კალაძე „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და პარტიის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სპიკერია - ხისტი განცხადებებით გამორჩეული, საერთაშორისო პარტნიორების, პოლიტიკური ოპონენტებისა თუ ჟურნალისტების მისამართით.
ბოლო დროს, "ქართული ოცნების" სხვა ლიდერების მსგავსად, კალაძეც ხშირად ლაპარაკობს „გლობალური ომის პარტიის“/„დიპ სტეიტის“ განზრახვებზე, რაც ბევრისთვის კვლავ შეთქმულების თეორიად რჩება.
კენჭისყრა ბოიკოტის და ოპოზიციის ლიდერების პატიმრობის პირობებში
ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე პოლიტიკაში აქტიურად 2012 წლიდან ჩაერთო - როდესაც ბიძინა ივანიშვილმა “ქართული ოცნების” კოალიცია შექმნა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ოცნებამ“ კალაძე სიის პირველ ნომრად დაასახელა; ხოლო 2013 წლიდან პარტიის გენერალური მდივანიც გახდა.
2012-2017 წლებში კახა კალაძე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი იყო. 2017 წელს, თვითმმართველობის არჩევნებისთვის ის პირველად დაასახელეს დედაქალაქის მერობის კანდიდატად. მან ამ პოსტზე ასევე “ოცნების” კანდიდატი დავით ნარმანია შეცვალა.
- 2017 წელს - კახა კალაძემ (51,09%) თვითმმართველობის არჩევნების პირველსავე ტურში გაიმარჯვა. მეორე ადგილზე მაშინ დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი (17,49%) გავიდა.
- 2021 წელს - გამარჯვების მოპოვება მხოლოდ მეორე ტურში შეძლო - ამომრჩეველთა მხარდაჭერის 55,6 პროცენტით. მისი მთავარი მეტოქე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ნიკა მელია იყო - 44,39%-იანი შედეგით.
მესამე კენჭისყრა ძირეულად განსხვავებულ გარემოებებში მოუწევს.
ოპოზიციური პარტიების უდიდესი ნაწილი 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას, პროტესტის ნიშნად, საერთოდ არ გეგმავს. დაჭერილია ოპოზიციის არაერთი ლიდერი, მათ შორის - ნიკა მელიაც, სადავო პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის ["წულუკიანის კომისია"] სხდომაზე არმისვლის გამო.
შეცვლილია თავად კალაძეც.
4 წლის წინ მას არ უწევდა "დიპ სტეიტის" ავ ზრახვებსა და აგენტებზე ლაპარაკი, არც ასეთი ხისტი არ იყო ოპოზიციონერების, არასამთავრობო სექტორის, მედიისა თუ საერთაშორისო პარტნიორების მისამართით.
„პრობლემას საერთოდ ვერ ვხედავ. არც იმას ველოდები, რომ ვინმე იქნება დასანქცირებული, იმიტომ რომ არაფერი გაგვიკეთებია ისეთი, რომ სანქციების ქვეშ მოვექცეთ", - ამბობდა კალაძე 2024 წლის ივნისში.
მას შემდეგ აშშ-მა და ევროპის ქვეყნებმა შეზღუდვები და სანქციები დაუწესეს "ქართული ოცნების" არაერთ ლიდერს. 2024 წლის 27 დეკემბერს, შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა "ქართული ოცნების" მილიარდერ საპატიო თავმჯდომარეს, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს.
რაც საჯაროდ არის ცნობილი, თავად კალაძე სანქცირებულია ბალტიის ქვეყნებისა და უკრაინის მიერ.
მტერი, მავნებელი, ნაძირალა, მოღალატე...
კახა კალაძე თვლის, რომ "ევროკავშირის ელჩი ქვეყნიდან გასაგდებია" და მასზე რომ იყოს დამოკიდებული, "გააძევებდა" კიდეც.
თებერვლის ბოლოს, გერმანიის ელჩს „ჩვეულებრივი მავნებელი“ უწოდა; ხოლო ზოგადად, ევროპელ ელჩებზე ფიქრობს, რომ ისინი "დიპ სტეიტს" წარმოადგენენ, საქართველოში “საზოგადოების გახლეჩას” ემსახურებიან.
"ჩვენს ქვეყანაში ამ დიპლომატების არსებობას არანაირი აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ჩვეულებრივი მხარე არიან... თუკი რაიმე მძიმე ფაქტი, უბედურება ხდებოდა ქვეყანაში წლების განმავლობაში, ეს არის ზუსტად მათი დამსახურება”, - ელჩების მიმართ ბრალდებებში კალაძე, თანაგუნდელების მსგავსად, “ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსებაც” ასახელებს.
აპრილის დასაწყისში კალაძე უკმაყოფილებას ვერ მალავდა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართ, რომ დონალდ ტრამპმა “დიპ სტეიტზე” თამამად დაწყებული ლაპარაკი არ დააფასა და მადლობის მაგივრად, თბილისთან მიმართებით ძველ რიტორიკასა და პოლიტიკას აგრძელებს.
“ბევრ განცხადებას ვისმენთ „დიფ სთეითთან“ ბრძოლის შესახებ… მაგრამ ჯერჯერობით ეს მხოლოდ ლაპარაკად რჩება და კონკრეტიკა არ არსებობს”, - ამბობდა კახა კალაძე.
„ქართული ოცნების“ გენმდივანი ხისტია პოლიტიკური ოპონენტების მისამართით.
ხშირად იყენებს ტერმინებს - „აგენტები”, „მტრები“, “ქვეყნის მოღალატეები”, „რადიკალური დაჯგუფება“. ამბობს, რომ „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნის გარედან მართავენ.
არქივი ინახავს კალაძის ჟურნალისტებთან დაპირისპირების არაერთ ეპიზოდსაც. “ბინძური”, “რადიკალი”, “თავხედი”, "ნაძირალა” - ეს კახა კალაძის მიერ ჟურნალისტების მისამართით სხვადასხვა დროს გამოყენებული სიტყვებია.
სამსახურიდან ხალხის გაშვება
თბილისის მერი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც პროდასავლურ განცხადებებზე ხელმომწერები "საბოტაჟში" დაადანაშაულა და მკაფიოდ მიანიშნა, რომ ასეთებისგან სისტემა რეორგანიზაციის პროცესში გათავისუფლდებოდა.
„კარგია, თვითლუსტრაციაა. ყველას თავისი გზა აქვს. ეს ადამიანები ირჩევენ ამ გზას. ეს მათი გადასაწყვეტია. ამას ველოდებოდი კიდეც, გულწრფელად გითხრათ, იმიტომ რომ რეორგანიზაცია გამოცხადებული გვაქვს, ბევრი ცვლილება და გადაადგილება იგეგმება. ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს ღმერთმა“, - თქვა მაშინ კალაძემ.
იუსტიციის, თავდაცვის, განათლებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების თანამშრომლების ნაწილის მსგავსად, 30 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში თბილისის მერიის 200-ზე მეტი თანამშრომელი გაემიჯნა “ქართული ოცნების” მიერ ევროინტეგრაციის გზაზე შემდგომი აუცილებელი ნაბიჯების 4 წლით დაპაუზების გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება 2024 წლის 28 ნოემბერს “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა.
თანდათან ცნობილი ხდებოდა, თუ როგორ უშვებდა მერია თანამშრომლებს. პროევროპულ განცხადებებზე ხელმომწერები სხვა სახელმწიფო უწყებებიდანაც გაუშვეს.
2024 იყო პირველი წელი, როდესაც რუსთაველის გამზირზე მთავარი ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიება არ შედგა - ხალხის მიწვევის მიუხედავად.
ამ დროს რუსთაველის გამზირზე პროევროპული უწყვეტი აქციის მონაწილეები იდგნენ.
კალაძემ მათ უწოდა „რადიკალური ოპოზიციის მიერ მართული აგრესიული ჯგუფები“, რომლებიც „ყველაფერს აკეთებენ, რათა ხელი შეუშალონ სადღესასწაულო განწყობის შემოტანას ჩვენს დედაქალაქში“.
დაპირებები - რა [არ] გაკეთდა
კახა კალაძის მერობის ორ ვადას უკავშირდება, მაგალითად:
- “ბას ლაინების” მოწყობა, რომლებშიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარდა, თეთრი ტაქსებიც დადიან - შესაბამისი ლიცენზიით;
- ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადის დაწესება;
- 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა;
- ბაგების და საბურთალოს დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის გახსნა.
2025 წლის ივლისში მერიამ განაცხადა, რომ აამოქმედა მოტოინსპექცია, “რომელიც აღიჭურვა ევროპული სტანდარტის ტრიციკლებით, სპეც ეკიპირებით და თანამედროვე ტექნოლოგიებით”, რათა მუნიციპალურმა ინსპექციამ უფრო “ეფექტურად მართოს ურბანული წესრიგი და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები”.
კალაძის მერობის პერიოდში განახლდა რამდენიმე ცენტრალური გამზირი და ქუჩა, მათ შორის - ჭავჭავაძის, წერეთლის, ქეთევან წამებულის გამზირები, ხიზანიშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩები. სხვა საკითხია ხალხის პრეტენზიები - შესასრულებელი სამუშაოების ვადებთან თუ ხარისხთან დაკავშირებით. ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია 1 წელზე მეტხანს გაგრძელდა.
- 2026 წლამდე გადაიდო რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია. რაც თავდაპირველად 2024 წლისთვის, შემდეგ 2025 წლის პირველი ნახევრისთვის იყო დაგეგმილი;
- გადაიდო ვაჟა-ფშაველას გამზირის რეაბილიტაციაც - დაგეგმილი იყო 2020-2021 წლებში;
- არ შესრულდა მიწისზედა მეტროს პროექტი [სამგორი-ლილო], რომელიც 2022 წელს უნდა დასრულებულიყო;
- ხალხი ხშირად იხსენებს მერიის ძველ, შეუსრულებელ დაპირებას - თბილისში მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგების მოწყობის შესახებ;
- 2022 წელს უნდა დასრულებულიყო ვაკის პარკის რეაბილიტაციაც, რომელიც თვალშისაცემად გაიჭიმა. 2025 წლის ივლისში მერიამ გამოაცხადა, რომ ვაკის პარკის შადრევნებისა და კასკადის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპს იწყებს.
ცათამბჯენები
2017 წელს, როდესაც კახა კალაძე პირველად გახდა მერი, მის დაპირებებს შორის იყო თბილისში „ურბანული გენოციდის“ დასრულება და “სიცოცხლით სავსე ქალაქად“ ქცევა. თუმცა ცათამბჯენების უკონტროლო მშენებლობას სპეციალისტები და გარემოსდამცველები დღემდე თვლიან დედაქალაქის ძალიან მნიშვნელოვან პრობლემად.
2025 წლის 10 ივლისს, გარემოს დაცვის პოლიტიკის შედეგების შეჯამებისას, კახა კალაძემ თქვა, რომ მშენებლობები არ უნდა იყოს “რეკრეაციული სივრცეების, სპორტული მოედნების ხარჯზე” და ამ მიზნის მისაღწევად მერიას “კონკრეტული სივრცეების გამოსყიდვა და მუნიციპალიტეტისთვის დაბრუნებაც” მოუხდა.
“მინდა მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“, ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს, რადგან სწორედ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება - მიმდინარეობს მთაწმინდის ფერდის გამწვანების სამუშაოები, რომელიც თბილისის ე.წ. ფილტვებია და უმძიმეს მდგომარეობაშია. მთლიანად ხდება აღნიშნული ფერდის განახლება“, - განაცხადა კახა კალაძემ პრეზენტაციაზე.
- 2024 წლის ივნისში ხმაური მოჰყვა იპოდრომის ტყეში მრავალფუნქციური და მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის გეგმარებითი დავალების პროექტის თბილისის საკრებულოში დამტკიცებას [ეს არ არის მშენებლობის საბოლოო ნებართვა]. იპოდრომის გამწვანებული ნაწილი “ფონდმა ქართუმ” 2023 წლის 27 ოქტომბერს გაყიდა. 2020 წელს კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს იპოდრომის ტერიტორიის თბილისისთვის გადაცემის გამო, სადაც “ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის მსგავსი” დასასვენებელი სივრცის მშენებლობა 2022 წლისთვის უნდა დასრულებულიყო.
- ცათამბჯენები შენდება “ლაგუნა ვერესთან", აბრეშუმის ყოფილი ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზეც. ამ ადგილს სარეკრეაციო ზონის სტატუსი 2024 წლის დასაწყისში მოუხსნეს. “ფონდ ქართუს” შვილობილმა კომპანიამ ეს ტერიტორია 2023 წელს გაყიდა. 2023 წელს კახა კალაძემ პირობა დადო, რომ „ქართუს“ მიერ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემული საცურაო აუზი - „ლაგუნა ვერე“ - განახლდებოდა.
2025 წლის დასაწყისში, მერიის ინფორმაციით, “ლაგუნა ვერეს” მახლობლად რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები დაიწყო - გაფართოვდა გზა, მიწისქვეშა კომუნიკაციები და დამონტაჟდა ჭკვიანი შუქნიშნები. ამ ტერიტორიაზე რამდენიმე ბენზინგასამართი სადგური აიღეს.
ტრაგედიები
კახა კალაძის მერიის მიერ თბილისისთვის მიძღვნილ სლოგანებს შორის იყო „სიცოცხლით სავსე ქალაქი“, რომელიც დროთა განმავლობაში ხალხმა „სიკვდილით სავსე ქალაქად“ გადააკეთა - ამ ქალაქში ადამიანების ტრაგიკულად დაღუპვის გამო.
- 2022 წელს, ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი, მეორე დღეს მას შემდეგ, რაც კახა კალაძემ შადრევანი საზეიმოდ გახსნა;
- 2025 წლის 25 იანვარს, „რიყის დოქების“ ტერიტორიაზე 16 წლის ბიჭი, იოსებ ადეიშვილი, წყლით სავსე თხრილში ჩავარდა. მეგობრებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა პასუხისმგებლობა აირიდა - ტრაგედია კერძო ტერიტორიაზე დატრიალდაო;
- 2025 წლის 11 აპრილს, ავჭალაში, ლიბანის 22 ნომერში, „ტიტანიკის“ კორპუსში 13 წლის ნიკოლოზ კოკოშაშვილი ლიფტის შახტში ჩავარდა და დაიღუპა. მერიამ განაცხადა, რომ მოსახლეობის ნაწილი ავარიული კორპუსიდან არ გამოვიდა;
- 2025 წლის 14 ივლისს ვაგზლის მოედანთან საცხოვრებელი კორპუსის ფასადი ჩამოინგრა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა; მერიამ განაცხადა, რომ მოსახლეობა ავარიული სახლიდან არ გამოდიოდა. ტერიტორია შემოღობილი არ იყო. პირველ სართულზე მაღაზიები იყო გახსნილი.
2023 წლის 10 ივლისს, 13 წლის მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 ბრალდებულს მიუსაჯა პატიმრობა. მოსამართლემ გაამართლა მხოლოდ ერთი ბრალდებული - ელექტროშემდუღებელი ვალერი გობეჯიშვილი. გამოძიება დაწყებულია სხვა საქმეებთან დაკავშირებითაც.
კორუფციის ბრალდებები
კორუფცია ერთ-ერთი მთავარი ბრალდებაა კახა კალაძისა და მისი თანამშრომლების მისამართით, რასაც პოლიტიკური ოპონენტები წლების განმავლობაში იმეორებენ. მედია ამზადებდა სიუჟეტებს, ჟურნალისტურ გამოძიებებს, ეჭვებით ტენდერების გარეშე გაწეული ხარჯებისა თუ საეჭვოდ დაგროვებული ქონების შესახებ.
სტუდია “მონიტორის” 2024 წელს მომზადებული ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, თბილისის მაშინდელი ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის ქონებრივ დეკლარაციაში არაფერი იყო ნათქვამი საცხოვრებელი სახლის შესახებ, თუმცა, ექსპერიმენტზე დაფუძნებით, ავტორებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ თანამდებობის პირი კრწანისის ელიტურ დასახლებაში, ფეშენებელურ პენტჰაუზში ცხოვრობდა.
"კრწანისი ვილა რეზიდენსი" "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული ბიზნესმენის, ნოშრევან ნამორაძის დეველოპერული კომპანიის აშენებულია.
"მონიტორის" ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ხმალაძე საკრებულოში გულშემატკივრობდა ნამორაძის პროექტებს, ხოლო ნამორაძემ თბილისის მერიისგან არაერთი პრობლემური მშენებლობის ნებართვაც მიიღო - მათ შორის, ცათამბჯენის ასაშენებლად ვაკეში, უკვე დანგრეული ფიზკულტურის უნივერსიტეტის ადგილას.
ირაკლი ხმალაძე ახლა იუსტიციის მინისტრი მოადგილის პოსტს იკავებს.
2022 წლის თებერვალში, კახა კალაძემ გააფრთხილა თანამშრომლები, რომ არ შეეგუებოდა კორუფციის ფაქტებს:
“ყველა - დაწყებული ჩემი მოადგილეებით, სამსახურების უფროსების, გამგებლების, სსიპ-ების, ააიპ-ების, შპს-ების ხელმძღვანელებით - ძალიან კრიტიკულები ვიქნებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კორუფცია არ იყოს დაშვებული. ეს არის ძალიან მძიმე საკითხი, რომელსაც ჩვენი მხრიდან ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.
ვინმემ არ იფიქროს, რომ რაღაცას არასწორად გავაკეთებ და ვერავინ გაიგებსო. ყველაფერს ძალიან კარგად ვხედავთ. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა შესაბამის სამსახურებთან და ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კორუფცია ძირშივე იყოს ამოძირკვული”.
- 2022 წლის თებერვალში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღებისა და თაღლითობის მცდელობის ბრალდებით თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიის ოთხი თანამშრომელი დააკავა. ისინი მფარველობის სანაცვლოდ ადამიანებს ფულს ართმევდნენ. სუსის ინფორმაციით, გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის საქმეზე დაიწყო.
- 2020 წლის ივლისში, სუსმა ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი - დიდუბის რაიონის გარე ვაჭრობის ზედამხედველი, რომელმაც, როგორც იუწყებოდნენ, ფული გარე ვაჭრობის მფარველობისათვის აიღო.
2024 წლის მარტში, რადიო თავისუფლების ჟურნალისტურ გამოძიებაში აღწერილი იყო, როგორ ატარებს ათეულობით მილიონი ლარის ღირებულების ტენდერს თბილისის მერიის ბაგა-ბაღების სააგენტო და როგორ დაიმალა მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელსაც ტენდერის ბედი უნდა გადაეწყვიტა. სააგენტო გამარჯვებაში კონკრეტულ კომპანიას ეხმარებოდა.
კორუფციასთან დაკავშირებული ეჭვები, შეკითხვები სხვადასხვა დროს თავს იჩენდა, მათ შორის - არასამთავრობო სექტორის ანგარიშებშიც.
კახა კალაძე 1978 წლის 27 თებერვალს სამტრედიაში დაიბადა. იყო საქართველოს ფეხბურთის ნაკრების კაპიტანი - მარცხენა და ცენტრალური მცველი. 2001 წელს, „მილანმა“ კალაძის ტრანსფერში 16 მილიონი ევრო გადაიხადა და ის სწორედ ამ კლუბში დარჩა - 9 წლის მანძილზე. 1998-2001 წლებში თამაშობდა „დინამო კიევში".
2008-2012 წლებში იყო სს „პროგრესბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. 2008 წელს დააფუძნა საქველმოქმედო „კალაფონდი", 2007 წელს - საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი „კალაკაპიტალი".
ფორუმი