Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქოს ტრიუმფი დუშანბეში: როგორ მოახდევინა ალიევმა ბოდიში პუტინს


9 ოქტომბერს ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში ერთმანეთს შეხვდნენ ვლადიმირ პუტინი და ილჰამ ალიევი. ეს იყო რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების პირველი შეხვედრა ქვეყნებს შორის ურთიერთობის მკვეთრი გაუარესების შემდეგ.

ვლადიმირ პუტინმა ბოდიში მოუხადა ილჰამ ალიევს „აზერბაიჯანის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების გამო და პირველად აღიარა, რომ თვითმფრინავი რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შეცდომის გამო დაზიანდა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რუსული რაკეტები თვითმფრინავიდან რამდენიმე მეტრში აფეთქდა ისე, რომ ხომალდისათვის პირდაპირ დარტყმა არ მიუყენებიათ. თუმცა, როგორც ექსპერტები განმარტავენ, ამ ტიპის რაკეტები სწორედ ასე მოქმედებენ - სამიზნესთან ახლოს ფეთქდებიან და ნამსხვრევებით აზიანებენ მას.

პუტინი და ალიევი ტაჯიკეთს დსთ-ს სახელმწიფოების მეთაურთა სამიტის ფარგლებში ესტუმრნენ. ოფიციალური ინფორმაციით, პუტინსა და ალიევს დიდი ხანია ტელეფონითაც არ უსაუბრიათ, თუ არ ჩავთვლით 7 ოქტომბერს, როცა ალიევმა რუსეთის პრეზიდენტს დაბადების დღის მისალოცად დაურეკა. პუტინის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმაც განაცხადა, რომ შეხვედრამდე ორი დღით ადრე პუტინსა და ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა: „საუბარი იყო კარგი, პოზიტიური და კონსტრუქციული“.

ვლადიმირ პუტინი და ილჰამ ალიევი 2024 წლის ოქტომბრიდან არ შეხვედრიან ერთმანეთს, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მკვეთრი გაციების გამო, რაც, პირველ რიგში, 2024 წლის 25 დეკემბერს „აზერბაიჯანის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავთან დაკავშირებული ინციდენტით იყო განპირობებული: თვითმფრინავს გროზნოს მიახლოებისას ესროლეს რაკეტები, სავარაუდოდ, უკრაინული დრონების მოგერიებისას. თვითმფრინავს არ მისცეს გროზნოში დაშვების ნებართვა, რის გამოც ეკიპაჟმა ყაზახეთში, აქთაუს აეროპორტში დაშვებისას განიცადა კატასტროფა: შედეგად დაიღუპა 38 მგზავრი, მათ შორის ეკიპაჟის სამი წევრი.

2025 წლის ივლისში ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანს ჯერაც არ მიუღია რუსეთისგან მკაფიო პასუხი და, რომ ოფიციალური ბაქო აპირებდა საერთაშორისო სასამართლოში გასაჩივრებას.

„ჩვენ ვიცით, რა მოხდა და შეგვიძლია ამის დამტკიცება და ვიცით, რომ რუსმა ოფიციალურმა პირებმა იციან, რაც მოხდა. თვითმფრინავის ფიუზელაჟი ნახვრეტებით იყო დაფარული. თვითმფრინავში ნამსხვრევებით ორი ადამიანი დაიჭრა. ამიტომ, ის აზრი, რომ უკრაინულ დრონს შეეძლო თვითმფრინავის ჩამოგდება, სრულიად აბსურდულია. ეს საბავშვო ბაღის მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი“, - თქვა მაშინ ილჰამ ალიევმა.

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელმაც მოსკოვსა და ბაქოს შორის ურთიერთობები უკიდურესად გაართულა: რუსეთში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელების მასობრივი დაკავებები. განსაკუთრებით 2025 წლის ზაფხულში ეკატერინბურგში ჩატარებული რეიდი, რომლის ფარგლებშიც დააკავეს რამდენიმე ათეული აზერბაიჯანელი, ორი მათგანი კი, ბაქოს მტკიცებით, მოკლეს.

9 ოქტომბერი: პუტინის ფერიცვალება

9 ოქტომბრის შეხვედრაზე პუტინმა ალიევს შესთავაზა საუბრის დაწყება „ყველაზე მგრძნობიარე თემით“: პუტინმა პირველად დაადასტურა, რომ აზერბაიჯანული თვითმფრინავი რუსეთის საჰაერო თავდაცვამ დააზიანა და ბოდიში მოიხადა რუსეთის საჰაერო სივრცეში მომხდარი ტრაგედიისთვის. ამასთან, პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის მიერ უკრაინულ დრონზე გასროლილი რაკეტები პირდაპირ სამოქალაქო თვითმფრინავს არ მოხვედრია.

„მიზეზი რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის ტექნიკურ გაუმართაობაშია. გაშვებული რაკეტები პირდაპირ თვითმფრინავს არ მოხვედრია; ასე რომ ყოფილიყო, თვითმფრინავი პირდაპირ ადგილზევე ჩამოვარდებოდა. შესაძლოა ეს იყო ამ რაკეტების თვითგანადგურება - აფეთქდნენ რამდენიმე მეტრის მოშორებით, დაახლოებით 10 მეტრში“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა. მისი თქმით, თვითმფრინავი დაზიანდა „არა საბრძოლო ელემენტებით, არამედ, სავარაუდოდ, თავად რაკეტების ნამსხვრევებით, რის გამოც პილოტმა ეს ფრინველთა გუნდთან შეჯახებად აღიქვა, რაც შეატყობინა კიდეც რუს დისპეტჩერებს“.

პუტინმა ასევე უთხრა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, რომ მან ეს ინფორმაცია მხოლოდ „გუშინწინ“ მიიღო, როდესაც შეხვედრის მომზადებისას მოსკოვში დარეკა და AZAL-ის თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამოძიების შესახებ დამატებითი დეტალები მოითხოვა.

ილჰამ ალიევი და ვლადიმირ პუტინი
ილჰამ ალიევი და ვლადიმირ პუტინი

პუტინისა და ალიევის შეხვედრა უკიდურესად პოზიტიურად გააშუქა რუსეთის პროპაგანდისტულმა მედიამ, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანს ახალი სპეციალური სამხედრო ოპერაციით - СВО-თი ემუქრებოდა. რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა შეხვედრის ძირითადი მომენტები ასე გამოკვეთეს:

  • შეხვედრა ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
  • შეხვედრამდე, პუტინმა მოსკოვში დარეკა, რათა 2024 წლის დეკემბერში AZAL-ის თვითმფრინავის ჩამოვარდნის დეტალები დაეზუსტებინა.
  • პუტინმა სამძიმარი გამოუცხადა AZAL-ის თვითმფრინავში დაღუპულთა ოჯახებს.
  • პუტინმა დაარწმუნა ალიევი, რომ რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა ტრაგედიასთან დაკავშირებით კომპენსაცია გადაიხადოს.
  • რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩამოვარდნის დღეს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების მიმართულებით გასროლილი ორი რუსული რაკეტა პირდაპირ თვითმფრინავს არ მოხვედრია, არამედ რამდენიმე მეტრის მოშორებით აფეთქდა.
  • რუსეთი გააანალიზებს AZAL-ის თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით ყველა თანამდებობის პირის ქმედებებს და სამართლებრივ შეფასებას მისცემს.
  • პუტინის თქმით, რუსეთი და აზერბაიჯანი მჭიდროდ თანამშრომლობენ გამოძიების პროცესში. რუსეთისა და აზერბაიჯანის ინტერესები დიდწილად ემთხვევა ერთმანეთს.
  • „ჩვენი მოვალეობაა - ჩვენ თავიდანვე ვსაუბრობდით ამაზე - მოვახდინოთ ობიექტური შეფასება ყველაფრისა, რაც მოხდა და გამოვავლინოთ რეალური მიზეზები. <...> სამართლებრივი შეფასება მიეცემა ყველა თანამდებობის პირის მოქმედებას“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
  • ალიევმა მადლობა გადაუხადა პუტინს AZAL-ის თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებული ინფორმაციისთვის.
  • პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები 2025 წლის განმავლობაში წარმატებით ვითარდებოდა ყველა სფეროში.

პირველი მერცხლები

გამოცემა „კომერსანტი“ ვლადიმირ პუტინის თანაშემწე იური უშაკოვზე დაყრდნობით წერს, რომ რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „Sputnik - აზერბაიჯანის“ აღმასრულებელ დირექტორს, იგორ კარტავიხის წინასწარი პატიმრობა შინაპატიმრობაში (ბაქოში) შეუცვალეს. კარტავიხი 30 ივნისს ბაქოსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების მკვეთრი გაუარესების ფონზე დააკავეს და ბაქოს წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. კარტავიხთან ერთად, მაშინ აზერბაიჯანის უსაფრთხოების ძალებმა დააკავეს რუსული პროპაგანდისტული სააგენტოს მთავარი რედაქტორი ევგენი ბელოუსოვი და ხუთი თანამშრომელი - ყველა აზერბაიჯანის მოქალაქე, რომლებიც მოგვიანებით გირაოთი გაათავისუფლეს. ადგილობრივი მედია იუწყებოდა, რომ დაკავებულები ФСБ-ს ფარული აგენტები არიან, თუმცა მათ ბრალი წაუყენეს თაღლითობაში, უკანონო მეწარმეობასა და ფულის გათეთრებაში. უშაკოვმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება დუშანბეში ვლადიმირ პუტინისა და ილჰამ ალიევის შეხვედრის წინ იქნა მიღებული. პარალელურად, პუტინ-ალიევის შეხვედრის წინ რუსეთმაც გაათავისუფლა რუსეთში დაკავებული აზერბაიჯანის ერთ-ერთი მოქალაქე. Telegram არხ Mash-ის ცნობით, საპატიმრო დატოვა მიმდინარე წლის ზაფხულში დაკავებულმა სატირის თეატრის ყოფილმა დირექტორმა მამედალი აგაევმა, რომელსაც მასშტაბურ თაღლითობაში ადანაშაულებდნენ.

AZAL-ის თვითმფრინავის ინციდენტის გამო ისედაც გართულებული რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა მას შემდეგ, რაც 2025 წლის 27 ივნისს ეკატერინბურგში 50-ზე მეტი ეთნიკური აზერბაიჯანული დააკავეს ფიზიკური ძალის უკიდურესად უხეში გამოყენებით. დაკავებების დროს სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა. ბაქომ მოითხოვა დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა, ხოლო აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩს „მკაცრი პროტესტი“ გამოუცხადა. რუსეთის უსაფრთხოების ძალების ცნობით, ორივე აზერბაიჯანელი გულის უკმარისობით გარდაიცვალა, აზერბაიჯანი კი ამტკიცებს, რომ ისინი სასტიკი წამების შედეგად დაიღუპნენ.

პუტინმა დათმო

როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ შეხვედრა წარმატებული გამოდგა: გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, რომ პუტინი და ალიევი ერთმანეთს ეხვევიან და იღიმებიან, ალიევი პუტინს მხარზე ურტყამს ხელს, თუმცა პოლიტიკის ექსპერტებს ისიც აინტერესებთ:

  • საბოლო ჯამში ვინ დათმო, პუტინმა თუ ალიევმა?
  • რაზე მეტყველებს მათი ჟესტიკულაცია და შეხვედრისას გამოყენებული „სხეულის ენა“?
  • რა ეკონომიკურ საკითხებზე შეიძლება შეთანხმებულიყვნენ?

როგორც პოლიტოლოგი ივან პრეობრაჟენსკი ეუბნება The Current Time-ს (რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის პროექტი), ორივე ლიდერმა დათმო, თუმცა, პუტინმა - აშკარად მეტი.

„რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში უარს ამბობდა თავისი დანაშაულის - აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების აღიარებაზე. მაგრამ მთავარი პრობლემა, რა თქმა უნდა, თავად თვითმფრინავი არ იყო - რადგან უნდა გვესმოდეს, რომ საქმე გვაქვს ორ დიქტატურასთან, რომლებსაც, ზოგადად, არ აინტერესებთ თავიანთი მოქალაქეები. რუსეთში აზერბაიჯანელებზე თავდასხმა და აზერბაიჯანში რუსებზე თავდასხმა, მათ წინააღმდეგ აღძრული ყველა ფსევდო კრიმინალური საქმე, ამ დამოკიდებულებას ძალიან კარგად ასახავს. მოსკოვსა და ბაქოს შორის კონფლიქტის მთავარი არსb მდგომარეობდა იმაში, რომ აზერბაიჯანმა მიაღწია შეთანხმებას თურქეთთან და შეერთებულ შტატებთან, თუ როგორ განახორციელებდნენ ომისშემდგომ გეგმას სომხეთის გავლით ტრანსნაციონალური სავაჭრო დერეფნის შესაქმნელად, რომელსაც საბოლოოდ „ტრამპის გზა“ ეწოდა. შესაბამისად, რუსეთი ამ საკითხიდან გამოთიშეს. პასუხად კი კრემლმა გადაწყვიტა დაერტყა აზერბაიჯანისათვის. სწორედ მაშინ დაიწყეს რუსეთში აზერბაიჯანელების დაპატიმრება, რუსეთის ტერიტორიაზე „ალიევის საფულეების“ სამიზნეში ამოღება. ალიევმა კი არსებითად თავის ტერიტორიაზე მყოფი რუსეთის მოქალაქეების მძევლად აყვანით უპასუხა“, - ამბობს ივან პრეობრაჟენსკი, რომლის მტკიცებითაც, დაპირისპირების ხილულ მიზეზებზე მეტად (თვითმფრინავის ჩამოგდება, ეთნიკური აზერბაიჯანელების დევნა) მნიშვნელოვანია კონფლიქტის არსი:

ივან პრეობრაჟენსკი
ივან პრეობრაჟენსკი

„კონფლიქტის არსი მდგომარეობდა ფულში. შესაბამისად, დაუბრუნდნენ კიდეც ფულს და კვლავ დაიწყეს ორმხრივი სავაჭრო თანამშრომლობის განხილვა. კრემლი სანქციების ქვეშაა (განსაკუთრებით ნავთობის, მაგრამ ახლა უკვე გაზის სანქციებიც განიხილება), იმ ვითარებაში კი, როდესაც თურქეთი აშშ-თან მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსულ გაზზე ნაწილობრივ ან თუნდაც სრულად უარის თქმის შესახებ, პუტინი იძულებულია სასწრაფოდ შერიგდეს ალიევს, რადგან ამ საკითხში ალიევის დახმარება სჭირდება. არსებობენ აზერბაიჯანული კომპანიები, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში და რუსული ნავთობის გაყიდვაში,. ეს თანამშრომლობა ორივე მხარეს აძლევს მილიარდებს და, როგორც ჩანს, მხარეები ცდილობდნენ მის შენარჩუნებას“.

ექსპერტების შეფასებით, ამ მიზნების მისაღწევად პუტინს დასჭირდა თავის დამცირება, ბოდიშის მოხდა და იმის აღიარება, რომ თვითმფრინავი რუსულმა საჰაერო თავდაცვის დანაშაულებრივი შეცდომით ჩამოვარდა:

„პუტინს მოუწია თავისი სიამაყის დაოკება. ხშირად ვერ ნახავთ პუტინს, რომელიც ბოდიშს იხდის. შეხვედრის ამსახველ კადრებში ის სკამის კიდეზე ზის და მკვეთრად გადახრილია ალიევისკენ. ალიევი კი, რომელსაც ხელები მუხლებზე აქვს დაწყობილი, დემონსტრაციულად, დომინანტურ პოზაში, საზურგეზეა გადაწოლილი. პუტინს მოუწია სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც შეესრულებინა აზერბაიჯანის მოთხოვნები, რომლებიც ალიევმა პირადად გააჟღერა თვითმფრინავთან დაკავშირებით: ბოდიშის მოხდა, კომპენსაციის გადახდა და დამნაშავეების დასჯა“.

ეკონომიკური სარგებელი და ბაქოს დომინირების ცნობა

პოლიტოლოგ რუსლან აისინის თქმით, ბაქოსთვის ჩამოგდებული სამოქალაქო თვითმფრინავის საკითხი მხოლოდ იმიჯისა და შელახული ღირსების აღდგენის საქმე არ არის:

რუსლან აისინი
რუსლან აისინი

„საქმე ის არის ავიაკომპანია AZAL-ის ჩამოგდებული თვითმფრინავის გარდა იმ დროს ჰაერში იმყოფებოდა აზერბაიჯანის N1 ბორტი პრეზიდენტ ალიევთან ერთად, რაც კარგად იცოდნენ საჰაერო სივრცის მონიტორინგის რუსულმა სამსახურებმა, რომლებიც წინასწარ იყვნენ გაფრთხილებული აზერბაიჯანული მხარის მიერ. აზერბაიჯანის კუთვნილი სამოქალაქო ლაინერის დაცხრილვა ბაქომ აღიქვა უშუალოდ ქვეყნის უმაღლესი პირისადმი მუქარად. და ბაქომ, რა თქმა უნდა, ძალიან მკაცრი რეაგირება მოახდინა, რადგან მიიჩნია სახელმწიფოებრიობის პრინციპსა და პიროვნების ხელშეუხებლობაზე თავდასხმად. ამიტომ ითხოვდა ბაქო სამი პირობის დაკმაყოფილებას: ოფიციალური ბოდიშის მოხდა, ზიანის ანაზღაურება, პასუხისმგებელი პირების დასჯა“.

თუმცა, ყველა პირობის დაკმაყოფილების მიუხედავად, როგორც რუსლან აისინი ამბობს, მოსკოვსა და ბაქოს შორის ურთიერთობების ძველ ნიშნულზე დაბრუნება ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან აზერბაიჯანი მნიშვნელოვნად გათავისუფლდა რუსეთზე დამოკიდებულებისგან. რუსეთს კი ჯერჯერობით სერიოზული კოზირები არ აქვს: ადრე მოსკოვი ბაქოსა და ერევანს შორის დაპირისპირებაზე თამაშობდა. ახლა ეს დაპირისპირება აღარ არსებობს, ხოლო სომხეთმა ასევე მნიშვნელოვნად დააღწია თავი რუსეთის გავლენას. როგორც ექსპერტი ამბობს, ყოველივე ამის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ დუშანბეს 9 ოქტომბრის შეხვედრა პუტინს უფრო სჭირდებოდა, ვიდრე ალიევს:

“მართალია პუტინი ნელ-ნელა არღვევს იზოლაციას, მაგრამ შექმნილი ვითარების გამო მას დიდ პრობლემებს უქმნის დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციები. როგორც უნდა იყოს, აზერბაიჯანს აქვს საკუთარი სტრატეგიული საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები: თურქული სამყარო, ურთიერთობები თურქეთთან და ურთიერთობები ევროპასთან. აზერბაიჯანი კი ამჟამად პოლიტიკურად არ არის დამოკიდებული რუსეთზე, არც ვაჭრობის და არც ეკონომიკური თვალსაზრისით”.

აზერბაიჯანელი პოლიტოლოგის თქმით, რუსეთის ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკას მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა ბაქოს გადაწყვეტილებამ: ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ აზერბაიჯანი ყაზახეთიდან და თურქმენეთიდან ყიდულობს დამატებით ნავთობს თავისი მილსადენების შესავსებად და უარს ამბობს რუსული ნავთობის შეძენაზე, რაც მძიმედ აზარალებს რუსეთს, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთს ბიუჯეტის მწვავე დეფიციტი აქვს, მუდმივად სჭირდება თავისი ნავთობის სადმე გაყიდვა, მაგრამ ყველგან სანქციები და შეზღუდვები ხვდება.

სწორედ ამიტომ არის რუსეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აზერბაიჯანთან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა. პოლიტოლოგ ივან პრეობრაჟენსკის თქმითაც, სავარაუდოდ პუტინისა და ალიევის ამ შერიგების უკან იმალება შეთანხმება, რომელიც შეეხება ეკონომიკური თანამშრომლობის შენარჩუნებასა და გაფართოებას იმ პირობით, რომ რუსეთი იღებს სამხრეთ კავკასიაში თამაშის ახალ წესებს, აღიარებს, რომ იქიდან გააძევეს და, რომ რუსეთი ეთანხმება აზერბაიჯანის დომინირებას ამ რეგიონში.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG