თუკი საკონსტიტუციო სასამართლო „ოცნების“ განზრახვას გაიზიარებს, აკრძალული პროევროპული პარტიები მომავალ არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ.
„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელით მოითხოვს არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს სამი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება:
- „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“
- „ლელო - ძლიერი საქართველო“
- „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია გირჩი, დროა“
პარტიებიდან, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ცესკოს მონაცემებით, 5%-იანი ბარიერი გადალახეს, „ოცნება“ მხოლოდ ერთს არ უჩივის - თავისი ექსპრემიერის პარტიას „გახარია საქართველოსთვის“, რომელიც, ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, სადავო პარლამენტში შევიდა და „ერთპარტიულ პარლამენტს“ მეორე სუნთქვა გაუხსნა.
სადავო სარჩელი, რომელმაც მწვავე დისკუსიები გამოიწვია, საკონსტიტუციო სასამართლოში 30 ოქტომბერს შევიდა. გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს 9 თვე აქვს.
სამ ოპოზიციურ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომლებსაც „ქართული ოცნება“ უპირებს გაუქმებას, ცესკოს მონაცემებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ჯამში - 623 299-მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, რაც, მოპოვებული 49 სადეპუტატო მანდატით, ჯამში, ხმების - 30.01%-ს შეადგენს.
- “კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა” - 229 161 ხმა, 11.03%, 19 მანდატი;
- „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა” - 211 216 ხმა, 10.17%, 16 მანდატი;
- „ლელო - ძლიერი საქართველო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!” - 182 922 ხმა, 8.81%, 14 მანდატი.
„არჩევნებში არ არის ამ პოლიტიკური პარტიების ადგილი“, „ქვეყანა უნდა დავასვენოთ“, „ეს სარჩელი ემსახურება დემოკრატიული პროცესის გაჯანსაღებას, მის წინსვლას, გაკეთილშობილებას. ყველა ხედავს, რომ ამ სისტემაში გვაქვს რადიკალიზმი, პოლარიზაცია”, - განაცხადა პროსახელისუფლებო „იმედის“ ეთერში „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, 29 ოქტომბერს.
ერთი დღით ადრე კი, გასაუქმებლად მომზადებული პარტიების ამომრჩევლებს სხვების მოძებნა ურჩია სადავო პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
„მოძებნონ ისეთი პარტიები, რომლებიც არ არღვევენ კონსტიტუციას და მათი ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებას არ უთხრიან ძირს“, - განაცხადა პაპუაშვილმა 28 ოქტომბერს, ბრიფინგზე და დაამატა, რომ პარტიების აკრძალვის გზაზე ამომრჩევლების პატივისცემით იმოქმედეს.
- ერთი მხრივ, „ოცნებამ“ - აკრძალვისთვის გამზადებულ „ლელოს“ , საკრებულოებში, 59 წევრის უფლებამოსილება შეუნარჩუნა; მაგრამ, მეორე მხრივ - საკრებულოების წევრებს აღარ ექნებათ უფლება „ლელოს“ სახელით იმუშაონ. პაპუაშვილი ვარაუდობს, რომ ამომრჩევლებმა მათ პიროვნულად დაუჭირეს მხარი და არა - „ლელო - ძლიერი საქართველოს“ მხარდაჭერის გამო.
- „ლელოს“ შემთხვევაში თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღეს სათვალავში. პარტიის „გახარია - საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს კი, სადავო პარლამენტში შესვლა დაუფასდათ - არც პარტიას უუქმებენ და მანდატებიც უნარჩუნდებათ.
„მთავარი არის, რა თქმა უნდა, პარლამენტი, იმიტომ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა, თავისი არსით, სამართლებრივი არსით, ეს არის ადმინისტრაციული დონის ხელისუფლება და პოლიტიკური დონის ხელისუფლება ეს არის პარლამენტი. ამიტომ პოლიტიკური პროცესისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საპარლამენტო მანდატებით სარგებლობას“, - ასე განმარტა ორ ოპოზიციურ პარტიას შორის განსხვავებული მიდგომები ირაკლი კობახიძემ, პროსახელისუფლებო „იმედთან“ ინტერვიუში.
4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში, პროდასავლური ოპოზიციური სპექტრის უდიდესი ნაწილისგან განსხვავებით, მონაწილეობა მიიღეს პარტიებმა - “გახარია საქართველოსთვის” და “ლელო - ძლიერი საქართველო”. ამჯერად მათ, ცესკოს მიხედვით, მნიშვნელოვნად შემცირებული მხარდაჭერა ჰქონდათ.
როგორც "ოცნება" განმარტავს, თუკი აკრძალული პარტიის წარმომადგენლები ახალ პარტიას შექმნიან, ის ახალი პარტიაც აიკრძალება; ასევე აიკრძალება - სხვა პარტია, რომელიც აკრძალულ პარტიას ან მათ წარმომადგენლებს მიიღებს. "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში მაისში დამტკიცებული ცვლილებებით, ამისთვის სულ რაღაც 14 დღე იქნება საკმარისი.
პარტიების აკრძალვის გეგმა ბევრისთვის პოლიტიკური ველის მოსუფთავების ხერხია - დემოკრატიული პროცესების უხეში ხელყოფისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის არჩევანის წართმევის გზით, როცა, ისედაც მწვავედ დაპირისპირებულ საზოგადოებაში, ბევრი პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავების რისკებსაც ხედავს.
ექსპერტები პარტიების აკრძალვას დამკვიდრებული რეალობის ნაწილად განიხილავენ - ერთი წლის განმავლობაში, ქუჩებში პროტესტის ასეულობით მონაწილეს სცემეს, დაიჭირეს; ციხეში არიან პოლიტიკოსებიც, მათ შორის - ასაკრძალად გამიზნული პარტიებიდან.
„დემოკრატიული სახელმწიფო არის პლურალიზმი, მრავალპარტიულობა; პოლიტიკური პარტია აღიარებული და დაცულია კონსტიტუციაში, იმიტომ, რომ ეს დემოკრატიის განხორციელების ინსტრუმენტია - ანუ ხელისუფლების შეცვლის, ხელისუფლებაში მოსვლის, არჩევნებში მოქალაქეების ნების გამოხატვის... ამომრჩევლების ნების შეზღუდვის პრობლემა სერიოზული პრობლემაა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია.
ჩოკორაიასთვის სარჩელის მიზანიც სადავოა და საფუძვლებიც, მათ შორის იმიტომაც, რომ - ბრალდებები სამართლებრივად არ არის დადასტურებული. მიაჩნია, რომ „ოცნების“ ხელისუფლების არალეგიტიმურად გამოცხადება დასაშვები პოლიტიკური შეფასების საკითხია და ვერც პარლამენტში შესვლა-არშესვლა უნდა წყვეტდეს ამა თუ იმ პარტიის ბედს - აკრძალავენ თუ არა მას.
რატომ კრძალავენ?
ირაკლი კობახიძემ პროსახელისუფლებო „იმედთან“ სარჩელში შეტანილი ორი საფუძველი დაასახელა:
1. კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა;
2. ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.
„ოცნება“ დარწმუნებულია, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გეგმა გამყარებულია „ფაქტების ძალიან დიდი ჩამონათვალით“ - სადავო პარლამენტის საგამოძიებო კომისიის [„წულუკიანის კომისია“] დასკვნიდან; მათ შორის - 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რომლის დაწყებასაც ისინი არა რუსეთს, არამედ ქართულ მხარეს, კერძოდ - „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას აბრალებენ.
კობახიძისთვის რუსეთის საქართველოზე თავდასხმა მხოლოდ „საპასუხო ინტერვენციაა” - სწორედ ამას ამტკიცებს კრემლი, ომის შემდეგ, აგერ უკვე 17 წელია.
ასაკრძალი პარტიები „ოცნებამ“, როგორც ახსნა, ორი კრიტერიუმით შეარჩია:
- მათ წინააღმდეგ სამართლებრივი დასაბუთების სიმყარით;
- და საფრთხის მასშტაბით, რომელსაც კონკრეტული პარტია უქმნის “კონსტიტუციურ წყობილებას” - თავისი სიდიდით, ორგანიზებული სტრუქტურით, პოლიტიკური ზეგავლენით.
პოლიტიკური გაერთიანებიდან „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია გირჩი, დროა“ “ოცნება” ჯერჯერობით არ კრძალავს უშუალოდ „დროასა“ და პარტიას „გირჩი - მეტი თავისუფლება“ [რომლებიც ცალკეც არიან რეგისტრირებული]; ასევე ჯერ მხოლოდ უმიზნებენ სხვა პარტიებს - „ფედერალისტები“, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „რესპუბლიკური პარტია“ - „ოცნებამ“ განმარტა, რომ ჯერ მათი აკრძალვის დრო არ დამდგარა და ეს მოხდება მაშინ/თუკი ეს პარტიები მოძლიერდებიან და საარჩევნო ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა გაუჩნდებათ.
შალვა პაპუაშვილმა მედიასთან ახსნა ასევე, თუ რატომ არ მოხვდა „ქართული ოცნების“ ექსპრემიერის - გიორგი გახარიას პარტია ასაკრძალთა სიაში. თქვა, რომ საბოტაჟის ბრალდება არსებობდა, მაგრამ სადავო პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებით - მათ „სამართლებრივად დაიძვრინეს თავი“. თუმცა როცა „წულუკიანის კომისიამ“ ექსპრემიერი გახარია ორჯერ გამოჰკითხა - მას „ჩორჩანის საგუშაგოს“ თვითნებურ აშენების შედეგად, საოკუპაციო რეჟიმის სასარგებლოდ, მილიონი კვადრატული მეტრი ტერიტორიის დაკარგვა დასდო ბრალად; ასევე „გარე ძალებთან“ თანამშრომლობა, „ღალატი“; იყო 20 ივნისის „გავრილოვის ღამის“ მოვლენებთან დაკავშირებული ბრალდებებიც.
რა შეემატა სადავო პარლამენტს?
გახარიას პარტია სადავო პარლამენტში, ერთი წლის დაგვიანებით შევიდა. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, მას, ცესკოს მიხედვით, 12 მანდატი აქვს მოპოვებული - 161 521 ამომრჩევლის 7.78%-იანი მხარდაჭერით.
„ოცნების“ მომხრეები ამბობენ, რომ გახარიას პარტიის შესვლის შემდეგ - ოპონენტებს ხელიდან გამოეცალათ „ერთპარტიული პარლამენტის“ არგუმენტი და, ადრე თუ გვიან, ამის აღიარება დასავლეთსაც მოუწევს - რომელიც დღემდე ეჭვით უყურებს „ქართული ოცნების“ გამარჯვებას - საპარლამენტო თუ თვითმმართველობის არჩევნებში.
გახარიას პარტიის მანდატების დამატებით, სადავო პარლამენტის დეპუტატების რიცხვი 101-მდე გაიზარდა. მანამდე, 150-წევრიან პარლამენტში მხოლოდ “ქართული ოცნების” სიით გასული 89 დეპუტატი იჯდა. ოპოზიციის როლს კი, "ოცნების" სიით გაყვანილი და შემდეგ მათგან გამოყოფილი - „ხალხის ძალისა“ და „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკური ჯგუფები ასრულებდნენ.
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, გიორგი გახარიას პარტია, სხვა ოპოზიციური ჯგუფების მსგავსად, მე-11 მოწვევის პარლამენტს არალეგიტიმურად თვლიდა, არ შედიოდა და ამ პროცესს სიის პირველი 12 წევრის სადეპუტატო მანდატების გაუქმება მოჰყვა. რადგან მათი პარტიული სია „ჩახსნილი“ არ იყო, ადგილი შემდეგმა 12-მა დაიკავა. მათი უფლებამოსილება პარლამენტმა სექტემბრის დასაწყისში აღიარა.
ვიდრე “გახარია საქართველოსთვის” სადავო პარლამენტში შევიდოდა, „ქართული ოცნების“ სიით გაყვანილი 89 დეპუტატისთვის თეორიულადაც კი შეუძლებელი იყო ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებსაც 90 ან 100 მანდატი ესაჭიროება.
100 მანდატი ესაჭიროება:
- კონსტიტუციაში ისეთი ცვლილების შეტანას, რომელიც ორი მოწვევის პარლამენტებში უნდა დამტკიცდეს.
- კონსტიტუციური კანონის დამტკიცებას, რომელიც უკავშირდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას;
- სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასთან დაკავშირებული ორგანული კანონის მიღებას.
90 მანდატია საჭირო:
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ასარჩევად;
- საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების ასარჩევად;
- სახალხო დამცველის ასარჩევად ანდა მისთვის უფლებამოსილების შესაწყვეტად;
- საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად;
- კონსტიტუციური შეთანხმების დასამტკიცებლად.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ “ქართული ოცნების” დაპირებებს შორის იყო - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებები - რისთვისაც ის ხალხს საკონსტიტუციო უმრავლესობას სთხოვდა. „ოცნებას“ არ განუმარტავს - რას გულისხმობდა კონკრეტულად.
27 ოქტომბერს, გახარიას პარტიის დეპუტატებს სადავო პარლამენტში დამცინავად შეხვდნენ, მათ გამოსვლებს „მხატვრული კითხვა“ უწოდეს და მადლობის გადახდაც მოსთხოვეს - პარლამენტში დაბრუნების ნება რომ მოგეცითო. თავად ამ პარტიის წარმომადგენლები როგორც ამბობენ - პარლამენტში შესვლა „ქართული ოცნების რეჟიმის“ წინააღმდეგ „გაბედული ბრძოლის“ დაწყებაა.
პროდასავლური პარტიების გაუქმების პარალელურად, პარტიის შექმნა გადაწყვიტა "ქართული ოცნების" მხარდამჭერმა, მკაფიოდ ანტიდასავლურმა ჯგუფმა - "ნეიტრალური საქართველო", რომელიც კონსტიტუციიდან 78-ე მუხლის ამოღებას კატეგორიულად ითხოვს. ითხოვენ სხვებიც, "ოცნების" მხარდამჭერი ფლანგიდან.
78-ე მუხლი კონსტიტუციურ ორგანოებს ავალდებულებს, მიიღონ ყველა საჭირო ზომა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ფორუმი