ზოგი მობილიზაციას გაექცა, ზოგიც - რეჟიმს. დიანა ისაკოვა მათ შორის იყო. მისმა ამბავმა განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია: დიანა გავლენიანი ჩინოვნიკის, „ედინაია რასიას“ წევრის, ედუარდ ისაკოვის შვილია. მამამ მასთან კონტაქტი გაწყვიტა მას შემდეგ, რაც დიანამ საჯაროდ განაცხადა, რომ ომის წინააღმდეგი იყო. დიანა საქართველოში ჩამოვიდა, მაგრამ სამი წლის მერე, როცა მიხვდა, რომ არც აქ იყო დაცული და ეს ქვეყანაც დატოვა.
28 წლის დიანა ისაკოვა რამდენიმე წელი სოჭში მამის სახლში ცხოვრობდა. მამასთან ურთიერთობა მოზრდილ ასაკში აღადგინა (ედუარდ ისაკოვი მას სამი წლიდან აღარ ზრდიდა). ასწავლიდა იოგას და მედიტაციას, სწავლობდა ფსიქოლოგიას, მშვიდად ცხოვრობდა. ყველაფერი 2022 წლის თებერვალში შეიცვალა. Instagram-ში დიანამ ღიად დაწერა: „მე ომის წინააღმდეგ ვარ“. ის ერთ-ერთი, შესაძლოა ერთადერთი იყო რუსი მაღალჩინოსნების შვილებიდან, ვინც საჯაროდ დაგმო რუსეთის აგრესია.
„ეს ხელისუფლება არ ამირჩევია, მაგრამ მას ვაძლიერებდი ჩემი დუმილით, უმოქმედობით, შიშით, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი როგორი სისასტიკი და უზნეო იყო. და აჰა, მოვედით! ახლა ჩვენი ხელისუფლების გამო მხოლოდ ჩვენი ხალხი კი არა, მეზობელი ქვეყანაც ზარალდება. <...> მინდა ვთქვა: „მშვიდობა მსურს, მრცხვენია ამ ომის გამო! არ ვარ იმათ მხარეს, ვინც ომობს! რატომ უნდა ვაგო ამ უსამართლობაზე პასუხი?!“ მაგრამ ეს უპასუხისმგებლობა იქნებოდა - ვითომ პასუხისმგებლობა არ მაკისრია იმაზე, რაც ამ ქვეყანაში ხდება. რა თქმა უნდა, მაკისრია. თუ არა მე, მაშინ ვის?“ - დაწერა მან თავის პოსტში.
დიანამ მონაწილეობა მიიღო ომის საწინააღმდეგო აქციაში, შემდეგ საკუთარი საპროტესტო აქციაც გამართა. ის თითქმის მაშინვე დააკავეს. ამბავი გაიგო მამამ, იმ დროს სენატორმა (ახლა კი გუბერნატორის მოადგილემ) ედუარდ ისაკოვმა და შვილთან ურთიერთობა გაწყვიტა.
ედუარდ ისაკოვი, „ედინაია რასიას“ პარტიული ფუნქციონერია, ადამიანი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ლოიალური იყო სისტემისადმი და ომსაც მხარი დაუჭირა. მისი ტელეგრამ არხის სახელში ასო Z წერია - ომის სიმბოლო. დღეს დიანას მამა რეგულარულად სტუმრობს რუს სამხედროებს საომარი მოქმედებების ზონაში და აღჭურვილობას ურიგებს.
„ძნელია სიტყვების პოვნა, როცა შენი შვილი მოღალატე აღმოჩნდება... მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ მას ანტირუსული პოზიცია აქვს, არ ველაპარაკები, არც ფულს ვაძლევ და არც ბინას“, - დაწერა თავის ტელეგრამ არხზე.
2022 წლის აგვისტოში დიანა ისაკოვა გაემგზავრა საქართველოში, რომელიც მაშინ მას პოსტსაბჭოთა სივრცეში თავისუფლების ერთადერთ კუნძულად ესახებოდა. ამბობდა, რომ მნიშვნელოვანი იყო იმ ქვეყანაში მოხვედრილიყო, რომელშიც მაქსიმალურად დაცული იქნებოდა, და რომელიც „არ არის დაკავშირებული პუტინთან და რუსეთის ხელისუფლებასთან“.
„საქართველოში ჩამოსვლის პირველ დღეებში თავი დაცულად ვიგრძენი. კარგი შეგრძნება იყო. გამიხარდა ქუჩაში გასულმა უკრაინული დროშები რომ დავინახე. თუმცა, რა თქმა უნდა, ნაციონალისტური გრაფიტები უსიამოვნო შეგრძნებას იწვევდა“, - უთხრა მან „რადიო თავისუფლებას“ სამი წლის წინ.
ამ სამ წელიწადში დიანამ საქართველოში უსაფრთხოების შეგრძნება დაკარგა და 2025 წლის ზაფხულში ქვეყნის დატოვება გადაწყვიტა:
„რუსეთის მოქალაქეს საქართველოში, ქვეყნიდან გაუსვლელად დარჩენა ერთი წლის განმავლობაში შეუძლია. მერე ქვეყნა დროებით უნდა დატოვო და დაბრუნდე, რომ ხელახლა ჩაგირტყან ბეჭედი და კიდევ ერთი წელი იცხოვრო. იმ მომენტში უკვე პრობლემები იყო. რუსულმა ოპოზიციურმა ორგანიზაციამ Free Russia Foundation-მა გამაფრთხილა, რომ ქვეყნის დატოვება უსაფრთხო არ იყო: შეიძლებოდა, უბრალოდ აღარ შემოვეშვით უკან. ასე უკვე ბევრჯერ გააკეთეს, ცნობილ რუს ოპოზიციონერებს საზღვარზე უკან აბრუნებდნენ და მორჩა, ადამიანი ცარიელ-ტარიელი რჩებოდა, არც ნივთები, არც საცხოვრებელი. მე კი ამ ერთ წელში საქართველოში ცხოვრება ავიწყე, არ მინდოდა მსგავს მდგომარეობაში აღმოვჩენილიყავი“.
2024 წლის დეკემბერში ორგანიზაცია Free Russia Foundation-მა განაცხადა, რომ გაიზარდა შემთხვევების რაოდენობა, როდესაც რუს დისიდენტებს საქართველოში ხელახლა შემოსვლაზე უარს ეუბნებოდნენ. ასევე დაფიქსირდა იმ აქტივისტების დაკავების ფაქტები, რომლებიც საქართველოში რუსეთის დევნას გამოექცნენ და შემდეგ აქ ლეგალურად ყოფნის ვადა ამოეწურათ.
იმ დროისთვის დიანა უკვე თითქმის ორი წელი არალეგალურად იმყოფებოდა საქართველოში.
დიანა ამბობს, რომ მალევე საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეების მიმართ პოლიტიკა გაამკაცრა: დაიწყო პროტესტები, აშკარად ჩანდა, რომ ყველაფერი მხოლოდ უარესობისკენ მიდიოდა.
2024 წლის ნოემბრის ბოლოს დაწყებულ პროევროპულ აქციებში დიანა ისაკოვა არ მონაწილეობდა, ამბობს, რომ ოპოზიციური აქტივობა დროებით შეწყვიტა.
„ის, რაზეც ახლა ვლაპარაკობ ან ვილაპარაკებ - ეს იდეები წელიწადნახევრის წინაც მქონდა, მაგრამ არ ვამბობდი, რადგან საქართველოში თავისუფლად არ ვგრძნობდი თავს, არც უსაფრთხოდ. არც ქართულ აქციებში მიმიღია მონაწილეობა - მეშინოდა, რომ თუ დამაკავებდნენ, ეს სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევდა - რუსეთში დამაბრუნებდნენ ან რაღაც სხვა მოხდებოდა“.
ახალგაზრდა ქალი, რომელმაც მთელი ცხოვრება რუსეთში გაატარა, საქართველოს მოვლენებს რუსეთის უახლოეს წარსულს ადარებს. ამბობს, რომ ქართველი ხალხი ახლა აცნობიერებს, რამდენად რთულია დიქტატორს შეეწინააღმდეგო.
„როცა ტოტალიტარულ ქვეყანაში არ ცხოვრობ, გგონია, რომ მარტივია პრეზიდენტი გადააყენო, დაამხო, იბრძოლო თავისუფლებისთვის, დაიცვა შენი უფლებები და ასე შემდეგ. ვფიქრობ, ახლა ქართველები ხვდებიან, რამდენად ძნელია ბრძოლა ტოტალიტარული სახელმწიფოს წინააღმდეგ, როცა შენს წინააღმდეგ დგას მანქანა, რომელსაც არ ედარდები. მათ არ აინტერესებთ, რას ამბობ. მათთვის რთული არაა ციხეში ჩაგაგდონ, გცემონ, ძალით დაგთრგუნონ. არც შერცხვებათ ამისი. ასეთი მანქანის წინააღმდეგ მხოლოდ პლაკატებით ბრძოლა პრაქტიკულად შეუძლებელია. ამისთვის ძალიან სერიოზული ზომებია საჭირო, მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანები, როგორც წესი, შინაგანად მზად არ არიან ამისთვის. ისინი შეჩვეულნი არიან ჩვეულებრივ, ნორმალურ, თანამედროვე ცხოვრებას და ხელში ხელკეტების ასაღებად მზად არ არიან. მგონია, რომ საქართველოში ახლა მართლაც რთული პერიოდია და სიტუაცია მხოლოდ გაუარესდება“.
ამ დროისთვის დიანას შეხედულებებიც შეიცვალა. თავდაპირველად, მისი პროექტი - „სიყვარულის ძალა“ - პაციფიზმს, ანტისაომარ აქტივიზმსა და დაზარალებულების დახმარებას ეძღვნებოდა. მისთვის გარდამტეხი მომენტი იყო 2024 წლის თებერვალი, როცა ალექსეი ნავალნი კოლონიაში გარდაიცვალა. დიანამ გააცნობიერა, რომ რუსულ ოპოზიციას რეალური ძალა სჭირდება - გაერთიანება, რომელსაც შეეძლება პუტინს მხოლოდ სიტყვებით კი არა, ქმედებითაც დაუპირისპირდეს.
„გავაცნობიერე, რომ აღარ მჯერა იმ იდეების, რომლებსაც თავიდან ვიზიარებდი, მაშინ, როცა 2022 წლის დასაწყისში ომის წინააღმდეგ გამოვდიოდი. ახლა ჩემთვის სულ სხვა იდეებია მნიშვნელოვანი. დიახ, ისევ მჯერა დემოკრატიის, ჰუმანურობის და ა.შ., მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენს ოპოზიციას სჭირდება ძლიერი ალტერნატიული ძალა, რომელსაც რეალურად შეეძლება პუტინს წინ აღუდგეს. ეს ძალა შეკრული უნდა იყოს. ოპოზიციის ფილოსოფიური ნაწილი - პოლიტიკოსები, რომლებიც იუთუბზე არხებს მართავენ, ლექციებს კითხულობენ - უსასრულოდ ბევრია. ძალიან ბევრნი არიან, მაგრამ რეალური ქმედება დიდი არაფერია. მაგალითად, შეიარაღებული ფორმირებები, როგორიცაა ლეგიონი „სვობოდა რასიი“ ჩვენს ოპოზიციურ საზოგადოებაში საკმაოდ დისკრედიტებულია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები რეალურ საქმეს აკეთებენ. სწორედ ასეთი ქმედებებია საჭირო დიქტატურის წინააღმდეგ. იუთუბზე საუბრებით არაფერი შეიცვლება“.
ლეგიონი „სვობოდა რასიი“ არის სამხედრო ერთეული, რომელიც შედგება რუსი სამხედრო ტყვეებისა და მოხალისეებისგან და მოქმედებს უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში.
დიანას აზრით, აუცილებელია შეიქმნას ალტერნატიული ონლაინ-სახელმწიფო, სადაც ემიგრანტებს შეეძლებათ არჩევნების ჩატარება და ლიდერის - პრეზიდენტის ან პარლამენტის - არჩევა. მისი თქმით, ოპოზიცია ამ პლატფორმაზე უნდა გაერთიანდეს, მოიზიდოს საკუთარი შეიარაღებული სტრუქტურები, როგორებიცაა ლეგიონი, და ამ გზით ალტერნატიული ონლაინ-ძალა ჩამოაყალიბოს.
„მხოლოდ ასე შევძლებთ პუტინის შეწინააღმდეგებას. ამ სამ წელიწადში დავინახე, რამდენად უსუსურია ჩვენი ოპოზიცია: მან ვერ შეძლო ომის შეჩერება და არაფერი გაუკეთებია თავისი ხალხისთვის - ჩემნაირებისთვის, თვითონ ოპოზიციონერებისთვის. სუსტი ოპოზიციური საზოგადოებისა და ფაქტობრივად არარსებული ხელმძღვანელობის პირობებში, აქტიური ოპოზიციონერების რაოდენობა მცირდება. ხალხს შინაგანად არ მოსწონს ომი, არ მოსწონს პუტინი, მაგრამ მოქმედებისთვის მზად არ არიან. ისინი ნებდებიან, პუტინის სიძლიერეს რეალობად იღებენ და ფიქრობენ, რომ არაფერი გამოვა“.
ამ იდეებით დიანა მეგობარ უფლებადამცველთან ერთად საფრანგეთში გაემგზავრა. მისი თქმით, რუსი ოპოზიციონერებისთვის ეს ერთადერთი უსაფრთხო ადგილი იყო. თუმცა, რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა: არანაირი პირობები მიგრანტებისთვის. მთელი კვირა პარიზის მახლობლად, მინდორში გაშლილ კარავში ცხოვრობდნენ.
„სანამ ჩავიდოდით, მთელი თვის განმავლობაში ვთხოვდით სხვადასხვა ოპოზიციურ სოციალურ ორგანიზაციებს, რომლებიც აფინანსებენ, მათ შორის, იმ ოპოზიციონერების გადაადგილებას, ვინც საფრთხეშია. დარწმუნებული ვიყავით, რომ რაღაცას მაინც გამოგვიყოფდნენ. ვთხოვდით 1000–2000 დოლარს და საცხოვრებელს პირველ ეტაპზე. ზოგმა მოკლედ მოგვიჭრა უარი, ზოგმა საერთოდ არ გვიპასუხა. ეს ძალიან ამაზრზენი და სავალალო იყო. აქ, რუსი მიგრანტისთვის, არაფერი არ არის,“ - ჰყვებოდა დიანა თავის Instagram-ზე.
დიანამ და მისმა მეგობარმა შეძლეს მოხვედრილიყვნენ საფრანგეთის სოციალური სამსახურების მზრუნველობის ქვეშ, გადავიდნენ ნორმანდიაში - სოციალურ საცხოვრებელში, რომელიც განკუთვნილია მათთვის, ვინც საფრანგეთს პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა.
ამ დროის განმავლობაში მამა დიანას ერთხელაც არ შეხმიანებია. ერთადერთხელ დიანამ თავად მიწერა მას - გაუგზავნა ინფორმაცია არტიომ კამარდინის საქმეზე - მათი ოჯახის ნაცნობ პოეტზე და „მაიაკოვსკის საქმის“ მონაწილეზე. მას ანტისაომარი ლექსების წაკითხვისთვის შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
„ის ჩემი მეგობრის ქმარია. საშინლად განვიცადე ეს სიტუაცია და მამას მივწერე, თან ამ ამბის ბმული დავურთე. ვწერდი: აი, რას უშვრებიან შენი თანამოაზრეები-მეთქი. არაფერი მიპასუხა“.
ფორუმი