სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინიდან საქართველოში ასაფეთქებელი ნივთიერება "ჰექსოგენის" შემოტანის საქმესთან დაკავშირებულ ვერსიაზე საუბრობს - არის თუ არა კავშირი საქართველოში 2,4 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანასა და 4 ოქტომბრის არჩევნებსა და "მასთან დაკავშირებით რადიკალური ჯგუფების მიერ დაანონსებულ გეგმებს შორის".
სუსში დღეს, 12 სექტემბერს, გამართულ ბრიფინგზე თქვეს, რომ ბრალდებულების დაკავებიდან დღე-ნახევრის განმავლობაში დამატებით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიება. "საიდანაც დგინდება, რომ „მერსედესის“ მარკის სატვირთო ავტომანქანის მძღოლს უკრაინის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერება გადასცეს უკრაინის სპეცსამსახურის, ე.წ. „ესბეუს“(СБУ) თანამშრომლებმა"
ეს ინფორმაცია, უწყების ცნობით, "ერთ-ერთი დაკავებულის ჩვენებითაც დასტურდება, რომელმაც თქვა, რომ მას აღნიშნული ნივთიერება საქართველოს ტერიტორიაზე უნდა ჩამოეტანა და მათ მიერ მითითებული კონკრეტული პირისთვის გადაეცა."
სუსის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული ჩვენებაში მიუთითებს ასაფეთქებელი ნივთიერების საბოლოო დანიშნულების შესახებ, "რომ ის უნდა ჩასულიყო რუსეთის ფედერაციაში და მისი თქმით, უნდა მოწყობილიყო ე.წ. "პაუტინა 2", გამოძიებისა და სხვა ოპერატიულ მასალებში ამ ეტაპზე ჩანს ერთადერთი საბოლოო ლოკაცია".
1 ივნისს უკრაინის უსაფრთხოების ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე ჩაატარეს უნიკალური სპეცოპერაცია სახელწოდებით "ობობას ქსელი" (Павутина). ოპერაცია მზადდებოდა წელიწად-ნახევარზე მეტი ხნის განმავლობაში და მისი განხორციელების შედეგად განადგურებულია 41 სამხედრო თვითმფრინავი, რაც წარმოადგენს რუსეთის სტრატეგიული ავიაციის 34%-ს - რომლებიც მას აეროდრომებზე ჰყავს ბაზირებული. განადგურებულ თვითმფრინავებს შორისაა რაკეტმზიდი ბომბარდირები Ту-22М3, Ту-95МС, Ту-95, რომლებიდანაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე ფრთოსან რაკეტებს უშვებდა. რუსეთის სტრატეგიული ავიაციისთვის მიყენებულმა ზარალმა დაახლოებით 7 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა.
4 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირადად გადაუხადა მადლობა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) თანამშრომლებს ოპერაცია "ობობას ქსელის" ("Павутина") "ბრწყინვალედ" შესრულებისთვის.
"თბილისი, ავლაბრის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი. სწორედ ამის გამო გამოძიების სხვა ვერსიებთან ერთად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა იმასთან დაკავშირებით, არსებობს თუ არა კავშირი აღნიშნულ ფაქტსა და 4 ოქტომბრის არჩევნებსა და მასთან რადიკალური ჯგუფების მიერ დაანონსებულ გეგმებს შორის".
როგორც სუსი განმარტავს, ინფორმაციის ნაწილის გასაჯაროება მნიშვნელოვანია "ქვეყნის უსაფრთხოების პრევენციული მიზნებისთვის".
უწყების პრესსამსახურის ცნობით, MERCEDES-BENZ-ის სატვირთო ავტომობილი, რომელსაც უკრაინული სანომრე ნიშნები ჰქონდა, საქართველოს ტერიტორიაზე 10 სექტემბერს შემოვიდა თურქეთიდან - უკრაინიდან საქართველოში მოსახვედრად გაიარა რუმინეთი და ბულგარეთი.
ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით სუსმა თავდაპირველად გუშინ, 11 სექტემბერს, გაავრცელა. ითქვა, რომ აღმოაჩინეს „ტროტილის“ შემადგენელი ნივთიერება „ჰექსოგენი“ და რომ საქართველოში დააკავეს უკრაინის ორი მოქალაქე: მძღოლი, რომელიც გამოძიების ვერსიით, მართავდა ავტომობილს და ადამიანი, რომელსაც ის საქართველოს ტერიტორიაზე შეხვდა და გადასცა ამოღებული ნივთიერება.
სუსის 11 სექტემბრის განცხადებაში დაკონკრეტებული არ ყოფილა, საქართველო იყო დანიშნულების საბოლოო ადგილი, თუ ასაფეთქებლის შემცველი ნივთიერება რომელიმე ქვეყანაში უნდა გასულიყო.
საქმეზე დაკავებულებს ბრალი წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით:
- 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 და 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით - ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გასაღება და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით შემოტანა;
- 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა. რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სუსში 11 სექტემბერს თქვეს, რომ დაკავებისას ასაფეთქებელ ნივთიერება "ჰექსოგენთან" ერთად ასევე ამოღებულია რვა მობილური ტელეფონი, კომპიუტერი, ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, დიდი ოდენობით ფულადი თანხა, სხვადასხვა ქვეყნის მობილური ოპერატორის სიმ-ბარათები და ნარკოტიკული ნივთიერება „კოკაინი“.
დაკავებულებს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად დღეს, 12 სექტემბერს, წარუდგინა და სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.
ფორუმი