31 ივლისს და 1 აგვისტოს ასობით ოფიციალური პირი და პოლიტიკოსი იკრიბება ფინეთში ჰელსინკის დასკვნითი აქტის მრგვალი იუბილეს აღსანიშნავად.
50 წლის წინ ამ შეთანხმებამ დიდი როლი შეასრულა ცივი ომის დროინდელი დაძაბულობის შემსუბუქებაში. 35 ქვეყანა - მათ შორის საბჭოთა კავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები - მრავალ პრინციპზე შეჯერდნენ ორწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კონფერენციის (CSCE) სახელითაა ცნობილი.
ჰელსინკის აქტმა ფორმა მისცა ევროპის კონტინენტის შემდგომ გეოპოლიტიკურ არქიტექტურას და, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ჩაუყარა საფუძველი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) შექმნას.
ერთი შეხედვით, აღსანიშნავი მართლაც რომ ბევრია.
ფინეთმაც, რომელმაც წლის დასაწყისში მიიღო ეუთოს თავმჯდომარეობა, მასშტაბური ღონისძიება დაგეგმა - 31 ივლისს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის სიტყვით გამოსვლები, მაღალი დონის პანელები, რომლებზეც განიხილავენ ეუთოს მომავალს თემაზე: პატივისცემა, რეაგირება, მომზადება.
ფინეთი ასევე გამოიყენებს შესაძლებლობას, შექმნას „ჰელსინკი+50 ფონდი“, ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ვენაში დაფუძნებული ორგანიზაციის დაფინანსების ნებაყოფლობით გაზრდას.
მიუხედავად ამისა, ბევრი მაინც კითხულობს, კვლავაც ასრულებს თუ არა ეუთო თავდაპირველ მიზანს.
დიდი გარიგება
1975 წელს შეთანხმება წარმოადგენდა ერთგვარ დიდ გარიგებას დემოკრატიულ დასავლეთსა და კომუნისტურ აღმოსავლეთს შორის.
ჰელსინკის დასკვნითი აქტის მიღება მოსკოვში ზეიმით აღინიშნა, რადგან მან მაშინ დაადასტურა ევროპაში არსებული საზღვრების სტატუსი და ურღვეობა. ეს კი ნიშნავდა საბჭოთა კავშირის დომინაციას ვარშავის პაქტის ქვეყნებზე და ბალტიისპირეთის ქვეყნების ანექსიის დე იურე თუ არა, დე ფაქტო აღიარებას.
მაგრამ მან ასევე შექმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მომავალი თანამშრომლობის სამი ე.წ. „კალათა“: პოლიტიკური და სამხედრო საკითხები; ეკონომიკური და სამეცნიერო თანამშრომლობა; და, შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი, ადამიანის უფლებები.
საბჭოთა კავშირს თავიდან ეგონა, რომ „გაიმარჯვა“, მაგრამ, საბოლოო ჯამში, უკეთეს პირობებში დასავლეთი აღმოჩნდა, განსაკუთრებით იმ მესამე კალათის წყალობით, რომელმაც ცივი ომის პერიოდში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მოძრაობა შექმნა.
სოლიდარობის მოძრაობა პოლონეთში, ბალტიის გზა ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში და ქარტია 77 ჩეხოსლოვაკიაში - მოძრაობები, რომლებმაც ხელი შეუწყო რკინის ფარდის დაცემას და საბჭოთა კავშირის დაშლას, სწორედ ჰელსინკის დასკვნითი აქტის შთაგონებით შეიქმნა.
1990-იან წლებში ეუთოს შექმნის შემდეგ ადამიანის უფლებათა მესამე კალათა გაფართოვდა და მოიცვა ისეთი საკითხები, როგორიცაა ეროვნული უმცირესობების დაცვა, პრესის თავისუფლება და დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR), რომელიც დღემდე ადგენს სტანდარტებს არჩევნების სადამკვირვებლო მისიებისთვის.
ეუთოს 57 წევრი სახელმწიფოსთვის გაგზავნილ წერილში, რომელსაც რადიო თავისუფლებაც გაეცნო, ფინეთის ელჩმა ეუთოში, ვესა ჰაკინენმა დაწერა: „ჰელსინკის დასკვნითმა აქტმა დაძაბულობის მართვისა და კონფლიქტის თავიდან აცილების ინოვაციური მიდგომა გამოიყენა, შეთანხმებული პრინციპებისა და ვალდებულებების ყოვლისმომცველი ნაკრების შემუშავებით, რომელიც არა მხოლოდ სახელმწიფოებს შორის, არამედ მათ შიგნით ურთიერთობებს წარმართავდა. ორმოცდაათი წლის შემდეგაც, ეუთოს პრინციპები და ვალდებულებები ევროპული უსაფრთხოების წესრიგის სასიცოცხლო ნაწილად რჩება“.
ბოლო დროს სულ უფრო ხშირად კამათობენ, რამდენად მართალია ეს.
ხიდების მშენებელი?
ორგანიზაციაში კონსენსუსის საჭიროებამ მისი ნაკლოვანებები გამოავლინა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ცივი ომის შემდგომ მთელ სტრუქტურას რამდენიმე წელია გამოცდას უტარებს.
ეუთოს მისია საქართველოში 2009 წლიდან, ამ ქვეყანაში რუსეთის შეჭრიდან ერთი წლის შემდეგ, აღარ გაგრძელდა. მოსკოვის მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შემდგომმა აღიარებამ კიდევ უფრო გამოუთხარა ძირი ამ ორგანიზაციას.
როდესაც რუსეთმა 2014 წელს ყირიმის ძალადობრივი ანექსია და იმავე წლის ბოლოს აღმოსავლეთ უკრაინის ნაწილების ოკუპაცია მოახდინა, მოსკოვმა თავდაპირველად ეუთო შეზღუდული სადამკვირვებლო მისიის უფლებით დაუშვა, მაგრამ ეს მისია 2022 წლის დასაწყისში, სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მალევე შეწყდა.
მას შემდეგ სადამკვირვებლო მისიის სამი ყოფილი თანამშრომელი უკანონო რუსულ ტყვეობაში რჩება, ეუთომ კი მათი გათავისუფლების საკითხში პროგრესს ვერ მიაღწია.
შემდეგ სხვა ქვეყნებმაც გადაწყვიტეს ორგანიზაციის მიერ დადგენილი ზოგიერთი მექანიზმის უგულებელყოფა.
ეუთოს მინსკის ჯგუფი, რომელიც შეიქმნა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზების მოსაძებნად, უფუნქციოდ დარჩა მას შემდეგ, რაც ბაქომ 2023 წელს მთელი ტერიტორია დაიკავა და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ღიად გამოვიდა ჯგუფის დაშლის მოწოდებით. შედეგად, ეუთოს ბიუჯეტი კვლავ შეჩერებულია, აზერბაიჯანი კი თანხმობას არ აძლევს მანამ, სანამ მინსკთან დაკავშირებული ყველა ინსტიტუტი არ გაუქმდება.
ამის მიუხედავად, ვენაში არ მიმდინარეობს რეალური დისკუსია რუსეთის (ან სხვა ნებისმიერი ქვეყნის) წევრობის შეჩერების შესახებ. ამის ნაცვლად, ეუთოს რამდენიმე წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ აუცილებელია დიალოგის და ყველა მონაწილე სახელმწიფოს შორის „ღია კომუნიკაციის არხების“ შენარჩუნება.
ჰელსინკის შეხვედრის მომზადებისას ეუთოს ფინეთის დელეგაციამ ყველა ქვეყანას გაუგზავნა მოწვევა, რომ გაზაფხულზე მონაწილეობა მიეღოთ „მცირე ჯგუფურ დისკუსიებში“, რათა გადაეჭრათ ისეთი საკითხები, როგორიცაა ერთმანეთისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება, ეუთოს ფუნქციონირებისთვის საჭირო ნდობის მინიმალური დონის დაწესება და შეუძლია თუ არა მას „ხიდების მშენებლობა“.
ივნისში ფინეთმა ახალი წერილი გააგზავნა, რომელსაც რადიო თავისუფლებაც გაეცნო. ამ წერილში დისკუსიების შედეგები იყო შეჯამებული. ამ შეჯამების თანახმად, უახლოეს მომავალში დიდ ცვლილებებს (ან, ზოგადად, რაიმე ცვლილებებს) არ უნდა ველოდეთ.
„კონსენსუსის წესით იმედგაცრუება“
ერთ-ერთი დასკვნა იყო, რომ „ნდობა სასურველია, მაგრამ ის დიალოგისთვის აუცილებელი პირობა არ არის“. მეორე, ერთი შეხედვით წინააღმდეგობრივი, დასკვნა ასეთი იყო: „მონაწილეებმა დაადასტურეს ეუთოს პრინციპებისა და ვალდებულებების უწყვეტი ვალიდურობა და მნიშვნელობა, მაშინაც კი - და განსაკუთრებით მაშინ - როდესაც ისინი ირღვევა, ყველაზე მძიმედ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ომის დროს“.
ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებით გვხვდება აღიარება, რომ ეუთოს არ შეუძლია ვინმეს „აიძულოს თავისი პრინციპების დაცვა“.
წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ბევრმა „გამოთქვა იმედგაცრუება კონსენსუსის წესთან დაკავშირებით“, მაგრამ ასევე ნათქვამია, რომ „ბევრი მტკიცედ მიიჩნევს, რომ კონსენსუსი ეუთოს არსია და ინკლუზიური გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელოვანი გარანტიაა“.
გასაკვირი არ არის დოკუმენტში მოცემული დასკვნა, რომ „ახლა არ არის მნიშვნელოვანი რეფორმების დრო. მიუხედავად ამისა, მონაწილეთა უმეტესობა მოწოდებით გამოვიდა, განხორციელდეს მცირე, თანდათანობითი ცვლილებები, რათა ეუთომ უკეთ შეასრულოს თავისი ძირითადი ფუნქციები“.
ეუთოს მომავალი შესაძლოა ვეტოს თავიდან ასაცილებლად შექმნილ „მსურველთა კოალიციაზე“ იყოს დამოკიდებული - როგორც ეს ბოლო წლებში ბევრ სხვა საერთაშორისო ინსტიტუტში დაფიქსირდა.
ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი იყო ეუთოს სამდივნოს უკრაინის მხარდაჭერის პროგრამა (SPU) - არასაბიუჯეტო პროექტების პორტფელი. იდეა 2022 წლის ივნისის ბოლოს გაჩნდა, როდესაც რუსეთმა დაბლოკა ეუთოს პროექტის კოორდინატორის მანდატის გაგრძელება - ეუთოს სრულფასოვანი საველე ოპერაციისა, რომელიც 1999 წლიდან ფუნქციონირებდა.
განიხილება ეუთოს მოსკოვის მექანიზმის უფრო ხშირი გამოყენება. ის რუსეთის მიერ უკრაინაში სამი წლის წინ სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ხუთჯერ ამოქმედდა - ბოლოს სამხედრო ტყვეებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ რუსეთის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების დოკუმენტირებისთვის.
შეძლებს თუ არა ეუთო აქტუალურობის შენარჩუნებას ამ შემოვლითი გზებით? ამაზე ჰელსინკის საიუბილეო ღონისძიებების დასრულების შემდეგ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იმსჯელებენ.