ალ ნოვაისი, პოლოლიკაშვილის კანდიდატურის გაწვევის შემდეგ, 30 მაისს გამართულ კენჭისყრაზე აირჩიეს ახალ გენერალურ მდივნად. ფარულ კენჭისყრაზე მან 24 ქვეყნის მხარდაჭერა მოიპოვა. გამარჯვებისათვის მინიმუმ 18 სჭირდებოდა.
პოლოლიკაშვილს, რომელიც 2017 წლიდან ორი ვადით იყო UNWTO-ს გენერალური მდივანი, უფლებამოსილების მეორე ვადა წელს ეწურება.
ალ ნოვაისი 2026 წლიდან შეუდგება მოვალეობის შესრულებას.
იგი მესამედ გეგმავდა კენჭისყრას, დაწყებული ჰქონდა შიდა საარჩევნო კამპანია და, მისი თქმით, მხარდაჭერა მობილიზებული ჰქონდა, როდესაც მოულოდნელად „ქართული ოცნების“ მთავრობამ მისი კანდიდატურა უკან გაიწვია.
ზურაბ პოლოლიკაშვილის თქმით, მისი კანდიდატურის გამოწვევის საკითხი, - როგორც აღმოჩნდა, - „მზადდებოდა სადღაც თვე-ნახევრის წინ“, ხოლო მან ამის შესახებ მხოლოდ 13 მაისს გაიგო საამიროების წარმომადგენლისგან.
„არაბთა გაერთიანებული საამიროების მინისტრმა და დელეგაციამ გააჟღერა იქ საჯაროდ, ხალხნო, თქვენო ძაან გთხოვთ, ხმა მოგვეცით იმიტომ, რომ ხვალ საქართველოს მთავრობა გაიტანს ზურას კანდიდატურასო. მოდიოდნენ მინისტრები გაოგნებულები და მეკითხებოდნენ, რა ხდება, მართალია თუ არ არის მართალიო. აქედან გავიგე მე საერთოდ“, - ამბობდა პოლოლიკაშვილი.
„ჭორაობა არ მინდა, მე არ ვიცი ვისში, რაში გამცვალეს და მაგას ვკითხულობ, - რატომ გაცვალეს? ბაჩიაშვილის [გადმოცემაში] თუ მე მცვლიან, არ ვიცი, ეგ კიდე ცალკე უბედურებაა, მე რომ მკითხოთ, - თუ ეს ასე ხდება“, - განაცხადა პოლოლიკაშვილმა „ფორმულასთან“ 15 მაისს.
ბიძინა ივანიშვილის საჩივრის საფუძველზე „კრიპტოვალუტების საქმესთან“ დაკავშირებით პატიმრობაშეფარდებული გიორგი ბაჩიაშვილი, - რომელმაც ქვეყანა 2 მარტს „ტოიოტა ქამრით“ მალულად დატოვა სომხეთის საზღვრის გავლით, - 24 მაისს სავარაუდოდ, საამიროებში დააკავეს და საქართველოში ძალის გამოყენებით დააბრუნეს.
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ 27 მაისს, ჟურნალისტების დამაზუსტებელ კითხვაზე, ადასტურებს თუ არა გავრცელებულ დაუზუსტებელ ცნობებს, რომელთა თანახმადაც, სწორედ ბაჩიაშვილის არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან შესაძლო ექსტრადიციას უკავშირდებოდა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციიდან ზურაბ პოლოლიკაშვილის გამოწვევა და მის ნაცვლად საამიროების კანდიდატის მხარდაჭერა, კობახიძემ თქვა:
„ეს არის მრავალმხრივ შეურაცხმყოფელი ვერსია, ასე ვთქვათ, და არასწორია ასეთი ვერსიების გავრცელება... პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნის მიზეზი იყო ის, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფოს“.
ფორუმი