ისრაელში, საემიგრაციო სამსახურის მიერ დაკავებული ქართველები, რომელთა შორის უმრავლესობა სამუშაოდ წასული ემიგრანტი ქალია და რომლებიც მაისის ბოლოდან სადეპორტაციო ციხეში იმყოფებიან, სახელმწიფოს დახმარებას სთხოვენ. ცდილობენ, ხმა მიაწვდინონ საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს საელჩოს ისრაელში. ისრაელსა და ირანს შორის დაწყებულმა საომარმა თავდასხმებმა მათი სამშობლოში დეპორტაცია კიდევ უფრო გაართულა.
დაკავებული ქალების ოჯახების წევრები დახმარებისთვის რადიო თავისუფლებასაც დაუკავშირდნენ - ქუთაისელი ლიზი გვიყვება, რომ ისრაელში სამუშაოდ ჩასული მისი 56 წლის დედამთილი (ამ და სხვა ქალების ვინაობას მათივე თხოვნით არ ვასახელებთ), სხვა რამდენიმე ქართველ ემიგრანტ ქალთან ერთად, ისრაელის საემიგრაციო სამსახურმა 28 მაისს დააკავა.
მას შემდეგ არიან ისინი გამოკეტილი ე.წ. სადეპორტაციო ციხეში და ცდილობენ, ხმა მიაწვდინონ ქვეყნის ხელისუფლებას.
„რა არ ვცადეთ და ამ დრომდე ვერაფერს მივაღწიეთ. არავინ არაფერს აკეთებს დაჭერილი ემიგრანტი ქალების საქართველოში გამოსაფრენად. როგორც ვიცით, ისრაელმა დანიშნა სპეცრეისი და აქ ჩარჩენილი თავისი მოქალაქეები წაიყვანა საქართველოდან და ჩვენებს პატრონი არ ჰყავს. გამოკეტილები არიან კრიმინალებივით და არავინ გვეუბნება, რა ბედი ეწევათ. ხან 8 ივნისს უნდა გამოეფრინათ, ხან 12-ში და ამასობაში ომიც დაიწყო”.
ლიზის მონათხრობის მიხედვით, მისი დედამთილი დღეში ერთხელ, ნახევარი წუთით ახერხებს სახლში დარეკვას. ოჯახი ღელავს, ქალს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ციხეში გატარებული ყოველი მომდევნო დღე ახალი საფრთხეა.
„ცხრა წელია, ემიგრანტია. თავიდან სამუშაო საბუთი ჰქონდა, ლეგალურად შეეძლო იქ ყოფნა და მუშაობა, თუმცა შემდეგ ავად გახდა და ვეღარ გააახლა დოკუმენტები. ის და მასთან ერთად მყოფი ქალები საემიგრაციომ გაჩერებაზე აიყვანა… ასე თქვა, [ციხეში] თავშესაფარიც არ არის, რაღაც ბეტონს ვეფარებით დაბომბვების დროსო”, - გვეუბნება ლიზი.
შეგვეხმიანა საქართველოში მყოფი ქალიც, რომელმაც გვითხრა, რომ საემიგრაციო სამსახურს ისრაელში მისი დედა და მამიდა ჰყავს დაჭერილი. სახელის და გვარის გამხელას ყველა ერიდება - ისინი ლეგალური უფლებისა და დოკუმენტაციის გარეშე მუშაობდნენ დამლაგებლებად.
“ფრენების აღდგენას ველითო, ასე ეუბნებიან. როგორც ვიცი, ძალიან ბევრი ქართველია დაჭერილი და ეს პროცესი, მიუხედავად საომარი ვითარებისა, კიდევ გრძელდება… არ ვიცი ვის მივმართო - ისრაელის საელჩოში ვრეკავ და ეტყობა, არ მუშაობენ. რაც ვიცით ის არის, რომ იზოლატორში ცუდად არ ექცევიან, აჭმევენ. მეტი არაფერი”.
როდესაც ისრაელში მცხოვრები ქართველების ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში ვიკითხეთ, ხომ არავის სჭირდებოდა იქ დახმარება, ათამდე ქალისგან მივიღეთ შეტყობინება მათი ახლობლების და ოჯახის წევრების დახმარების თხოვნით.
აი, რა მოგვწერეს მათ:
“გვიშველეთ რამე. არავინ არის ჩვენი პატრონი. ჩვენ, ვისაც შვებულებით გვიწევდა წამოსვლა, სრულ გაურკვევლობაში ვართ. შვებულების დრო გადის. ვიზებს დრო გასდის. ფრენები არ არის. იქნებ რამენაირად დაგვეხმაროთ და ხმა მიაწვდინოთ მთავრობას. დადეპორტებული ქართველები დღემდე ციხეში ჰყავთ”.
“დედაჩემი დააკავა საემიგრაციომ 28 მაისს. უთხრეს 8-ში გაგიშვებთო და ვერ მოხერხდა გამოშვება. ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან მორალურადაც და ფსიქოლოგიურადაც… იქნებ რამე სპეცრეისი დანიშნონ?”
“ჩემი მეგობარია [იქ]. 29 მაისის შემდეგ აქვს გულის პრობლემები და ძალიან განვიცდით უკვე და აი, საკონსულოს რამდენი ვესაუბრეთ, არაფერს აკეთებენ საერთოდ…. თან ყველაზე საშიში ისაა, რომ სირენის დროს თავშესაფარში არ გაჰყავთო. შეგზავნა გვინდოდა რამეების და არც კი გაგვიღეს ციხეზე კარები. არ ადარდებთ საერთოდ! საკუთარ სახელმწიფოს არ ანაღვლებს თავისი ხალხი და ამათ რა ენაღვლებათ? სად არ დავრეკე, ვინ არ შევაწუხე და არ იქნა საშველი! ჩემი მეგობარი უკვე მესამე დღეა კონტაქტზეც არ გამოსულა და მაშინებს ეგ ყველაფერი. საკონსულო ხო საერთოდ მკვდარია”.
ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაისტი ლაშა შაყულაშვილი ამბობს, რომ ისრაელში არალეგალურად მყოფების, მათ შორის ქართველების შემოწმება განსაკუთრებით გახშირდა 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ. თუმცა ამ დრომდე ისრაელში სამუშაო ნებართვის არქონის გამო დაკავებულებს საემიგრაციო სამსახური მეტ-ნაკლებად ორგანიზებულად აბრუნებდა სამშობლოში.
გაზაფხულიდან, როცა „არალეგალების“ გასაყვანად „რეიდები“ დაიწყო, ქართველებსაც მიადგნენ.
„ეს ხალხი ჩასვეს სადეპორტაციო იზოლატორში, მაგრამ მათ მოსაკითხად საერთოდ არავინ მისულა. 13 ივნისის მერე რაც მოხდა, კი იცით, ომი დაიწყო და მათ უთხრეს, საჰაერო სივრცე ჩაკეტილია და ვერსად გაგიშვებთო. ამ ხალხს ეუბნებიან, ადვოკატი აიყვანეთო და ისრაელი კიდევ საქართველო არ არის, რომ ადვოკატი უფასოდ იშოვონ. თან უმრავლესობას ისეთი უიმედო მდგომარეობა აქვს დოკუმენტაციის კუთხით, რომ არავინ მოვა დასახმარებლად, ვერ უშველიან. ამ ხალხს პასპორტებიც კი არ აქვთ, რომ საქართველოში გამოაფრინონ. ამიტომ ახლა ყველაზე მთავარია, მათ ჰქონდეთ სამგზავრო დოკუმენტები, რომ შეძლონ საქართველოში გამოშვება“.
საქართველოს დაახლოებით რამდენი მოქალაქეა ჩასული არალეგალურად სამუშაოდ დღეს ისრაელში, ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ. ლაშა შაყულაშვილი ამბობს, რომ ეს კითხვა არაერთხელ დაისვა, თუმცა ვერაფერი დააზუსტა.
რადიო თავისუფლებამ საგარეო საქმეთა სამინისტროში მოიკითხა, თუ არის მათთვის ცნობილი ისრაელში დაკავებული ქართველების შესახებ და რას აკეთებს უწყება ამ ხალხის დასახმარებლად?
გვიპასუხეს, რომ საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში „მუდმივ, 24 საათიან“ კავშირზეა სადეპორტო დაწესებულებაში აღმოჩენილ მოქალაქეებთან.
„საელჩო მუშაობს ისრაელის სახელმწიფოს შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით, რათა საქართველოს აღნიშნული მოქალაქეები სამშობლოში უმოკლეს პერიოდში დაბრუნდნენ“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
საგარეო უწყების განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების საკითხი რეგულირდება ისრაელის სახელმწიფოში მოქმედი პროცედურებით და თარიღს, როდის მოხდება მათი დეპორტაცია, განსაზღვრავს თავად ისრაელის სახელმწიფო. ჩვენ მაინც ვთხოვეთ დაეზუსტებინათ, მიახლოებით მაინც თუ იციან, როდის გამოუშვებენ ამ ხალხს საქართველოში, თუმცა დაზუსტებული პასუხი ამაზე ვერ მივიღეთ.
საგარეო საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ ისრაელის დაბომბვების გამო, საქართველოს საელჩო „საგანგებო რეჟიმში მუშაობს“, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებისთვის მაინც მუშაობს ცხელი ხაზი. თუმცა საქართველოს მოქალაქეები ისრაელსა და საქართველოში სწორედ ამაზე ჩივიან, რომ ვერავისთან ახერხებენ დაკავშირებას.
ფორუმი