Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დაიხვრიტოს“! - გორის უნივერსიტეტის პირველი რექტორის ტრაგედია


გაბრიელ თათარაშვილი
გაბრიელ თათარაშვილი

გაბრიელ თათარაშვილი „პოლიტიკური რეპრესიების - „დიდი ბოროტების“ ეპოქამ იმსხვერპლა“-ო, - წერს იოსებ ალიმბარაშვილი, რომელიც დღევანდელი გორის უნივერსიტეტის პირველი რექტორის ისტორიას იკვლევდა.

გაბრიელ თათარაშვილი გორის სამასწავლებლო ინსტიტუტის დირექტორი 90 წლის წინათ, 1935 წლის 1 აგვისტოს გახდა. ორ წელიწადში მას კომუნისტები დახვრეტენ და მის გზა-კვალს გააქრობენ.

1935 წელს გაბო თათარაშვილი 33 წლის დოცენტი იყო, გორელი კაცი გლეხის ოჯახიდან - მაშინ ეს უპირატესობად მიიჩნეოდა.

გორის უნივერსიტეტის საიტზე წერია, რომ დამთავრებული ჰქონდა თბილისისა და მოსკოვის პედაგოგიური ინსტიტუტები. სანამ დირექტორად დანიშნავდნენ, მეჯვრისხევისა და ზემო ხვედურეთის სკოლებში პედაგოგად და გამგედ მუშაობდა. 1933 წელს გორის სამასწავლებლო ტექნიკუმის დირექტორი გახდა, ერთი წლის შემდეგ კი - გორის განათლების რაიონული განყოფილების გამგე.

იმას, რასაც დღეს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჰქვია, წლების განმავლობაში სხვადასხვა სახე და სახელი ჰქონდა.

  • 1935 წლის აგვისტოში გორში გაიხსნა სამასწავლებლო ინსტიტუტი;
  • 1939 წელს გადაკეთდა გორის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტად;
  • 1985 წლის რეორგანიზაციის შემდეგ გორის სახელმწიფო ეკონომიკური ინსტიტუტი დაარქვეს;
  • 1997 წელს კი სასწავლებელი გორის სახელმწიფო ეკონომიკურ-ჰუმანიტარული ინსტიტუტი გახდა;
  • 1999 წლის 16 ივლისს მიენიჭა უნივერსიტეტის სტატუსი.

1935 წელს, როდესაც გაბო თათარაშვილი დირექტორი გახდა, ინსტიტუტი ჯერაც შენდებოდა. მისი დაპატიმრების ოფიციალური მიზეზი სწორედ „გაჭიანურებული მშენებლობა“ უნდა ყოფილიყო. 1937 წლის 19 ოქტომბრის „სტალინელი“ წერს, იმ დაბრკოლებების გამო, რომლებსაც თათარაშვილი ხელოვნურად ქმნიდა, ინსტიტუტი სასწავლო წელს მოუმზადებელი შეხვდაო.

თუმცა ეს მხოლოდ საბაბი იყო:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცულია დოკუმენტი, შინაგან საქმეთა კომისარიატის 1938 წლის 5 მაისის სხდომის ოქმი N113, რომელშიც აღნიშნულია, რომ თათარაშვილს ბრალი ედება მემარჯვენე კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრობაში: „ეწეოდა ძირგამომთხრელ და მავნებლურ საქმიანობას გორის სამასწავლებლო ინსტიტუტში... განაჩენი - „დაიხვრიტოს“.

იოსებ ალიმბარაშვილი, რომელიც გაბო თათარაშვილის ისტორიას იკვლევდა, თავის ნაშრომში „გორის ნ. ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიიდან“ წერს, რომ თათარაშვილს საბაბად მშენებლობის დაგვიანება მოუდეს, ნამდვილი მიზეზი კი პოლიტიკური იყო. დასტურად ალიმბარაშვილს სწორედ კომისარიატში ნაპოვნი დოკუმენტი მოჰყავს, ის მომხსენებელმა ე.წ. ტროიკას წარუდგინა. სწორედ ეს სამკაციანი ჯგუფები ასამართლებდა ხალხს რეპრესიების დროს.

არსებობს წერილიც, რომელიც თათარაშვილმა გორის რაიკომის მდივანს, პავლე ფანცულაიას, მისწერა.

„პარტიის წევრთა შემოწმების დროს ჩემს შესახებ შემოსულა განცხადება, თითქოს მე ვირიცხებოდი ფედერალისტების პარტიაში გასაბჭოებამდე. ნამდვილათ კი ეს განცხადება სიმართლეს არ შეეფერება, თუნდაც იმის გამო, რომ წლოვანების მიხედვით (16-17 წლისა) არ შეიძლება ვყოფილიყავი პარტიაში“...

წერილი 8-გვერდიანია და მასში გაბო თათარაშვილი ჰყვება, რომ პარტიის წევრი კი არ იყო, წიგნების საკითხავად დადიოდა "ფედერალისტების" ბიბლიოთეკაში.

„არც ერთ ახალგაზრდობის კრებას მე არ დავსწრებივარ. არც ერთი დავალება მე არ მქონია და ცხადია არც შემისრულებია... მიზეზთაგანი, რომ მე არ ჩავები ორგანიზაციაში, უნდა ვეძებოთ არა მარტო ჩემს ინერტულობაში და პოლიტიკურ უვიცობაში, არამედ ჩემი მშობლების ღონისძიებებში, რომლებიც სახლიდან ფეხს არ მადგმევინებდნენ და სამკითხველოებშიც ჩუმად ვიპარებოდი ხოლმე“.

თათარაშვილი ბევრჯერ ხაზგასმით ამბობს, არათუ საბჭოთა კავშირს არ ვერჩოდი, „ჩეკასაც“ [ЧК — чрезвычайная комиссия. საგანგებო კომისია. პირველი საბჭოთა სახელმწიფო უშიშროების სამსახური - რ.თ.] კი ვეხმარებოდი უმსგავსოების წინააღმდეგ ბრძოლაში, ყველგან პარტიის ხაზს ვატარებდიო. იხვეწება, მისი ბარათი განიხილონ და დაუჯერონ.

მაგრამ 1937 წლის აგვისტოში გაბო თათარაშვილს აპატიმრებენ და როგორც მაშინდელ დროს შეეფერება, ის უგზო-უკვლოდ იკარგება.

„ალბათ ან ინგლისის, ან ამერიკის, ან რომელი სხვა ქვეყნის ჯაშუშობა დააბრალეს და დახვრიტეს. ვისი მოშორებაც უნდოდათ, ასე აკეთებდნენ. ბერიასაც კი დააბრალეს ჯაშუშობა, როცა თვითონ ჯაშუშებს დასდევდა, - ამბობს გორის უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ელდარ მამისთვალიშვილი, - ვიღაცას რექტორობა უნდოდა, ვიღაცას პრორექტორობა. დაასმენდნენ, რამეს დააბრალებდნენ. ხალხის უდიდესი ნაწილი ასე დაიხვრიტა და ასე გაუბედურდა. სხვათა შორის, დასმენა რომ შევიდოდა ვინმეზე, თუ რეაგირება გაჭიანურდებოდა, ვისაც ეს რეაგირება ევალებოდა, მათაც სჯიდნენ. ამიტომ ჩქარობდნენ ხოლმე“.

მიუხედავად იმისა, რომ გორი სტალინის მშობლიური ქალაქი იყო, რეპრესიები აქაც ისევე სასტიკად წარიმართა, როგორც ყველგან საქართველოში.

„გორის რეპუტაცია ძალიან არის დაზიანებული სტალინის კულტით, მხოლოდ სტალინთან ასოცირდება მაშინ, როდესაც ღირებული და მნიშვნელოვანი წარსული გააჩნია. არანაირი შეღავათი არ ყოფილა ამ ქალაქისთვის იმით, რომ დიქტატორი იქ დაიბადა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას საბჭოთა წარსულის მკვლევარმა ირაკლი ხვადაგიანმა.

იოსებ ალიმბარაშვილი წერს, რომ რეპრესიები შეეხო რექტორის ოჯახსაც. ცოლ-შვილს გორში ბინა ჩამოართვეს და სხვაგან, ერთ ოთახში შეასახლეს. გაბოს მეუღლე ქეთევან კასრაძე (პატრიარქ კირიონ II-ის შთამომავალი) გორის ინსტიტუტის მეორე კურსის სტუდენტი იყო. სასწავლებლიდანაც გარიცხეს და სამსახურიდანაც გაათავისუფლეს. ის და მისი ვაჟი შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

1937 წელს დაპატიმრებული გაბო თათარაშვილის ამბავი მეუღლემ მხოლოდ 1956 წელს გაიგო, როდესაც მისი რეაბილიტირების შესახებ ცნობა მიუვიდა. გორის მოქალაქეთა მდგომარეობის აქტების ჩამწერ ბიუროში (მმაჩი) გარდაცვალების საბუთიც აღმოჩნდა. გარდაცვალების ადგილი გადაშლილი იყო, გარდაცვალების მიზეზად კი გაფანტული სკლეროზი ეწერა. ამ ცნობის მიხედვით, გაბო თათარაშვილი დაპატიმრებიდან 6 წლის შემდეგ, 1943 წელს მოკვდა.

მაგრამ იოსებ ალიმბარაშვილი წერს, რომ ეს ცნობა, სხვა ცნობების მსგავსად, გაყალბებულია:

„გორის ინსტიტუტის პირველი რექტორი არც 1943 წლამდე ყოფილა ცოცხალი და არც ავადმყოფობით გარდაცვლილა. იგი, ისევე როგორც „ხალხის მტრად“ მონათლული ათასობით სხვა პიროვნება, პოლიტიკური რეპრესიების - „დიდი ბოროტების“ ეპოქამ იმსხვერპლა“.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG