პასუხად, დონალდ ტრამპის მოთხოვნით, ბელარუსის ციხეებიდან გაათავისუფლეს 52 პატიმარი, მათ შორის ვეტერანი ოპოზიციონერი მიკოლაი სტატკევიჩი. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მან უარი თქვა ბელარუსის დატოვებასა და ლიეტუვაში გადასვლაზე.
ვინ გამოუშვეს და ვინ - არა
11 სექტემბერს ბელარუსის სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გაათავისუფლეს ბელარუსის 38 მოქალაქე და 14 უცხოელი - ლიეტუვის, ლატვიის, პოლონეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები.
ადამიანის უფლებათა ცენტრმა “ვიასნამ” გამოაქვეყნა გათავისუფლებულთა სახელები:
ბელარუსის მოქალაქეები - მიკალაი სტანკევიჩი; ულაძიმერ მაცკევიჩ; გენაძ ფადინიჩი; ალიაქსანდრ ირაშუკი; მიკალაი ძიადოკი; ძმიტრი კუჩუკი; ზმიცერ დაშკევიჩი; იაუგენ აფნაგელი; პაველ ვინაგრადაუ; მაკსიმ ვინიარსიკი; ანდრეი ვოინიჩი; სიარგეი სპარიში; გალინა ძერბიში; იჰარ ლოსიკი; პაველ მაჟეიკა; ალიაქსანდრ მანცევიჩი; ალიონა ციმასშჩუკი; ირინა სლაუნიკავა; ლარისა შჩირაკოვა; პაველ პადაბედი; ვიაჩასლაუ ლაზარაუ; იაჰგენ მერიკისი; მიკალაი ხილო; ილლია დუბსკი; ანდრეი კრილოუ; ძმიტრი კაზლოუ; პაველ ნიკიცენკა; ვიტალ ბანდარუკ; იაკაუ შაფარენკა; იაუგენ სიამენაუ; გლებ გლადკოუსკი; სვიატასლაუ შუბიჩი; ანდრეი სცეპანკოუ; ანდრეი ხვიასკოეუ; ალიაქსეი სილენკა; იჰარ ციაპცეეუ; ვიკტარ ულასენკა; ციმურ რიზაპურ.
უცხო ქვეყნების მოქალაქეები: ლიეტუვა: ალენა რამაუსკიენი; ედუარდას ჩერნიაცევასი; დზმიტრი კოვალჩუკი; თომას რიმკუსი; დანუტა საკოლოუსკაია; გენად რიხცერი. ლატვია: ივარს შუმასი; ემილს ასარსი. პოლონეთი: ტომაშ იაცეკ ეზუტაკი; კშიშტოფ ზანევიჩი. გერმანია: კარსტენ ფოსი; ვალდემარ შმიდტი. საფრანგეთი: მანუელ როსანდერი. დიდი ბრიტანეთი: ჯულია ფენერი.
ბელარუსული გამოცემა Наша Ніва იუწყება, რომ გაათავისუფლეს ბრიტანეთის მოქალაქე ჯულია ფენერი, ბრიტანელი დიპლომატის მეუღლე, რომელსაც რამდენიმე დღის წინ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გამოცემის მიხედვით, გათავისუფლებულ უცხოელთა შორის არის ალენა რამანაუსკენე, ლიეტუვაში, დრუსკინინკაიში მდებარე სანატორიუმ „ბელარუსიის“ მარკეტინგის განყოფილების თანამშრომელი, რომელიც ბელარუსში ნათესავების მოსანახულებლად ჩავიდა და ქვეყნიდან გასვლისას ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით ბელარუსის სასამართლომ ალენა რამანაუსკენეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ბელარუსული მედია ხაზს უსვამს, რომ ციხიდან არ გამოუშვიათ:
- ალეს ბიალიაცკი, ადამიანის უფლებათა დამცველი, ნობელის პრემიის ლაურეატი;
- მარია კალესნიკავა, ლუკაშენკას წინააღმდეგ მოწყობილი საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ლიდერი;
- პავალ სევიარინეცი- ბელარუსის სახალხო ფრონტის „ახალგაზრდული ფრონტის“ ლიდერი;
- ანჯეი პოჩობუტი - ჟურნალისტი, ბელარუს „პოლონელთა კავშირის“ წევრი.
ვინ ვინ არის?
მიკოლაი სტატკევიჩი, 69 წლის - ბელარუსის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოლიტიკური პატიმარი, ბელარუსის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (სახალხო თემის) ლიდერი, ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი 2019 წლის არჩევნებში და „მუქთახორათა მსვლელობების“ ორგანიზატორი. 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მან მონაწილეობა მიიღო მინსკში გამართულ საპროტესტო აქციებში, რომლებიც სასტიკად ჩაახშეს უსაფრთხოების ძალებმა. 2011 წლის მაისში სტატკევიჩს ბრალი წაუყენეს მასობრივი არეულობების ორგანიზებაში და თავისუფლების 6 წლით აღკვეთა მიუსაჯეს. 2015 წლის აგვისტოში სტატკევიჩი და კიდევ რამდენიმე პოლიტიკური პატიმარი შეიწყალეს და გაათავისუფლეს, თუმცა ორჯერ დააპატიმრეს - 2017 და 2020 წლებში. 2021 წელს სტატკევიჩს თავისუფლების 14 წლით აღკვეთა მიესაჯა მასობრივი არეულობების ორგანიზების მორიგი ბრალდებით. სასჯელს იხდიდა გლიბოკის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, ბოლო წლებში სრულად იზოლირებული იყო გარე სამყაროსგან. 2020 წელს მიენიჭა ანდრეი სახაროვის პრესტიჟული პრემია, რომელიც 1988 წელს დააფუძნა ევროპარლამენტმა და ყოველწლიურად გადაეცემა კერძო პირებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისათვის.
გამოცემა Наша Ніва-ს მიხედვით, გათავისუფლების შემდეგ მიკოლაი სტატკევიჩმა უარი თქვა ბელარუსის ტერიტორიის დატოვებაზე.
როგორც რადიო თავისუფლების ბელარუსული რედაქცია იტყობინება, 11 სექტემბერს გათავისუფლებული პოლიტპატიმრები საპატიმროებიდან პირდაპირ ლიეტუვის საზღვართან მიიყვანეს, თუმცა ნიკოლაი სტატკევიჩმა უარი თქვა ბელარუსის ტერიტორიის დატოვებაზე. მოგვიანებით, ლიეტუვის ტელევიზიამ ლიეტუველ მესაზღვრეებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტატკევიჩი ბელარუსში დაბრუნდა.
„ის მეორე მხარეს იმყოფებოდა და ლიეტუვის ტერიტორიაზე არ გადმოსულა, საზღვრის გადაკვეთის არანაირი მცდელობა არ ყოფილა“, - განაცხადა ლიეტუვის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა გედრუს მიშუტისმა.
სტატკევიჩის თანაპარტიელმა ევგენი ვილსკიმ კი ვილნიუსში განაცხადა, რომ ბევრი ეცადა დაერწმუნებინა მეგობარი, გადასულიყო ლიეტუვის მხარეს, მაგრამ, მისი თქმით, სტატკევიჩმა კატეგორიულად განაცხადა, რომ საკუთარ ბედს თავად გადაწყვეტდა. ვილსკის გადმოცემით, მას შემდეგ, რაც საბოლოოდ გაირკვა, რომ მიკოლაი სტატკევიჩი გადაწყვეტილებას არ შეცვლიდა, ის უცნობი მიმართულებით წაიყვანეს. ვილსკის თქმით, ეს გააკეთეს ნიღბიანმა ადამიანებმა, რომლებიც არ შორდებოდნენ მას.
„ისინი მის გვერდით იდგნენ, სამ მეტრში. არავის არაფერი უთქვამს, სად მიჰყავდათ, საერთოდ არაფერი. დრო გავიდა, ჩვენ წავედით, ის კი საპირისპირო მხარეს წაიყვანეს. სულ ეს იყო“, - განაცხადა ევგენი ვილსკიმ.
ექსპერტთა თქმით, ლუკაშენკას რეჟიმის პირობებში ფართოდ არის გავრცელებული „ქვეყნიდან გაძევების“ სტანდარტული პრაქტიკა, რომელსაც ბელარუსის უსაფრთხოების ძალები იყენებენ ყოფილი პოლიტპატიმრების წინააღმდეგ: ყოფილი პატიმრები მიჰყავთ საზღვარზე, ტოვებენ მათ ნეიტრალურ ზონაში და ქვეყანაში დაბრუნების უფლებას არ აძლევენ.
სწორედ იმის გამო, რომ ბელარუსიდან ვერ გაეძევებინათ, მარია კალესნიკავამ დახია თავისი ბელარუსული პასპორტი და უარი თქვა ქვეყნის დატოვებასა და საზღვარგარეთ წასვლაზე.
იჰარ ლოსიკი - რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, 2020 წლის 25 ივნისიდან იმყოფებოდა პატიმრობაში. 2021 წლის დეკემბერში მას თავისუფლების 15 წლით აღკვეთა მიესაჯა მაქსიმალური უსაფრთხოების კოლონიაში საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა (სსკ 342-ე მუხლი) და მასობრივი არეულობისთვის მომზადების (სსკ 293-ე მუხლის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილი) ბრალდებით. 2022 წლის 18 ოქტომბერს ბელარუსის უსაფრთხოების ძალებმა ასევე დააკავეს იჰარის მეუღლე დარია ლოსიკი, რომელიც ქმრის გათავისუფლებისთვის იბრძოდა. ქალს ბრალი წაუყენეს „ექსტრემისტული საქმიანობის ხელშეწყობაში“ (სსკ 361-4 მუხლის პირველი ნაწილი). სინამდვილეში დარია ლოსიკმა ინტერვიუ მისცა ტელეარხ „ბელსატს“, რომელიც ბელარუსში „ექსტრემისტულ ორგანიზაციად“ არის აღიარებული. დარია ლოსიკი, რომელსაც თავისუფლების 2 წლით აღკვეთა მიესაჯა საერთო რეჟიმის კოლონიაში მოხდით, ვადაზე ადრე გაათავისუფლეს 2024 წლის 3 ივლისს. დაპატიმრების შემდეგ იჰარ ლოსიკზე სერიოზული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. დაპატიმრებული ჟურნალისტი პროტესტის ნიშნად კვირების განმავლობაში შიმშილობდა.
ირინა სლაუნიკავა - ბელარუსის ხელისუფლების მიერ „ექსტრემისტად“ აღიარებული ტელეარხის, „ბელსატის“ ჟურნალისტს, სლაუნიკავას თავისუფლების 5 წლით აღკვეთა მიესაჯა „საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევის ჯგუფური ქმედებების ორგანიზებისა“ და „ექსტრემისტული ჯგუფის შექმნის“ ბრალდებით.
პაველ მაჟეიკა - ტელეარხ „ბელსატის“ აღმასრულებელი დირექტორი და საავტორო გადაცემების წამყვანი პოლონეთიდან დაბრუნდა სამშობლოში, სადაც (გროდნოში) შექმნა „ურბანული ცხოვრების ცენტრი“. ექსტრემისტული საქმიანობის ხელშეწყობისთვის, კერძოდ, „ბელსატის“ მასალების გადაცემისთვის, მას თავისუფლების 6 წლით აღკვეთა მიესაჯა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით.
ზმიცერ დაშკევიჩი - ბელარუსის მოძრაობა „ახალგაზრდული ფრონტის“ ყოფილი ლიდერი მეუღლესთან ერთად დააკავეს 2022 წლის მარტში. დმიტრი დაშკევიჩს თავისუფლების 1,5 წლით აღკვეთა მიესაჯა. თუმცა სასჯელის მოხდის შემდეგ პოლიტპატიმარი არ გაათავისუფლეს: მის წინააღმდეგ აღიძრა ახალი საქმე ციხის ადმინისტრაციისადმი დაუმორჩილებლობისთვის, რაც ბელარუსში პოლიტპატიმრის ციხეში ყოფნის სტანდარტული პრაქტიკაა.
ულაძიმერ მაცკევიჩი - ფილოსოფოსი, რომელსაც ბრალი წაუყენეს „წესრიგის უხეშ დარღვევაში“, „ექსტრემისტული ჯგუფის შექმნასა“ და ლუკაშენკას დისკრედიტირებაში. ბრალდების თანახმად, ფილოსოფოსი „ვოსხოდის“ პლატფორმაზე აქვეყნებდა მასალებს, რომლებიც შეიცავდა „ბელარუსში არსებული ვითარების შესახებ ცრუ ინფორმაციას და მთავრობის წარმომადგენლების ნეგატიურ შეფასებას“. ულაძიმერ მაცკევიჩს თავისუფლების 5 წლით აღკვეთა მიესაჯა მაქსიმალური უსაფრთხოების ციხეში მოხდით.
მაკსიმ ვინიარსკი და იაუგენ აფნაგელი - სამოქალაქო კამპანიის, „ევროპული ბელარუსის“ აქტივისტები. ვინიარსკის თავისუფლების 5 წლით აღკვეთა მიესაჯა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით, მას შემდეგ, რაც დამნაშავედ ცნეს „მასობრივ არეულობებში მონაწილეობის მომზადებისთვის“. აფნაგელი დამნაშავედ ცნეს „პირთა გარკვეული წრის მასობრივ არეულობებში მონაწილეობის მომზადებისთვის“ და 7 წლით გაუშვეს ციხეში.
გენაძ ფადინიჩი - ბელარუსის დამოუკიდებელი პროფკავშირების წარმომადგენელი 8-წლიან სასჯელს იხდიდა საწარმოებში ლუკაშენკას წინააღმდეგ მოწყობილი გაფიცვებისათვის. ბრალი წაუყენეს, როგორც „ექსტრემისტული ჯგუფის შექმნისა და მის საქმიანობაში მონაწილეობისათვის“, ასევე „სიძულვილის გაღვივებისათვის“.
ალიაქსანდრ ირაშუკი - დემოკრატიული პროფკავშირების ბელარუსის კონგრესის ხელმძღვანელი, რომელიც 4-წლიან პატიმრობას იხდიდა „საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევის ქმედებების ორგანიზებისა და მომზადებისთვის“. გარდა ამისა, მას ბრალი ედებოდა „ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენებისკენ მიმართული ქმედებების მოწოდებაში“.
მიკალაი ძიადოკი - ანარქისტი, მიუსაჯეს თავისუფლების 5 წლით აღკვეთა - „ბელარუსის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული მოწოდებისთვის“, „წესრიგის უხეში დარღვევისთვის“ და „აალებადი ნივთიერებების უკანონო მოხმარებისათვის“. დაკავების დროს ძიადოკი სასტიკად სცემეს და აწამეს. სვიატლანა ციხანოუსკაიას მრჩეველმა ფრანეკ ვიაჩორკამ განაცხადა, რომ მიკოლაი სტატკევიჩის მსგავსად, ძიადოკმაც უარი თქვა ბელარუსის დატოვებაზე.
ლარისა შჩირაკოვა - გომელელი ჟურნალისტი და მხარეთმცოდნე, 2022 წლის 6 დეკემბერს დააკავეს და თავისუფლების 3,5 წლით აღკვეთა მიუსაჯეს „ექსტრემისტული საქმიანობის ხელშეწყობისა“ და „ბელარუსის რესპუბლიკის დისკრედიტაციის“ ბრალდებით. გამოძიების მიხედვით, შჩირაკოვა ინტერნეტში აქვეყნებდა ინფორმაციას, რომელიც „ბელარუსის დისკრედიტაციას ახდენდა“. ჟურნალისტს ასევე ბრალი წაუყენეს ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, „ვიასნასა“ და ტელეარხ „ბელსატისათვის“ ინფორმაციის შეგროვებაში, დამუშავებასა და მიწოდებაში. დაპატიმრების შემდეგ, ლარისა შჩირაკოვას წაართვეს შვილი, რომელიც ბავშვთა სახლში გადაიყვანეს.
რა ხდება აშშ-სა და ბელარუსს შორის?
ბელარუსის ციხეებიდან პოლიტპატიმრების გათავისუფლება აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, ჯონ კოულის, მინსკში ვიზიტის დროს მოხდა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეს საკითხი ბელარუსის ავტორიტარ ლიდერ ალიაქსანდრ ლუკაშენკასთან განიხილა ჯერ კიდევ აგვისტოს შუა რიცხვებში, ვიდრე ის ალასკაში ვლადიმირ პუტინს უმასპინძლებდა.
ლუკაშენკამ კოულთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მზად იყო „გლობალურად“ განეხილა ე.წ. მძევლების, პოლიტპატიმრების და სხვათა გათავისუფლების საკითხი.
„თუ დონალდი დაჟინებით მოითხოვს, რომ მზადაა ყველა ეს გათავისუფლებული წაიყვანოს, ღმერთმა ხელი მოუმართოს. მოდით, შევეცადოთ გლობალური შეთანხმების შემუშავებას. როგორც ბატონ ტრამპს უყვარს თქმა, დიდი შეთანხმების. გულწრფელად ვამბობ, რომ დასამალი არაფერი გვაქვს. მოდით, ეს საკითხიც განვიხილოთ, თუმცა ჩემთვის ეს აბსოლუტურად არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი და, ალბათ, თქვენთვისაც. მსოფლიოში საკმარისზე მეტი პრობლემებია“, - თქვა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ.
2015 წლის 5 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ 1400-1500 ბელარუსი პოლიტიკური პატიმრიდან ბევრი მალე დატოვებდა საპატიმროს. 52 პოლიტიკური პატიმრის გამოშვებით, ეს პროგნოზი ნაწილობრივ გამართლდა. როგორც რადიო თავისუფლების ბელარუსული რედაქცია წერს სანდო წყაროზე დაყრდნობით, პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებები ორ დღეს გაგრძელდა: „როგორც ჩანს, ვაჭრობა არ შეწყვეტილა ალიაქსანდრ ლუკაშენკასა და აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლ ჯონ კოულს შორის 5-საათიანი მოლაპარაკებების დროსაც. თავდაპირველად (11 სექტემბრის დაახლოებით 14:30 საათზე) ლუკაშენკას პრესსამსახურმა განაცხადა, რომ 14 უცხოელს გაათავისუფლებდნენ. მოგვიანებით, დაახლოებით ერთი საათის შემდეგ კი, გავრცელდა ინფორმაცია „გლობალურ გარიგებაზე“, რომლის ფარგლებშიც ჯამში 52 პოლიტპატიმარი გაათავისუფლეს“.
რადიო თავისუფლების ბელარუსული რედაქციის ანალიტიკოსის, ვალერ კარბალევიჩის თქმით, აშკარაა, რომ ბელარუსის მხარის პრინციპული პირობა იყო ბელარუსის ციხეებიდან გათავისუფლებული ყველა პატიმრის იძულებითი გაძევება და ლიეტუვაში გადაყვანა.
„შეიძლება ვივარაუდოთ, რომ, თავის მხრივ, ამერიკული მხარე ასევე პრინციპულად მოითხოვდა, რომ გათავისუფლებულთა შორის ყოფილიყვნენ ცნობილი ფიგურები, - ამბობს კარბალევიჩი, - და მართლაც ამერიკის ადმინისტრაციის ძალისხმევით, გაათავისუფლეს: მიკოლა სტატკევიჩი, ალიაქსანდრ იაროშუკი, გენაძ ფიადინიჩი, ულაძიმერ მაცკევიჩი, იჰარ ლოსიკი, ზმიცერ დაშკევიჩი, პაველ მაჟეიკა, ირინა სლაუნიკავა, მიკოლა ძიადოკი და სხვა პოლიტპატიმრები“.
რას რისკავს ლუკაშენკა და რა ელოდება მინსკი ტრამპისგან?
ბელარუსის ციხეებიდან პოლიტპატიმრების ნაწილის გამოშვების შემდეგ, გაკეთდა განცხადება, რომ სრულფასოვნად დაიწყებს მუშაობას აშშ-ის საელჩო ბელარუსში. შეერთებული შტატები დააბრუნებს მინსკში ელჩსა და დიპლომატებს. ამავე დროს ვაშინგტონში განაახლებს მუშაობას ბელარუსის საელჩო. თუმცა ანალიტიკოსების აზრით, ლუკაშენკას მიერ მიღებული მთავარი ბონუსი სანქციების შემსუბუქებაა. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ შეერთებული შტატები სანქციებს უხსნის „ბელავიას“.
„იმის გათვალისწინებით, რომ ავიაკომპანიის თვითმფრინავები შეერთებულ შტატებში დიდად ისედაც არ დაფრინავდნენ, შესაძლოა, საუბარი იყოს ავიაკომპანიისათვის Boeing-ებისა და საჭირო მარაგ-ნაწილების შესყიდვის შესაძლებლობაზე“, - ამბობს ვალერ კარბალევიჩი, რომლის თქმითაც, სხვა სანქციების მოხსნასა ან გაყინვაზე ჯერ საუბარი არ არის: „დიდი ალბათობით, ეს შეიძლება შემდეგ ეტაპზე მოხდეს, პატიმრების ახალი პარტიების გათავისუფლებით. სწორედ ამაში მდგომარეობს ამ ეტაპზე მოლაპარაკებების დროს მიღწეული „გლობალური შეთანხმების“ თუ „საგზაო რუკის“ მნიშვნელობა“.
ანალიტიკოსების ვარაუდით, ბევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურის გათავისუფლებას გარკვეული პოლიტიკური შედეგები მოჰყვება. კერძოდ, ბელარუს ემიგრანტებში ეს პროცესი გამოიწვევს ოპტიმიზმის ტალღას, გაჩნდება განცდა, რომ რაღაც მკვდარი წერტილიდან დაიძრა.
„ეს გათავისუფლება ლუკაშენკასთვის ახალ გამოწვევად იქცევა. ოპტიმიზმის ტალღა გაჩნდება არა მხოლოდ ბელარუსულ დიასპორებში, არამედ თვითონ ბელარუსშიც. მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამან რამე საჯარო პროცესამდე მიგვიყვანოს, ხელისუფლება მაინც იძულებული იქნება, რამე სახის რეაგირება მოახდინოს. შესაძლებელია რეპრესიების ახალი ტალღის დაწყებაც, რათა ხალხმა რეჟიმის დასუსტებაზე არ იფიქროს. თუმცა ახალი პოლიტპატიმრების დიდი რაოდენობის გაჩენა გარკვეული გაგებით დაანგრევს მინსკსა და ვაშინგტონს შორის მოლაპარაკებების პროცესის კონტექსტს. გარდა ამისა, ლუკაშენკამ როგორმე უნდა დაუმტკიცოს თავის მხარდამჭერებს, რომ ეს მომგებიანი გარიგებაა ხელისუფლებისთვის, რომ ამერიკელებმა, როგორც მას უყვარს თქმა, „არ გაუცრუეს იმედები“, - ამბობს ვალერ კარბალევიჩი.
მისი თქმით, საერთაშორისო ასპარეზზე ბელარუსის თემა დიდი ხნის განმავლობაში დარჩება დღის წესრიგში. დონალდ ტრამპი არ გაუშვებს ხელიდან შესაძლებლობას, შეახსენოს ყველას თავისი ადმინისტრაციის ძალისხმევა, რომელმაც შედეგი გამოიღო.
ბელარუსი ანალიტიკოსებისთვის მთავარი უცნაურობა ის არის, რომ ვაშინგტონსა და მინსკს შორის მოლაპარაკებების წარმატებული პროცესი ვითარდება ბელარუსსა და მის მეზობლებს შორის ურთიერთობების მკვეთრი გაუარესების ფონზე. ცნობილია, რომ პოლონეთმა ჩაკეტა ბელარუსთან საზღვარი, ლატვიამ ბელარუსის საზღვრის მიმდებარე ტერიტორია არასაფრენი ზონად გამოაცხადა.
ფორუმი