Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ყველა ერთმანეთთან რეკავს, რომ 200-300 ლარი იშოვოს“ - მედია ხალხის დახმარების იმედად 


მედიის მხარდამჭერი მარში. 2025 წელი
მედიის მხარდამჭერი მარში. 2025 წელი

რეგიონული ონლაინმედია „სამხრეთის კარიბჭე“, შესაძლოა, ოფისის გარეშე დარჩეს. მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელი მედიის შემზღუდველი კანონები ამოქმედდა, მედიაორგანიზაციებს გადარჩენისთვის ბრძოლა ყოველდღიურად უწევთ, თუმცა ფინანსური მხარდაჭერის გარეშე გადარჩენა, შეუძლებელი მისიაა.

„თანამშრომლები (დაახლოებით 12 კაცი) შეთანხმებული ვართ, რომ ვებგვერდს არაფრით არ დავხურავთ. მცირე თანხა, რაც რეკლამიდან შემოდის, ვებგვერდის გადასახადს მოხმარდება. ვიმუშავებთ მოხალისეობრივად. სულ ასე ვერ იქნება, რასაკვირველია, მაგრამ ამ ეტაპზე ასე ვართ“, - ეუბნება გულო კოხოძე რადიო თავისუფლებას. ის მედიასახლის, „სამხრეთის კარიბჭის“ დირექტორია. „სამხრეთის კარიბჭეში“ მისი თანამშრომლები უხელფასოდ ივნისიდან მუშაობენ.

„მართლა არ შეგვიძლია დავხუროთ. ყოველდღე მოდიან ადამიანები. სოფლიდან ჩამოვიდა ერთი, წყალი არა გვაქვსო. გაუხარდა კარი ღია რომ დახვდა“, - ამბობს კოხოძე და ისიც იცის, რომ ორიოდე თვეში ეს კარი შეიძლება დაიკეტოს - „სამხრეთის კარიბჭეს“ ოფისის ქირის გადასახდელი ფული აღარ ექნება.

Sknews.ge საინფორმაციო პორტალია სამცხე-ჯავახეთში, რომელიც გაზეთ „სამხრეთის კარიბჭის“ ბაზაზე შეიქმნა. გაზეთი 2004-2017 წლებში ქართულ და სომხურ ენებზე გამოიცემოდა. გაზეთის დაარსებას ხელი „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტმა“ (IWPR) შეუწყო, პორტალი sknews.ge კი „ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა.

მედიაორგანიზაციები, განსაკუთრებით რეგიონში, წლების განმავლობაში დონორების მხარდაჭერით არსებობდნენ. ე.წ. ფარა და გრანტების კანონი ორგანიზაციებს, რომლებიც საერთაშორისო დონორების დაფინანსებას იღებენ, აგენტებად დარეგისტრირებას ავალდებულებს. „სამხრეთის კარიბჭემ”, ისევე როგორც მედიაორგანიზაციების აბსოლუტურმა უმრავლესობამ, აგენტად დარეგისტრირებაზე უარი თქვა. შედეგად, ბევრი რედაქცია ან დაიხურა, ან ახლა იხურება.

Sknews.ge ქართულ-სომხური პორტალია, სტატიები ორივე ენაზე ქვეყნდება - სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობის დიდი ნაწილი ეთნიკური სომეხია, მათგან ბევრმა, განსაკუთრებით უფროსი ასაკის ხალხმა, ქართული არ იცის და ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული ტელევიზიებიდან იღებს.

„მაგალითად, კორონას დროს რუსული „სპუტნიკით“ უნდოდათ აცრა, რუსულ არხებს უყურებდნენ და არც იცოდნენ, „ფაიზერი“ თუ არსებობდა. მუსლიმი მესხების თემასაც მუდმივად ვაშუქებთ. ამ ადამიანებს საქართველოს მოქალაქეობა არა აქვთ და ვერანაირი პროგრამებით ვერ სარგებლობენ. მუდმივად ვწერთ კათოლიკეების პრობლემებზეც - ისეთ თემებზე, რომელიც ცენტრალური მედიისთვის მნიშვნელოვანი არაა“, - ჰყვება გულო კოხოძე.

„სამხრეთის კარიბჭე“, 21 დამოუკიდებელ ონლაინგამოცემასთან ერთად, 13 აგვისტოდან შეუერთდა კამპანიას „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ და ახლა მხარდაჭერას საზოგადოებას სპეციალური პლატფორმიდან სთხოვს. შემოწირულებებმა მედიაორგანიზაციებს ერთი თვის განმავლობაში არსებობის საშუალება მისცა, თუმცა დახმარება მერეც დასჭირდებათ.

„პირველი კვირების განმავლობაში მიღებული ფინანსები რეგიონულ მედიებზე განაწილდა, რომელთაგან ზოგიერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკული იყო. გადაწყვეტილება კამპანიაში მონაწილე მედიებმა მიიღეს. სოლიდარობისა და მხარდაჭერის ეს გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია“, - აცხადებს კამპანიის მენეჯერი ქეთევან ქავთარაძე.

"რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორი ნათია კუპრაშვილი ამბობს, რომ ამ კამპანიით მედიები თავიანთ მნიშვნელობას შეახსენებენ აუდიტორიას. თუმცა ეჭვი ეპარება, რომ მედიასექტორი ამ გზით სტაბილურობის შექმნას მოახერხებს, რადგან ისინი იმ მოსახლეობისთვის მუშაობენ, რომელსაც თავადაც ძალიან უჭირს.

ნათია კუპრაშვილი
ნათია კუპრაშვილი

„ბევრი საუბრობს ფინანსურ პრობლემებზე, მაგრამ ბევრი არც ლაპარაკობს, ისე გვეცლება ხელიდან. უამრავმა რეგიონალურმა მაუწყებელმა უკვე გასხვისებაზე, გაყიდვაზე გააკეთა განაცხადი. ჩვენს გაერთიანებაში 21 მაუწყებელია და მათგან დიდი ნაწილი ყოველდღიური მაუწყებლობიდან ყოველკვირეულზე გადავიდა“.

ნათია კუპრაშვილი ამბობს, რომ ამ მდგომარეობამდე ქართული მედია ბოლო ერთი წლის განმავლობაში მივიდა. მიიღეს ჩვიდმეტამდე კანონი, რომლებიც პირდაპირ, რეპრესიულად შეეხო ჟურნალისტების მუშაობას.

„თუკი ვინმე გაჩერდა, თან პირველივე ეტაპზე, ეს იყო დონორები. მხოლოდ განცხადებებია, მხარდაჭერა კი - არა. 40-50 მედიაორგანიზაციასთან მაქვს შეხება და ასეთია სიტუაცია. მუშაობის სურვილი ყველას აქვს, მაგრამ იმის თანხაც არ არის, რომ ჟურნალისტები პრობლემურ ადგილას ჩავიდნენ. კიდევ უფრო მეტად გაჩერდა ბიზნესსექტორი, მათთვის გაუგებარია, რა ვითარებაში უწევს ოპერირება ბიზნესკომპანიას (მედიაც ხომ ბიზნესია), უქმნის მათ ეს საფრთხეს თუ არ უქმნის. ამის გამო უჭირთ მედიისგან სერვისების შესყიდვა. რეგიონალურ მაუწყებლებში დონორების ფული 5-10 პროცენტზე მეტი არ იყო. ძირითადი შემოსავალი შემოჰქონდა სოციალურ რეკლამას, რის გაყიდვაც აგვიკრძალეს. ამ ყველაფერმა მოიტანა ეს შედეგი“, - ამბობს ნათია კუპრაშვილი.

მისი თქმით, საგადასახადო ვალდებულების გამო, ყოველთვე ექვს-შვიდ მაუწყებელს მაინც ედება ინკასო. ეს ვალდებულება, შესაძლოა, სულ რამდენიმე ასეული ლარი იყოს.

„15 რიცხვი რომ ახლოვდება, ყველა ერთმანეთთან რეკავს, რომ 200-300 ლარი იშოვოს და გადაიხადოს. მედიას სჭირდება ფინანსური თანადგომა, ბიზნესის გაბედულება, სამწუხაროდ, ბიზნესს არა აქვს მედიის დაფინანსების კულტურა. და უფრო მეტი დახმარება იქნებოდა დონორებისგან, ნაკლებ განცხადებას რომ აკეთებდნენ და მეტს მოქმედებდნენ. ვერანაირ პირდაპირ დახმარებას მე ვერ ვხედავ, არ არის ეს დახმარება, - ამბობს ნათია კუპრაშვილი, - მეტი გაბედულება მათგან არის საჭირო, თორემ მედიას გაბედულება არ აკლია. არცერთი მედიაორგანიზაცია არ დარეგისტრირებულა აგენტად. მედიაზე გაბედულ სექტორს მე ამ ქვეყანაში, არ ვიცნობ“.


  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG