Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადიროვის "ცოცხალი ფარი" - რატომ გადაჰყავთ უკრაინელი სამხედრო ტყვეები ჩეჩნეთში?


რამზან კადიროვი
რამზან კადიროვი

მოკლედ

  • უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კადიროვს ომის დანაშაულებში წაუყენა ბრალი
  • რატომ გადაჰყავთ უკრაინელი ტყვეები ჩეჩნეთში?
  • გროზნო — ტყვეებით პოლიტიკური თამაშების არენა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რამზან კადიროვს დაუსწრებლად წაუყენა ბრალდება ომის დანაშაულებში: 2024 წლის ოქტომბერში კადიროვმა მოუწოდა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს,  ტყვედ აყვანის ნაცვლად, ადგილზე დაეხვრიტათ უკრაინელი ჯარისკაცები.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, კადიროვის ბრძანება „მიმართული“ იყო რუსეთის არმიაში მებრძოლი ჩეჩენი საველე მეთაურებისადმი. უკრაინის სპეცსამსახურმა ასევე გაიხსენა ჩეჩნეთის მეთაურის წინადადება გროზნოში სამხედრო ობიექტების სახურავებზე განეთავსებინათ უკრაინელი ტყვეები როგორც „ცოცხალი ფარი“ და უკრაინელი დრონებისგან თავის დაცვის საშუალება. კადიროვმა ეს განცხადება გააკეთა გუდერმესის სპეციალური დანიშნულების რაზმის უნივერსიტეტზე უკრაინული დრონების მიერ მიტანილი იერიშის შემდეგ.

ასეთი განცხადებები შეიარაღებულ კონფლიქტებში გამოყენებული ომის იმ კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევაა, რომლებიც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს რომის წესდების ნორმების შესაბამისად გამოიყენება, - ნათქვამია უკრაინის სპეცსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლის მიხედვითაც, ჩეჩნეთის მეთაურის წინააღმდეგ საქმეს იძიებენ უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამხედრო ტყვეებისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

2022 წლის აგვისტოში რამზან კადიროვს უკრაინაში ბრალი წაუყენეს აგრესიული ომის გაჩაღებაში, ქვეყნის საზღვრების შეცვლის განზრახ მცდელობასა და 2014 წელს რუსეთის შეიარაღებული აგრესიის გამართლებაში. უკრაინის პროკურატურამ მსგავსი ბრალდებები წაუყენა ჩეჩნეთში რუსეთის გვარდიის უფროსის მოადგილეს, დანიილ მარტინოვს და 249-ე ცალკეული მოტორიზებული ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის მეთაურს, ჰუსეინ მეჟიდოვს.

2024 წლის დასაწყისში რამზან კადიროვმა მოითხოვა ლუჰანსკსა და დონეცკში დატყვევებული 20 უკრაინელი ჯარისკაცის გათავისუფლების სანაცვლოდ მისი ოჯახის წევრებისათვის მოეხსნათ აშშ-ის მთავრობის მიერ დაწესებული სანქციები. მოგვიანებით, რუსეთის მთავრობის მომხრე ბლოგერების კრიტიკის შემდეგ, კადიროვმა განაცხადა, რომ მისი ეს მოთხოვნა უბრალოდ „ტროლინგი“ იყო.

უკრაინელი სამხედრო ტყვეები ჩეჩნეთში: რისთვის სჭირდება ისინი კადიროვს?

სამი უკრაინელი - ვლადისლავ ვოდოლასკი, ვიტალი ძიუბა და სერგეი ფედოსენკო, რომლებიც ოკუპირებულ ტოკმაკში საკონტროლო-გამშვები პუნქტის წარუმატებელი აფეთქების ბრალდებით გაასამართლეს, 2025 წლის აგვისტოს ბოლოს ჩეჩნეთში - გროზნოს #1 წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. მსჯავრდადებულების ამ გადაცემასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარები არ გაკეთებულა, ჩეჩნეთის რესპუბლიკაში მათი ეტაპირების მიზეზები გაურკვეველია. ექსპერტთა თქმით, პატიმრების გროზნოში გადაყვანა, მათი „ცოცხალ ფარად“ გამოყენება და სანქციების მოხსნის მიზნით მათი გაცვლის მცდელობები საერთაშორისო ნორმების დარღვევასთან ერთად და ცხადჰყოფს უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის პოლიტიკურ განუკითხაობასაც.

კადიროვის შვილების "ნადავლი"

2022 წლის ოქტომბერში კადიროვის ოთხი შვილი - ახმატი, ელი, ადამი და აიშატი - რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებს ეწვივნენ. რუსეთის პროპაგანდისტულმა მედიამ უმცროსი კადიროვების მოგზაურობა რეალურ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობად წარმოადგინა, მაგრამ კრიტიკოსებმა შენიშნეს, რომ ვიდეოები დამონტაჟებული იყო, რაც მოგვიანებით ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრესის მინისტრმა, ახმედ დუდაევმაც აღიარა. აღმოჩნდა, რომ ვიდეო ფრონტის ხაზიდან შორს, ზურგში იყო გადაღებული.

მიუხედავად ამისა უკან დაბრუნებულმა კადიროვის შვილებმა, ნადავლად ჩეჩნეთში ჩაიყვანეს თითქოსდა დონბასში დატყვევებული უკრაინელი სამხედროები. მაშინ რამზან კადიროვმა, რესპუბლიკის მეთაურმა გასცა ბრძანება, რომ გათავისუფლებამდე ტყვეებს „ჰუმანურად“ მოჰპყრობოდნენ. რა ბედი ეწია მათ, დღემდე უცნობია.

პოლიტოლოგების აზრით, კამერით გადაღებული საჩვენებელი კომუნიკაცია იმის სადემონსტრაციოდ იყო, თითქოს როგორ ამკვიდრებენ ჩეჩენი სამხედროები ომში საკუთარ წესებს, შემდეგ კი ეს კადრები ჩეჩნეთის ხელისუფლებას ომში ჩაბმის პროპაგანდისთვის უნდა გამოეყენებინა. როგორც რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური რედაქციის მიერ გამოკითხულმა ექსპერტებმა აღნიშნეს, რუსეთის საზოგადოებას არც კი გაუკვირდა, რომ სამხედრო ტყვეებს რეგიონული ჩინოვნიკი რეკლამისთვის იყენებდა. არავის უკითხავს, რატომ და როგორ აღმოჩნდნენ უკრაინელი ტყვეები ჩეჩნეთში, ფრონტიდან ათასობით კილომეტრის დაშორებით? ან კადიროვის მსგავსად, ჰყავთ თუ არა უკრაინელი სამხედრო ტყვეები რუსეთის სხვა რეგიონებში?

კადიროვის "ცოცხალი ფარი" და "საჩხარუნოები"

ალბათ იმის დასამტკიცებლად, რომ ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი ჯარისკაცები მართლაც იმყოფებიან ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, კადიროვის პრესსამსახურმა, ადგილის მითითების გარეშე, გამოაქვეყნა ტყვეების მონახულების ვიდეოკადრები. ბეტონის უფანჯრო შენობაში, ორსართულიან საწოლებს შორის და ათობით პატიმრით გარშემორტყმული, კადიროვი ლაპარაკობს ჩეჩნეთის სტრატეგიულ ობიექტებზე ტყვეების „ცოცხალ ფარად“ გამოყენების მიზანშეწონილობაზე, რაც, ექსპერტთა თქმით, პირდაპირ აკრძალულია 1949 წლის ჟენევის კონვენციით, რომელიც არეგულირებს სამხედრო ტყვეებისადმი მოპყრობას.

უკრაინამ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მოუწოდა, გადაამოწმოს ინფორმაცია ჩეჩნეთის ტერიტორიაზე 18 უკრაინელი სამხედრო ტყვეს შესაძლო ყოფნის შესახებ, რომელთა სახეებიც ვიდეოზეა გადაღებული.

2025 წლის მარტში, რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის პროექტმა „ნოვინი პრიაზოვიამ“ , სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩეჩნეთში შესაძლოა იმყოფებოდეს 150-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე. შტაბში მიიჩნევენ, რომ ჩეჩნეთის ხელისუფლება არღვევს ჟენევის კონვენციას, პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობის მეთოდების გამოყენებით.

ჩეჩენმა ექსპერტმა, რომელმაც, რუსეთის რეპრესიული კანონმდებლობის გამო, ანონიმურად დარჩენა ისურვა, რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიურ სამსახურს (Kavkaz.Realii) უთხრა, რომ კადიროვსა და ტყვეებს შორის ურთიერთობაში არაფერია იმაზე მეტად გასაკვირი, ვიდრე ის ფაქტი, რომ ჩეჩნეთის მეთაური ბრძანებებს „აძლევს“ უკრაინაში მყოფ რუსულ სამხედრო ნაწილებს.

„როგორ შეუძლია არმიას სამხედრო ტყვეები გადასცეს რუსეთის ფედერაციის ერთეულის რეგიონულ ლიდერს? რა კავშირი აქვს კადიროვს არმიასთან? გარდა იმისა, რომ კაბინეტში ჯდომისას ის წელიწადში რამდენჯერმე იცვლის გენერლის სამხედრო ფორმას, რაც თავისთავად, მისი მდიდარი ენით რომ ვთქვათ, „მსუყე ტროლინგია“, - აღნიშნა ექსპერტმა.

გროზნოს ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებლის პოლიტოლოგი ასევე მიიჩნევს, რომ ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელები ერთგვარი ბონუსია, რომელიც ჩეჩნეთში ხელმძღვანელს კრემლისგან ერგო უკრაინის წინააღმდეგ ომში „აქტიური მონაწილეობისთვის“.

„კადიროვი მართლაც ბევრს დებს ომში როგორც ფინანსურად ასევე პოლიტიკურად, იდეოლოგიურად და მორალურად. ცხადია, რომ ფინანსური ნაწილი მოსკოვის მიერ გამოყოფილი ტრანსფერებიდან მოდის, მაგრამ აღსანიშნავია: სპეციალურად მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფი ტერიტორიისათვის გაგზავნილი ტრანსფერებიდან. არცერთი სხვა რუსი გუბერნატორი პირველივე დღიდან საჯაროდ არ ყოფილა ჩართული ომში ისეთი მასშტაბით, როგორითაც კადიროვი. არადა გუდერმესში მდებარე სპეციალური დანიშნულების უნივერსიტეტის მეშვეობით რეკრუტირებული მებრძოლების უმეტესობა რუსეთის სხვა რეგიონებიდან არის, ხოლო თავად ჩეჩნეთი, „ადამიანური რესურსების“ რაოდენობით სადღაც ბოლოშია. მაგრამ კადიროვი თავისი მყვირალა პიარით ქმნის ჩეჩნეთის მცხოვრებლების ომში მასშტაბური მონაწილეობის ილუზიას, ფულით კი ის არსებითად ყიდულობს ამ ბონუსებსა და ყველანაირ „საჩხარუნოებს“ ტყვეების, ნადავლისა და სხვათა სახით“, - მიაჩნია ჩეჩენ პოლიტოლოგს.

"ტყვეებით ვაჭრობა"

ჩრდილოეთ კავკასიის ექსპერტი, უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების ცენტრის თანამშრომელი მაქსიმ მაიოროვი მიიჩნევს, რომ ჩეჩნეთში მყოფი უკრაინელი სამხედრო ტყვეები და პოლიტიკური პატიმრები, სხვა არაფერია თუ არა კადიროვის მიერ მძევლების აყვანის ცნობილი პრაქტიკის გაგრძელება, რომელიც ფართოდ გამოიყენებოდა რესპუბლიკაში შეიარაღებული წინააღმდეგობის ჩახშობის დროს, როცა კადიროვის ხალხი იტაცებდა იატაკქვეშა მოძრაობის წევრთა ნათესავებს.

„რატომ არიან უკრაინელები მძევლები? იმიტომ, რომ კადიროვი მათ იყენებს როგორც გამტაცებელი და შანტაჟისტი. მაგალითად, ჟენევის კონვენციების საწინააღმდეგოდ, ის იმუქრება პატიმრების სამხედრო ობიექტებში განთავსებით, უკრაინული დრონების წინააღმდეგ „ცოცხალ ფარად“ გამოყენებით. კადიროვს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს უკრაინელების მიმართ. მონობას მიჩვეული, ძალიან განაწყენებულია, რომ უკრაინაში ღიად სძულთ და დასცინიან. ამიტომ „ჯავრს იყრის“ დაუცველ ტუსაღებზე. გარდა ამისა, რესპუბლიკის ამჟამინდელი ხელისუფლება რუსეთ-ჩეჩნეთის ომებში გარე ძალებს ადანაშაულებს: „უცხოელ დაქირავებულებს“, „დასავლელ მარიონეტებს“ და ა.შ. და ამ მხრივ, ისინი არ ივიწყებენ უკრაინის სახალხო თავდაცვის (УНА-УНСО) მოხალისეების მონაწილეობას იჩქერიის მხარეს საომარ მოქმედებებში“, - ამბობს მაქსიმ მაიოროვი.

მაქსიმ მაიოროვი
მაქსიმ მაიოროვი

ექსპერტმა ასევე გაიხსენა 2015-2016 წლებში გროზნოში გამართული სასამართლო პროცესი, როცა ასამართლებდნენ ორი უკრაინელს, რომლებიც სავარაუდოდ იბრძოდნენ რუსეთის ფედერალური ჯარებისა და შესაბამისად, კადიროვისთვის, მის წინააღმდეგ. ყოველივე ამაზე აპელირებით, კადიროვი ხშირად აცხადებს საკუთარ თავს უკრაინული ნაციონალიზმის მტრად. რუსეთის ხელისუფლება არა მხოლოდ ითმენს პოლიტიკოსის ხრიკებს, არამედ გამიზნულად იყენებს ამ სიველურეს, როგორც ერთგვარ არაკონვენციურ იარაღს, უკრაინის წინააღმდეგ. ექსპერტის თქმით, რუსების მიერ დატყვევებული და დაპატიმრებული უკრაინელების კადიროვისთვის გადაცემას ძნელია მონებით ვაჭრობის გარდა სხვა სახელი უწოდო.

ჩეჩენი უფლებადამცველი და ადვოკატი აბუბაქარ იანგულბაევი Kavkaz.Realii-თან საუბარში ამბობს, რომ ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი პირადად არის დაინტერესებული რაც შეიძლება მეტი თავისი მებრძოლის გამოხსნით. სწორედ ამიტომ გადაჰყავს მას უკრაინელი სამხედრო ტყვეების ნაწილი ჩეჩნეთის ტერიტორიაზე. გარდა ამისა, იანგულბაევის თქმით, შესაძლოა არსებობდეს უკრაინელი სამხედრო ტყვეების რუსული ქვედანაყოფებიდან გამოსყიდვის სქემებიც.

„ამ სქემების არსებობაზე ლაპარაკობენ 2022 წლის შემოდგომიდან, როდესაც ორივე მხრიდან გაჩნდნენ პირველი ტყვეები. მიუხედავად იმისა, რომ „ახმატი“ და სხვა ჩეჩნური ბატალიონები რუსეთის ძალოვანი უწყებების ნაწილია, მათ მაინც აქვთ საკუთარი ინტერესები - მთავარია ტყვეობიდან გამოიხსნან რაც შეიძლება მეტი თავიანთი თანამებრძოლი, რათა კადიროვმა არ დაკარგოს ავტორიტეტი თავისიანებში, რომლებსაც პერიოდულად მოუწოდებს ხოლმე წავიდნენ უკრაინასთან ომში. პირადად ჩემთვის გასაკვირია, როგორ მოხვდნენ ეს პატიმრები კადიროვთან, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს თავდაცვის სამინისტროსთან. ტყვეების გაცვლა ხომ რუსეთისა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროების ურთიერთქმედების ფარგლებში უნდა ხდებოდეს. ფორმალურად, კადიროვი საერთოდ არ უნდა მონაწილეობდეს ამ პროცესში“, - ამბობს აბუბაქარ იანგულბაევი, რომლის თქმითაც, ჩეჩნეთში მყოფი უკრაინელი სამხედრო ტყვეების გაცვლის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ კადიროვის ნებართვით მიიღება.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG