Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნადირობა რუსულ დრონებზე - მომავლის ომი უკრაინაში


უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე FPV დრონით ფრონტის ხაზთან ახლოს, ზაპოროჟიეს რეგიონში. 2025 წლის 25 სექტემბერი
უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე FPV დრონით ფრონტის ხაზთან ახლოს, ზაპოროჟიეს რეგიონში. 2025 წლის 25 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-5 ბრიგადის მებრძოლები ფრონტის ხაზზე უნიკალური უნარებით გამორჩეული გადამტაცი დრონებით რუსულ უპილოტო საფრენ აპარატებს ანადგურებენ. თუ გინდათ იცოდეთ, როგორი იქნება მომავლის ომები, შეხედეთ უკრაინის "მცირე ცას" დღეს.

დრონების განუწყვეტელი ზუზუნი "მცირე ცაში" კარგა ხანია რუსეთ-უკრაინის ომის ველის მთავარ ხმად იქცა. ბოლო დროს უკრაინის თავდაცვის ძალები აქტიურად ავითარებენ ე.წ. გადამტაც, გამანადგურებელ დრონებს როგორც ფრონტზე, ასევე ზურგში სამოქმედოდ.

როგორია ერთ-ერთი ასეთი უკრაინული დანაყოფის სამუშაო დღე, მოთხრობილია რადიო თავისუფლების პროექტის, Current Time-ის მიერ მომზადებულ რეპორტაჟში.

“არტილერია უნდა დადუმდეს, რათა მტერმა არ აღმოაჩინოს”

უკრაინული გადამტაცი დრონი კუდზე აზის რუსულ ОРЛАН-ს. მისი ამოცანაა, დაეწიოს და გაანადგუროს მრავალფუნქციური უპილოტო საფრენი აპარატი.

“ეს უბრალო შეტევითი ხელყუმბარაა. მსუბუქია და ნამსხვრევების გაფანტვის დიდი რადიუსი აქვს. როცა მიუახლოვდება, ოპერატორი პულტიდან აფეთქებს ბორტს და ნამსხვრევებით ანადგურებს სამიზნეს”, - ამბობს დმიტრო, უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-5 მოიერიშე ბრიგადის მებრძოლი:

„ორლან-10“, რომელიც უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 2024 წლის იანვარში ჩამოაგდეს.
„ორლან-10“, რომელიც უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 2024 წლის იანვარში ჩამოაგდეს.

დმიტროს ქვედანაყოფი ნადირობს უპილოტო საფრენ აპარატებზე, რომლებიც რუსეთის საჰაერო იერიშების კორექტირებას ახდენენ ფრონტის მახლობლად მიმდებარე ქალაქებსა და უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე.

საჰაერო თავდაცვის ოპერატიული მორიგე გადმოგვცემს, რომ არტილერიას არ შეუძლია მუშაობა, იმუშავეთ თქვენო, რადგან მზვერავი უპილოტო აპარატები დაფრინავენ მათ თავზე, ჩვენი არტილერია კი იძულებულია დადუმდეს, რათა მტერმა არ აღმოაჩინოს. ვცდილობთ ჩამოვაგდოთ. ამ დროს ჩვენი არტილერიაც იწყებს მოწინააღმდეგის განადგურებას”, - ამბობს ის.

„განსაზღვრო, სად არის სამიზნე, სად ხარ შენ და ეს ყველაფერი ჰაერში გააერთიანო”

ლვოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა დმიტრომ სამხედრო სამსახური ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვაში 2022 წელს დაიწყო, გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის ოცეულის მეთაურად.

“დროთა განმავლობაში ეს იარაღი ნაკლებეფექტიანი გახდა. წინა პლანზე წამოვიდა დრონები”, - ამბობს უკრაინელი სამხედრო.

პარალელურად, დმიტრო დაინტერესდა FPV-ით (First Person View), იმ დროისათვის უახლესი ტექნოლოგიით ბრძოლის ველზე: “მაშინ უკვე აქტიურად გამოიყენებდნენ დრონებს ხმელეთზე მდებარე სამიზნეებისთვის. და ჩვენც გვესმოდა, რომ რაღაც მსგავსი საშუალებების გამოყენებით შევძლებდით ჩვენი მიზნების მიღწევას, მაგრამ საჭირო იქნებოდა მათი დახვეწა, ჩვენი ამოცანების სპეციფიკაზე მორგება”.

2024 წლის ზაფხულში უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-5 ბრიგადის ეკიპაჟი იყო პირველი ქვედანაყოფი, რომელმაც რუსეთ-უკრაინის ომში დრონით გაანადგურა მოწინააღმდეგის დრონი.

დმიტრო ამბობს, რომ სამიზნეების ჰაერში განადგურება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე მიწაზე: “ქვეითებზე ან მიწაზე მდებარე სამიზნეებზე იერიშის მიტანისას ოპერატორი შეისწავლის ერთ-ორ გზას, ჩვენ კი გვიწევს გარშემო 30 კმ რადიუსის ტერიტორიის შესწავლა. უნდა იცოდე, სად არის მინდორი, სად არის ტბები, რათა ორიენტირდე ადგილზე და განსაზღვრო, სად არის სამიზნე და სად ხარ შენ. და ეს ყველაფერი ჰაერში გააერთიანო. მაგალითად, ერთი კილომეტრის სიმაღლიდან დანახული სურათი ძალიან განსხვავდება ორი, სამი, ხუთი კილომეტრიდან დანახული ვითარებისგან”.

ეფექტიანი და ხელმისაწვდომი

დმიტრო არ ამხელს გადამტაცი დრონების ყველა ტექნიკურ მახასიათებელსა და ტაქტიკურ ილეთს. ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების ძიებაში ჩართული მხარეები ერთ ადგილზე არ დგანან: “თუ შევადარებთ პირველ დრონებს, როცა მუშაობა დავიწყეთ, ძალიან მარტივი რამე იყო. ავაფრენდით და სამიზნე თვითონ მოდიოდა ჩვენთან. ახლა ძალიან რთულია. ჩვენი მოწინააღმდეგე მუდმივად ვითარდება. ყოველთვე ცვლის მზვერავი ფრთების მოქმედების ტაქტიკას. ასევე ხვეწენ თავიანთ მზვერავ ფრთებს. ცდილობენ უფრო სწრაფი და მანევრირებადი გახადონ ისინი. მოკლედ, ტექნოლოგიების რბოლაა”.

გადამტაცი დრონის მიერ გადაღებულ კადრებზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი უახლესი რუსული მოიერიშე დრონი V2U დამოუკიდებლად ეძებს სამიზნეს. სპეციალისტები მას „მომავლის საფრთხეს“ უწოდებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ მის წინააღმდეგ უძლურია რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები.

V2U-ს შეუძლია ავტონომიურად ფრენა კავშირის გარეშე. ამიტომ ასეთი სამიზნეების წინააღმდეგ გადამტაცი დრონები ლამის ერთადერთი ეფექტიანი და იაფი საშუალებაა: “მათი საორიენტაციო ფასი 80-90 ათასი გრივნაა, რაც დაახლოებით 2 ათასი დოლარია. ხოლო იმ დრონისა, რომლის ჩამოგდებასაც ჩვენ ვცდილობთ, 40 ათასი დოლარიდან იწყება. საუბარია ZALA-ზე, ОРЛАН-ზე. ამ უკანასკნელის ფასი 100 ათას დოლარზე მეტია. 2 ათასი დოლარი ყოველ ეფექტიან ჩამოგდებაზე, კაპიკებია”.


ფორუმი

XS
SM
MD
LG