ცესკოს მონაცემებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი ოთხმა პარტიამ გადალახა. „ქართული ოცნება“ მათგან მხოლოდ ერთს („გახარია საქართველოსთვის“) არ უჩივის საკონსტიტუციო სასამართლოში. ამ პარტიამ დღეს, 28 ოქტომბერს, დაიწყო საპარლამენტო საქმიანობა.
„მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში უარყოფენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების და მმართველი პოლიტიკური პარტიის როგორც საშინაო- პოლიტიკურ, ისე საგარეო-პოლიტიკურ ლეგიტიმაციას და შესაბამისად მის კონსტიტუციურობას.
ამით აღნიშნული პარტიები აღიარებენ, რომ მათსა და მმართველ პარტიას შორის ერთ-ერთი მხარე უსათუოდ არაკონსტიტუციურად უნდა შეირაცხოს. ჩვენს სარჩელში წარმოდგენილია მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ არაკონსტიტუციური მიზნები სწორედ ამ პოლიტიკურ პარტიებს ამოძრავებთ“, - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სარჩელი შევა იმ პარტიების წინააღმდეგ, რომლებიც აკმაყოფილებენ ორ კრიტერიუმს:
- რამდენად მყარია სამართლებრივი დასაბუთება;
- რამდენად უქმნის ეს პარტია თავისი ზომით, ორგანიზებული სტრუქტურით თუ პოლიტიკური გავლენით საფრთხეს კონსტიტუციურ წყობილებას.
„[სარჩელში მითითებულ პარტიებთან] მჭიდროდ დაკავშირებულები არიან სხვა პოლიტიკური პარტიებიც, როგორებიცაა: „დროა“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“... აგრეთვე „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო“, „ფედერალისტები“, „რესპუბლიკური პარტია“ და სხვა, ფიქტიური და ერთკაციანი, მცირე პარტიები. თუმცა ვინაიდან ამჟამად მათი სიდიდით, ორგანიზებული სტრუქტურით არსებითი გავლენა, მათ შორის საარჩევნო ბარიერის გადალახვის პერსპექტივა არ გააჩნიათ, ამ ეტაპზე მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება“, - თქვა პაპუაშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციურ პარტიების გაუქმების დაპირება საკუთარ ამომრჩეველს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მისცა. მტკიცებულებების მოსაპოვებლად სადავო პარლამენტში შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია და შეისწავლეს „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობა 2003 წლიდან დღემდე.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე 2025 წლის 17 ივლისს ამბობდა, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიუხედავად, „ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვენ.
ბოლო თვეების განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ სადავო პარლამენტში მიიღო არაერთი კანონი, რომელმაც გააუარესა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებები. მათ შორის, მიიღო კანონი, რომელიც საშუალებას მისცემდა საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიის აკრძალვასთან ერთად მოეთხოვათ კონკრეტული პოლიტიკოსების საქმიანობის შეზღუდვაც.
ფორუმი