და არა მარტო იმიტომ, რომ ორივე ამ ფილმის მიღმა კიდევ ერთი „ფილმია“ - გადაღების ისტორია - არანაკლებ დრამატული იმ რეალობასთან შედარებით, რომელიც ფილმში აისახა...
ირანელმა ცენზორებმა ხომ მშვენივრად იციან, რომ სინამდვილე, ცხოვრება უკვე ჩამოყალიბებული კინოსცენარია, რომლის განხორციელებას შეიძლება ხელი შეუშალო, შეიძლება აკრძალო, მაგრამ ყოველთვის გაჩნდებიან მეომარი არტისტები, რომლებიც „აკრძალულ რეალობას“ აღბეჭდავენ და კაცობრიობას შეუნახავენ. თუმცა ორივე ფილმში მთავარი მაინც არა იმდენად პოლიტიკური სიმწვავე და გაბედულებაა, რამდენადაც გამოხატვის ძალა, სახიერება, სწორედ ის, რის დეფიციტსაც განიცდის „განეტფლიქსებული“ დასავლური კინო, თავისი გაუთავებელი ბაიოპიკებით და რიმეიკებით.
სხვადასხვა თაობის ამ ორმა ირანელმა რეჟისორმა განსხვავებული მხრიდან შეუტია რეჟიმს - ახალგაზრდამ, საიდ რუსთაიმ, რომელმაც თავისი წინა ფილმით, „ლეილა და მისი ძმებით“ დაგვამახსოვრა თავი, პატრიარქალური სისტემა და კულტურული დოგმები ამხილა, ფანაჰიმ კი არ დაინდო ხელისუფლება, რომელმაც რამდენჯერმე დააპატიმრა, ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა და ყველა მისი ფილმი თაროზე შემოდო.
ორივე ირანულ ფილმს აერთიანებს შურისძიების და მიტევების თემები. თუკი „ქალი და ბავშვის“ გმირი, ახალგაზრდა ქვრივი ქალი ცდილობს, შური იძიოს ნათესავებზე, მასწავლებლებზე, რომლებსაც თავისი მცირეწლოვანი ვაჟის სიკვდილში ადანაშაულებს, „უბრალო ავარიაში“ მსხვერპლი ციხის ზედამხედველია. აქ მას ყოფილი პოლიტპატიმრები უნდა გაუსწორდნენ, ის ხალხი, რომელსაც სიცოცხლე გაუმწარა, ღირსება შეულახა, აწამა - ექიმი, წიგნის მაღაზიის მფლობელი, ყოფილი ფოტოჟურნალისტი, რომელიც ახლა ქორწილების გადაღებით ირჩენს თავს და მთავარი გმირი, მუშა, რომლის საცოლე რეჟიმმა თვითმკვლელობამდე მიიყვანა... სწორედ მან იცნო პირველად სადისტი ოფიცერი - მისი ცოცხლად დამარხვა გადაწყვიტა, თუმცა ბოლო წამს...
კანის ფესტივალის კონკურსში სამი ფილმის პრემიერა დარჩა (მათ შორის „ოქროს პალმის“ ორგზის ლაურეატების, ძმები დარდენების ახალი ფილმის). მედია, ტრადიციულად, შედეგების წინასწარმეტყველებას ცდილობს. უკვე დაიწერა, რომ ჟიურის თავმჯდომარე ჟულიეტ ბინოში, რომელიც აბას ქიაროსთამიმ ჯერ კიდევ 2011 წელს გადაიღო „დამოწმებულ ასლში“, ძალიან კარგად იცნობს ირანის კონტექსტს, ამიტომ შეეცდება, არ დაჩაგროს საკონკურსო პროგრამაში ჩართული ირანული ფილმები.
მაგრამ არც ფანაჰი და არც რუსთაი არ აღიარებენ იმ სტილს, რომლითაც ირანელმა რეჟისორებმა გასული საუკუნის მიწურულს დაიმკვიდრეს ადგილი მსოფლიო კინოში. ნართაულად ნაამბობ ისტორიებს, ფერწერულ-სურათოვან გამოსახულებას, პოეტურ, ხშირად პათეტიკურ სახეებს ფანაჰიც და რუსთაიც უპირისპირებენ ხაზგასმულად დოკუმენტურ თხრობას (ორივეს დოკუმენტურ კინოში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს), ზოგჯერ უბრალოდ ნატურალიზმს და რაც მთავარია, სათქმელის შენიღბვაზე უარს ამბობენ. ოღონდაც თუკი ირანის ხელისუფლება შედარებით თვალს ხუჭავს ემანსიპაციის და ბავშვების აღზრდის თემებზე („ქალი და ბავშვი“), იგი მკაცრია და ზოგჯერ სასტიკიც კი პოლიტიკური კინოს მიმართ.
ამიტომაცაა, რომ ფანაჰის გასაიდუმლოებულ პირობებში მოუხდა „უბრალო ავარიის“ გადაღება (პატიმრობიდან განთავისუფლების შემდეგ მას კინოს გადაღებაც აუკრძალეს). ბევრს უკვირს, როგორ შეძლო რეჟისორმა ქვეყნის დატოვება (უკანასკნელად ფანაჰი 20 წლის წინ ჩავიდა კანში, სადაც მისი ფილმები არაერთხელ ჩაურთავთ საკონკურსო პროგრამაში).
ახლა უკვე მკითხაობენ კიდეც, როგორი იქნება ოფიციალური თეირანის რეაქცია, თუკი ჯაფარ ფანაჰი კანის წლევანდელ კინოფორუმზე გაიმარჯვებს? 1997 წელს ირანი კმაყოფილი შეხვდა „ოქროს პალმას“ აბას ქიაროსთამის ფილმისთვის „ბლის გემო“. მაგრამ ჯაფარ ფანაჰი სხვა დროის, სხვა თაობის, „სხვა ირანის“ რეჟისორია. მისი ბიოგრაფია მის მიერ გადაღებული ფილმების შემადგენელი ნაწილია, ანუ ჩამოყალიბებული სცენარია, რომელსაც წლებია უკვე ეს კაცი თავის ფილმებში აღბეჭდავს...
აბა, რამდენი თანამედროვე დასავლელი რეჟისორი დაიკვეხნის ამით? რამდენი იტყვის, ჩემი ბიოგრაფია უკვე კინოაო? მე მგონი, ბევრი არავინ. ამიტომაც იღებენ იქ ბაიოპიკებსა და რიმეიკებს, აქ კი თავიანთ და თავიანთი ხალხის ცხოვრებას.
ფორუმი