Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატის მტკიცებულება - რა წერია მირცხულავასა და არჩაიაზე ალტერნატიულ ექსპერტიზაში


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

ჯგუფური ძალადობის საქმეში, რომელშიც 11 დემონსტრანტია ბრალდებული, ახალი მტკიცებულებაა - დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა, რომელიც, ადვოკატის თქმით, მინიმუმ ორი ადამიანის, ჯანო არჩაიასა და გური მირცხულავას უდანაშაულობას ამტკიცებს. რა წერია ამ დასკვნაში?

ჯგუფური ძალადობის საქმეებში პროკურატურის მთავარი მტკიცებულება ბრალდებული დემონსტრანტების წინააღმდეგ ვიდეოებია, რომლებშიც გასული წლის 28 ნოემბრიდან სამი დეკემბრის ჩათვლით განვითარებული მოვლენებია ასახული. ამ ვიდეოების დიდი ნაწილი შსს-ს ოპერატორების გადაღებულია, ნაწილი სოციალურ ქსელში იყო ატვირთული.

როგორ მოხვდა ეს ვიდეოები საჯარო სივრცეში - ვინ და რატომ ატვირთა ისინი სოციალურ ქსელებში?

ეს კითხვა პასუხგაუცემელია, რადგან გამოძიება ამით არ დაინტერესებულა.

ამ ვიდეოებს მხოლოდ ერთი ექსპერტიზა ჩაუტარდა - ჰაბიტოსკოპიური.

ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა ნიშნავს პიროვნების იდენტიფიცირებას მისი გარეგნული მახასიათებლებით.

ეს შეიძლება მოიცავდეს:

  • ვიდეოჩანაწერებიდან ან ფოტოსურათებიდან დამნაშავის ამოცნობას (მაგალითად, უსაფრთხოების კამერის ჩანაწერით);
  • სხეულის მოყვანილობის, სახის ფორმის, მოძრაობის მანერის ან სხვა მაიდენტიფიცირებელი ნიშნების შესწავლას და შედარებას ეჭვმიტანილთან.


შსს-ს გამომძიებლებს არ უკითხავთ ექსპერტებისთვის

  • აქვს თუ არა ვიდეოებს მონტაჟის კვალი?
  • შესაძლებელია თუ არა იმ ნივთების რაობისა და წონის დადგენა, რომლებსაც, სავარაუდოდ, ბრალდებულები ისვრიან?
  • რა ტრაექტორია გაიარეს მათ და შეეძლოთ თუ არა ამ გზით პოლიციელის დაზიანება?

ბრალდების მხარის ექსპერტები დაიკითხნენ სასამართლოში. ისინი ერთსა და იმავეს იმეორებდნენ, რომ რა კითხვებიც გამომძიებლებმა დაუსვეს, იმას უპასუხეს. გამომძიებლების თქმით კი, მათთვის საინტერესო სავარაუდო დამნაშავეების იდენტიფიცირება იყო.

ის, რაც ექსპერტს არ ჰკითხა გამომძიებელმა, გაარკვია გური მირცხულავასა და ჯანო არჩაიას ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ. მან ვიდეომტკიცებულებებზე ალტერნატიული, დამოუკიდებელი ექსპერტიზა დანიშნა და დაადგინა, რომ:

  • გური მირცხულავას წინააღმდეგ პროკურატურის ვიდეო დამონტაჟებულია;
  • ჯანო არჩაიასა და გური მირცხულავას შემთხვევაში შეუძლებელია ნასროლი ნივთის იდენტიფიცირება, თუმცა შესაძლებელია მისი მიმართულების განსაზღვრა, ანუ დადგენა, შეიძლებოდა თუ არა ასე ნასროლი ნივთი სამართალდამცველს მოხვედროდა.


ბრალის დადგენილების თანახმად, გურამ მირცხულავა 2024 წლის პირველ დეკემბერს იყო საპროტესტო აქციაზე, „ჯგუფურ ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობდა“ და მძიმე საგანს ისროდა სამართალდამცველების მიმართულებით.

„გურამ მირცხულავას შემთხვევაში ბრალდება გამოირიცხა. ექსპერტმა თქვა, რომ გასროლილი ქვა პოლიციის კორდონიდან წავიდა ზევით, მაღლა, მარჯვნივ და მინიმუმ 50-გრადუსიანი კუთხის სხვაობით, რაც ნიშნავს იმას, რომ გურამ მირცხულავას არცერთ შემთხვევაში არ უსვრია ქვა პოლიციის მიმართულებით. ყოველ შემთხვევაში, ეს არ არის ასახული ბრალდების მხარის მთავარ მტკიცებულებაზე - ვიდეომასალაზე”, - ამბობს ადვოკატი ომარ ფურცელაძე.

ომარ ფურცელაძე ესაუბრება თავის დაცვის ქვეშ მყოფ გურამ მირცხულავას.
ომარ ფურცელაძე ესაუბრება თავის დაცვის ქვეშ მყოფ გურამ მირცხულავას.

ადვოკატმა ექსპერტს გურამ მირცხულავას წინააღმდეგ საქმეზე დართული 13-წამიანი ვიდეო გადაუგზავნა. ეს ვიდეო იწყება კადრით, რომელშიც ობიექტივი ახლოდან აჩვენებს ქვაფენილიდან ამოგდებულ ქვას. კადრზე არ ჩანს ადგილმდებარეობა, არც აქციის ხმები არ ისმის, არც - სპეციფიკური განათება. მარცხენა კუთხეში შეიმჩნევა პარკინგი. ამის შემდეგ კადრი გადადის აქციაზე.

სავარაუდოდ, გურამ მირცხულავა (აცვია შავი ფერის ქურთუკი, მოცისფრო მაისური, ახურავს შავი ფერის ნაქსოვი ქუდი და ჰკიდია ზურგჩანთა, უჭირავს საქართველოს დროშა) და მის მარცხნივ მდგომი კაცი, რომელსაც გურამ მირცხულავასთან ერთად უჭირავს საქართველოს დროშის მეორე კიდე და მათ სიახლოვეს მდგომი კიდევ 4 ადამიანი იყურებიან დაბლა, ერთი მიმართულებით.

მეცხრე წამზე ის დროშას ხელს უშვებს, იხრება, მარცხენა ხელში იღებს რაღაც საგანს, გადააქვს მარჯვენა ხელში და საგანს ისვრის მაღლა და ოდნავ მარჯვნივ.

გური მირცხულავას წინააღმდეგ პროკურატურის ვიდეომტკიცებულება
please wait

No media source currently available

0:00 0:00:12 0:00

ექსპერტმა დაასკვნა:

  • „ვიდეო მიღებულია სხვადასხვა სახის მონტაჟის შედეგად. ვიდეოჩანაწერში მონტაჟის პირველი ნიშანი წარმოადგენს ორი განსხვავებული ვიდეოფრაგმენტის შეერთებას. მონტაჟის მეორე ნიშანი წარმოადგენს ვიდეოჩანაწერის ჭრას, სადაც ვიდეოჩანაწერს აკლია გარკვეული ფრაგმენტი“;
  • „წარმოდგენილი ვიდეო ჩანაწერით, შეუძლებელია ჩანაწერზე ასახული პიროვნების - გამოძიების ვერსიით - გურამ მირცხულავას მიერ დახრის შემდეგ ხელში აღებული ნივთის იდენტიფიცირება“;
  • „წარმოდგენილი ჩანაწერით შესაძლებელია ჩანაწერზე ასახული პიროვნების გამოძიების ვერსიით გურამ მირცხულავას მიერ დახრის შემდეგ ხელში აღებული საგნის გასროლის მიმართულების განსაზღვრა“;
  • „ვიდეოჩანაწერის მიხედვით მოხდა მიახლოებითი კუთხის განსაზღვრა, ვიდეო/აუდიო ჩანაწერის განმახორციელებელი ჩამწერი მოწყობილობის ადგილმდებარეობასა და ჩაბაწერზე ასახული პიროვნების გამოძიების ვერსიით გურამ მირცხულავას მიერ, დახრის შემდეგ ხელში აღებული საგნის გასროლის ტრაქეტორიას შორის, რომელიც შეადგენს 40-50 გრადუსს“.

„გურამ მირცხულავას შემთხვევაში ბრალის დადგენილება, რომ თითქოს გურამ მირცხულავამ პოლიციისკენ ისროლა მძიმე საგანი, ამ ექსპერტიზის დასკვნით, გამორიცხულია - აბსოლუტურად ყველა პასუხი ამ დასკვნაშია“, - ასკვნის ადვოკატი.

ჯანო არჩაია კი, იგივე ბრალის დადგენილებით, 2024 წლის 29 ნოემბერს იყო აქციაზე, ის „აქტიურად მონაწილეობდა ძალადობრივი ჯგუფის მოქმედებებში“ და „მძიმე საგანს ისვრიდა სამართალდამცველების მიმართულებით“.

ჯანო არჩაიას შემთხვევაში დამოუკიდებელ ექსპერტს ერთი კითხვა დაუსვეს:

წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერით შესაძლებელია თუ არა ჩანაწერზე არსებული პიროვნების - გამოძიების ვერსიით - ჯანო არჩაიას მიერ დახრის შემდეგ ხელში აღებული საგნის იდენტიფიცირება? დადებითი პასუხის შემთხვევაში, გთხოვთ განსაზღვროთ საგნის რაობაო....

ჯანო არჩაიას წინააღმდეგ პროკურატურის ვიდეოზე ასახულია სპეციალური აღჭურვილობის მქონე პირებისა და მათ პირდაპირ მდგომი ხალხის დიდი ნაკადის ერთმანეთთან დაპირისპირება. ორივე მხარეს მდგომი ადამიანები დაბლიდან იღებენ ძირს დაყრილ საგნებს და ერთმანეთს ესვრიან. ეს საგნები ძირითადად არის პოლიეთილენის წყლის ბოთლები და მცირე ზომის საგნები.

ექსპერტიზამ თქვა, რომ „მათი იდენტიფიცირება შეუძლებელია და რომ ეს საგნები ძირს დავარდნის შემდეგ გორავენ“.

მეცხე წამიდან კადრი მიდის ახლოს და კადრში წინა პლანზე ჩანს, სავარაუდოდ, ჯანო არჩაია, რომელმაც რამდენიმე წამით ადრე საპირისპირო მხარის მიმართულებით გაისროლა რაღაც მცირე ზომის საგანი.

ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ „ეს საგანი არავის ხვდება და ეცემა სპეციალური აღჭურვილობის მქონე მამაკაცების ფეხებთან, რომელიც დაცემის შემდეგ გაგორდა. საგნის იდენტიფიცირება შეუძლებელია”.

ჯანო არჩაიას წინააღმდეგ პროკურატურის ვიდეომტკიცებულება
please wait

No media source currently available

0:00 0:00:33 0:00



„ანუ საგანი არ იყო მძიმე", - ამბობს ომარ ფურცელაძე.

„ზოგადად ... ვიდეოჩანაწერიდან საგნის რაობის (ფუნდამენტური მახასიათებლების, ფორმის, ზომის და წონის) განსაზღვრა შეუძლებელია. ვიდეოჩანაწერიდან საგნის იდენტიფიცირებისთვის აუცილებელია ექსპერტიზაზე მოიტანოთ აღნიშნული საგანი, რათა მათი მახასიათებლების ურთიერთშედარების გზით მოხდეს იდენტიფიცირება“, - იძლევა ექსპერტი რეკომენდაციას.

საგნის რაობის იდენტიფიცირება რომ შეუძლებელია, ეს შსს-ს ექსპერტებმაც თქვეს და გამომძიებლებმაც. ამის მიუხედავად, ბრალში უწერიათ, რა ნივთები ისროლეს დემონსტრანტებმა (პლასტმასის ბოთლი, ქვა] და შეფასებით სიტყვებსაც იყენებენ, მაგალითად - „მძიმე საგანი“.

ასეთ დეტალებს ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის საქმეში მნიშვნელობა აქვს. ამ საქმეზე 7 თვის განმავლობაში პოლიციელები დაზარალებულის სტატუსით ჰყვებოდნენ, როგორ მოხვდათ ქვა და პიროტექნიკა.

ვერცერთმა ვერ დაადო ხელი ბრალდებულებს, არცერთს არ დაუნახავს, ვინ ესროლა, თუმცა ის დარწმუნებით იციან, რომ „აქციის მონაწილეების მხრიდან ესროლეს“.

დაცვის მხარის მტკიცებულებები, რომლებიც ომარ ფურცელაძემ დღეს მოსამართლეს წარუდგინა, საქმეს დაურთეს. ალტერნატიული ექსპერტიზის ავტორი სასამართლოში მოწმედ დაიკითხება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG