9 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მე-14 დარბაზში, ბელა მეის დედა და ბებია ელოდნენ.
მუქ კრემისფერ მაისურსა და შავ შარვალში ჩაცმულ 7 თვის ორსულს თმა კეფაზე აქვს აკრული და მოსამართლის კითხვებს თარჯიმნის დახმარებით პასუხობს.
სხდომის გახსნამდე ბელას ოჯახმა ჟურნალისტებს დარბაზის დატოვება სთხოვა: „დედას სურს შვილს გარკვეული ინფორმაცია მიაწოდოს, რომელიც არ გვინდა, რომ პრესაში მოხვდეს. დაველაპარაკებით ბელას და შემდეგ დაბრუნდეს პრესა“, - ითხოვეს მათ. ჟურნალისტები დარბაზიდან სულ რამდენიმე წამით გამოვიდნენ. დედა-შვილის დიალოგი მეტხანს არ გაგრძელებულა.
„ეს არის რიცხვი ბევრი ნულით“
ბელას დედა, ლაიან კენედი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მისი შვილი განერვიულებულია: „მოლოდინი ჰქონდა, რომ საპატიმროს შაბათს დატოვებდა“...
მხარეები საპროცესო შეთანხმების პირობებზე აგრძელებენ მოლაპარაკებას და როგორც ჩანს, პატიმარი ქალი ელოდა, რომ ბრალდების მიერ შეთავაზებულ თანხას, ოჯახი დროულად შეაგროვებდა.
ბელა მეის ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ მოსამართლეს უთხრა, რომ მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება და შეთანხმების ზუსტი თარიღი უცნობია:
„კომუნიკაცია გვაქვს ოჯახთან, მამასთან, დედაც საქმის კურსშია. პირობები, რომლებიც შემოთავაზებულია ბრალდების მიერ მუშავდება, გროვდება თანხა“.
19 წლის ბრიტანელი ქალის საპატიმროდან დახსნის სანაცვლოდ, ბრალდების მხარე საპროცესო შეთანხმებისთვის, რამდენიმე ასეულ ათას ლარს ითხოვს: „ეს არის რიცხვი ბევრი ნულით“, - უთხრა რადიო თავისუფლებას სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ბელა მეის დედამ.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, საუბარია დაახლოებით 800 000 ლარზე.
„როგორ აპირებთ თანხის შეგროვებას და დაახლოებით როდის ფიქრობთ ამ თანხას მოუყაროთ თავი?“, - ჰკითხა რადიო თავისუფლებამ ლაიან კენედის:
„ამის შესახებ დაელაპარაკეთ ბელას მამას. მე ყველა რესურსი ამოვწურე საქართველოში ვიზიტებისას. ექვსჯერ ვიყავი უკვე ჩამოსული“, - ამბობს პატიმრის დედა, რომელიც შვილის მონახულებას ქალთა მეხუთე დაწესებულებაში ამ დღეებში აპირებს:
„თავს ნორმალურად გრძნობს. ყოველ თვეს უტარებენ კვლევებს. ჯანმრთელობის მხრივ კარგადაა, მაგრამ განერვიულებულია“.
ადვოკატი მალხაზ სალაყაია ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ბრალდებულის ოჯახი პროკურატურის დადგენილ თანხას სრულად გადაიხდის, შესაძლოა, რომ 19 წლის პატიმარმა ციხე საპატიმრო სასჯელის გარეშე დატოვოს:
„საუბარია იმაზე, რომ სრულად გაუუქმდეს საპატიმრო სასჯელი. ეს დამოკიდებულია თანხის ოდენობაზე. ახლა სწორედ ამ საკითხზე მიდის მოლაპარაკება. ის, რომ ბელამ საქართველოში ნარკოტიკული საშუალებები ნამდვილად შემოიტანა, ეს დადგენილია. ჩვენ იმაზე ვაპელირებთ, რომ 19 წლის გოგოს ეს აიძულეს. რაც უფრო მაღალი იქნება ჯარიმის ოდენობა, მით მეტია შანსი, რომ საპატიმრო სასჯელი გაუქმდეს.
ბელა დედობისთვის ემზადება. უკვე 7 თვისაა. ყოველ დღე ელოდება, რომ ოჯახი მოთხოვნილ თანხას მოაგროვებს და მას დროულად გაათავისუფლებენ“.
მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ მას დაუკავშირდა ერთ-ერთი მედიასაშუალების წარმომადგენელი და სავარაუდოდ, სოლიდური თანხის სანაცვლოდ ბელა მეისთან ინტერვიუს ჩაწერა ითხოვა:
„მე ამ შეთავაზებას არ დავთანხმდი, რადგან რაკი მე ამდენ ფულს მთავაზობენ, ამის უკან, როგორც ჩანს, კიდევ დიდ ფულს აკეთებენ. მსგავს სიბინძურეში ვერასდროს მივიღებ მონაწილეობას. ბელასთვის ეს არც მითქვამს და ვერც ვაკადრებ“.
19 წლის პატიმრის დედის ინფორმაციით, ოჯახს დაუკავშირდნენ „ნეტფლიქსისა“ და „ამაზონის“ წარმომადგენლები და საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ, მის შვილთან ინტერვიუს ჩაწერა ითხოვეს, თუმცა, შეთანხმება ჯერ არ შემდგარა.
სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საფუძველი ხდება საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და უთანხმდება პროკურორს სასჯელზე, ბრალდების შემსუბუქებაზე ან ნაწილობრივ მოხსნაზე. საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პროკურორს უფლება აქვს, მოითხოვოს ბრალდებულისათვის სასჯელის შემცირება.
რას ედავება გამოძიება 19 წლის ბრიტანელს?
გამოძიება ბრიტანეთის მოქალაქეს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შენახვასა და გასაღებას ედავება (გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 273 პრიმა მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს).
ბრალდების თანახმად, 11 მაისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტაილანდიდან ჩამოსული 18 წლის ბრიტანეთის მოქალაქის ბარგის შემოწმებისას, მის სამგზავრო ჩანთაში აღმოაჩინეს 12 კილოგრამამდე „მარიხუანა“ და 2 კილოგრამი „ჰაშიში“. ნარკოტიკები ჰერმეტულად დაფასოებულ პაკეტებში იყო გადანაწილებული.
ბელა მეი ქალის ადვოკატი ირწმუნება, რომ ქალი, რომელიც თბილისში ტაილანდიდან ჩამოვიდა, კრიმინალურმა დაჯგუფებამ აიძულა, ნარკოტიკებით დატვირთული ჩემოდანი საქართველოში ჩამოეტანა.
„აჩვენე მარჯვენა ხელი მოსამართლეს“, - უთხრა მალხაზ სალაყაიამ პირველ ივლისს გამართულ სხდომაზე ბელას: „შეხედეთ მის ხელს, მას გახურებული რკინა, ჩვენთან შამფურს უწოდებენ, დაადეს ხელზე. შეხედეთ ეს იარა მას ახლაც ამჩნევია და ასე წამების შედეგად აიძულეს, რომ ტვირთი წამოეღო საქართველოში“...
მოსამართლე გიორგი გელაშვილმა, 9 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, უმჯობესია, სხდომა, სადაც შესაძლოა, საპროცესო შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილება იქნას მიღებული, მალევე დაინიშნოს - მომდევნო სხდომა 29 ოქტომბერს გაიმართება.
ვინ არის ბელა მეი ქალი?
ბელა მეი ქალი ქალაქ ბილინგემიდანაა. ის საექთნო კოლეჯის კურსდამთავრებულია და სწავლის გაგრძელებას აპირებდა.
ოჯახის მონათხრობით, აპრილის ბოლოს, სააღდგომო დღესასწაულის შემდეგ, ბელა არდადეგების გასატარებლად მეგობართან ერთად ჯერ ფილიპინებისკენ გაეშურა, მაისის დასაწყისში კი ტაილანდში წავიდა.
ბელა მეი ქალი ხშირად აქვეყნებდა ფოტოებს მოგზაურობიდან. თუმცა 5 მაისის შემდეგ ის სოციალური ქსელებიდან გაქრა.
ბელას დედა, ლაიან კენედი, ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობდა, რომ შვილთან დაკავშირებას 3 მაისის მერე ვეღარ ახერხებდა. ტელეფონი გათიშული იყო, თუმცა სიგნალის მიხედვით, ის ბანგკოკთან ახლოს უნდა ყოფილიყო.
მშობლებმა შვილის გაუჩინარების შესახებ შეატყობინეს პოლიციას. ძებნაში ჩაერთო ტაილანდის პოლიციაც. ბელას მამა, ნეილ ქალი, შვილის საძებნელად ტაილანდში გაემგზავრა.
შვილის ფოტოები და მის შესახებ ინფორმაცია ბელას მშობლებმა გაავრცელეს სოციალურ ქსელებშიც. ისინი ხალხს გაუჩინარებული შვილის პოვნაში დახმარებას სთხოვდნენ.
თბილისში დაკავებული გოგოს დედა ბრიტანელ ჟურნალისტებს უყვებოდა, რომ გაუჩინარებამდე ბელას ყოველდღე ელაპარაკებოდა:
„მოგზაურობიდან უამრავ ფოტოს აქვეყნებდა. 3 მაისს ტაილანდში წავიდა. ბოლო მესიჯი მისგან მივიღე შაბათს (3 მაისს), საღამოს ექვსის ნახევრისთვის. მწერდა, რომ მოგვიანებით "ფეისთაიმით" დამიკავშირდებოდა“.
ქალი გამოცემა THE SUN-თან საუბრისას ამბობს, რომ შვილს სთხოვდა, არ წასულიყო ტაილანდში.
ფორუმი