Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ნელი სიკვდილის სცენარი” უკრაინისთვის, “5 წუთი შუაღამემდე” საქართველოსთვის” - ინტერვიუ პიტერ დიკინსონთან


ვაჟა თავბერიძე პიტერ დიკინსონს კიევში, შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის სასარგებლო წიაღისეულზე შეთანხმების დადებამდე რამდენიმე დღით ადრე ესაუბრა.
ვაჟა თავბერიძე პიტერ დიკინსონს კიევში, შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის სასარგებლო წიაღისეულზე შეთანხმების დადებამდე რამდენიმე დღით ადრე ესაუბრა.

“ეს იქნება ამერიკის ისტორიული სირცხვილი… თუ უკრაინას უწევს არჩევანი გააკეთოს: ან შეეგუოს ამერიკის [სამხედრო] მხარდაჭერის დაკარგვას, ანაც დათანხმდეს ისეთ მშვიდობას, რომელიც ქვეყნის მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა...“

ეუბნება Atlantic Council-ის Ukraine Alert-ის რედაქტორი და ჟურნალ Business Ukraine-ის გამომცემელი პიტერ დიკინსონი რადიო თავისუფლებას.

დიკინსონი, რომელიც 90-იანი წლებიდან კიევში ცხოვრობს, საუბრობს უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მომენტზე: როგორ დგას ქვეყანა ურთულესი არჩევანის წინაშე — „მშვიდობა ნებისმიერ ფასად“ თუ ბრძოლის გაგრძელება, მაგრამ დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე. ის განმარტავს, რას გამოიწვევს ამერიკული დახმარების შესუსტება, რას მოელის ევროპისგან და რა გავლენას მოახდენს ეს ყველაფერი საქართველოსა და რუსეთის სხვა მეზობელ ქვეყნებზე.

ვაჟა თავბერიძე პიტერ დიკინსონს კიევში, შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის სასარგებლო წიაღისეულზე შეთანხმების დადებამდე რამდენიმე დღით ადრე ესაუბრა.

რადიო თავისუფლება: სამშვიდობო მოლაპარაკებებში - რა ეტაპზე ვიმყოფებით ახლა? რა დასკვნების, შეფასებების გაკეთება შეიძლება უკვე?

პიტერ დიკინსონი: ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა ძნელია, რადგან ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება. მაგრამ რაც აშკარაა — ტრამპს ომის სწრაფად დასრულება სურს და როგორც ჩანს, დიდად არ აინტერესებს, რას გამოიწვევს ეს გრძელვადიან პერსპექტივაში. მან აირჩია ყველაზე იოლი გზა: პუტინის გულის მოგება და ზელენსკიზე ზეწოლა. სამართლიანი მშვიდობა მის გეგმაში არ შედის.

ამიტომაც დღეს უკრაინა უმძიმესი არჩევანის წინაშე დგას: ან დაკარგოს ამერიკის მხარდაჭერა, ან დათანხმდეს ისეთ მყიფე მშვიდობას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის მთლიან მომავალს. აი, ამ გზაგასაყარზე ვართ ახლა.

ეს იქნება ამერიკის ისტორიული სირცხვილი.

რადიო თავისუფლება: თქვენი აზრით, რომელი ვარიანტია უფრო ნაკლებად დამღუპველი?

პიტერ დიკინსონი: ეს იმაზეა დამოკიდებული, რას მიიღებს უკრაინა ტრამპთან მოლაპარაკებების შედეგად, რას "გამოივაჭრებენ". ვნახოთ, რა შედის შეთანხმების ამჟამინდელ ვარიანტში: ის, რომ რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიებიდან არ გავა, ისედაც ცხადი იყო, უკრაინას ისედაც ესმოდა, რომ ამ ტერიტორიების სამხედრო გზით დაბრუნება ახლა შეუძლებელია. შეთანხმებაში ამის გაწერა უკვე სადავო საკითხად აღარ მიიჩნევა.

მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ყირიმი - კერძოდ, ის შემაშფოთებელი ცნობები, რომლებმაც ვაშინგტონიდან “გამოჟონა”, რომ აშშ თითქოს მზად არის, აღიაროს ყირიმი რუსეთის ნაწილად — ფორმალურად კი უკრაინას დაუტოვოს პრეტენზია ნახევარკუნძულზე. ანუ ჩვენ ვაღიარებთ, თქვენ არა. ეს იქნებოდა უზარმაზარი დარტყმა, უპირველესად კი თავად ამერიკისა და მისი რეპუტაციისათვის. ევროპა ამას არ მიიღებს. მეტიც, ჩინეთიც კი არ აღიარებს ყირიმს რუსულად. ეს აშშ-ს გარიყავს მთელი საერთაშორისო საზოგადოებიდან და დატოვებს მხოლოდ ხუთ-ექვს ე.წ. ბანანის რესპუბლიკასთან ერთად. ეს იქნება ამერიკის ისტორიული სირცხვილი. არც იმის ფიქრის საფუძველი გვაქვს, რომ დასავლეთში ამერიკას ვინმე მიბაძავს და იმავეს გააკეთებს - მათთვის ყირიმი უკრაინის ტერიტორიად დარჩება.

ჩემთვის ამ შეთანხმებაში მთავარი საკითხი უსაფრთხოების გარანტიებია. ეს არის პრობლემის 99%. და ფაქტია, რომ აქამდე უკრაინისთვის არაფერი რეალური არ შეუთავაზებიათ.

რადიო თავისუფლება: წყვეტს თუ არა ეს შეთანხმება, სხვა ყველაფერთან ერთად, ზელენსკის პოლიტიკურ მომავალს, მეტს - არსებობასაც? გადაურჩებოდა ის ასეთ მშვიდობაზე ხელის მოწერას?

პიტერ დიკინსონი: თუ ეს შეთანხმება ხალხისთვის კაპიტულაციად აღიქმება — ვერ გადაურჩება. და მე ვფიქრობ, თავადაც ესმის ეს. ზელენსკი არ მოაწერს ხელს არაფერს, რაც მის თვალში უკრაინის მომავალს საფრთხეს შეუქმნის. არც იმას მოაწერს ხელს, რაც მის პოლიტიკურ კარიერას დაასრულებს. თავის დამარცხებას ხელს არ მოაწერს.

რადიო თავისუფლება: თუ არჩევანი ასეთია: უკრაინა ან ხელს აწერს ცუდ შეთანხმებას, ან სრულიად კარგავს აშშ-ს მხარდაჭერას — მზადაა კი უკრაინა ასეთ სიტუაციაში ბრძოლა გააგრძელოს?

პიტერ დიკინსონი: ასი პროცენტით, ყოველგვარი დაეჭვების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ კი - ბრძოლას გააგრძელებენ, არ დანებდებიან. ფსიქოლოგიურად უკვე ემზადებიან ამისთვის. ყოველდღე უფრო და უფრო მეტად ხვდებიან, რომ შესაძლოა, ეს რეალობად იქცეს. ეს, რა თქმა უნდა, არაფერ კარგს არ მოიტანს, არც უკრაინისთვის, არც დასავლეთისთვის. ამერიკის ამ ნაბიჯს ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირებოდა, მთელი რეგიონები განადგურდება. ამაში აბსოლუტურად არაფერია დადებითი. მაგრამ თუ ალტერნატივაა ის, რასაც მე ერის ნელი სიკვდილის სცენარს ვეძახი — მაშინ უკრაინა ბრძოლას აირჩევს.

რადიო თავისუფლება: ამ ნელი სიკვდილის სცენარს ჩავუღრმავდეთ. ალბათ, გარანტირებულად შეიძლება იმის თქმა, რომ პუტინი მოითხოვს, ზავის შემთხვევაში დასავლეთმა უკრაინას სამხედრო დახმარება აღარ გაუწიოს, შეიარაღება შეაჩეროს. ეს უდრის ნელ სიკვდილს, ასეთ შეთანხმებაზე ხელის მოწერა?

პიტერ დიკინსონი: ცალსახად ასეა. და ეს იმის მიუხედავად, რომ ომის სამი წლის განმავლობაში უკრაინამ კოლოსალური სამუშაო გასწია შეიარაღების შიდა პროდუქციის „დასაქოქად“ - თავდაცვითი მრეწველობა გაძლიერდა, იარაღის თითქმის 40%-ს უკვე თავად აწარმოებენ და აცხადებენ, რომ წლის ბოლომდე 50%-საც მიაღწევენ. უკრაინელები დღეს დრონებსა და ელექტრონულ ბრძოლაში ჭეშმარიტი ოსტატები არიან, მაგრამ როდესაც ტრადიციულ შეიარაღებაზე მიდგება საქმე, მაინც დიდად არიან დამოკიდებულნი დასავლეთის მიწოდებაზე. იმედია, წელს არსებული საჭიროების ნახევრის დაფარვას თვითონვე შეძლებენ, დანარჩენი კი ევროპამ უნდა იტვირთოს, თუ აშშ მართლაც გავა თამაშიდან.

პირველად, 80 წლის შემდეგ, ევროპამ ზემოთ აიხედა და აღმოაჩინა, რომ ამერიკის უსაფრთხოების ქოლგა აღარ აქვს.

რადიო თავისუფლება: გჯერათ, რომ ევროპა ამას მართლა გააკეთებს? დაპირებების დონეზე არა - რეალურად?

პეტერ დიკინსონი: თუ ბოლო სამი წლის გამოცდილებას დავეყრდნობით — არა, არ გააკეთებს. დაპირებები ბევრჯერ გაუციათ, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო, თუ შეუსრულებელი არა, გადავადებული რჩებოდა ხოლმე. მაგრამ მეორე მხრივ, დღეს რეალობაც სხვა გვაქვს: პირველად, 80 წლის შემდეგ, ევროპამ ზემოთ აიხედა და აღმოაჩინა, რომ ამერიკის უსაფრთხოების ქოლგა აღარ აქვს. ეს უმძლავრესი გეოპოლიტიკური ბიძგია. ევროპას ესმის, რომ მარტო დარჩა.

ამას ემატება ის, რომ რუსეთი აშკარა და მზარდ საფრთხედ იქცა. ვეღარ დაელოდებიან ვაშინგტონს. ერთადერთი ბარიერი რუსეთსა და ევროპას შორის დღეს უკრაინული არმიაა. თუ უკრაინა დაეცემა, ევროპას მოუწევს ბრძოლა — და მოდი, პირდაპირ ვთქვათ, ევროპა ამისთვის ნამდვილად არ არის მზად. არც სამხედრო თვალსაზრისით, არც ფსიქოლოგიურად.

უკრაინას ჰქონდა რვაწლიანი ომი მოსამზადებლად. ევროპას — არა. მათ ილუზიების ტყვეობიდან გამოსვლა ახლახან დაიწყეს. ამერიკის ქოლგაც ცოტა ხნის წინ გაქრა. ასე რომ, ერთი მხრივ, წარსული გვასწავლის, რომ ევროპის დაპირებები მხოლოდ სიტყვებია, მაგრამ თუ რამემ შეიძლება აიძულოს და უბიძგოს ევროპას მოქმედებისკენ, ეს დღევანდელი დღე და ვითარებაა.

დახურულ კარს მიღმა შიშია — შიში, რომ ამერიკამ შესაძლოა, ვერ ანაც არ შეასრულოს ნატოს მეხუთე მუხლში გაწერილი ვალდებულებები. დარწმუნებით ვეღარ ვიტყვით, რომ ამერიკა დაგვიცავს.

რადიო თავისუფლება: როდესაც უსაფრთხოების გარანტიებზე ვსაუბრობთ, შორს წასვლა არ მოგვიწევს უსაფრთხოების გარანტიებისა და თუ დაპირებების უხეიროდ გაწერილი ხელშეკრულების საპოვნად - ბუდაპეშტის ხელშეკრულება ამის მაგალითია. რამდენად ჰგავს სამშვიდობო შეთანხმების ეს ახალი მოდელი ძველ, წარუმატებელ ფორმულას?

პიტერ დიკინსონი: საკმაოდ. ახლა ისევ საუბარია რაღაც ბუნდოვან გარანტიებზე, თანაც აშშ-ის გარეშე. მხოლოდ ევროპულ ქვეყნებზე. ძალიან სუსტად გამოიყურება ეს ყველაფერი.

თავდაპირველად, როცა უკრაინა უსაფრთხოების გარანტიებზე საუბრობდა, სინამდვილეში ნატოს წევრობაზე მიანიშნებდა. ნატო იყო ოქროს სტანდარტი. მაგრამ დღეს ნატოსთან მიმართებითაც გაჩნდა კითხვები.

საჯაროდ, ევროპის ლიდერები ისევ ირწმუნებიან, რომ ნატო ერთიანია და ძლიერია. მაგრამ დახურულ კარს მიღმა შიშია — შიში, რომ ამერიკამ შესაძლოა, ვერ ანაც არ შეასრულოს ნატოს მეხუთე მუხლში გაწერილი ვალდებულებები. დარწმუნებით ვეღარ ვიტყვით, რომ ამერიკა დაგვიცავს. რა მოხდება, თუკი ფინეთში ან პოლონეთში რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმა განხორციელდება? ვთქვათ, ესტონეთში რამე პატარა, საზღვრისპირა ქალაქი დაიკავა რუსეთმა? წავა კი აშშ ომზე ამის გამო? დიდი ალბათობით — არა.

ასე რომ, ნატოც რაღაც ბუნდოვან სტრუქტურად იქცა. ახლა საუბრობენ „მსურველთა კოალიციაზე“ — მაგრამ არავინ იცის, რას ნიშნავს ეს.

რადიო თავისუფლება: მაინც რა სურს ამ მსურველთა კოალიციას? რა შეუძლია?

პიტერ დიკინსონი: სწორედ რომ — არავინ იცის. რა უნდა გააკეთონ მათ უკრაინაში? რა იქნება მათი მანდატი? თუ რუსეთი დაესხმებათ თავს — იბრძოლებენ? გაიქცევიან? აბსურდია ჯარის გაგზავნა ფრონტზე ასეთ გაურკვეველ ვითარებაში.

ნიშანდობლივია ისიც, რომ ამ კოალიციაში თითქოს 50-მდე ქვეყანაა, მაგრამ მხოლოდ 5-6 ამბობს რეალურად, რომ ჯარის გაგზავნას განიხილავს. ეს უკვე მრავლისმთქმელია.

რადიო თავისუფლება: და თუ ეს შეთანხმება მართლაც შედგა — როგორი ცუდი და არახელსაყრელიც არ უნდა იყოს, ვთქვათ, დაიდო ზავი, ცეცხლი შეწყდა - როგორ და რით უნდა უზრუნველყო, რომ პუტინმა ხვალ თუ არა, შემდეგ კვირას არ დაარღვიოს დადებული ზავი?

პიტერ დიკინსონი: ყველაზე რეალისტური ვარიანტია ცის უზრუნველყოფა. დასავლელი მშვიდობისმყოფელები მაინც სჯობს, იქ იყვნენ ვიდრე არა, მაგრამ რამდენად ექნება ამას რეალური შეკავების ეფექტი, რბილად რომ ვთქვათ, სადავოა. სამაგიეროდ, ასეთი ეფექტი ნამდვილად ექნებოდა ევროპისა და დასავლეთის სხვა მოკავშირეების - ამერიკის გარდა - საერთო ძალისხმევას, უკრაინის საჰაერო სივრცე დაიცვან.

ეს ნიშნავს ძლიერი საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნას, რომლის მიზანიც იქნებოდა რუსული რაკეტებისა და დრონების ჩამოგდება. ვნახეთ, როგორ გაუმკლავდა ისრაელი ირანის საჰაერო იერიშს — ტექნიკურად ეს შესაძლებელია. ბალისტიკური რაკეტების შეკავება რთულია, მაგრამ დანარჩენი რეალურია.

თუ შეიქმნება მკაფიო მანდატი — „ჩვენ ვაკონტროლებთ და ვიცავთ ცას“, მაშინ უკრაინის უდიდესი ნაწილი შეიძლება დაცული იყოს. ოდესიდან დაწყებული, კიევის გავლით აღმოსავლეთ უკრაინამდე, დნეპრის ხაზამდე მაინც. ხარკოვი, ალბათ, ვერ იქნებოდა დაცული, მაგრამ უკრაინის ცენტრსა და დასავლეთს დაიცავდნენ.

ეს მოიტანდა სტაბილურობას, მოიზიდავდა ინვესტიციებს, საშუალებას მისცემდა მოსახლეობას, ჩვეულ ცხოვრებას დაჰბრუნებოდნენ და ცხადია, თავდაცვითი წარმოებაც დაუბრკოლებლად განაგრძობდა ზრდას.

თუ ჰაერი დაცულია, გამოდის, რუსები მიწაზე უნდა შეაკავო. მიწაზე რუსების შეჩერება კი უკვე უკრაინის მისიაა, და როგორც ვნახეთ, კარგადაც გამოსდით. ევროპული არმიები უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ - ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ევროპამ უნდა გაიღოს აუცილებელი აღჭურვილობა, იარაღი და ტექნოლოგია. ეს კი გრძელვადიანი პროექტია: ევროპამ უკრაინის არმიის მხარდაჭერასთან ერთად დიდი ინვესტიციები უნდა განახორციელოს უკრაინის სამხედრო–სამრეწველო კომპლექსში. საუკეთესო სცენარი ასეთია: ფრონტისპირა ხაზზე იქმნება დაახლოებით 20-კილომეტრიანი „kill zone“ (საცეცხლე ზონა), სადაც მუდმივად ტრიალებენ სადაზვერვო დრონები და ნებისმიერი არასანქცირებული გადაადგილება დაუყოვნებლივ სამიზნედ იქცევა — ეს კი რუსებისთვის ახალი ოპერაციის დაწყებას უკიდურესად გაართულებდა.

რადიო თავისუფლება: და ბოლოს, როგორი შედეგი შეიძლება მოჰყვეს ასეთ არასახარბიელო შეთანხმებას - ყირიმის ელემენტის ჩათვლითა და გათვალისწინებით - რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით საქართველოსთვის?

პიტერ დიკინსონი: საქართველო ახლა იმ მდგომარეობაშია, რაზეც ბრიტანეთში იტყვიან ხოლმე — ხუთი წუთი შუაღამემდე, წყვდიადამდე. თუ რუსეთი მიიღებს მისთვის ხელსაყრელ ზავს უკრაინაში, ამას ჩათვლის გამარჯვებად. და შემდეგ, დაწყებულს გააგრძელებს. ალბათ ჯერ ისევ უკრაინას დაუბრუნდება, შეეცდება ზელენსკის ჩამოგდებას და მორჩილი რეჟიმის დამყარებას. მერე კი დაიწყებს სხვა ტერიტორიებზე ფიქრს.

თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ეს ნიშნავს, რომ მისი იმპერიული პოლიტიკა გამარჯვების პოლიტიკად, თავად პუტინი კი ტრიუმფატორად აღიქმება არა მხოლოდ რუსეთში, არამედ გლობალურ სამხრეთშიც. ამ პუტინს ექნება წვდომა უკრაინის რესურსებზე - მათ შორის ცოცხალ რესურსზე, ევროპის ყველაზე ქმედით არმიაზე. დასავლეთი კი იქნება დისკრედიტებული, დაღლილი, მორალურად დამარცხებული.

ასეთ „იდეალურ შტორმში“ რუსეთს წინ აღარაფერი ეღობება — ყველა მეზობელი ქვეყანა აღმოჩნდება საშიშროების ქვეშ და მოუწევთ მკაცრი, გადაუდებელი ზომების მიღება, მოსკოვი კი 1991 წლის ვერდიქტის საბოლოოდ შეცვლას ეცდება.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ფორუმი

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG