Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჩემთვის 17 ათასი დოლარი მილიონია“ - სუროგატი ქალის ხელშეკრულებიდან გამქრალი 7 დღე


„ოჯახს ვუთხარი, რომ გერმანიაში, კაფეში ვმუშაობ, მე კი თბილისში ვიმალები“...
„ოჯახს ვუთხარი, რომ გერმანიაში, კაფეში ვმუშაობ, მე კი თბილისში ვიმალები“...

სუროგატმა დედამ, 41 წლის მაიამ*, ბავშვი უცხოელი წყვილისთვის 15 ივლისს გააჩინა. მშობიარობა ნაადრევად დაეწყო და საკეისრო კვეთა გახდა საჭირო. 7 თვის თავზე დაბადებული ბავშვი, ღუდუშაურის კლინიკაში, ნაადრევად დაბადებულთა მოვლის განყოფილებაში გადაიყვანეს.

მიუხედავად იმისა, რომ სუროგატმა დედამ ბავშვი ცოცხალი გააჩინა და როგორც ექიმი ეუბნება, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ქალმა დაპირებული ჰონორარი ვერ მიიღო.

სუროგატობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სოციალურ ქსელში რეკლამას გადააწყდა. განცხადებაში მითითებულმა აგენტმა მაია რეპროდუქციული მედიცინის ცენტრ „უნივერსთან“ დააკავშირა.

უცხოელი წყვილის ემბრიონი მაიას სწორედ ამ კლინიკაში გადაუტანეს და მალე მისი ორსულობაც დადასტურდა.

ბავშვის გაჩენის შემდეგ, კლინიკის წარმომადგენელმა უთხრა, რომ ბავშვის ვადაზე ადრე დაბადების გამო, ის იმაზე ნაკლებ ანაზღაურებას აიღებდა, ვიდრე ელოდა. სულ 3000 ამერიკულ დოლარს.

პრობლემა კი იმ ხელშეკრულებაში აღმოჩნდა, რომელსაც სუროგატმა დედამ ბიოლოგიურ მშობლებთან და რეპროდუქციული კლინიკის, „უნივერსის“ წარმომადგენელთან ერთად მოაწერა ხელი. ეს ხელშეკრულება ნოტარიულადაც დამოწმებულია.

ორსულობის 31 კვირის შესრულებას 2 დღეღა აკლდა, მაიას მშობიარობა რომ დაეწყო. როგორც ის რადიო თავისუფლებას უყვება, ნაყოფის მდებარეობა ბავშვის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა და ამიტომ ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ ქალისთვის სასწრაფო საკეისრო კვეთა ჩაეტარებინათ:

„ბავშვი ფეხებით მოდიოდა, ექიმი მთხოვდა, რომ შემეკავებინა ჭინთვები, რომ ბავშვი არ გაგუდულიყო. გადაწყდა სასწრაფო საკეისრო. რაკი იმ მომენტში სამშობიარო ბლოკში საოპერაციო მაგიდა დაკავებული იყო, პალატის საწოლიანად შემაგდეს ბლოკში, კართან მიმკუჭეს და ასე, ჩვეულებრივ საწოლზე გამიკეთეს საკეისრო - სანიტრებს ეკავათ ჩემი ხელები, ჩქარობდნენ, რომ ბავშვის ცოცხლად ამოყვანა მოესწროთ.

მეან-გინეკოლოგთან მე პრეტენზია არ მაქვს, სხვა გზა არ ჰქონდა. ბავშვი 15 ივლისს, საღამოს ხუთი საათისთვის გავაჩინე, 17 ივლისს, 3 საათზე უკვე სახლში ვიყავი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მაია.


რა წერია ხელშეკრულებაში მაიას ანაზღაურების შესახებ?

ხელშეკრულებაში, რომელსაც მაიამ მოაწერა ხელი, წერია, რომ ის, როგორც სუროგატი ქალი, მიიღებდა 3000 დოლარს იმ შემთხვევაში, თუკი ორსულობა შეუწყდებოდა 25-დან 30 კვირის ვადაში, ანუ ბავშვი ვერ დაიბადებოდა.

ასევე წერია, რომ მაიას ბიოლოგიური მშობლები გადაუხდიდნენ 5000 დოლარს იმ შემთხვევაში, თუკი 31 კვირიდან 35 კვირამდე პერიოდში ნაადრევი მშობიარობის შედეგად ბავშვი დაიღუპებოდა.

ხოლო, თუკი მაია 31-ე კვირიდან ნაადრევად გააჩენდა ცოცხალ ბავშვს გართულებით ან გართულების გარეშე, მშობლები თანახმანი იყვნენ, რომ მისთვის გადაეხადათ ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული სრული ჰონორარი. მაიას შემთხვევაში, ეს თანხა დაახლოებით 17 ათასი დოლარი იყო.

ამონარიდი ხელშეკრულებიდან
ამონარიდი ხელშეკრულებიდან

მაიას ორსულობის 31 კვირის შესრულებამდე 2 დღე დააკლდა. ხელშეკრულებაში, რომელსაც ხელი მოაწერა, სწორედ ის ერთი კვირა, 30-დან 31 კვირამდე, შვიდდღიანი პერიოდი არაა გათვალისწინებული, როდესაც მაიამ ცოცხალი ბავშვი გააჩინა:

მაიას ოჯახმა არ იცის, რომ ის სუროგატი დედაა.
მაიას ოჯახმა არ იცის, რომ ის სუროგატი დედაა.

„სამწუხაროდ, კონტრაქტში არ წერია, თუკი ბავშვი 31 კვირამდე დაიბადებოდა ცოცხალი, რა თანხა უნდა გადამიხადოს ბიოლოგიურმა ოჯახმა. „უნივერსის“ წარმომადგენელმა, ჩემმა კოორდინატორმა ნათია დვალმა მითხრა, რომ მხოლოდ 3000 დოლარი მეკუთვნის. როდესაც ამ თანხის აღებაზე უარი ვთქვი, რამდენიმე დღის წინ ისევ დამიკავშირდა ჩემი კოორდინატორი და მითხრა, რომ კიდევ 2000 დოლარს დამიმატებდნენ - საკეისროს ფულს.

ვუთხარი, რომ იურისტს მივმართავდი დასახმარებლად, მან კი მიპასუხა, გიღირს ახლა სასამართლოებსა და ადვოკატებში სირბილიო? რატომ არ უნდა მიღირდეს? ჩემი ჯანმრთელობა სასწორზე დავდე. ჩემთვის 17 ათასი დოლარი მილიონია.

ბავშვის ბიოლოგიურ მშობლებთან პირდაპირი კომუნიკაცია არ მქონია. არც ვიცი, როგორ უნდა ვნახო ისინი. მე ენა არ ვიცი, თარჯიმნის აყვანის საშუალებაც არ მაქვს, რომ პირადად მათგან გავიგო, რას ფიქრობენ ამ ყველაფერზე“, - ამბობს მაია.

„ვიცრუე, რომ გერმანიაში ვარ“...

მაია რეგიონიდანაა. 18 წლის შვილი ჰყავს. არც მისმა შვილმა, არც მშობლებმა და ძმებმა არ იციან, რომ ის სუროგატი დედაა. როდესაც სუროგაციის პროგრამაში ჩართვა გადაწყვიტა, ოჯახს უთხრა, რომ გერმანიაში მიდიოდა სამუშაოდ. ოჯახმა ახლაც ასე იცის. იციან, რომ ის გერმანიაშია და საქართველოში მალე უნდა დაბრუნდეს:

ოჯახმა იცის, რომ მაია გერმანიაში ჭურჭლის მრეცხავად მუშაობს.
ოჯახმა იცის, რომ მაია გერმანიაში ჭურჭლის მრეცხავად მუშაობს.

„ძალიან დიდი საბანკო ვალი მაქვს. სახლი და კარი არ მაქვს. რომ არ მიჭირდეს, ამას ხომ არ გავაკეთებდი? შვილი მშობლებთან დავტოვე და ვიცრუე, რომ გერმანიაში, კაფეში ჭურჭლის მრეცხავად ვმუშაობ. მხოლოდ ჩემმა დებმა იციან, რომ თბილისში ვარ. მთელი ორსულობა ვიმალებოდი, ძირითადად სახლში ვიჯექი. როცა კლინიკაში ვიყავი მისასვლელი, მხოლოდ ტაქსით მივდიოდი და მოვდიოდი. საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვერ ვსარგებლობდი, რომ შემთხვევით ვინმე ნაცნობი არ შემხვედროდა.

მშობლებთან და შვილთან სახლში გვიან ღამით, ვიდეო-ზარით ვრეკავდი. იციან, რომ მთელი დღე ვმუშაობ კაფეში და გვიან ვბრუნდები სახლში. ჩემი შვილი ძალიან ინერვიულებს, ეს რომ გაიგოს, ჩემი ძმები ხო მომკლავენ. რომ არა უკიდურესი ფინანსური გაჭირვება, ამ ნაბიჯს არ გადავდგამდი, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მაია.

„მოვიდეს, ყურადღებით მოვუსმენ“, - რას ამბობს კლინიკა „უნივერსის“ დირექტორი

ნათია დვალი, რეპროდუქციული მედიცინის ცენტრის, „უნივერსის“ თანამშრომელი და მაიას, როგორც სუროგატი დედის, კოორდინატორი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ასეთი შემთხვევებისგან „არავინაა დაზღვეული“, რაც შეეხება კონტრაქტის შინაარსს, ის ამბობს, რომ მას შეთანხმების ეს მხარე არ ეხება:

„როდესაც სუროგატი დედა მოდის კლინიკაში, ფორმდება ნოტარიულად დამოწმებული კონტრაქტი. ამ კონტრაქტს სუროგატი დედა კითხულობს და შემდეგ აწერს ხელს. ასე იყო ამ შემთხვევაშიც. ისე მოუწია, რომ იმშობიარა 31 კვირამდე. სრულ კომპენსაციას არავინ გადაუხდის, რადგან ვმოქმედებთ კონტრაქტის მიხედვით, როგორც კლინიკა, როგორც პაციენტი, როგორც სუროგატი.

მე არ მეხება კონტრაქტები, მე მეხება სუროგატი ქალის კურირება 9 თვის მანძილზე და ამასთან დაკავშირებით, მას არ მგონია, რაიმე პრობლემა ჰქონდეს. ასევე კლინიკამ თავისი ხარჯებით უქირავა ბინა. მოხდა ასეთი ფაქტი, მესმის, გული შემტკივა, მაგრამ რა ვქნათ, ეს არის დამოკიდებული ახლა წყვილის კეთილ ნებაზე, რას და როგორ გადაუხდიან“, - გვეუბნება ნათია დვალი.

მასთან საუბრის შემდეგ, უფრო მეტი დეტალის გასარკვევად რადიო თავისუფლება დაუკავშირდა რეპროდუქციული მედიცინის ცენტრ „უნივერსის“ დირექტორს, თემურ გაგნიძეს.

როგორც ის გვეუბნება, ამ პრობლემის შესახებ სულ რამდენიმე წუთის წინ, მას შემდეგ შეიტყო, რაც რადიო თავისუფლებამ მასთან ინტერვიუ ითხოვა.

თემურ გაგნიძე ამბობს, რომ პირადად შეხვდება სუროგატ დედას და იურისტებთან ერთად გაივლის კონსულტაციას:

„მოვიდეს, ყურადღებით მოვუსმენ რა მდგომარეობაა, რომ მაქსიმალურად შევეცადო დახმარებას. დღეს მთელი დედამიწა ცხოვრობს ხელშეკრულებებით, მაგრამ მე უნდა მოვუსმინო ამ ქალს. ეს ურთიერთობა და ხელშეკრულება იდება ბიოლოგიურ მშობლებთან. არის ხელშეკრულება, რომელსაც ვერავინ გადაუხვევს, მაგრამ არის ადამიანური ფაქტორებიც და ამის შესახებ უნდა მოვისმინო ამ ქალისგან, კარგად ჩავუღრმავდე.

ყველა დეტალს გავივლი იურისტებთან, მათ შორის, ხელშეკრულების შინაარსის შედგენის დეტალებს. არ მინდა, რაიმე შემეშალოს. შევაჯერებ ყველა დეტალს და რა შეიძლება გაკეთდეს და გამოდნეს. ყველა უნდა იყოს კმაყოფილი, ესაა ჩემი, როგორც კლინიკის დირექტორის, ხედვა - მშობელიც, სუროგატი დედაც, ბავშვიც ცოცხალი უნდა იყოს და რა თქმა უნდა, ხელშეკრულების ფორმებიც უნდა იყოს გათვალისწინებული“, - უთხრა რადიო თავისუფლებას კლინიკა „უნივერსის“ დირექტორმა თემურ გაგნიძემ.

რაც შეეხება ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ასევე კითხვას, ჩამოვიდნენ თუ არა ბავშვის მშობლები საქართველოში და თუკი არ ჩამოსულან, გარდა ღუდუშაურის კლინიკის ექიმებისა, ვინ ზრუნავს ბავშვზე, თემურ გაგნიძე ამბობს, რომ ის ამ დეტალებში გაერკვევა და გაგვაგებინებს.

რა პრობლემებს აწყდებიან სუროგატი ქალები საქართველოში?

მაია არ არის პირველი სუროგატი ქალი, რომელსაც სუროგაციის პროგრამაში ჩართვისა და ბავშვის გაჩენის შემდეგ ჰონორარის მიღებაზე პრობლემები შეექმნა.

უკვე რამდენიმე თვეა, კრიმინალურ პოლიციაში ტრეფიკინგის მუხლით მიმდინარეობს გამოძიება საქართველოში ჩამოყვანილი ათობით უცხოელი სუროგატი ქალის საქმეზე, რომლებსაც რეპროდუქციულმა სააგენტო Kinderly-მ ბავშვების დაბადების შემდეგ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჰონორარები არ გადაუხადა და ისინი ცხოვრებისათვის შეუსაბამო პირობებში, მცირეწლოვან შვილებთან ერთად, ანაზღაურების გარეშე დატოვა.

მიმდინარე წლის მაისში, საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან არსებულმა კომისიამ ამ ქალებს ტრეფიკინგის მსხვერპლის სტატუსი მიანიჭა.

ეს არის პრეცედენტული გადაწყვეტილება, როდესაც სახელმწიფომ მუდმივმოქმედი მექანიზმის საშუალებით გამოავლინა სუროგატი დედების ექსპლუატაციის შემთხვევა და მათ ტრეფიკინგის მსხვერპლის სტატუსი მიანიჭა.

ორგანიზაცია „საფარის“ იურისტი ნინო ანდრიაშვილი, რომელიც სუროგატი ქალების ინტერესებს იცავს, კარგად იცნობს იმ ხელშეკრულებებს, რომლებსაც სუროგატი ქალები ბიოლოგიურ მშობლებთან და რეპროდუქციული კლინიკების წარმომადგენლებთან აფორმებენ.

ნინომ წაიკითხა მაიას ხელშეკრულებაც.

ნინო ანდრიაშვილი, იურისტი
ნინო ანდრიაშვილი, იურისტი

„ცხადია, უკეთესი იქნებოდა, რომ ხელშეკრულებები იყოს გაცილებით დეტალური. როდესაც ხელშეკრულებიდან ამოვარდნილია ორსულობის კონკრეტული პერიოდი, თუნდაც 7 დღე, ეს არის გარკვეული ტიპის ნაკლოვანება და თუკი დავა სასამართლომდე მივა, სასამართლომ უნდა დაადგინოს, რა დარღვევის ხარისხზეა ლაპარაკი.

ადამიანმა გააჩინა ცოცხალი ბავშვი, რომელიც გადარჩა, და იმის გამო, რომ ხარვეზია ხელშეკრულებაში, არ უნდა მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება? რას ვეუბნებით ქალს, რომელმაც ჯანმრთელობა სასწორზე დადო, რათა მისი სოციალური მდგომარეობა ცოტათი მაინც გაეუმჯობესებინა, რომ მისი ინტერესი უკანა ფლანგზე იწევს და იმის გამო, რომ ბავშვი თურმე ხელშეკრულებაში გაწერილ ვადებამდე ორი დღით ადრე გააჩინა, ამის გამო უნდა დაზარალდეს?

შეთანხმება ნიშნავს იმას, რომ ორივე მხარის ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული და ვალდებულებებიც თანაბრად უნდა იყოს გადანაწილებული, რომ არცერთი მხარე არ დაზარალდეს. მაგრამ, სამწუხაროდ, ვხვდებით პრაქტიკაში ისეთ შეთანხმებებს, სადაც ზარალდება სუროგატი ქალი.

არ აქვს მნიშვნელობა, ხელშეკრულებაში გაწერილია თუ არა, კანონი ითვალისწინებს თანასწორუფლებიანობას, კანონი ითვალისწინებს, რომ დაცული იყოს ყველა ის პირობა, რომელიც შეთანხმების საფუძველი გახდა და თუკი რომელიმე პირობა არ არის გაწერილი ან აზიანებს ერთ-ერთ მხარეს, შესაძლოა, ასეთი პირობა ბათილად იქნას ცნობილი და მეორე მხარეს დაავალდებულოს კონკრეტული ქმედების განხორციელება ან ზიანის ანაზღაურება“, - ამბობს ნინო ანდრიაშვილი.

მისივე თქმით, იმისათვის, რათა ქვეყანაში სუროგატი ქალების უფლებები დაცული იყოს, მნიშვნელოვანია, რომ სუროგაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციები იყოს კონკრეტული და ორიენტირებული არა მხოლოდ ბიოლოგიური მშობლების უფლებებზე, არამედ სუროგატი ქალები უფლებებზეც, რომლებიც როგორც წესი, გაცილებით მოწყვლადები არიან, ვერ ერკვევიან იურიდიულ დეტალებში და რაც ზრდის რისკს, რომ ისინი შესაბამისი ანაზღაურების გარეშე დარჩნენ.

უკვე წლებია, რაც დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ სუროგაცია-დონაციასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი კანონმდებლობით უნდა იყოს დარეგულირებული, რაც დღეს საქართველოს არ აქვს. ეს აჩენს ხვრელებს და ნიადაგს არაკეთილსინდისიერი საქმიანობისთვის და ამით ჩრდილს აყენებს დარგს, რომელიც დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებზე მუშაობს და დღეს ქართულ მედიცინაში ერთ-ერთი წარმატებული სფეროა.

გიორგი კავკასიძე, მედიცინის დოქტორი და რეპროდუქტოლოგი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ უნდა არსებობდეს ჩარჩო-კანონმდებლობა, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი ყველა ის პროცედურა, რომლებსაც დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები მოიცავს:

გიორგი კავკასიძე, ექიმი
გიორგი კავკასიძე, ექიმი

„არცერთი იმ კანონის შექმნაში, რომელიც დღეს არეგულირებს საქართველოში დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების მიმართულებებს, „ჯანმრთელობის შესახებ კანონის“ გარდა, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში შეიქმნა, დარგის სპეციალისტებს მონაწილეობა არ მიუღიათ. ამიტომაა ყველა ეს რეგულაცია ზედაპირული.

ჩარჩო-კანონმდებლობაში დეტალურად უნდა იყოს გაწერილი, ვინ შეიძლება იყოს სუროგატი ქალი, ვის შეუძლია მიიღოს სუროგატი ქალის მომსახურება, რა სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს სუროგატმა ქალმა. გაწერილი უნდა იყოს კლინიკებისა და ექიმების კვალიფიკაციის საკითხიც.

ეს კანონი დაახლოებით 15 თავისგან უნდა შედგებოდეს, რომელიც მიეძღვნება თითოეულ მეთოდს, სადაც გაწერილი იქნება ჩვენებები, ტექნიკური შესაძლებლობები და შეზღუდვები.

მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს, რომ გვაქვს საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული კანონმდებლობა და არა ორ სიფრიფანა ფურცელზე დაწერილი რეგულაციები“.

დღეს საქართველო სუროგაციის მიმართ ე.წ. მეგობრულად განწყობილ ქვეყნებში შედის. საქართველოში სუროგაციის პროგრამით სარგებლობენ წყვილები ევროპიდან, ჩინეთიდან, ისრაელიდან, თურქეთიდან, აშშ-დან. ბოლო დროს სულ უფრო მეტი წყვილი ჩამოდის ავსტრალიიდან და კანადიდან. საქართველო კიდევ უფრო მოთხოვნადი ქვეყანა გახდა სუროგაციისთვის ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში, რომელსაც ბევრი უშვილო წყვილი მიმართავდა.

*რესპონდენტის სახელი შეცვლილია ანონიმურობის დაცვის მოტივით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG