Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ბგერაც არ არის ჩემი" - ბაჩო ახალაია და მისი ცოლი ერთ დღეს საგამოძიებო უწყებებში


10 ოქტომბერს ბაჩო ახალაია ცენტრალური კრიმინალურ პოლიციის დეპარტამენტში, ხოლო მისი ცოლი, ანი ნადარეიშვილი სუსში დაიბარეს - ორივე საქმე 4 ოქტომბრის აქციას უკავშირდება.
10 ოქტომბერს ბაჩო ახალაია ცენტრალური კრიმინალურ პოლიციის დეპარტამენტში, ხოლო მისი ცოლი, ანი ნადარეიშვილი სუსში დაიბარეს - ორივე საქმე 4 ოქტომბრის აქციას უკავშირდება.

გამოძიება მხოლოდ ახლა იკვლევს პროსახელისუფლებო არხებით ერთი კვირის წინ ფართოდ გავრცელებული აუდიოჩანაწერის ავთენტიკურობას, რომელშიც, თითქოს, ბაჩო ახალაია პაატა ბურჭულაძეს, 4 ოქტომბრის აქციის გეგმებზე - მსხვერპლზე, სისხლზე და ბავშვებისთვის იარაღის დარიგების სურვილზე ელაპარაკება.

ბაჩო ახალაიამ ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციის დეპარტამენტის შენობა, 10 ოქტომბერს, 7-საათიანი გამოკითხვის შემდეგ, 20:20 საათისთვის დატოვა. მანამდე, ცოტა ხნით ადრე შეიტყო, რომ მისი ცოლი, ანი ნადარეიშვილი სუსში გამოიძახეს. 10 ოქტომბერს, ნადარეიშვილი პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თავის კომენტარში ახსენა.

"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია პოლიციაში „ხმის ნიმუშის“ ასაღებად და გამოსაკითხად იყო დაბარებული. ბოლო პერიოდში, მასზე, როგორც უკვე დადგენილ დამნაშავეზე ლაპარაკობდნენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების არაერთი მომხრე თუ წარმომადგენელი.

„1000 პროცენტით ფალსიფიცირებულია. არა თუ სიტყვა, ბგერაც არ არის ჩემი“, - უთხრა ახალაიამ ჟურნალისტებს, გამოკითხვაზე შესვლის წინ, „იმედის“ მიერ ერთი კვირის წინ გამოქვეყნებულ ჩანაწერზე, რომელმაც ამ ერთ კვირაში მთელი ქვეყანა მოიარა, ბრალდებების თანხლებით.

გამოკითხვის შემდეგ, ახალაიამ განაცხადა, რომ უშუალოდ ხმის ნიმუშის აღება მარტივი და ხანმოკლე პროცედურა იყო - ის უბრალოდ საუბრობდა, ხოლო პოლიციელები იწერდნენ; მაგრამ დრო პროცესის გაჭიანურებამ წაიღო.

"შეკითხვები ძირითადად უკავშირდებოდა იმ აუდიოჩანაწერს, შეკითხვები იყო ამის გარშემო - ვის იცნობ, რას იცნობ, როდის გაიცანი... არ სჭირდებოდა ამდენი დრო, მაგრამ ტექნიკურად გამოიყენეს იმაში, რომ დაიწერებოდა ერთი, კიდევ აზუსტებდნენ, კითხულობდნენ... დიდხანს ელოდებოდნენ აპარატს, რომლითაც ხმის ნიმუში უნდა ჩაეწერათ", - ახალაიამ გაიმეორა, რომ "იმედის" მიერ გავრცელებული ჩანაწერი ფალსიფიცირებულია, თუმცა ექსპერტიზის ოფიციალური პასუხი ჯერ არ არის ცნობილი.


„მედიის განვითარების ფონდის“ ფაქტების გადამოწმების პლატფორმა - „მითების დეტექტორის“ თანახმადაც, ჩანაწერი, სადაც თითქოსდა 4 ოქტომბრის შეკრების ძალადობრივი განვითარების გეგმებია განხილული სატელეფონო საუბარში, ფალსიფიცირებულია. ხელოვნური ინტელექტით გენერირებული აუდიოს ამომცნობი Hiya-ს თანახმად, აუდიო მასალა 75%-ით AI გენერირებულია; ხოლო Deepfake-O-Meter-ის 4 მაჩვენებლის მიხედვით, ხელოვნური ინტელექტის კვალი აუდიოში 84%-დან 100%-მდეა.


ბაჩო ახალაიას კომენტარი
please wait

No media source currently available

0:00 0:03:26 0:00

„აღარც უნდა გამოუშვან“, „ჩასვან და ისევ ახეხინონ“, „მოძალადეების ადგილი ციხეშია“ - ასე გამოეხმაურნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ახალაიას დაბარებას პოლიციაში. აუდიოჩანაწერის ეფექტით, მათთვის ის უკვე 4 ოქტომბრის „ძალადობრივი აქციის“ დადგენილი ორგანიზატორია - ავთენტიკურობის დადგენის გარეშეც.

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, მალევე განაცხადა, რომ მისი შინაარსი დამაჯერებლად გამოიყურება.

“თავად შინაარსი რომ არავის უკვირს, ეს არის თავისთავად მრავლის მეტყველი მოვლენა”, „სიურპრიზებს გვპირდებოდნენ, შეიძლება, ამას გულისხმობდნენ“ - თქვა კობახიძემ მედიასთან.

სხვადასხვა არხით, მანამდეც ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომელიც ახალაიას გარშემო კითხვის ნიშნები და ეჭვების გამრავლებას უწყობდა ხელს:

  • 29 სექტემბერს პროსახელისუფლებო “რუსთავი 2” ავრცელებდა ინფორმაციას, რომ „ახალაიას ბინაში შეკრება 4 ოქტომბრის აქციის დაგეგმვას უკავშირდებოდა“.
  • უფრო ადრე, პროსახელისუფლებო არხებით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბაჩო ახალაია ფიგურირებდა ასაფეთქებელი ნივთიერება - „ჰექსოგენის“ საქართველოში შემოტანის საქმეშიც; რომელიც, სუსის ცნობებით, ქვეყანაში უკრაინიდან შემოვიდა. სუსმა მიანიშნა, რომ შესაძლოა, ეს ამბავიც 4 ოქტომბრის "დანაშაულებრივ მოწოდებებთან" ყოფილიყო კავშირში.


4 ოქტომბრის აქციასთან თავად ახალაიას არანაირი პრობლემა არ აქვს, პირიქით, რცხვენია - მონაწილეობა ვერ მივიღეო; მხოლოდ ქება ემეტება ორგანიზატორების მიმართ, მათ გულმხურვალე პატრიოტებს უწოდებს და შვილებსაც კი იფიცებს, რომ ეს დღე მისთვის - „ზუსტად იმ რანგის მშვიდობიანი სამოქალაქო აჯანყების დღე, როგორიც იყო 9 აპრილი“.

აქციის ორგანიზატორების რანგში დაპატიმრებულ პაატა ბურჭულაძესა და მურთაზ ზოდელავაზე ახალაიამ განაცხადა, რომ - ბურჭულაძე ერთი თვეა არ უნახავს; ზოდელევა კი, მისი სადარბაზოს მეზობელია, ოჯახებით მეგობრობენ და ბუნებრივია, ხშირად ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთსო.

რატომ ვერ მიიღო მონაწილეობა ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბრის აქციაში, პროცესის მიმართ ასეთი დიდი სიმპათიის მიუხედავად? - 10 ოქტომბერს, პოლიციის შენობაში შესვლისას, ეს ჟურნალისტებისთვის არ განუმარტავს. ხოლო გამოსვლისას, პროსახელისუფლებო მედიის დჟინებულ შეკითხვას ასე უპასუხა: "არ დავდივარ აქციებზე. ვერ დავდივარ აქციებზე".

არსებობს დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ თითქმის 10-წლიანმა პატიმრობამ, სამარტოო საკანში, ბაჩო ახალაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა შეარყია. თუმცა მან არ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ გამოკითხვისას მას სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება დასჭირდა.

ანი ნადარეიშვილი - სუსში

ვიდრე ახალაია ცენტრალური კრიმინალურ პოლიციაში მივიდოდა, „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა - "დამხობის" ორგანიზებაში დამნაშავედ მოიხსენია ბაჩო ახალაია და ახსენა მისი მეუღლეც, როგორც მისი თანამზრახველი და აზრების გამხმოვანებელი.

"ის, რომ ბაჩო ახალაია იყო მონაწილე "ნაციონალური მოძრაობის" იდეოლოგიური ნაბიჯებისა თუ ბოლო პერიოდში ნაბიჯებისა, რომლებიც დამხობის ორგანიზებას გულისხმობდა, ამას, მე მგონი, ყველა ხედავდა. ვხედავთ მის მეუღლეს, რომელიც აქტიური არის სოცქსელში. ის [ბაჩო ახალაია] თვითონ არ ჩანს, მაგრამ, მე მგონი, არავის ეჭვი არ ეპარება, რომ ის აჟღერებს ზუსტად იმ სათქმელს, რომელიც ბაჩო ახალაიას აქვს", - თქვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის განცხადებიდან რამდენიმე საათში, ბაჩო ახალაიას მეუღლემ ფეისბუკზე დაწერა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს:

„ტყეში რომ თავისი ჩათხრილი იარაღი ამოთხარეს, მაგ საქმეზე მიბარებენ თურმე (აქ არ ვიცი რომელი სმაილიკი გამოვიყენო, ვერ ვიპოვე შესაბამისი)”.

ანი ნადარეიშვილის დაბარების შესახებ ცნობები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, თუმცა არ დააკონკრეტეს - რომელ საქმესთან დაკავშირებით. "მოწმის სახით, ერთ-ერთი საქმის გამოძიების ფარგლებში" - უთხრეს რადიო თავისუფლებას.

საღამოს 19:00 საათისთვის, ანი ნადარეიშვილმა ფეისბუკზე დაწერა, რომ - სუსიდან „განუწყვეტლივ“ ინტერესდებიან - როდის მივა ის გამოკითხვაზე.

“განვუმარტე, რომ რა თქმა უნდა ვცხადდები, უბრალოდ ველოდები ჩვენი ოჯახის ადვოკატს, რომელიც შევაგზავნე ბაჩოსთან, მას მერე რაც გავრცელდა ინფორმაცია მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. როგორც კი ადვოკატი გამოვა, მივალთ ერთად, მარტო არ მივდივარ შეგნებულად, რომ ბაჩოსავით არ დამემართოს ის, რომ ინფორმაციის გარეშე დარჩეს ჩემი ოჯახი გარეთ. ამას იმიტომ ვწერ, რომ იცოდეთ, თუ სახლში, სადაც მე და ჩემი შვილები ვართ, მომივარდა სპეცრაზმი და ეს იმით ახსნეს, რომ არ გამოვცხადდი, უდიდესი ტყუილია!” - დაწერა ანი ნადარეიშვილმა.

ბაჩო ახალაია, დღის პირველი საათის შემდეგ, გამოკითხვაზე ადვოკატის გარეშე იმყოფებოდა.

„ადვოკატი რა ჭირად მჭირდება?! ადვოკატი არებობს, სასამართლო არსებობს, თუ რა?! რამე არსებობს?! არაფერი არ არსებობს“ – თქვა მან პოლიციაში მისვლისას, დაჭერისთვისაც მომზადებულმა. მან გზაში გაიგო, რომ „ხმის ნიმუშის“ ასაღებად იბარებდნენ,

ბაჩო ახალაიასთან გამოკითხვაზე ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი საღამოს შევიდა და გამოკითხვის დასრულების შემდეგ, ისინი უკვე ანი ნადარეიშვილის საკითხის გარკვევას შეუდგნენ.

"საერთოდ არ მჯერა მაგ სამალავების... უბრალოდ, ეს სპექტაკლია, რაც დადგეს დღეს მთელი დღე, ფსიქოლოგიური ტერორია, რაც გაუკეთეს ჩვენს ოჯახს. ალბათ ეს იქნება ამ სპექტაკლის დასასრული დღეს", - უთხრა ჟურნალისტებს ანი ნადარეიშვილმა, 22:00 საათისთვის, სუსში გამოკითხვაზე შესვლის წინ. მისი განცხადებით, რაც ხდება, "ეს არის ზეწოლა ბაჩოზე".

"არანაირ ორგანიზებაში არ ვიყავი ჩართული, თუმცა აქტივისტი ვარ, რომელიც გულშემატკივრობს ამ ყველაფერს" - ასე უპასუხა მან შეკითხვას 4 ოქტომბრის აქციასთან შემხებლობის შესახებ. მან ასევე აღნიშნა, რომ 4 ოქტომბრის მოვლენებში ძალადობრივი ვერაფერი დაინახა.


ბაჩო ახალაია „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობაში, თავდაცვის მინისტრის პოსტის გარდა, სხვა მაღალ თანამდებობებსაც იკავებდა.

  • 2005-2008 წლებში - იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი;
  • 2008-2009 წლებში თავდაცვის მინისტრის მოადგილე,
  • 2009-2012 წლებში კი - თავდაცვის მინისტრი.
  • 2012 წელს, რამდენიმე თვით - შს მინისტრი.


მანამდე: 2003-2004 წლებში ის „თავისუფლების ინსტიტუტის“ პროექტის კოორდინატორი იყო; 2004-2005 წლებში - სახალხო დამცველის მოადგილე.

ბაჩო ახალაია 2012 წლის 6 ნოემბერს დააპატიმრეს. ციხეში მან ცხრა-ნახევარი წელიწადი გაატარა და 2022 წლის 1 მარტს გათავისუფლდა.




  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG