჯიშკარიანი ამბობს, არქივში დაცულია ზღვა მასალა, რომელიც ბათუმის ისტორიის რეკონსტრუქციის საშუალებას იძლევა და ქალაქის მიერ განცდილ ტრანსფორმაციას ასახავს მე19 საუკუნის ბოლოდან მეოცის ჩათვლით.

„რევოლუციური ბათუმი, რევოლუციის შემდეგ ბათუმის ყოფა, საინტერესოა 1918-21 წლების ბათუმი, აგრეთვე რა ხდებოდა 21 წლის თებერვალში და მის შემდეგ... და, რასაკვირველია, საბჭოთა ბათუმი, რომელიც ხდება მუსლიმური თემის დედაქალაქი. აქ იგულისხმება მუსლიმი აჭარლები. სწორედ ბათუმიდან იგეგმება მათი საბჭოთა მოდერნიზების პოლიტიკა. საინტერესოა, ეს ყველაფერი როგორ ხდება - როგორ იცვლება ეთნიკური შემადგენლობა ბათუმში, როგორ ქრება ეთნიკური ჯგუფი და როგორ ჩნდებიან სხვა ჯგუფები. ანუ ეს არის ერთი ქალაქის ძალიან დინამიური ისტორია, რომელიც დღვანდელ დღეს ქალაქში სეირნობისას არ ჩანს, მაგრამ რეალობაში ბათუმმა ეს ყველაფერი გადაიტანა და განიცადა“, - ამბობს დავით ჯიშკარიანი.

ზოგადად, რაც უფრო ღრმად ეცნობი ისტორიას, რწმუნდები, რომ მართლაც ძალიან ჭეშმარიტია ნათქვამი: ისტორია მეორდება. ეს თვალნათელი ხდება, რაც უფრო ღრმად შედიხარ ისტორიის სიღრმეებში.
თამარ მამეიშვილი

„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“ ყურადღებას გაამახვილებს შენობებზე, სტრატეგიულ ობიექტებსა და მათთან დაკავშირებულ ისტორიებზე, რომელიც რეგიონის ისტორიის კვალდაკვალ საინტერესოდ იცვლებოდა. მაგალითად, ბათუმის პორტი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში განაპირობებდა ქალაქში ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებას.

ლაბორატორიის კვლევის ობიექტი იქნება სასტუმრო "ინტურისტიც" და მასთან დაკავშირებული საინტერესო ისტორია, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის 80-იან წლებში იწყება.

ამ ხანებში ბათუმში ჩამოსული რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე მესამე ქალაქის რუსეთის იმპერიაში დაბრუნების ათი წლის თავის აღსანიშნავად საფუძველს უყრის ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარს, რომლის მშენებლობა 18 წელი გრძელდებოდა. ტაძარი 1932 წელს, საბჭოთა ხელისუფლების დროს დაანგრიეს და მის ნაცვლად, ცნობილი საბჭოთა არქიტექტორის, ალექსი შჩუსევის პროექტით აშენდა დღევანდელი სასტუმრო „ინტურისტი“.

სასტუმრო ინტურისტი. 1970 წელი.
სასტუმრო ინტურისტი. 1970 წელი.

რეჟისორი შოთა გუჯაბიძე, რომელიც ბათუმის ისტორიას იკვლევს, ამბობს, რომ ბათუმში ცნობილი საბჭოთა არქიტექტორის მიერ შენობის აგება ცხადყოფს, თუ რამდენად სტრატეგიულ ქალაქად განიხილავდა საბჭოთა ხელისუფლება ბათუმს. ამის დასტურად კი ერთ ისტორიასაც იხსენებს, რომელიც გასული საუკუნის 40-იან წლებს უკავშირდება - კერძოდ, ბათუმის „ინტურისტში“ იგეგმებოდა თურმე სტალინისა და ჩერჩილის ის შეხვედრა, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის ბედი გადაწყვიტა:

„იალტის ცნობილი კონფერენცია, რომელიც გაიმართა მეორე მსოფლიო ომის დროს და ამან პრაქტიკულად გადაწყვიტა სამყაროს ბედი, უნდა გამართულიყო სწორედ ბათუმში და სწორედ ამ სასტუმროში. ყველაფერი მზად იყო, როდესაც ინგლისურმა მხარემ გაუწია წინააღმდეგობა ამ იდეას იმის გამო, რომ ბათუმი საზღვრისპირა ქალაქია და ძალიან ახლოს არის თურქეთთან, რომელიც მაშინ ფაშისტების მოკავშირე იყო და უსაფრთხოების თვალსაზრისით არ დათანხმდნენ, რომ ბათუმში ჩატარებულიყო. ბუნებრივია, ჩერჩილის უსაფრთხოებაზეა საუბარი. კონფერენცია კი იალტაში გადაიტანეს. აღსანიშნავია, რომ, როგორც ამბობენ, ამ შეხვედრისთვის საგანგებო მაგიდაც იყო დამზადებული, რომელიც ბოლო დრომდე, 90-იან წლებამდე, სასტუმროს სარდაფში ინახებოდა და შემდეგ „ინტურისტის“ რეკონსტრუქციის დროს საერთოდ გაქრა“.

მსგავს ისტორიებს მოიძიებს სპეციალური ჯგუფი, რომელსაც საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია ქმნის. ეს სამუშაო ჯგუფი ბათუმის ისტორიის რეკონსტრუქციაზე იმუშავებს და, როგორც საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიაში ამბობენ, ეს იქნება ისტორია დამალული, ალტერნატიული ბათუმის შესახებ, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ქალაქის სტუმრებისთვის. აღნიშნულ პროექტს მხარს უჭერს ბათუმის დემოკრატიის სკოლა. სკოლის კოორდინატორი თამარ მამეიშვილი მიიჩნევს, რომ საბჭოთა წარსულის შესწავლა და მისი ანალიზი მნიშვნელოვანია რამდენიმე თვალსაზრისით:

„ზოგადად, რაც უფრო ღრმად ეცნობი ისტორიას, რწმუნდები, რომ მართლაც ძალიან ჭეშმარიტია ნათქვამი: ისტორია მეორდება. ეს თვალნათელი ხდება, რაც უფრო ღრმად შედიხარ ისტორიის სიღრმეებში. წარსული ეპოქის გახსენებისას, ამ შემთხვევაში კი სტალინური ეპოქის მიმოხილვისას, აშკარად ავლებ პარალელებს თანამედროვე რეალობასთან. ეს იქნება პოლიტიკური მმართველობის საკითხი, თუ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპული მიდგომები, თუნდაც განათლების სისტემაში არსებული პრობლემები, ამას ხედავ თვალნათლივ და არა ინტუიციურ დონეზე, რომ კავშირი არის ძალიან ღრმა. ამის შესწავლისა და გაანალიზების გარეშე კი შეუძლებელია დღევანდელ პრობლემებს ვებრძოლოთ და გავუმკლავდეთ. მე ვფიქრობ, რომ ამ კავშირის ჩვენების შესაძლებლობას იძლევა მსგავსი პროექტები და ნებისმიერი საგანმანათლებლო პროდუქტი“.

XS
SM
MD
LG