ჩინეთისა და რუსეთის ავტორიტარული ლიდერების განკარგულებაშია თავიანთი ქვეყნების უზარმაზარი რესურსები და საუკეთესო სამეცნიერო ტვინები, რათა განავითარონ ისეთი ტექნოლოგიები, რომლებიც ადამიანის სიცოცხლეს გაახანგრძლივებს.
თუმცა საკითხავია, რეალურად თუ მიაღწია მეცნიერებამ ამ მიმართულებით რაიმე მნიშვნელოვან გარღვევას და, რამდენად მიუახლოვდა თანამედროვე მედიცინა დაბერების დაძლევასა და უკვდავების მოპოვებას?
რაზე ოცნებობენ დიქტატორები?
3 სექტემბერს პირდაპირ სატელევიზიო ეთერში მოხვდა ტიანანმენის კარიბჭისკენ ქვეითად მიმავალი ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისა და ჩრდილოეთ კორეის მეთაურის კიმ ჩენ ინის საუბარი.
თარჯიმანმა, რომელიც, როგორც ჩანს, სი ძინპინის სიტყვებს გადმოსცემდა, რუსულად თქვა: „ადრე ადამიანები იშვიათად ცოცხლობდნენ 70 წლამდე, მაგრამ ახლა 70 წლის ასაკში შენ ჯერ კიდევ ბავშვი ხარ“.
შემდეგ, როგორც ჩანს, თარჯიმანმა რუსეთის ლიდერის სიტყვები თარგმნა ჩინურად: „ბიოტექნოლოგიების განვითარების წყალობით, ადამიანის ორგანოების უწყვეტი გადანერგვაა შესაძლებელი. ადამიანები შეძლებენ უფრო და უფრო ახალგაზრდები გახდნენ და უკვდავებასაც კი მიაღწიონ“.
შემდეგ, ვიდრე საუბრის ტრანსლაცია შეწყდებოდა, სი ძინპინმა კვლავ ჩინურად თქვა: „პროგნოზის თანახმად, არსებობს შანსი, რომ ამ საუკუნეში ადამიანმა 150 წლამდე მიაღწიოს“.
მოგვიანებით, საინფორმაციო სააგენტო „რეიტერმა“ ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიის (CCTV) მოთხოვნით წაშალა ვიდეო, რომელზეც პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი სიცოცხლის გახანგრძლივებისა და ორგანოების გადანერგვის გზებზე საუბრობენ. ჩანაწერი ლიცენზირებული იყო, თუმცა მაუწყებელმა (CCTV) მისი გამოყენების ნებართვა უკან გაიხმო.
თუმცა პუტინმა იმავე დღესვე დაადასტურა, რომ სი ძინპინთან სიცოცხლის გახანგრძლივების საკითხი განიხილა. „დიახ, დიახ, ვფიქრობ, სწორედ მაშინ, როცა აღლუმზე მივდიოდით, თავმჯდომარე [ჩინეთის] ლაპარაკობდა ამის შესახებ. <...> დიახ, მკურნალობის თანამედროვე მეთოდები და სამედიცინო საშუალებები, ორგანოების ჩანაცვლებასთან დაკავშირებული ყველანაირი ქირურგიული [ოპერაციები] კაცობრიობას საშუალებას აძლევს, იმედი ჰქონდეს, რომ აქტიური ცხოვრება გაგრძელდება არა ისე, როგორც დღეს არის, <...> სიცოცხლის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად გაიზრდება“, - თქვა მაშინ ვლადიმირ პუტინმა.
უკვდავებამდე ჯერ კიდევ შორია - სამეცნიერო მიღწევები და ფაქტები
ოფიციალურად, დღემდე დადასტურებული ყველაზე ხანდაზმული ადამიანის ასაკი 122 წელია: ფრანგი ჟან კალმანი 1997 წელს 122 წლისა და 164 დღის ასაკში გარდაიცვალა.
თუმცა, თუ მეცნიერებს დავუჯერებთ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა მიაღწია სიცოცხლის ხანგრძლივობის ზღვარს ან რომ მეცნიერებმა მიაღწიეს კონსენსუსს იმის თაობაზე, რომ არსებობს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის ბიოლოგიური ზღვარი.
„დებატები ჯერ არ დასრულებულა“, - უთხრა სააგენტო AFP-ს დიდი ბრიტანეთის შეფილდის უნივერსიტეტის დაბერების ბიოლოგიის მკვლევარმა ილარია ბელანტუონამ.
მისი თქმით, სამედიცინო გარღვევებმა, ჯანდაცვის სფეროში მიღწეულმა პროგრესმა და კვების გაუმჯობესებამ მთელ მსოფლიოში მკვერთრად გაზარდა სიცოცხლის ხანგრძლივობა. თუმცა, ახალი კვლევები აჩვენებს, რომ ეს ზრდა შენელდა.
„ბიოლოგიის თვალსაზრისით, ჩვენ უნდა გადავაქციოთ საშუალო ასაკის ადამიანები მოზარდებად; ხნიერები - ახალგაზრდებად; ხოლო ასწლოვანები უნდა იქცნენ დღევანდელ 50-70 წლის ადამიანებად და ასეთებად დარჩნენ ათწლეულების განმავლობაში“, - განუცხადა The New York Post-ს ჩიკაგოს ილინოისის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისტიკის პროფესორმა, ჯეი ოლშანსკიმ 150 წლამდე სიცოცხლის პერსპექტივის შესახებ დასმული კითხვის პასუხად. „დღეს მეცნიერების ჰორიზონტზე არაფერია ისეთი, რაც ამ მიზანს ოდნავ მაინც მიუახლოვდებოდა“.
ორგანოების გადანერგვა - პროგრესი და ლიმიტები
ტრანსპლანტაციის წყალობით ბოლო 30 წლის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში 100 000-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს, - აღნიშნავს BBC ბრიტანეთის სისხლისა და გადანერგვის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით.
სწორედ მედიცინისა და ტექნოლოგიების უწყვეტი პროგრესის გამოა, რომ გადანერგილი ორგანოები გაცილებით დიდხანს ძლებენ ადამიანის სხეულში. მაგალითად, ზოგიერთ პაციენტში გადანერგილი თირკმელები 50 წელზე მეტხანსაც “ქაჩავენ”. მეცნიერულად დასტურდება, რომ გადანერგილი ორგანოს სიცოცხლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია როგორც დონორისა და რეციპიენტის (მიმღების) ჯანმრთელობაზე, ასევე იმაზე, თუ რამდენად კარგად უვლიან მას. მაგალითად, თუ თირკმლის გადანერგვა ხდება ცოცხალი დონორისგან, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა 20-25 წელია. თუ თირკმლის გადანერგვა ხდება გარდაცვლილი დონორის სხეულიდან, მაშინ ორგანოს სიცოცხლის ხანგრძლივობა 15-20 წლამდე მცირდება.
მნიშვნელობა აქვს ორგანოს ტიპსაც. თანამედროვე კვლევის თანახმად, გადანერგილი ღვიძლი დაახლოებით 20 წელი ძლებს, გული - 15 წელი, ხოლო ფილტვები - თითქმის 10 წელი.
თუმცა, გადანერგვა ყოველთვის მნიშვნელოვან რისკებთანაა დაკავშირებული. პაციენტებმა, რომლებსაც ორგანო გადაუნერგეს, მთელი ცხოვრება უნდა მიიღონ იმუნიტეტის დამთრგუნავი საშუალებები - ძლიერი პრეპარატები, რომლებიც ხელს უშლიან იმუნურ სისტემას უცხო ქსოვილის მოცილებაში. ამ პრეპარატებს კი მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები აქვთ, მაგალითად მაღალი არტერიული წნევა და ინფექციების რისკის ზრდა.
კიდევ უფრო დიდი პრობლემაა ტვინის დაბერება. მედიცინას შეუძლია ინდივიდისთვის თირკმლის ან ღვიძლის შეცვლა დიდი რისკის გარეშე, მაგრამ მეცნიერებას არ შეუძლია ტვინის შეცვლა - სხეული, რომელიც ტვინის გადანერგვის შემდეგ იცოცხლებს, სხვა ადამიანი იქნება.
უფრო მეტიც, დაბერება სისტემური პროცესია და მხოლოდ ორგანოების შეცვლა, სავარაუდოდ, სიცოცხლეს ვერ გაახანგრძლივებს, - უთხრა გამოცემა Sydney Morning Herald-ის რედაქციას მელბურნის მონაშის უნივერსიტეტის პროფესორმა პიტერ კერიმ.
სისტემური ბრძოლა დაბერებასთან
„150 წლამდე რომ ვიცოცხლოთ, ჩვენ დაგვჭირდება ქსოვილების პერიოდული, უსაფრთხო გაახალგაზრდავება“, - განუცხადა The New York Post-ს კალიფორნიის უნივერსიტეტის სან დიეგოს სამედიცინო სკოლის პროფესორმა, რაფაელ კუომომ.
მისი განმარტებით, ეს ნიშნავს კიბოს, გულის დაავადებების, ნეიროდეგენერაციის, ინფექციების, თირკმლის უკმარისობის პრევენციას ან მკურნალობას, ასევე გენეტიკური დაზიანების აღდგენას და დაზიანებული ორგანოების ჩანაცვლებას მთელი სიცოცხლის განმავლობაში იმუნოსუპრესიის გარეშე. მაგრამ, როგორც მეცნიერები ამბობენ, ამისათვის საჭირო ტექნოლოგიები ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ ეტაპზეა. მაგალითად, ნანორობოტები - მინიატიურული რობოტები, რომლებმაც დაზიანებულ უჯრედებს უნდა მიაწოდონ წამლები, უნდა გამოავლინონ დაავადებები და აღადგინონ დაზიანებული ქსოვილი - უკვე გამოიყენება ლაბორატორიებში. თუმცა, კუომო ამბობს, რომ ადამიანებზე ჯერ არ ჩატარებულა მასშტაბური კლინიკური კვლევები.
ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, იმუნოპათოლოგიის სპეციალისტი ნილ მაბოტი ვარაუდობს, რომ 125 წელი შეიძლება იყოს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის ზედა ზღვარი.
„ჩვენ უარესად ვრეაგირებთ ინფექციებზე, ჩვენი სხეულები მეტად სუსტი და მოწყვლადი ხდება დაზიანებების მიმართ, გვიქვეითდება თვითაღდგენის უნარი, - ციტირებს ედინბურგელ მკვლევარს ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია BBC, - სტრესი, ტრავმა და ტრანსპლანტაციის ოპერაციის შედეგები, ასევე იმუნოსუპრესანტების ხანგრძლივი გამოყენება, რომლებიც აუცილებელია გადანერგილი ორგანოების მოწყვეტის თავიდან ასაცილებლად, ძალიან მძიმე იქნებოდა ასეთ ასაკში მყოფი პაციენტებისთვის.“
ჯანმრთელი წლები — უფრო რეალისტური მიზანი
პროფესორი მაბოტი ამტკიცებს, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდაზე ფოკუსირების ნაცვლად, საზოგადოება უნდა ისწრაფოდეს ჯანსაღი (ჯანმრთელად ყოფნის) წლების რაოდენობის გაზრდისკენ: „გაცილებით მეტხანს სიცოცხლე, მაგრამ მრავალი დაავადებით ტანჯვა (რაც შეიძლება ახლდეს დაბერებას) და მუდმივად საავადმყოფოში წოლა მორიგი ტრანსპლანტაციის მოლოდინში - ეს არცთუ ისე მიმზიდველი საშუალებაა პენსიაზე გასვლის შემდეგ დროის გასატარებლად.“
„სიცოცხლის ათობით წლით გახანგრძლივებისთვის საჭიროა დაბერების უჯრედულ დონეზე შენელება ანუ დნმ-ის დაზიანების აღმოფხვრა, მიტოქონდრიის (უჯრედის ენერგიის წყაროს) ფუნქციის შენარჩუნება, ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესება და ქრონიკული ანთების შემცირება“, - განუცხადა The New York Post-ს დაბერების ექსპერტმა, პროფესორმა პუჯა გიდვანიმ ლოს-ანჯელესიდან:
„სწორედ ამიტომ, დღეს ყველაზე საინტერესო კვლევები ფოკუსირებულია ეპიგენეტიკურ რეპროგრამირებაზე, რომელიც არსებითად „აბრუნებს“ უჯრედებს მეტად ახალგაზრდულ მდგომარეობაში, და სენოლიზურ პრეპარატებზე, რომლებიც ათავისუფლებენ ორგანიზმს ტოქსიკური „ზომბი-უჯრედებისგან.“
პროფესორი გიდვანი ამტკიცებს, რომ ადამიანს შეუძლია სიცოცხლე გაიხანგრძლივოს 10-20 „ჯანმრთელი“ წლით, თუ სწორად იკვებება, ვარჯიშობს და იყენებს სხეულზე დასამაგრებელ თანამედროვე მოწყობილობებს, რომლებიც ასკანერებენ სხეულს და დაავადების ადრეულ ნიშნებს აფიქსირებენ, რაც, თავის მხრივ, მკურნალობის დაუყოვნებლივ დაწყების საშუალებას იძლევა.
პუტინის “ელექსირი”? – ირმის რქების აბაზანები
მეცნიერები თანხმდებიან, რომ ორგანოების გადანერგვა უდავოდ წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივების მნიშვნელოვან ბერკეტს, თუმცა მისი შესაძლებლობები შეზღუდულია. დაბერება რჩება კომპლექსურ, მრავალწახნაგოვან პროცესად, რომლის „გასწორება“ მხოლოდ ერთი რომელიმე მეთოდით შეუძელებლია. თუმცა, ცალკეული ავტორიტარი ლიდერები მაინც დიდ დროს უთმობენ სიცოცხლის გახანგრძლივების როგორც ტრადიციული, ასევე არატრადიციული გზების ძიებას.
ვლადმირ პუტინისთვის ჯანმრეთლობაზე ზრუნვა და სიცოცხლის გახანგრძლივებაზე ფიქრი, რომ უცხო ხილი არაა, ამაზე წლებია წერს რუსული და საერთაშორისო მედია.
რუსი გამომძიებელი ჟურნალისტების დაფუძნებულმა პლატფორმა „პროექტმა“ 2022 წელს გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება იმის შესახებ, რომ თავისი მმართველობის 23-ე წელს რუსეთის პრეზიდენტი მხოლოდ გეოპოლიტიკით არ არის დაინტერესებული. „არსებობს სულ მცირე კიდევ ერთი საკითხი, რომელიც პუტინს არანაკლებ აწუხებს - მისივე ჯანმრთელობა. როგორც ჩანს, პუტინს აქვს რაღაც სადარდებელი“, - ნათქვამია ჟურნალისტური გამოძიებაში, რომლის მიხედვითაც, პუტინი ტრადიციულ, მეცნიერებაზე დამყარებულ მედიცინასთან ერთად დიდად სწყალობს ე.წ. არატრადიციულსაც, რომელსაც, „პროექტის“ ჟურნალისტების თანახმად, ის აზიარა თავდაცვისა და საგანგებო სიტუაციათა ყოფილმა მინისტრმა, წარმოშობით ტუველმა სერგეი შოიგუმ.
„გაზაფხულზე, ალთაურ მარალებს (კეთილშობილური ირმების სახეობას) წარმოუდგენელი სისწრაფით (დღეში რამდენიმე სანტიმეტრით) ეზრდებათ ჩვილი რქა - დოყი, - წერია „პროექტის“ პუბლიკაციაში, - ამ დროს, რქები ჯერ კიდევ არ არის გაქვავებული, ისინი რბილი და სისხლით სავსეებია. სწორედ ამ რქებიდან ამოღებულ ნაყოფს (ექსტრაქტს) მიეწერება სამკურნალო ეფექტი - თითქოს სასარგებლოა მისი (დოყის) აბაზანების მიღება. ამისათვის მარალებს თავდაყირა ჰკიდებენ და აჭრიან (ხშირად ჩვეულებრივი ხერხით) ჯერ კიდევ ცოცხალ რქებს.
ცხოველთა უფლებების დამცველები ცხოველების შეგრძნებებს ადარებენ წამებას - ადამიანისთვის ფრჩხილების ამოგლეჯას. რუსულ ელიტაში პირველი, ვინც დოყების (რქების) აბაზანებით დაინტერესდა, იყო სერგეი შოიგუ, მაშინდელი საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელი და პუტინის მეგობარი. 2000-იანი წლების შუა პერიოდში შოიგუმ პუტინი პირველად ჩაიყვანა ალთაიში და დაარწმუნა პროცედურის სარგებელში, რომ ის თითქოსდა აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას და აახალგაზრდავებს კანს. პუტინმა, რომელმაც ჯანმრთელობაზე მეტი ფიქრი დაიწყო, ერთ-ერთი მოგზაურობის დროს მიიღო ირმის რქების აბაზანა“.
„პროექტის“ პუბლიკაციის მიხედვით, რუსეთის მგრძნობიარე ელიტამ სწრაფად შეამჩნია პუტინის ახალი გატაცება. შესაბამისად, დოყები და ახალგაზრდობის გახანგრძლივების სხვა მეთოდები სწრაფად გახდა პოპულარული ჩინოვნიკებში. „პროექტის“ ერთ-ერთი თანამოსაუბრე - რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი - ამბობს, რომ თავად ყოფილა ალთაიში რქების აბაზანის მისაღებად და იქ, სხვა ადამიანებთან ერთად, მოსკოვის მერი სერგეი სობიანინიც უნახავს.
„სისხლიანი პროცედურების დიდი მოყვარულები - „გაზპრომის“ ხელმძღვანელი ალექსეი მილერი და მისი ახლო თანამოაზრეები - წელიწადში ერთხელ მაინც ალთაიდან მოსკოვში საქმიანი თვითმფრინავით რქების ექსტრაქტით სავსე კონტეინერებს ეზიდებიან. დაბერების საწინააღმდეგო პროცედურების მოყვარული შედარებით მოკრძალებული ჩინოვნიკების საყვარელი ადგილია კარელიაში მდებარე პანსიონი „კივაჩში“, სადაც ალკოჰოლი აკრძალულია, მაგრამ სამაგიეროდ ყოველდღიურად კეთდება ოყნები, - იხსენებს კრემლის ყოფილი ჩინოვნიკი, რომლის თქმითაც, ოყნების მიმღებთა შორის ბევრი კოლეგა და გავლენანი პირი შეხვედრია“, - ვკითხულობთ რუსი გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ დაფუძნებული პლატფორმის, „პროექტის“ პუბლიკაციაში.
სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა
სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა კეთილდღეობის დონის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რომელიც ასახავს მოცემულ ქვეყანაში მედიცინის, ეკონომიკისა და სოციალური პოლიტიკის მდგომარეობას.
რუსეთი - რუსეთში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია 2019 წელს - 73,3 წელი. 2022 წლის შემდეგ რუსეთის ხელისუფლება უკრაინასთან ომის გამო მალავს დემოგრაფიასთან დაკავშირებულ სტატისტიკურ მონაცემებს. შესაბამისად, სპეციალისტები ვერ ამბობენ, ამჟამად რამდენია რუსეთში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა. 2017 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა (რომელიც ამჟამად 72 წლისაა) განაცხადა, რომ 2025 წლისათვის რუსეთში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 76 წლამდე გაიზრდებოდა. არსებობს 2050 წლის პროგნოზიც, რომლის მიხედვითაც რუსეთში ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობა 82 წლამდე უნდა გაიზარდოს, ხოლო მამაკაცების - 75 წლამდე.
ჩინეთი - ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ხელმძღვანელის განცხადებით, 2024 წელს ჩინეთში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობამ 79 წელი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 0.4 წლით მეტია და ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სი ძინპინი - ჩინეთის მოქმედი ლიდერი, რომელიც ქვეყანას 2013 წლიდან უდგას სათავეში, ამჟამად 72 წლისაა.
ამერიკის შეერთებული შტატები - 2024 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 78.39 წელი იყო. მამაკაცებისა და ქალების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა განსხვავებულია: ქალების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა - 80.9 წელი, ხოლო მამაკაცების - 75.9 წელი. კვლევითი ცენტრის pew research center-ის მონაცემებით, 2054 წლისთვის ამერიკაში დაახლოებით 422 000 ასწლოვანი ადამიანი იქნება, რაც მოსახლეობის დაახლოებით 0.1%-ს შეადგენს (2024 წელს ასწლოვანთა რაოდენობა 101 000 იყო). ყველაზე ხანდაზმული ამერიკელი ქალი პენსილვანიელი ნაომი უაითჰედია, რომელიც 115 წლის ხდება.
ფორუმი