Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზამბია, ბრუნეი, ერაყი - ვის ეთამაშებიან რუსი ფეხბურთელები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ


2018 წელს რუსეთი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობდა. ფოტოზე - რუსეთის ნაკრების ვარჯიში, საუდის არაბეთთან შეხვედრის წინ.
2018 წელს რუსეთი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობდა. ფოტოზე - რუსეთის ნაკრების ვარჯიში, საუდის არაბეთთან შეხვედრის წინ.

2022 წლის თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, რუსეთის საფეხბურთო კლუბები ერთმანეთს ეთამაშებიან; ხოლო ნაკრების მეტოქეთა მწირ სიაში შედიან ზამბია, გრენადა, კუბა, ბელარუსი, ბრუნეი თუ ერაყი - მხოლოდ ისინი, ვინც თამაშზე უარს არ ამბობს.

ამ კატეგორიის მეტოქეებთან რუსეთის ნაკრებმა ბოლო რვა თამაში მოიგო ანგარიშით 44:0.

როგორც ცხოვრობენ და რა განწყობები აქვთ რუს ფეხბურთელებს უკრაინასთან სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე - ამის შესახებ „ნასტოიაშჩეე ვრემია“ მოგვითხრობს.

„ბიჭებო, რატომ სხედხართ ჩასვრილები და არაფერს ამბობთ?! ჩვენს ქვეყანაში კლავენ ადამიანებს - ჩვენს ცოლებს, შვილებს. მაგრამ თქვენ არაფერს ამბობთ, არაფერზე აკეთებთ კომენტარს“, - ამ სიტყვებით რუს კოლეგებს, ომის პირველ დღეებში, უკრაინის ნაკრების კაპიტანმა, ანდრეი იარმოლენკომ მიმართა.

იმ პერიოდში უკრაინელი ფეხბურთელები უშედეგოდ მოუწოდებდნენ რუს კოლეგებს - შეეკავშირებინათ ძალები და ერთობლივად მოეთხოვათ ომის შეჩერება. იყო ერთადერთი, დროებითი გამოხმაურება, „არა ომს“ - ფიოდორ სმოლოვისგან. თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, ფეხბურთელის ინსტაგრამზე ეს პოსტიც წაიშალა.

შემდეგ იყო კრემლის პოლიტიკის ღია მხარდაჭერაც. არტიომ ძიუბამ ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ განაცხადა, რომ „ისტორია განსჯის ყველაფერს“, ხოლო თავად ვლადიმირ პუტინს უჭერს მხარს.

ზოგი, სიტყვის ნაცვლად, ომს საქმით ეხმარება. მაგალითად, იგორ აკინფეევმა, გიორგი ჯიქიამ, ალექსანდრ სობოლევმა და სტანისლავ მაგკეევმა ფული გადაურიცხეს მოხალისეთა კორპუსს და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მადლობაც დაიმსახურეს.

მოქმედი ფეხბურთელების დიდი ნაწილი ისევ დუმილს ამჯობინებს - ომის მხარდაჭერა მათ ევროპულ კლუბებში თამაშის გაგრძელების თეორიულ შანსებსაც უკლავს.

მართალია, რუსეთის ნაკრები 2022 წლიდან საერთაშორისო ასპარეზობებს სრულად გამოეთიშა, ცალკეული ფეხბურთელები მაინც მიიღეს საფრანგეთის, ესპანეთისა თუ შვეიცარიის კლუბებმა. ევროპაში მათი გადაბარგება დაგმო ყოფილმა ფეხბურთელმა, ანდრეი სოლომატინმა, რომელიც უკრაინელების წინააღმდეგ ბრძოლაში მოხალისედ ჩაერთო.

ემიგრაციაში წავიდა ევგენი სავინი, ყოფილი ფეხბურთელი.

„24 თებერვალს რუსეთმა დაიწყო ომი უკრაინაში. კი, კი, ზუსტად ამ სიტყვას [ომი] გამოვიყენებ და არ ვუწოდებ სხვაგვარად. ვიტყვი იმას, რასაც ვფიქრობ და ვხედავ“, - თქვა მან. სავინმა ჩაწერა ინტერვიუები უკრაინელ ფეხბურთელებთან, რომლებიც ჰყვებიან ომის საშინელებათა შესახებ. რუსეთში ევგენი სავინი გაასამართლეს - არმიის დისკრედიტაციის გამო და დაუსწრებელი პატიმრობაც შეუფარდეს.

რა მოელის რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს?

მიუხედავად იმისა, რომ უკვე სამ წელზე მეტია, არაფერი იცვლება და რუსეთის საფეხბურთო კლუბები ერთმანეთს ეთამაშებიან, ხოლო ნაკრები - ზამბიისა თუ ბრუნეის მსგავსი გუნდების ამარა დარჩა, ფეხბურთის რუს მენეჯერებში იმედი მაინც არ კვდება.

რუსეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტს, ალექსანდრ დიუკოვს იმედი აქვს, რომ ერთ-ორ წელიწადში რუსეთი დაუბრუნდება მსოფლიო ფეხბურთს.

ფეხბურთის კომენტატორი, ალექსადრ შმურნოვი კი მას პასუხობს, რომ მსოფლიო ფეხბურთში რუსეთის დაბრუნება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთი ომს გააჩერებს, შეწყვეტს ხალხის ჟლეტას და რუსეთის ხელისუფლებაც დაეცემა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG