Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მემკვიდრე „ლორდების“ გარემოცვაში - ვინ ჩაანაცვლებს კადიროვს


რამზან კადიროვი, ადამ დელიმხანოვი, მაგომედ დაუდოვი
რამზან კადიროვი, ადამ დელიმხანოვი, მაგომედ დაუდოვი

ჩეჩნეთის მეთაურის ჯამრთელობა უარესდება - ზაფხულის დასაწყისიდან მოყოლებული ის თითქმის აღარსად ჩანს. სიუჟეტები კი, სადაც ის თათბირებს ესწრება ნახევარი წუთამდე შემცირდა. ბოლო ასეთ კადრებში რამზან კადიროვი საერთოდ ჩუმად იჯდა.

ამ ფონზე მისი უმცროსი ვაჟის ადამის ქორწინებამ ისევ გამოიწვია დისკუსია, ვინ იქნება რეგიონის მეთაურის მემკვიდრე.

ჩეჩნეთის მეთაურის სავარძლის პრეტენდენტებს შორის კადიროვის შვილების გარდა მისი ახლო გარემოცვიდანაც არიან. ვის რა ადგილი უჭირავს და აქვს თუ არა რომელიმეს ხელისუფლების გადაცემის პროცესზე ზემოქმედების შესაძლებლობა? - ეს კითხვები „კავკაზ რეალიიმ“ ექსპერტებს დაუსვა, საიხან მუზაევს, რომელიც ჩეჩნებისთვის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის „ერთიანი ძალის“ ხელმძღვანელია და ისტორიკოსს დმიტრი დუბროვსკის.

ადამ დელიმხანოვი

დუმის ოთხი მოწვევის დეპუტატი ადამ დელიმხანოვი რამზან კადიროვთან ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული და მისი ინტერესების მოსკოვში გამტარებელი ადამიანია. ის აშკარად გარეული იყო ბოლო სკანდალში, როდესაც ჩეჩნების ლანძღვისთვის არეგ შეპიხინი მოიტაცეს. მნიშვნელოვან როლს ასრულებს დედაქალაქში მომხდარი ძალადობრივი საქმეების მიჩქმალვაში, ასევე ამ ყველაფრის რუს ძალოვნებთან შეთანხმებაში.

ადელ დელიმხანოვი
ადელ დელიმხანოვი

დელიმხანოვი იმავე ტიპის წარმომავლობისაა, რომლისაც რამზან კადიროვი. 2009 წელს მას კადიროვმა ყველაზე ახლო მეგობარი უწოდა, უფრო ახლობელი, ვიდრე ძმა. ისიც თქვა, რომ დელიმხანოვი მზადაა რესპუბლიკის ყველაზე მაღალ თანამდებობაზე შეცვალოს. სწორედ მის პატივსაცემად დაარქვა კადიროვმა თავის მესამე ვაჟს ადამი.

დმიტრი დუბროვსკი: ახლა სხვა ლოგიკა უნდა მოქმედებდეს. მაშინ არ იყოს ასეთი მხარდაჭერა და ძალაუფლების ასეთი ექსტრაორდინარული გადაცემა, ანუ ის, რაც ახალა ხდება. სრულიად სხვა დრო იყო. ჩეჩნეთშიც კი პასუხისმგებლობის სულ სხვა გრძნობა ჰქონდათ, ისევე როგორც დამოუკიდებლობა ფედერალური ხელისუფლებისგან.

ახლა [დამოკიდებულება] უსაზღვროა. საქმე ის კი არ არის, კადიროვმა 15 წლის წინ თავის მემკვიდრედ ვინ დაასახელა, არამედ ახლა ვინ იქნება. მგონია, რომ ახლა კადიროვი დინასტიას ქმნის, ისევე როგორც პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ავტორიტარული მმართველები, მაგალითად, აზერბაიჯანსა და უზბეკეთში.

საიხან მუზაევი: დელიმხანოვი უახლოესი ადამიანია. ის ერთგულია და კადიროვის შორეული ნათესავი, დედის მხრიდან. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დელიმხანოვმა „რუსეთის გმირის“ წოდება მიიღო და ახლა ის სრულიად არის „გამშვენებული“.

შეუძლია ეს თანამდებობა დაიკავოს, რადგან მისი ძმებიც მაღალ თანამდებობებს იკავებენ. ერთი ადგილობრივ ძალოვან სტრიქტურაშია, მეორე - ჩეჩნეთის რუსულ გვარდიაში. რეგალიებისა და მედლების მხრივ, ყველაფერი კარგად აქვს.

ერთადერთი ისაა, რომ მას მსგავსი ამბიცია არ გააჩნია. ახლა ჩეჩენი „დონ კორლეონეს“ ნიშა უჭირავს. მთელ ბიზნესს ის „კრიშავს“, პოსტსაბჭოთა სივრცეშიც კი. არ ვარ დარწმუნებული, რომ მეტს გაქაჩავს. ზოგიერთი რუსი ხელმძღვანელისთვის დელიმხანოვი ძალიან ტოქსიკურია.

მაგომედ დაუდოვი -„ლორდი“

დაუდოვი სტავროპოლის სოფელ შპაკოვსკოეში დაიბადა, მაგრამ ჩეჩნეთში, კურჩალოევსკის რაიონში, სოფელ გელდაგანში გაიზარდა. ახალგაზრდობაში იჩქერიისთვის იბრძოდა. 2009 წელს რამზან კადიროვი ჰყვებოდა, რომ დაუდოვი ტყვედ აიყვანეს, მაგრამ არ მოუკლავთ, კრემლის მხარეს გადაიბირეს. იჩქერიული თიკუნი „ლორდი“ ამ დროიდან შერჩა.

მაგომედ დაუდოვი და რამზან კადიროვი
მაგომედ დაუდოვი და რამზან კადიროვი

დელიმხანოვის მსგავსად დაუდოვიც არაერთხელ არის შემჩნეული ადამიანის უფლებების დარღვევაში. ამის გამო მას საერთაშორისო სანქციები დაუწესეს. „გეების ციხეების“ ყოფილი პატიმრები „ჰუმან რაიტ ვოჩთან“ ჰყვებოდნენ, რომ დაუდოვი თავად ესწრებოდა მათ წამებას.

2024 წლის მაისის შემდეგ ის ჩეჩნეთის პრემიერია, ანუ ჩეჩნეთის კონსტიტუციის მიხედვით, სწორედ მასზე გადავა ხელისუფლება თუკი ახლანდელი მმართველი გარდაიცვალა. მას შემდეგ, რაც კადიროვი ავადმყოფობაზე ხმა დაირხა, რამზანი და დაუდოვი „ჭეშმარიტ ძმობაზე“ წერენ პოსტებს. მათი ქვეშევრდომებიდან ზოგმა დითირამბი გამოაქვეყნა კადიროვის სახელზე და იქვე დაუდოვისთვისაც მიაყოლა. „ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი, მოთხოვნადი და ეფექტური რგოლი რამზან კადიროვის გუნდში“.

საიხან მუზაევი: მაგომედ დაუდოვი უკვე უფრო გამოცდილი და შედარებით განათლებულია: დელიმხანოვმა საერთოდ ლაპარაკი არ იცის. დავიდოვმა ისწავლა, რაღაც მონაცემები ალბათ ჰქონდა კიდეც. ის ხელისუფლების მმართველია, ჩანს, რომ ამბიციები აქვს. მაგრამ შეაჩერებს კი კრემლი არჩევანს მასზე? სურს ასეთი ადამიანი? აი, ეს უკვე საკითხავია.

როგორც კი რამზან კადიროვი წავა და ვფიქრობ, ის ნებისმიერ შემთხვევაში წავა, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ცენტრიდან სრული მხარდაჭერის გარეშე დაუდოვი ჩეჩნეთში ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებს. შესაძლოა იგივე ვარიანტი გათამაშდეს, როგორც მაშინ, ალუ ალხანოვი რომ დანიშნეს, როდესაც უფროსი კადიროვი საიქიოს გაემგზავრა. ჩანდა, რომ მარიონეტი იყო, მიუხედავად იმისა, რომ დე იურე პრეზიდენტი გახლდათ. მას სრული ძალაუფლება არ გააჩნდა.

დმიტრი დუბროვსკი: ერთმანეთის ასეთი საჯარო მხარდაჭერა და სიცხადე, რასაც კადიროვისა და დაუდოვის შემთხვევაში ვხედავთ - სინამდვილეში გამოწვევაა. მე ამას ასე გავიგებდი, კადიროვი დაუდოვისგან საფრთხეს გრძნობს, რადგან ის კონსტიტუციის მიხედვით ლეგიტიმური მემკვიდრეა.

შემიძლია წარმოვიდგინო, რომ თუ კადიროვს რამე დაემართა, დაუდოვი რაღაც დროის განმავლობაში შესაძლოა მოვალეობის შემსრულებელი იყოს. მაგრამ, მხოლოდ რაღაც დროით, სანამ კადიროვის კლანიდან ვინმეს, ჩემი აზრით, მის უმცროს შვილს პრეზიდენტის პოსტამდე არ მიიყვანს. არც ის გამიკვირდება, ფორმალურად პრეზიდენტადაც აირჩიონ, სინამდვილეში კი ყველას ეცოდინება ნამდვილი პრეზიდენტი ვინაა. პუტინი ამ თამაშს თამაშობდა, მას ეს გამოსდის.

აპტი ალაუდინოვი

აპტი ალაუდინოვმა გენერლის სამხრეები პირველად 2012 წელს გაიკეთა. მაშინ უკვე ჩეჩნეთის შსს-ს უფროსის მოადგილე იყო. დიდი ხნის განმავლობაში კადიროვთან ერთ-ერთ ყველაზე დაახლოებულ ადამიანად მიიჩნეოდა. მაგალითად, ჩეჩნეთის საზოგადო მოღვაწე რუსლან კუტაევი ჰყვებოდა, რომ სწორედ ალაუდინოვი და დაუდოვი ურტყამდნენ მას 2025 წელს, როდესაც ცრუ ბრალდებით დააკავეს.

აპტი ალაუდინოვი და რამზან კადიროვი
აპტი ალაუდინოვი და რამზან კადიროვი

ალაუდინოვის თავზე ცა 2019 წელს მოიღრუბლა. მაშინ ჩეჩნეთში ალაპარაკდნენ, რომ კადიროვის წინააღმდეგ შეთქმულება გამოაშკარავდა. მასში თითქოსდა არგუნის მერი იბრაგიმ ტიმირბაევი მონაწილეობდა, ასევე დეპუტატები იდრის გაიბოვი, შამილ მაგომედოვი, ურუს-მანტანას მეთაური ვალიდ აბდურეშიდოვი, სპეცდანიშნულების მობილური ქვედანაყოფის ყოფილი მეთაური არტუ ახმადოვი, ექს მინისტრი დიკმაგომედ მულაევი, ყოფილი ვიცე-პრემიერი ხალიდ ვაიხანოვი, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სახელმწიფო ინსპექციის ხელმძღვანელი შამხან დენილხანოვი და შს მინისტრის მოადგილე აპტი ალაუდინოვი. ორი წლის შემდეგ, 2021-ში, ალაუდინოვი ჩეჩნეთის შსს-ს მინისტრობიდან მოხსნეს.

ამ განხეთქილების გამო ალაუდინოვი უკრაინაში საომრად წავიდა, სადაც სწრაფი რეაგირების სპეცდანაყოფ „ახმატის“ (ყოფილი „ტეკერი“) ინსტრუქტორებისგან და ლუგანსკის სეპარატისტული დანაყოფებისგან ქვედანაყოფი ჩამოაყალიბა. შემდეგ ის ცნობილი გახდა, როგორც სპეცრაზმი „ახმატი“. ახლა ალაუდინოვს ყველაზე ხშირად საზღვრისპირა მოსახლეობის კრიტიკის გამო იხსენებენ, ასევე ახსოვთ, თუ როგორ მოუწოდებდა წვევამდელებს ომში წასვლისკენ. არც მისი თეოლოგიური მონოლოგები დავიწყებიათ მუსლიმებსა და ქრისტიანებს ერთიანი ძალებით ანტიქრისტეს შესაკავებლად რომ მოუხმობდა.

ტელეგრამ-არხ „ВЧК-ОГПУ“-ის წყარო ალაუდინოვს „უალტერნატივო“ მემკვიდრედ იხსენიებს, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება რუსეთში ძმებ კოვალჩუკების გეგმის მიხედვით შეიცვალა, ანუ პუტინისგან მის ქალიშვილს კატერინა ტიხონოვას გადაეცა.

დმიტრი დუბროვსკი: ალაუდინოვს ვარიანტი არა აქვს. ის ადგილობრივიც კი არაა, ფაქტობრივად მოსკოველია. ადგილობრივები მას ასე აღიქვამენ. ერთია, როდესაც შენს უკან კადიროვია და მეორე - როცა შენს უკან კრემლია. ადგილობრივი ელიტა მას არ მიიღებს. დაუდოვი მათი მაინცაა, ალაუდინოვი კი - არა.

საიხან მუზაევი: ალაუდინოვი კადიროვთან კონფლიქტშია. აპტი არაა მარტივი პერსონაჟი. ვისაც გინდა იმას „დააბოლებს“, გინდ მღვდელს, გინდ პატრიარქს. მოქნილი ენა აქვს და მწარე გამოცდილება, კადიროვმა რამდენჯერმე დაახეთქა ციდან მიწაზე. დიდად ვერ ეწყობიან. მგონია, რომ კრემლი მას კადიროვის დასაბალანსებლად იყენებს, ისევე როგორც რამდენიმე სხვა ადამიანს.

ალაუდინოვი ურუს-მარტანადანაა. იქ ახლა ასი ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. ისინი ყოველთვის ჩართულები იყვნენ პროცესებში, ნებისმიერი მთავრობის დროს. ეს არის ქვეყანა ქვეყანაში. ყველაფრის აზრზე არიან, ყოველთვის მინისტრები იყვნენ და იგივე ალაუდინოვი იმდენად პრორუსია, რომ იქ არაფრის ახსნა არ სჭირდებათ.

დიახ ალაუდინოვსა და დელიმხანოვსაც შესაძლოა ამბიციები ჰქონდეთ.

რუსლან ედელგერიევი

ჩეჩნეთის პრემიერ-მინისტრი 2012-2018 წლებში. თანამდებობის გამო ახლოს იყო ვლადიმირ პუტინთან. წარმოადგენდა კადიროვის ადმინისტრაციას. იყო რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე. მუშაობდა რუსეთის ძალოვან სტრუქტურებში, როგორც ჩეჩნეთის შიგნით, ისე მის გარეთ. არის შსს-ს პოდპოლკოვნიკი.

რამზან კადიროვი და რუსლან ედელგერიევი
რამზან კადიროვი და რუსლან ედელგერიევი

დმიტრი დუბროვსკი: ასეთი ადამიანი პრეზიდენტი ვერასდროს გახდება. ამაზე ძველი საბჭოთა ანეკდოტი მახსენდება. პოლკოვნიკის შვილი ეკითხება: - მამა, ლეიტენანტი გავხდები? - გახდები. - პოლკოვნიკი? - კი, - და გენერალი? - არა, გენერალს თავის შვილები ჰყავს.

სიმბოლური კაპიტალის დონეს ჩეჩნეთში ახლა კადიროვი განსაზღვრავს, მისი კლანი და მეტი არავინ. ამიტომ თუ ვილაპარაკებთ იმაზე, რას წარმოადგენს მოსკოველი, პუტინთან დაახლოებული ჩეჩენი... ძალიან კარგი. მაგრამ მგონია, რომ საერთოდ სხვა მხრიდან ვუყურებთ საკითხს.

პუტინი ჩეჩნეთს არ აკონტროლებს, ჩეჩნეთი აკონტროლებს პუტინს. ძალიან დიდი ხანია, რაც ამ ქვეყნის ტყვეობაშია. ედელგერიევი არ არის ის ადამიანი, ვისი ნახვაც კადიროველებს ჩეჩნეთში უნდათ.

საიხან მუზაევი: ჩეჩნეთში ახლა ვისაც გინდა იმას მიიღებენ, რადგან ჩეჩნებს ალტერნატივა არ ჰყავთ. მსოფლიოში არავინ გვაღიარებს, ტერორისტების დაღი დღემდე გვაზის, იმის ფონზეც კი რაც უკრაინასა და საქართველოში ხდება.

რაც შეეხება ედელგერიევს, შეხედეთ, საწყალი ადამიანია. მგონია, რომ 100 პროცენტით აკონტროლებენ. თავისი არაფერი გააჩნია, არსაითკენ არ გაიწევს. რუსლან ედელგერიევს რამზან კადიროვზე აქვს სწორება.

იაკუბ (იბრაგინ) ზაკრიევი

ის 2021 წლის მარტამდე ჩეჩნეთის ხელისუფლების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო. უფრო ადრე გროზნოს ადმინისტრაციას მეთაურობდა. კომპანია Danone-ს მსხვილი ფედერალური აქტივის მფლობელია. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკური განათლება მიიღო. ასაკი საშუალებას აძლევს მისი კანდიდატურა, განსხვავებით ადამ კადიროვისგან, შესაძლოა ჩეჩნეთის მეთაურის პოსტზე განიხილებოდეს. თუმცა, პრეტენდენტებს შორის ის მაინც ყველზე ახალგაზრდაა -34 წლის.

იბრაგიმ ზაკრიევი და რამზან კადიროვი
იბრაგიმ ზაკრიევი და რამზან კადიროვი

დმიტრი დობროვსკი: განათლება, გამოცდილება, აქტივების მოცულობა - ეს ის კრიტერიუმები არ არის, რომელსაც გამოიყენებ. ელიტის მოსაწყობად სხვა პრინციპებია საჭირო და კადიროვს ეს პრინციპები პუტინისგან აქვს გადაღებული - პირადი სიახლოვე და პირადი პასუხისმგებლობა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არც გამოცდილებას, არც უნარებს.

ეს მხოლოდ ძალიან კრიტიკულ მომენტებში მუშაობს. ფედერალურ დონეზე ასეთი მაგალითი იყო რუსეთის თავდაცვის მინისტრის შოიგუს მოხსნა, მაშინ როცა მის ხელში ყველაფერი გაჩანაგდა. ეს ძალიან იშვიათი მაგალითია. ჩვეულებრივ, ეს კრიტერიუმები პირიქით მუშაობს. პუტინთან დაახლოებული ადამიანების დიდ ნაწილს პროფესიულ უნარებთან არაფერი აკავშირებს, ასეა კადიროვის შემთხვევაშიც.

საიხან მუზაევი: ის თხემით ტერფამდე კადიროველია. მათი ნათესავი. არსად წამსვლელი ის არ არის.

აბუზაიდ ვისმურადოვი, „პატრიოტი“

უშიშრობის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი და კადიროვის ბავშვობის მეგობარი. ვისმურადოვის ვაჟი რამზანი დაქორწინებულია ტაბარიკ კადიროვაზე, რამზან კადიროვის მეოთხე ქალიშვილზე.

2010 წელს ის ხელმძღვანელობდა სწრაფი რეაგირების სპეცდანაყოფს „ტერეკს“. მისი დანიშნულება იყო ებრძოლა იჩქერიის ფორმირებების წევრებთან, რომლებიც რუსეთისგან დამოუკიდებლობისკენ მიისწრაფოდნენ. მაშინაც კი, როდესაც ვისმურადოვი ფორმალურად სამოქალაქო თანამდებობაზე გადავიდა (ის გახდა ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერი 2020 წელს) ისევ ძალოვან ბლოკს კურირებდა.

აბუზაიდ ვისმურადოვი
აბუზაიდ ვისმურადოვი

დმიტრი დუბროვსკი: ეს საშიში ადამიანია. მაგრამ მგონია, რომ კადიროვი მას არ დანიშნავს. შეუძლია რუსეთის მხარდაჭერა მოიპოვოს. ამისთვის ბევრი საშუალება აქვს, განსხვავებით იმათგან, ვინც აქამდე ჩამოვთვალეთ. ამ ადამიანს უნარი აქვს ხელისუფლების გადაცემის მომენტში ჩაერიოს და პრობლემები შექმნას. მოსკოვის მხარდაჭერით ჩეჩნეთში ყოფნა უკეთესია, ვიდრე მოსკოვის მხარდაჭერით - მოსკოვში.

კრემლში ვისმურადოვს ჩეჩნეთის მეთაურად იმდენ ხანს აიტანენ რამდენ ხანსაც საერთოდ ამ ყველაფერს იტანენ (ძალაუფლება რესპუბლიკაში). კი, რუსეთის უშიშროების სამსახურს და შსს-ს კადიროვი საშინლად აღიზიანებს, მაგრამ პოლიტიკურ კონსტრუქციასთან - რის სიმბოლოსაც ის წარმოადგენს - ამას არაფერი აკავშირებს.

მოსკოვისთვის საკითხი ასე დგას: ვინც ამ თანამდებობას დაიკავეს, იგივე კონსტრუქციას გაჰყვება, ან შეეცდება შეცვალოს. შეცვლა კადიროვის მემკვიდრეობაზე უარის თქმას ნიშნავს. ასეთი სცენარი ყურადღებას და ანალიზს საჭიროებს, ძალას, სახსრებს. ვერ ვხედავ, რომ ახლა რუსეთს ამის თავი აქვს.

საიხან მუზაევი: დაივიწყეთ, ის არაფერს წარმოადგენს. ყველა კომპანიაში არის ადამიანი, რომელიც ვერ იგებს რა ხდება, უბრალოდ ტალღებს მიჰყვება. აი, ასეთია აბუზაიდ ვისმურადოვი. რაც არ უნდა ჩაიბაროს, მაინც ვერაფერს ხვდება. ეს ჩემი აზრია.

ადამ კადიროვი

ჩეჩნეთის კონსტიტუციის მიხედვით, რამზან კადიროვის ვაჟს ადამს არჩევნებში მონაწილეობა 30 წლამდე არ შეუძლია. ის 17 წლისაა, მაგრამ შეუსაბამო თანამდებობები მანამდეც მიუღია. ის არის კურატორი უკრაინაში მებრძოლი რამდენიმე დანაყოფის და შსს-ს ყველა სტრუქტურის. მინიჭებული აქვს ჩეჩნეთის გმირის წოდება, უკავია უშიშროების სამმართველოს ხელმძღვანელის თანამდებობა.

2022 წელს „სრულწლოვანების ცერემონიალის“ მოწყობის შემდეგ ადამ კადიროვის ცხოვრებას არა მხოლოდ ჩეჩნეთში, რუსეთშიც განიხილავდნენ. ჯერ კადრები გუდერმესიდან, სადაც 15 წლის ბავშვი „სპეცოპერაციის ფარგლებში“ ავტომატით მიდის ორი კაცის მკვლელობის ადგილას. შემდეგ ყურანის დაწვაში ბრალდებული ნიკიტა ჟურაველის ცემა საგამოძიებო იზოლატორში. შემდეგ ჯილდოები, მედლები, ორდენები და ბოლოს ქორწილი. თან ქორწილამდე პუტინი პირადად შეხვდა კადიროვის მემკვიდრეს და დალოცა.

ვლადიმირ პუტინი და ადამ კადიროვი
ვლადიმირ პუტინი და ადამ კადიროვი

საიხან მუზაევი: ასაკი რომ ჰქონდეს, ულაპარაკოდ ის იქნებოდა. რასაც აკეთებენ, მგონია, მისთვის აკეთებენ. ყველა დანარჩენი განზეა. კადიროვს ბევრი მემკვიდრე ჰყავს, მაგრამ მხოლოდ ადამი წამოწიეს წინ.

დმიტრი დუბროვსკი: იდეა ისაა, რომ ცხენებს მდინარის გადალახვისას არ ცვლიან, არც კადიროვებს. მორიგ კადიროვს დანიშნავენ, იგივე ქმედებებით და მორჩა. მგონია, რომ ამ ლოგიკას გაჰყვებიან, რადგან სხვის დანიშვნას შესაძლოა ელიტის რყევა მოჰყვეს. შეიძლება გაჩნდეს ინტერესები, რაც მოსკოვს ახლა საერთოდ არ აძლევს ხელს. არ აქვს ახლა მათთან ურთიერთობის გარკვევის დრო.

აქ არის ორი ვარიანტი. ერთი, ადამის გაზრდამდე პრეზიდენტად პრეტენდენტებიდან რომელიმეს დანიშნავენ. ასე ერთხელ უკვე იყო, უმცროსი კადიროვის შემთხვევაში. თუ არა და, მათ სიცოცხლეზე დიდად თავს არ დავდებდი. ხომ იცით, როგორ ცვივა ჩვენთან ხალხი ფანჯრებიდან და კიდევ ათასი უსიამოვნება ემართებათ?

ვფიქრობ, როგორც კი კადიროვი მათგან საფრთხეს იგრძნობს, მათ შესაძლოა უსიამოვნებები დაემართოთ. მგონია, თავად კადიროვი იზრუნებს, რომ სხვა კანდიდატებზე არავინ ილაპარაკოს. საქმე ისაა, ვინ ვის დაასწრებს.

ჩვეულებრივი ამბავია, თუ ვინმეს მემკვიდრედ დანიშნავ, მას მაშინვე რაღაც ცუდი ემართება, ასე იყო ელცინთან და მის კანდიდატებთან დაკავშირებითაც. მგონია, კადიროვიც ასე მოიქცევა - დაიცდის, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერს ადამს გადასცემს.

აიშატ კადიროვა

რამზან კადიროვის უფროსი ქალიშვილი. ხელისუფლების კიბეზე მისი წინსვლა ერთდროულად სწრაფი და მოკლევადიანი იყო. 2020 წელს აიშატმა კულტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობა დაიკავა, 2021 წელს - კულტურის მინისტრის. ამ თანამდებობაზე ის 2023 წლის შემოდგომამდე დარჩა და შემდეგ ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერი გახდა. 2025 წლის თებერვალში თანამდებობიდან გადადგა, განაცხადა, ასეთი სამუშაო უფრო ძლიერ კაცს შეესაბამებაო.

აიშატ კადიროვა
აიშატ კადიროვა

დმიტრი დუბროვსკი: გამორიცხულია. მსგავსი რამის გაკეთებას თავის დროზე უზბეკეთში ისლამ კარიმოვი შეეცადა და ჩაფლავდა. ვაჟი რომ ყოფილიყო პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ გოგო გამორიცხულია. სხვათა შორის იგივე მიზეზის გამო ვერც პუტინის გოგო გამოდგება. ისტორია „კოვალჩუკების გეგმით“ ამ მხრივ ძალიან უცნაურია.

საიხან მუზაევი: არ მგონია, რომ აიშატმა ასეთ თანამდებობას გაართვას თავი. ამ პოსტზე რომ ხარ, უნდა უბრძანო, რომ მოკლა, გაიტაცო. არ მგონია, რომ აიშატი ამისთვის ვარგა. რაც უნდა იყოს, გოგოა და თან არ ვფიქრობ, რომ ცენტრი მასზე შეაჩერებს არჩევანს, მაინც კავკასიაა

  • ადამ კადიროვის ქორწილი მასშტაბური იყო: ოქროს პისტოლეტიდან სროლებით და ნახევარი მილიონი რუბლის ღირებულების საათით, მდიდრული ფეიერვერკით. ამით გამოირჩევა ადამი თავისი ორი უფროსი ძმისგან, მათი ქორწილები მკაცრად გაასაიდუმლოვეს.
  • ვლადიმირ პუტინსა და რამზან კადიროვს შორის ურთიერთობას წყალი შეუდგა. გამოცემა „ვაჟნიე ნოვოსტის“ მონაცემებით, მიზეზი ის გახდა, რომ ჩეჩნეთის მეთაური არაბეთის ქვეყნებთან საიდუმლო მოლაპარაკებებს აწყობდა. მათთან ის ოჯახის უსაფრთხოებისა და აქტივების შენარჩუნების საკითხებს განიხილავდა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG