დილიანა გაიტანჯიევას მრავალწლიანი საეჭვო ჟურნალისტური საქმიანობა სრულ ჰარმონიაშია კრემლის პროპაგანდისტულ თეზისებთან.
2017 წელს ბულგარელმა ჟურნალისტმა გაზეთ Труд-ში („ტრუდ“) გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც მკითხველს მოუთხრო იმის შესახებ, თუ როგორ მიეწოდებოდა ბულგარული იარაღი სირიელ „ტერორისტებს“ შეერთებული შტატების მონაწილეობით. ავტორის მტკიცებით, სტატია ეფუძნებოდა Twitter-ში (ამჟამად X) ანონიმური წყაროდან მიღებულ დოკუმენტებს.
რვა წლის შემდეგ, გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ხრისტო გროზევმა და რომან დობროხოტოვმა გამოცემა Insider-ში გამოაქვეყნეს სტატია, რომელშიც ამტკიცებენ, რომ დილიანა გაიტანჯიევას მიერ ნახსენები წყარო ტიმ სტიგალია - ჩეჩენი ბლოგერი, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის სამხედრო დაზვერვის (ГРУ) საიდუმლო ნაწილ 29155-სთან. როგორც წესი, ეს დანაყოფი მკვლელობებისა და დივერსიების მოწყობებითაა დაკავებული, თუმცა Insider-მა ისიც გაარკვია, რომ ამ დანაყოფისთვის ასევე უცხო არაა ჰაკერული და დეზინფორმაციული საქმიანობა.
Insider-ის ცნობით, გაიტანჯიევამ „ტრუდში" გამოქვეყნებული სტატიის შემდეგაც განაგრძო რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან თანამშრომლობა, რაც გულისხმობდა რუსული მხარის მიერ მიწოდებული დეზინფორმაციის ან უკანონოდ (ჰაკერული მეთოდებით) მოპოვებული ინფორმაციის გავრცელებას. გროზევი და დობროხოტოვი წერენ, რომ ბულგარელი ჟურნალისტი ამას აკეთებდა უკრაინისა და სირიის ოპოზიციისადმი დასავლური მხარდაჭერის ძირის გამოსათხრელად.
Insider-ის გამოძიება ეფუძნება გაჟონილ ელ.წერილებს, სატელეფონო საუბრების ჩანაწერებს, დაუცველი სერვერის ჟურნალებს, მიმოფანტულ ელ.წერილებს, გამოუყენებელ პროფილებსა და სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტებს.
თვითონ დილიანა გაიტანჯიევა უარყოფს ბრალდებას, უწოდებს მას „ტყუილს და ცილისწამებას“ და სასამართლოში ჩივილით იმუქრება. ბულგარელ ჟურნალისტს მხარს უჭერენ პრორუსული მედიასაშუალებების წარმომადგენლები, რომლებმაც Insider-ის ჟურნალისტურ გამოძიებას „ალქაჯებზე ნადირობა“ უწოდეს.
თუმცა Insider-ის გამოძიება ბულგარელი ჟურნალისტის საქმიანობასთან დაკავშირებით მართლაც ბევრ კითხვას აჩენს. გაიტანჯიევა ავტორია ბოლო წლების არაერთი წინააღმდეგობრივი გამოძიებისა, რომელთა კეთებისას ის ხშირად ეყრდნობოდა ანონიმური წყაროების მიწოდებულ ინფორმაციებსა და ფარული კამერების ჩანაწერებს.
2018 წელს, როცა Insider-ის მტკიცებით, გაიტანჯიევა უკვე დაკავშირებული იყო რუსეთის დაზვერვასთან, ჟურნალისტმა გამოაქვეყნა მასალები, რომელთა მიხედვითაც, შეერთებული შტატები აფინანსებდა საიდუმლო ბიოლოგიურ ლაბორატორიებს როგორც უკრაინაში, ასევე სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და ახლო აღმოსავლეთში.
მას შემდეგ ასეთი ბრალდებები არაერთხელ იქნა უარყოფილი, თუმცა რუსეთის ხელისუფლებამ 2022 წელს უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად სწორედ ეს ბრალდება გამოიყენა ერთ-ერთ არგუმენტად.
Insider-ის გამოძიების თანახმად, გაიტანჯიევას ურთიერთობა ГРУ-სთან, სულ მცირე, 2016 წელს დაიწყო ანუ ერთი წლით ადრე, ვიდრე 2017 წელს გამოქვეყნდებოდა მისი მიმოწერა ანონიმურ მომხმარებელთან, სავარაუდოდ, სტიგალთან. გროზევისა და დობროხოტოვის თქმით, სტიგალი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა 29155-ე ნაწილის კიბერ-ქვედანაყოფში, თუმცა მან უკრაინაში შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე დატოვა დანაყოფი.
„შესაძლებელია, ეს ურთიერთობა [გაიტანჯიევასა და ГРУ-ს შორის] დასრულდა, რადგან დაახლოებით ერთი წელია, არანაირი მიმოწერა აღარ გვინახავს“, - განუცხადა ხრისტო გროზევმა ტელეკომპანია BNT-ს 1 ივნისს, ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნებიდან მეორე დღეს.
Insider-ის ბრალდებებთან დაკავშირებით რადიო თავისუფლების ბულგარული სამსახურის მიერ დასმული კითხვის პასუხად, დილიანა გაიტანჯიევამ განაცხადა, რომ სტატიის ავტორებს ცილისწამების გამო სასამართლოში უჩივლებდა.
ვინ არის დილიანა გაიტანჯიევა?
დილიანა გაიტანჯიევა ტელეკომპანია TV7-ის ყოფილი ჟურნალისტია. თავის მხრივ, ეს ტელევიზია ასოცირდება კორუფციისთვის სანქცირებულ დელიან პეევსკისთან. TV7-მდე გაიტანჯიევა მუშაობდა ჯერ Nova TV-ში, შემდეგ კი გაზეთ Trud-ში („ტრუდი“). გაიტანჯიევა ასევე არის დამფუძნებელი და ავტორი ვებსაიტებისა Obektivno.bg და Armswatch.com, რომლებიც ხშირად ავრცელებენ კრემლის პოზიციის შესაბამის ინფორმაციას.
დილიანა გაიტანჯიევას ტექსტები ასევე ქვეყნდებოდა რუსულ News Front-ში, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღწერილია, როგორც „დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საშუალება, რომელიც თავს „ინფორმაციის ალტერნატიულ წყაროდ“ აცხადებს.“
2023 წლის აპრილში უკრაინულმა ვებსაიტმა „მიროტვორეცმა" გაიტანჯიევა უკრაინის მტრების სიაში შეიყვანა და დაწერა, რომ ის ავრცელებს „კრემლის პროპაგანდის ფეიკ-მასალებსა და ნარატივებს და თანამშრომლობს რუსეთის სპეცსამსახურებთან“. გაიტანჯიევას, როგორც „გამოხატული პრორუსული მიდრეკილებების“ მქონე ავტორის, იდენტიფიცირება ასევე მოახდინა დეზინფორმაციის საწინააღმდეგო რამდენიმე პლატფორმამ.
დასაწყისი. იარაღი სირიისთვის
დილიანა გაიტანჯიევას სახელი ცნობილი გახდა დაახლოებით 2016 წელს სირიის ომთან დაკავშირებით გამოქვეყნებული სტატიების სერიით. ამ სტატიებში ის ამტკიცებდა, რომ „სირიელ ტერორისტებს“ იარაღით ამარაგებდნენ ბულგარეთიდან (სხვა ქვეყნებიდანაც) და ამ სქემაში ჩართული იყო აშშ.
2016 წლის დეკემბერში გაიტანჯიევამ გაზეთ „ტრუდისთვის“ მოამზადა ვიდეორეპორტაჟი სახელწოდებით „სირიელი ისლამისტები ხალხს ბულგარეთიდან წამოსული იარაღით ხოცავენ“, რომლის მომზადებისას მან თითქოსდა ტერორისტების საიდუმლო საწყობში შეაღწია და გადაიღო იარაღის ყუთებზე გაკეთებული წარწერები, რომელთა მიხედვითაც, იარაღი ბულგარეთის მიერ იყო წარმოებული და მიწოდებული.
იმავე პერიოდში გაკეთებული ჟურნალისტური გამოძიებები (მაგალითად, მარია პეტკოვას 2015 წლის გამოძიება BIRN-ისთვის) ასევე აჩვენებს, რომ ბულგარეთმა მართლაც მიჰყიდა იარაღი აშშ-ს, საუდის არაბეთს და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს, სავარაუდოდ, სირიის ომისათვის, თუმცა აქედან არანაირად არ გამომდინარეობს დასკვნა, რომ ეს იარაღი ტერორისტების ხელში აღმოჩნდა, როგორც ამას დილიანა გაიტანჯიევა ამტკიცებდა.
2017 წლის ივლისში გაიტანჯიევამ „ტრუდში“ გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით „350 დიპლომატიური რეისი ტერორისტებისთვის განკუთვნილი იარაღით ბულგარეთის გავლით“, რომელშიც ავტორი აღწერს, თუ როგორ გადაჰქონდა აზერბაიჯანულ ავიაკომპანიას ტერორისტებისთვის განკუთვნილი ბულგარული იარაღი სოფიაში აზერბაიჯანის საელჩოს მეშვეობით მიღებული დიპლომატიური ნებართვების გამოყენებით.
„ამას ადასტურებს სკანდალური დოკუმენტები, რომლებიც „ტრუდმა“ სოციალურ ქსელ Twitter-ში ანონიმური წყაროსგან მიიღო“, - ნათქვამია სტატიაში, რომელიც იქვე აზუსტებს, რომ ინფორმაციის წყაროა მომხმარებელი მეტსახელად „Anonymous Bulgaria“.
Insider-ის 2025 წლის 31 მაისს გამოქვეყნებული გამოძიება მოიცავს Twitter-ის მაშინდელი საიდუმლო ჩატის "სკრინშოტებს", რომლებიც, სავარაუდოდ, Anonymous Bulgaria-სა და დილიანა გაიტანჯიევას მიმოწერას ასახავს. გროზევისა და დობროხოტოვის თქმით, Anonymous Bulgaria-ს ანგარიშის უკან დგას ГРУ-სთან დაკავშირებული ტიმ სტიგალი და სწორედ მან გაუგზავნა გაიტანჯიევას ე.წ. გაჟონილი მონაცემები, რომლებზეც მთელი სტატიაა აგებული.
თუ ეს ყველაფერი მართლაც ასეა, გამოდის, რომ გაიტანჯიევას სტატია სინამდვილეში რუსეთის სამხედრო დაზვერვის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ეფუძნება.
რადიო „თავისუფალი ევროპის“ რედაქციამ ჰკითხა გაიტანჯიევას, ჰქონდა თუ არა მას კომუნიკაცია სტიგალთან და იცოდა თუ არა, რომ სწორედ ის იდგა „Anonymous Bulgaria-ს" ექაუნთის უკან იმ დროს, როდესაც დოკუმენტები მიიღო.
„ამ კითხვებზე ჩემი პასუხია „არა“ და რადგან ცილისწამების გამო სარჩელის შეტანას ვაპირებ, შესაბამის მტკიცებულებებსაც სასამართლოში წარვადგენ“, - ასე უპასუხა დილიანა გაიტანჯიევამ თავისუფლების ამ და სხვა კითხვებს.
2017 წლის აგვისტოში გაიტანჯიევამ დატოვა „ტრუდის“ რედაქცია. როგორც ჟურნალისტი ამბობს, მის წინააღმდეგ ბულგარეთის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ გამოძიება დაიწყო, რამაც მედიასაშუალებიდან მისი გათავისუფლება გამოიწვია. თუმცა ამ ინფორმაციას უარყოფს „ტრუდის“ ხელმძღვანელი პეტიო ბლასკოვი.
ყველაზე წარმატებული თემა. „ბიოლაბორატორიები“ უკრაინაში
2018 წლიდან დილიანა გაიტანჯიევა Armswatch.com-ზე აქვეყნებს სერიას სტატიებისა, რომლებშიც ამტკიცებს, რომ აშშ, ბიოლოგიური იარაღის შექმნის მიზნით, საქართველოში, უკრაინასა და სხვა ქვეყნებში აფინანსებს საიდუმლო ბიოლოგიური ლაბორატორიების მუშაობას. ეს ინფორმაცია და ბრალდებები არაერთხელ უარყვეს როგორც აშშ-ში, ასევე სტატიებში ნახსენებ ქვეყნებში.
მაგალითად, ფაქტების შემოწმების პლატფორმა Snopes-მა ლაბორატორიებთან დაკავშირებით 2022 წელს დაწერა, რომ აშშ-სა და უკრაინას შორის გაფორმებულია შეთანხმება „ბიოტერორიზმის“ საფრთხის შემცირების შესახებ, მაგრამ ლაბორატორიებს მართავს უკრაინა და არა აშშ, ხოლო ლაბორატორიების მიზანია ინფექციური დაავადებების გავრცელების რისკის პრევენცია და არა ბიოლოგიური იარაღის შემუშავება.
Insider-ის ცნობით, 2018 წელს დილიანა გაიტანჯიევა ორჯერ ეწვია საქართველოს ამ თემაზე რეპორტაჟის გასაკეთებლად. გაჟონილ დოკუმენტებზე დაყრდნობით გროზევმა და დობროხოტოვმა დაადგინეს, რომ ბულგარელი ჟურნალისტის ერთ-ერთი ასეთი მივლინება დაემთხვა სტიგალის საქართველოში ყოფნას. ამასთან, როგორც ჟურნალისტური გამოძიებიდან ირკვევა, სტიგალი, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა ყალბი პასპორტით, შეხვდა, სულ ცოტა, ერთ ისეთ „მოწმეს“, რომელსაც გაიტანჯიევა მოგვიანებით დაეყრდნო თავის რეპორტაჟში.
რადიო თავისუფლების ბულგარულმა რედაქციამ დილიანა გაიტანჯიევას ჰკითხა, დაკავშირებული იყო თუ არა მისი ვიზიტები საქართველოში ტიმ სტიგალთან და ეხმარებოდა თუ არა სტიგალი მას იმ ადამიანების პოვნაში, რომლებიც ბიოლაბორატორიებიდან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრებდნენ. გაიტანჯიევამ ამ კითხვას ზემოთ ციტირებული ფრაზით [“არა. და რადგან ცილისწამების გამო სარჩელის შეტანას ვაპირებ, შესაბამის მტკიცებულებებსაც სასამართლოში წარვადგენ.“] უპასუხა.
სავარაუდო ბიოლაბორატორიებზე გაიტანჯიევას რეპორტაჟების სერიის გამოქვეყნება დაიწყო 2020 წელს, COVID-19 პანდემიის წინ და ახალი პოპულარობა მოიპოვა 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე თვეში. მაშინ დილიანა გაიტანჯიევამ გამოაქვეყნა სხვა, მსგავსი სტატიები „ბიოლოგიურ ექსპერიმენტებზე“, რომლებიც, მისი მტკიცებით, თითქოსდა უკრაინელ, ქართველ და ბულგარელ ჯარისკაცებზე ტარდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით ყველა ეს ინფორმაცია უარყოფილ იქნა, ბულგარელი ჟურნალისტის ამ სტატიებს მაინც ავრცელებენ პრორუსული დეზინფორმაციის გამზიარებელი არხები, რომლებიც სტატიებში მოყვანილ „ფაქტებს“ უკრაინაში მიმდინარე ომის მთავარ არგუმენტად წარმოაჩენდნენ. არაერთმა რუსმა ოფიციალურმა პირმა, მათ შორის რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ, პირდაპირ დაასახელა ბიოლაბორატორიები რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამართლებად.
ფაქტების შემოწმების სხვადასხვა პლატფორმის (მათ შორის EU vs. Disinfo-ს თანახმად), უკრაინაში აშშ-ის დაფინანსებით მოქმედი ბიოლაბორატორიების ისტორია ჯერ კიდევ 2014 წლიდან იღებს სათავეს, როცა რუსეთმა უკანონოდ მოახდინა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია და დონბასში სამხედრო ინტერვენცია დაიწყო.
Insider-ის გამოძიებაში მოტანილი შიდა ჩატების საუბრების ანალიზი აჩვენებს, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვა ბიოლაბორატორიების შესახებ გაკეთებული სტატიების სერიას მიიჩნევდა ონლაინ საინფორმაციო ოპერაციებში თავის ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად. გროზევი და დობროხოტოვი ასევე წერენ, რომ ГРУ-ს ქვედანაყოფებმა ეს სერია გამოიყენეს ათობით მილიონი დოლარის დამატებითი სამთავრობო დაფინანსების მისაღებად.
ფორუმი